საერთაშორისო მიმოხილვა. 28 აპრილი. 2023 წელი
თურქული ოფიციოზი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ერდოღანის ინფარქტის შესახებ.
ამტკიცებენ, თითქოს თურქეთის პრეზიდენტს მხოლოდ ვირუსი აქვს.
თუმცა ამ ვირუსის გამო მან დროზე ადრე შეწყვიტა უმნიშვნელოვანესი პრეს-კონფერენცია; გუშინ კი ფიზიკურად ვერ მივიდა (მხოლოდ ტელეხიდით ჩაერთო) აქუას ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავით გამართვას რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად.
ეს უკანასკნელი მოსკოვიდან ერთვებოდა; თავდაპირველი გეგმით ერდოღანი აქუაში უნდა ჩასულიყო თვითონ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
14 მაისს თურქეთში ტარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
პრეზიდენტს თურქეთში ირჩევენ 5 წლით.
თურქეთის კონსტიტუციით, პარლამენტსაც სერიოზული უფლებამოსილებები აქვს, რადგან თურქეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს საპრეზიდენტო არჩევნები მისი მთავარი კითხვით: დარჩება თუ არა ხელისუფლებაში რეჯეფ თაიიპ ერდოღანი და გაგრძელდება თუ არა მისი კურსი `ცივილიზებული ისლამისა` რეგიონის საკვანძო სახელმწიფოში - თურქეთში?
იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი გაიმარჯვებს, მას ექნება უფლება, 2028 წელსაც იყაროს კენჭი ანუ ზედიზედ მეორედ - ახალი კონსტიტუციის მიღებიდან.
ეს საკონსტიტუციო რეფორმაც მისივე ინიციატივით ჩატარდა თურქეთში.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ერდოღანი არ არის უბრალოდ პრეზიდენტი ან ერთ-ერთი თურქი პოლიტიკოსი: რეალურად იგი იქცა თურქეთის უდიდეს ლიდერად ამ სახელმწიფოს (ანუ თანამედროვე თურქეთის) დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის შემდეგ.
თუმცა ათათურქისაგან კარდინალურად განსხვავებული სტრატეგიული ხედვა აქვს ქვეყნის განვითარებისა:
ქემალ ათათურქი აშენებდა საერო, პროდასავლურ თურქეთს; რეჯეფ ერდოღანის მიზანია, თურქეთის წამყვან პოლიტიკურ ძალად აქციოს მისი პარტია `სამართლიანობა და განვითარება`, რომელმაც თურქეთში, ერდოღანის გეგმით, ისეთივე როლი უნდა შეასრულოს, როგორსაც მაგალითად `ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია` ასრულებს გერმანიაში ანუ კონსერვატიული, ტრადიციონალისტური, ოჯახურ ღირებულებებზე და წინაპართა მემკვიდრეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტისა.
ერდოღანი არ არის ევროპასთან ინტეგრაციის წინააღმდეგი, ოღონდ თურქეთის თავისებურებათა და ტრადიციათა გათვალისწინებით.
მაგრამ უამრავი დამკვირვებელი, ვინც თურქეთს აკვირდება, აღნიშნავს, რომ რაკი თურქეთის და თურქული საზოგადოების ტრადიცია ისლამია, ამ რელიგიის თავისებურებათა გათვალისწინებით, `სამართლიანობის და განვითარების პარტია` ვერ შეასრულებს იმ როლს, რასაც `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობები` ასრულებენ ევროპულ სახელმწიფოებში (არა მხოლოდ გერმანიაში), ამიტომ `ერდოღანის მოძრაობა` დასრულდება ისლამისკენ გადახრით და თურქეთის პროევროპული, პროდასავლური კურსის კარდინალური შეცვლით.
ერდოღანი ამას უარყოფს, თუმცა ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს.
ამიტომ ერდოღანს ტრადიციულად ებრძვიან ქემალისტები. მათ შორის არმიაში. რამდენიმე წლის წინ მათ ერდოღანის ლიკვიდაციაც ჰქონდათ დაგეგმილი და სამხედრო გადატრიალება, თუმცა ეს ვერ შეძლეს, რადგან ერდოღანის მომხრეები მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში.
არადა თურქეთს სამხედრო გადატრიალებათა და სამხედრო დიქტატურათა ხანგრძლივი ტრადიცია აქვს.
