დიპლომატიური თამაში აფხაზეთის გარშემო გრძელდება

 დიპლომატიური თამაში აფხაზეთის გარშემო გრძელდება

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, მეტიუ ბრაიზას ვიზიტმა საქართველოში და მოლაპარაკებებმა სოხუმში კვლავ აღძრა იმედი «დიპლომატიური გარღვევისა» აფხაზეთის ფრონტზე.
    თუმცა, თბილისში გამართულმა პრეს-კონფერენციამ დაადასტურა, რომ «გარღვევამდე» ჯერ ძალიან შორსაა, ხოლო აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკება რთულ და ხანგრძლივვადიან დიპლომატიურ თამაშში გადაიზარდა.
    მეტიუ ბრაიზამ ჟურნალისტებთან შეხვედრა დაიწყო ერთობ უცნაური ხუმრობით იმის თაობაზე, რომ «მადლობა ღმერთს ამერიკის საელჩო კვლავ თბილისის ფარგლებში მდებარეობს, თუმცა ქალაქის ცენტრში შეხვედრები უფრო კომფორტული იყო». როგორც ჩანს, იგი გულისხმობდა საელჩოს ძველ შენობას, სადაც თავად არაერთგზის გაუმართავს მოლაპარაკება.
    მან აღნიშნა, რომ «არ ესმის, რატომ არ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები თბილისსა და სოხუმს შორის». არადა, ეს მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ძალიან მარტივი მიზეზით: აფხაზური მხარე უარს ამბობს ორმხრივ (პირდაპირ) მოლაპარაკეებზე, თუ ამ მოლაპარაკებას «საერთაშორისო ფორმატი» არ ექნება ანუ მასში უცხოელი დიპლომატები არ მიიღებენ მონაწილეობას შუამავლების სახით, რითაც ხაზი ესმება აფხაზეთის «თანასწორსუბიექტურობას».
    ბრაიზას თქმით, მას «შესანიშნავი დღე» ჰქონდა პარასკევს, როდესაც ეწვია სოხუმს და გამართა მოლაპარაკება აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან და უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობასთან».
    ეს იყო ჩვეულებრივი დიპლომატიური ტექსტი და აქ არც რაიმე განსაკუთრებული იქნებოდა, თუ არა ის გარემოება, რომ საქმე ეხება სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს, რომლებსაც საქართველო სავსებით სამართლიანად ადანაშაულებს ეთნიკური წმენდის (მაშასადამე, ადამიანურობისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის) განხორციელებაში.
    მაგრამ, მეორეს მხრივ, რა ქნას ბრაიზამ? იგი დიპლომატია და თუკი ჩვენ თავად ვთხოვეთ სეპარატისტებთან მოლაპარაკებათა გამართვა, - ვალდებულია დიპლომატიის ენაზე ისაუბროს.
    ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელიც მეტიუ ბრაიზამ ე.წ. «შტაინმაიერის გეგმის» თაობაზე გააკეთა. მისი თქმით, შინაარსობრივად ეს არის არა «შტაინმაიერის გეგმა», არამედ «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის» გეგმა, რომელიც გერმანიის (ამ ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის) საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ჩამოიტანა საქართველოში. მაშასადამე, ბრაიზამ ამით ხაზი გაუსვა: არსებობს მხოლოდ ერთი გეგმა და სწორედ იგი განიხილება თბილისსა და სოხუმში. ესე იგი, არ არსებობს არავითარი «ამერიკული გეგმა» და «გერმანული გეგმა». ვაშინგტონი კი ხელს აწერს სწორედ «შტაინმაიერის პროექტს».
    ეს ძალზე ნიშანდობლივი განცხადებაა და აი, რატომ: ბრაიზას ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაიამ «ჯი-ეიჩ-ენ»-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ სინამდვილეში არსებობს კონფლიქტის მოგვარების სამი პროექტი: პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივები და შტაინმაიერის იდეები. ეს განცხადება ბევრად უფრო ადეკვატურია ვითარებისა, ვიდრე ბრაიზას მტკიცება, ვინაიდან ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში კონდოლიზა რაისის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, მკაფიოდ განაცხადა, რომ «ამერიკა მხარს უჭერს აფხაზეთიდან სამშვიდობო ჯართა გაყვანისა და საერთაშორისო კონტინგენტით მათი ჩანაცვლების იდეას».
