ბუნტი დასავლეთ საქართველოში - ეროვნული სიჩლუნგის გამოვლინება

ბუნტი დასავლეთ საქართველოში - ეროვნული სიჩლუნგის გამოვლინება


   

    როგორი შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს სენაკის ინციდენტი, თვით ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ის, რაც მოხდა, სავსებით საკმარისია, რათა კიდევ ხუთი წლით გამოვემშვიდობოთ საერთაშორისო ამბიციებს, მათ შორის, ეკონომიკურ პროექტებს.
    საქართველო პოლიტიკური და საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით დაბრუნდა 1993 წელში, როცა სხვა ქვეყნებში ზიზღისა და დაცინვის გარდა არაფერს იწვევდა.
    უცხოეთში სულ არ აინტერესებდათ და არც ახლა აინტერესებთ, ვინ არის მართალი - «ზვიადისტები» თუ «შევარდნაძისტები», მაგრამ როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ვითარებას, როცა სამხედრო ნაწილი ასე მტრულად გამოდის ბრძანების გარეშე ყაზარმიდან იარაღით და უპირისპირდება ხელისუფლებას, მაშასადამე, ეს არ არის სრულფასოვანი სახელმწიფო, ანუ საერთოდ არ არის სახელმწიფო, ვინაიდან სახელმწიფო შეიძლება მხოლოდ სრულფასოვანი იყოს, - ნახევრად სახელმწიფო კი სახელმწიფო არ არის!
    ასეთ შემთხვევაში ვის რაში სჭირდები? ვიმეორებ: არავის აინტერესებს არც მებრძოლთა, არც ხელისუფლების მოტივაცია და არგუმენტაცია, - საქართველო დაემსგავსა (ალბათ, არის კიდეც) აფრიკის იმ ქვეყნებს, სადაც ტუტსი-მუტსის ტომები ტრაიბალიზმის საფუძველზე წლობით ჟლეტენ ერთმანეთს.
    ფორმალურად, აფრიკის ამ სახელმწიფოებშიც არის პარლამენტი, ზოგან პრეზიდენტი, მიღებული აქვთ კონსტიტუცია და ა.შ.
    მაგრამ სინამდვილეში ისინი კვლავ ველურ, პირველყოფილ დონეზე იმყოფებიან. ამიტომ, დროდადრო, მშვილდისრებითა და შუბებით შეიარაღებულნი ერთმანეთის ხოცვას იწყებენ.
    დასავლეთის ტელეკომპანიები გულმოდგინებით უჩვენებენ ამაზრზენ კადრებს, - საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, არ ერევიან და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ უბედურ მოსახლეობას, რომელსაც ორივე მეომარი მხარე ხოცავს და ძარცვავს.
    აი, ასეთები ვართ ქართველები და ეს არის საქართველო!
    ამის შემდეგ განა შეიძლება გული არ აგერიოს, როცა წაიკითხავ ბრიყვულ პოლემიკურ პუბლიკაციებს, თუ რამდენი წლისაა (ათასწლეულისაა) ქართული სახელმწფიოებრივი ტრადიცია - სამიათას შვიდასის თუ ოთხიათას რვაასის - არა, ხუთი ათასის!!!
    ბოლოს და ბოლოს 5000 «მრგვალი ციფრია».