ერდოღანი 59 წლისაა. იგი თურქეთს მართავს უკვე 20 წელია, ანუ 2003 წლიდან.
ჯერ 11 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო (როცა რეალური ძალაუფლება, კონსტიტუციით, პრემიერს ეკუთვნოდა და არა პრეზიდენტს); შემდეგ კონსტიტუცია თვითონ შეცვალა და 9 წელია პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
ერდოღანის მთავარი მეტოქეა ქემალ ქილიჩდაროღლუ. თურქეთის `რესპუბლიკური პარტიის` ლიდერი.
რეალურად, ქილიჩდაროღლუ არა მხოლოდ ამ პარტიას წარმოადგენს, არამედ დიდ ოპოზიციურ კოალიციას, რომელმაც შეძლო შეთანხმება პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე. ოპოზიციურ გაერთიანებას `სახალხო კოალიცია` ეწოდება. მასში პროევროპელი ქემალისტები დომინირებენ.
ქილიჩდაროღლუ 74 წლისაა. მან სახელი გაითქვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით.
იგი მედასავლეთეა, ქემალისტია, თუმცა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის მხარი არ დაუჭერია და პუტჩს `დემოკრატიაზე ნაძირლური თავდასხმა` უწოდა.
ოპოზიციური ლიდერის და მისი მხარდამჭერი კოალიციის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და პოლიტიკური პროგრამის ქვაკუთხედია:
ა) 2017 წელს, წინა წლის სამხედრო პუტჩის ფონზე ერდოღანის განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის გაუქმება და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე დაბრუნება
ბ)დასავლეთთან, NATO-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა იმ დონემდე, სანამ ერდოღანი მოიპოვებდა განუზომელ ძალაუფლებას და დაიწყებდა გეოპოლიტიკურ ბალანსირებას სხვადასხვა `ძალის ცენტრთა` შორის.
სწორედ ეს არის მომავალი არჩევნების საკვანძო საკითხი: თურქეთი ათწლეულების განმავლობაში ამერიკის და NATO-ს დასაყრდენი იყო რეგიონში. ამას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა `ცივი ომის` დროს.
მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ, თურქეთში პროდასავლური ქემალისტური გენერალიტეტის პოზიციები შესუსტდა და ისლამისტ კონსერვატორთა პოზიციები გაძლიერდა. სწორედ ამ ტრენდზე და ტალღაზე მოვიდა ქვეყნის სათავეში ერდოღანი 20 წლის წინ.
მისი პოლიტიკის ქვაკუთხედი კი გეოპოლიტიკური ბალანსირებაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
თურქეთი NATO-ს წევრია, მაგრამ მოსკოვსაც `ეთამაშება`: ყიდულობს რუსულ საზენიტო სისტემებს С-400 (ეს NATO-ს წესდების პირდაპირი დარღვევაა!) და აშენებს რუსეთის დახმარებით უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს.
ამავე დროს, ერდოღანი აქტიურ პოლიტიკას ატარებდა თურქების მონათესავე ხალხებით დასახლებულ ცენტრალურ აზიაში და აზერბაიჯანსაც დაეხმარა სომხეთის დამარცხებაში 2020 წელს. ახლა კი აზერბაიჯანს ეხმარება მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ `შემომტკიცებაში` იმით, რომ რუსეთი თურქეთის რიდით ვერ ბედავს აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს (ანუ ოპიზიციური კოალიციის) როგორც ამჟამინდელი, ასევე ისტორიული `დისკურსის` მთავარი საკითხი ისაა, რა გზით შეძლებს თურქეთი უკეთ განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური ნაციონალური სახელმწიფოებრივი ინტერესები: NATO-ზე დაყრდნობით თუ ხსენებული `ბალანსირებით` მსოფლიო ძალის ცენტრთა შორის.
მოგეხსენებათ, თურქეთს აქვს ინეტრესები მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ეს არის
ა) არაბული სამყარო, სირია, ერაყი, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე შედიოდნენ თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში
ბ) ყოფილი სსრკ რესპუბლიკები - ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი
გ) ჩრდილოეთ აფრიკა: ლიბია პირველ რიგში.