    შესაბამისად, ალექსანდრე ლომაიამ, «ჯი-ეიჩ-ენ»-თან საუბარში დააზუსტა, რომ ერთიანი გეგმა შემუშავდება სამივე პროექტის შეჯერების შედეგად, ხოლო საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს მას ასეთი სახით: პირველ ეტაპზე რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა და საერთაშორისო კონტინგენტის შემოსვლა; ხელშეკრულების გაფორმება ომის განუახლებლობის (და არა «ძალის გამოუყენებლობის») თაობაზე; ეკონომიკური რეაბილიტაცია და ოჩამჩირის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება; აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა და ლტოლვილა დაბრუნება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

    მივაქციოთ ყურადღება, რომ შტაინმაიერის გეგმაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი მარადიულ და ბუნებრივ მოცემულობად იგულისხმება, ხოლო ერთიანი გეგმის «ქართულ ნაწილში» პრიორიტეტი სწორედ სამშვიდობოთა გაყვანა და მათი საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლებაა; უფრო მეტადაც კი, ვიდრე ლტოლვილთა დაბრუნება, რაც სავსებით ლოგიკურია რუს «ცისფერჩაფხუტიანთა» როლის გათვალისწინებით;
    მაგრამ თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მეტ ბრაიზამ უკვე სულ სხვა აზრი განავითარა: თითქოს არ ყოფილა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და არ გამოთქმულა იდეა კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო კონტინგენტის შემოყვანისა. არადა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება ხომ არ მოგვესმა უბრალოდ? ეს ხომ ჰალუცინაცია არ ყოფილა?!
    ამ უცნაურობას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ვაშინგტონის ინიციატივამ (სამშვიდობოთა გაყვანის და ჩანაცვლების შესახებ) მოსკოვში იმდენად მძვინვარე (თუმცა დაფარული) რეაქცია გამოიწვია, რომ «გერმანელი მეგობრების» მეშვეობით რუსებმა შეძლეს ამერიკელთა დარწმუნება, - დაევიწყებინათ ეს იდეა.
    ამავე კონტექსტში ერთობ ნიშანდობლივია ისიც, რომ მეტიუ ბრაიზასთან ერთად სოხუმში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში, ქალბატონი პატრიცია ფლორი. მაგრამ, ყველა ინფორმაციით, იგი მოლაპარაკებას მართავდა არა ბრაიზასთან ერთად, არამედ მისგან დამოუკიდებლად. არადა, თითქოსდა მათ ხომ ერთიანი დელეგაცია უნდა შეედგინათ?! – აკი ამტკიცებს ბატონი ბრაიზა, რომ არ არსებობს არავითარი «ამერიკული» და «გერმანული» სამშვიდობო გეგმა? თუ ასეა, მაშინ რამ შეუშალათ ხელი ამერიკელ და გერმანელ დიპლომატებს «მეგობართა ჯგუფის» ერთობლივი გეგმა ასევე ერთად განეხილათ «აფხაზ კოლეგებთან?»
    ეს დიპლომატიური დეტალები კვლავ და კვლავ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფარული დიპლომატიური პაექრობა, ხოლო ამჟამინდელი უნისონი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, «საკითხში ჩაღრმავების» შედეგად, თანდათან მიდიან საქართველოსათვის ძალზე არასასურველ დასკვნამდე: მათი აზრით, ამჟამად უბრალოდ არ არსებობს სხვა გამოსავალი გარდა სტატუს-ქვოს შენარჩუნებისა; ხოლო ნებისმიერი «მკვეთრი მოძრაობა» მხოლოდ კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას და შექმნის დამატებით, ძნელად გადასალახ ან თუნდაც საბედისწერო პრობლემებს. მაგალითად კოდორის ხეობაში, რომლის თავზეც დამოკლდეს მახვილივით ჰკიდია ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის რამდენიმე პოლკი; სწორედ ეს გახლავთ, დღევანდელ ვითარებაში, ამერიკელთა მეგობრული და კეთილგანწყობილი რჩევა – გამომდინარე ჩვენი ქვეყნის რესურსებიდან, რუსეთის შესაძლებლობებიდან და იმ რესურსთა ანალიზიდან, რომელიც კავკასიის რეგიონში ამჟამად ამერიკას გააჩნია.
    სწორედ ამით აიხსნება მეტიუ ბრაიზას განცხადებები და მისი მოწოდებები, - განვაგრძოთ მოლაპარაკება დღევანდელ რეალობათა გათვალისწინებით. თუმცა, მისი თქმით, მან არ იცის, შედგება თუ არა მომავალ კვირას ბერლინში მოლაპარაკება «მეგობართა ჯგუფის» ფარგლებში, რადგან აფხაზური მხარე შეუვალ წინაპირობად აყენებს კოდორის ხეობიდან ქართული ფორმირებების გაყვანას; ამავდროულად ამერიკელმა დიპლომატმა ისიც გვირჩია, რომ «თუ მოლაპარაკებათა განახლება გვსურს, მეორე მხარის მოთხოვნები და პრიორიტეტები უნდა გავითვალისწინოთ». ესე იგი, ვუალირებულად გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა იფიქროს კოდორის ხეობის უსაფრთხოების სხვა გარანტიებზე; მერედა რის სანაცვლოდ? მხოლოდ მოლაპარაკებათა განახლებისა, რომლებიც 1994 წლიდან სრულიად ფუჭად და უშედეგოდ მიმდინარეობდა ჟენევაში.