    სინამდვილეში რა სახელმწიფოებრივი ტრადიციაც და სახელმწიფოებრივი კულტურაც გაგვაჩნია, - ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდა.
    «ქართულ დემოკრატიაზე» საუბარიც სასაცილოა მაშინ, როდესაც ატავისტურ, ტრაიბალისტურ ვნებებზეც კი ვერ ავმაღლებულვართ; ანუ ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარების ფსკერზე ვიმყოფებით.
    «დემოკრატიული კონსტიტუციაც», რომელიც თურმე, «უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და კიდეც უსწრებს (!)» შეგვიძლია (როგორც ქაღალდი) სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. არ მინდა დავაკონკრეტო, რა დანიშნულებით.
    კაკო ელიავას მაგვარ გაიძვერა ჩლუნგს (ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი ფორმაც არსებობს) ვერაფრით შეაგნებინებ, რომ მისი ქმედება დღევანდელ პირობებში მართლა ქვეყნის ღალატი და მისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა.
    ისევე, როგორც ვერაფრით შეაგნებინებდი იგივეს იმ კრიმინალურ ხროვას, რომელმაც 1991-92 წლებში გამსახურდიას რეჟიმი დაამხო. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს რეჟიმი, მისი დამხობა «მეტი ბოროტების არჩევაა», ვინაიდან შედეგი კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე იქნებოდა სამხედრო გადატრიალებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
    ისევე, როგორც ახლა კაკო ელიავას არაფერი ამოძრავებს, გარდა პირადი მოტივებისა, ასევე არაფერი ამოძრავებდათ მაშინ გადატრიალების ორგანიზატორებს პიროვნული სიძულვილისა და ანგარიშსწორების სურვილის გარდა.
    არა მგონია, თენგიზ კიტოვანი კაკო ელიავასთან შედარებით მთლად ლეონარდო და ვინჩი იყოს. ორივე ერთი და იგივე ფენომენის გამოვლინებაა.
    ის, რაც დღეს ხდება, შედეგია საშინელი სიჩლუნგისა, რომელიც ხელს გვიშლის ქართველებს დავეუფლოთ პოლიტიკის არა თუ ურთულეს და უზენაეს, არამედ თუნდაც ელემენტარულ კანონებს.
    თუმცა, ამგვარი თეორიული მსჯელობით ახლა აღარაფერს ეშველება, - ერთადერთი, რაც (ცხვირიდან სისხლის ნთხევის ფასად) უნდა შეიგნოს ყველამ, ის არის, რომ არ შეიძლება კანონიერად არჩეული ხელისუფლების იარაღით დამხობა. არ შეიძლებოდა მაშინ და არც ახლა შეიძლება! - როგორი მოუთმენელი და ოდიოზურიც არ უნდა იყოს ეს თუ ნებისმიერი ხელისუფლება.
    მაგრამ ვერც ამას შეაგნებინებდი ამბიციურ მანიაკებს.
    მათ ხომ ვერაფრით ვერ გააგებინებ, რომ ხელისუფლების ძალით დამხობა შექმნის ისეთ პრეცედენტს, რომელიც წლების შემდეგაც შეასრულებს დამანგრეველ ფუნქციას.
    თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პასუხისმგებლობის დიდი წილი ეკისრება იმ ხელისუფლებასაც, რომელიც იმდენად ლაყე აღმოჩნდება, რომ ასე ადვილად დაამხობინებს თავს.
    ხელისუფლება ღირსია ყველაფრისა, რასაც გაუბედავენ - ეს არის უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრინციპი ძველი რომიდან დაწყებული - დღემდე.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, აქციის ორგანიზატორთა უნამუსობა და ურცხვობა უკვე ყველა ზღვარს სცილდება. ხალხი, რომელიც ვითომდა «სამშობლოს თავისუფლებისათვის» იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და ზვიად გამსახურდიას გრუ-ს მიერ წამებულ რაინდად რაცხდა, ახლა თვითონვე მიმართავს იმავე რუსეთს, იმავე გრუ-ს თხოვნით (როგორც მინიმუმ) «ნეიტრალიტეტის» შესახებ.
    რატომ უნდა იყოს რუსეთი ნეიტრალური, თუ დღევანდელი მმართველი რეჟიმი მისი მარიონეტია? მაგრამ ელიავაც და ძმანნი მისნიც ისეთი რეგვენები არიან, ამ ელემენტარულ კითხვაზეც ვერ გასცემენ ნორმალურ პასუხს.
    თუ რუსეთის ჯარი შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, მაშასადამე ხელისუფლების დამხობა მართლაც შედის მის ინტერესებში.
    ელიავასმაგვართა არგუმენტი კი ის გახლავთ, რომ მათაც აქვთ უფლება რუსეთი გამოიყენონ, რაკი დეკემბერ-იანვრის პუტჩისტებმა გამოიყენეს იგი მათ წინააღმდეგ.
    სინამდვილეში რუსეთისათვის აბსოლუტურად სულ ერთია გამსახურდიაც, შევარდნაძეც, პატიაშვილიცა და სხვაც. მისთვის მთავარია, საქართველოში მუდმივი ომი და არეულობა იყოს. თორემ დამოუკიდებელი და სტაბილური საქართველო (ვინც არ უნდა იყოს სათავეში, თუნდაც მისდამი ძალზე ლოიალური პიროვნება) მაინც ობიექტურად, თვით თავისი არსებობის ფაქტით შეუქმნის სტრატეგიული ხასიათის პრობლემებს ჩრდილოეთ კავკასიაში.

    ყველაზე ცუდი დასასრული იმისა, რაც სენაკში მოხდა, იქნება სტატუს-კვოს აღდგენა და ისეთი ვითარების შექმნა, თითქოს არც არაფერი მომხდარა- ჯარი დაბრუნდა ყაზარმაში, ყველამ შეინარჩუნა თანამდებობა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე (ყველაზე მრისხანე) მუხლის საფუძველზე აღძრული საქმე ჯამლეთ ბაბილაშვილმა ჩარჩოში ჩასვა და თავის კაბინეტში ჩამოკიდა გამოსაჩენ ადგილას.
    თუ ასე დამთავრდა ყველაფერი, ხელისუფლების ავტორიტეტი საბოლოოდ ნულზე დავა. ქვეყნის პრესტიჟზე საუბარი საერთოდ არ ღირს.
    ყველაზე სასაცილო მაინც, ისევ და ისევ «ქართული დემოკრატიის» შესახებ საუბარია, აქაოდა, საქართველოში სტრუქტურული, ინსტიტუციური რეფორმები მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციები ფუნქციონირებენ, სამოქალაქო საზოგადოება ფუძნდება და ა.შ.
    ჭეშმარიტი დემოკრატიის დაფუძნება დედამიწის ზურგზე სულ რამდენიმე ერმა შეძლო. სხვები მას ესწრაფვიან, ვინაიდან ეს იდეალია. მათ შორის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალი! ჩვენ კი ჯერ ბინძური ტრაიბალიზმისა და ველურობის პირველყოფილი ეპოქიდან ვერ გამოვსულვართ.
    ამიტომ, «ინსტიტუტებზე», «კონცეფციებზე» და «დემოკრატიაზე» ჩვენი პრეტენზია მართლაც არ იწვევს არაფერს... ირონიული, ზიზღნარევი ღიმილის გარდა.

მერიდიანი, 21 ოქტომბერი, 1998 წელი