ერდოღანის პოლიტიკა გულისხმობს, რომ მისი `ბალანსირება` და დასავლეთისგან გამიჯვნა, ისევე როგორც ტრადიციონალისტური ღირებულებების `დაკონსერვება`, მათ შორის პირველ რიგში ისლამისა, თურქ ერს, როგორც NATION განადიდებს და ძველ ბრწყინვალებას დაუბრუნებს.
ოპოზიცია კი, ვისი კანდიდატიც მედასავლეთე ქილიჩდაროღლუა, თურქებს აფრთხილებს: ერდოღანის პოლიტიკა საბოლოოდ დამთავრდება იმით, რომ თურქეთი იქცევა მეორე ირანად - შეიძლება კიდეც განიმტკიცოს პოზიციები ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩამორჩება ცივილიზაციას, ვეღარ მიიღებს დასავლურ ტექნოლოგიებს, აღარ იქნება ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი...
.შედეგად კი თურქები ბევრად უფრო ცუდად იცხოვრებენ ყველა თვალსაზრისით.
როგორც ხშირად ხდება (არა მხოლოდ თურქეთში), ეს გეოპოლიტიკური და ღირებულებითი საზრისები მეორე პლანზე გადადის კონკრეტულ პრობლემებთან მიმართებაში.
ამომრჩეველი უბრალოდ მისდევს თვალშისაცემ კალკულაციებს და ითვლის, ვინ რა მოუტანა ან რას მოუტანს:
ერდოღანის `სათქმელთა` ანუ პლიუსთა შორისაა:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარება; უპირველესად გვირაბი ბოსფორის ქვეშ.
ბ) მედიცინის აყვანა ევროპულ დონეზე და მისი ხელმისაწვდომობა უბრალო თურქებისთვის
გ) თურქული ავიაციის, პირველ რიგში Turkish airways ქცევა ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად
დ) თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქცევა ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად. რად ღირს თუნდაც გენიალური უპილოტო თვითმფრინავი `ბაირაქთარი`, რომელმაც აზერბაიჯანს გამარჯვება მოუტანა.
ე) მრავალრიცხოვანი და ღრმა სოციალური პროგრამები. მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა.
ვ) აია სოფიას ტაძარში მეჩეთის გახსნა, რაც თურქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ზ) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რუსეთის დახმარებით აქუიში.
ერდოღანის მინუსებია ანუ მისი ოპონენტის `სათქმელი`:
ა) თურქული ლირას კურსის კატასტროფული ვარდნა დოლართან და ევროსთან; მაღალი ინფლაცია.
ბ) სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
გ) ქურთების სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურება იმ წლებთან შედარებით, როცა თურქეთს სამხედროები და ქემალისტები მართავდნენ
დ) ეკოლოგიური ზიანი ურბანიზაციის პარალელურად
ე) სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფა
ვ) კატასტროფული მიწისძვრის ცუდი მენეჯმენტი. ყოველ შემთხვევაში თურქების დიდი ნაწილი თვლის, რომ ერდოღანმა ვერ მართა ამ მიწისძვრის შედეგები ისე, როგორც საჭირო იყო.
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი ასეთია: ერდოღანი სულ მცირედით უსწრებს ქილიჩდაროღლუს და უახლოვდება 50%-ს.
თუმცა სავარაუდოა, რომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50%+1 ხმას და აუცილებელი გახდება მეორე ტური.
თუ მეორე ტური დაინიშნა, მისი შედეგების პროგნოზირება ადგილობრივ დამკვირვებლებს თითქმის შეუძლებლად მიაჩნიათ.
ძალიან არაპროგნოზირებადი არჩევნებია.
ცხადი მხოლოდ ის არის, რომ პრეზიდენტობისთვის ეს ორი პოლიტიკოსი იბრძოლებს.
ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება, რა თანაფარდობა `დაიდება` პარლამენტში ერდოღანის პარტიასა და ერთიან ოპოზიციას (`სახალხო კოალიციას`) შორის.
იმედია სამოქალაქო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა.
თუმცა რამდენიმე წლის წინ, როცა სტამბულის და ანკარას მერის არჩევნებზე ერდოღანის კანდიდატმა წააგო, პრეზიდენტმა გამარჯვებული ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა (!), რასაც კინაღამ სერიოზული `კლინჩი` მოჰყვა, რაკი არჩევნების შედეგი მართლაც გააუქმეს.
თურქეთის არმია ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.