    მართალია ბრაიზამ უარყო რუსული მედიის ინფორმაცია, თითქოს მან საქართველოს პირდაპირ მოუწოდა კოდორიდან ჯარების გაყვანისკენ და აღნიშნა, რომ «ამერიკას არ დაუყენებია ეს მოთხოვნა», მაგრამ იქვე დასძინა, რომ მისი, როგორც შუამავლის ფუნქციაა მოუსმინოს ორივე მხარეს და შესთავაზოს მათ ოპტიმალური კომპრომისი. ამ განცხადებასთან კორელირებს მისივე გამონათქვამი, რომ «მეგობართა ჯგუფი არ ახორციელებს დიქტატს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიმართ (იგულისხმება აფხაზ სეპარატისტთა მხარე-ნ.ვ.), არამედ მხოლოდ სთავაზობს მათ წინადადებებს განსახილველად».
    გაუგებარია, სხვას რას ველით შუამავლისაგან? ჩვენ ხომ თავად ვთხოვეთ მათ შუამავლობა?
    ძალიან უცნაურია, რომ 90-იანი წლების მწარე გამოცდილებამ ქართულ დიპლომატიას, როგორც ჩანს, ბევრი ვერაფერი ასწავლა: აფხაზი სეპარატისტები, რომელთა პოზიცია საქართველოს მიმართ აბსოლუტურად შეუვალია, მოლაპარაკებებს დასავლელ დიპლომატებთან მართავენ არა შედეგის მისაღწევად, არა კომპრომისის საძიებლად, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ნებისმიერი მათი შეხვედრა მაღალი რანგის დიპლომატთან ხელს უწყობს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის საერთაშორისო ლეგიტიმაციას!
    ტყუილად როდი გაჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში ფორმულირება «საერთაშორისოდ აღიარებული კონფლიქტის მხარე». ამით ხდება დადასტურება იმ პოლიტიკური და დიპლომატიური რეალობისა, რომ მიმდინარეობს კონფლიქტი არა ეთნოწმენდის ორგანიზატორებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოს შორის, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც დანაშაულებრივად დაირღვა, არამედ ორ ლეგიტიმურ მხარეს შორის, რომელთაგან თითოეულს თანაბრად ლეგიტიმური ინტერესები და უფლებები აქვთ!
    მერე კი გვიკვირს, რატომ გააკეთა სოხუმში ყოფნისას ნიჭიერმა ამერიკელმა დიპლომატმა ასეთი განცხადებები: «ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ქართველი მეგობრები კოდორის ხეობიდან ფორმირებათა გაყვანის აუცილებლობაში» ან «ქართულ მხარეს აქვს ლეგიტიმური უფლება, მოლაპარაკების დროს წამოჭრას ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ხოლო აფხაზურ მხარეს აქვს ლეგიტიმური უფლება, უარი განაცხადოს ამ თემის განხილვაზე» ან «სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი თვით მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ მოლაპარაკებით» ან კიდევ «კოდორის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოება ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ».
    მართლაცდა, რატომ გვიკვირს? განა ჩვენ თავად არ შევძინეთ სეპარატისტულ დაჯგუფებას საერთაშორისო ლეგიტიმურობა - დასავლელი დიპლომატების «შუამავლობით?».
    შედეგად კი, ზემოთხსენებული «დიპლომატიური ომის» მიზანი უკვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ სწრაფვა კი არ ხდება, არამედ რეგიონში ყველა აქტორის მიერ საკუთარი გავლენის, შესაძლებლობებისა და პრიორიტეტების ხაზგასმა, ანუ რეგიონული თუ ზესახელმწიფოებრივი ამბიციის და დიპლომატიური უწყების ოსტატობა-პროფესიონალიზმის დემონსტრირება, რაც საბოლოოდ იმაში გამოიხატება, თუ ვინ უფრო შეძლებს და მოახერხებს ქართული მხარის დარწმუნებას, შეინარჩუნოს ამჟამინდელი სტატუს-ქვო, არ მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანა და განაგრძოს «წყლის ნაყვა» დიპლომატიური რაუტების სახით;
    საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია კი ამჟამადაც (ისევე, როგორც 90-იან წლებში) არის შემდეგი: თუკი ქვეყანას და მის მეგობრებს (რომელთა შორის უპირველესი, რა თქმა უნდა ამერიკაა და ამაზე არავინ დავობს) ამჟამად არ გააჩნია რესურსი, მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანა და ამით კარდინალურად შეცვალოს რეგიონში პოლიტიკური კონფიგურაცია, მაშინ საერთაშორისო ლეგიტიმაციაში მაინც ნუ ვეხმარებით სეპარატისტებსა და მათ მხარდამჭერებს! ანუ ვითარებას მაინც ნუ ვიუარესებთ სამომავლოდ; - ესე იგი იმ დროისათვის, როდესაც (იმედი ვიქონიოთ) როგორც თვით საქართველოს, ასევე ხსენებულ მოთამაშეთა შესაძლებლობები თვისებრივად შეიცვლება.