რატომ «გაუშვეს» საფრანგეთში ირაკლი ოქრუაშვილი?

რატომ «გაუშვეს» საფრანგეთში ირაკლი ოქრუაშვილი?

    ირაკლი ოქრუაშვილის «კიევურ დემარშზე» პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის რეაქცია, უფრო ზუსტად ამ კომენტართა მრავლისმთქმელი ტონალობა, უეჭველად ადასტურებს, რომ განურჩევლად იმისა, დარჩება თუ არა «რევოლუციის ყინულმჭრელი» პოლიტიკაში, გადავა ოპოზიციაში თუ ჩამოშორდება პოლიტიკას და ბიზნესს მოჰკიდებს ხელს, იგი უკვე აღარ არის მიხეილ სააკაშვილის «გუნდის» წევრი.
    განსხვავებით გიორგი ბარამიძისა და კახა ბენდუქიძისაგან, რომლებიც, ქვემოთაღწერილ მიზეზთა გამო, პრეზიდენტმა ნაკლებად მნიშვნელოვან (შეიძლება ითქვას, სიმბოლურ) პოსტებზე გადაიყვანა, ირაკლი ოქრუაშვილმა ემოცია (ან პოლიტიკური ამბიცია – ამას არა აქვს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა) ვერ დაძლია და ახალ როლს არ შეურიგდა.
    ისევ და ისევ «მიზეზებზე» საუბრისას, ქართულ ექსპერტულ საზოგადოებაში და ოპოზიციურ სპექტრში იშვიათი ერთსულოვნება სუფევს, რასაც, სინამდვილეში «სტერეოტიპულობის» ელფერი უფრო დაჰკრავს.
    სწორედაც «სტერეოტიპია» მოარული აზრი, რომლის თანახმად, პრეზიდენტ სააკაშვილს ვითომდაც ირაკლი ოქრუაშვილის «მაღალი რეიტინგის» შეეშინდა.
    ჯერ ერთი, იმ ქვეყანაში, სადაც «კონსოლიდირებული დემოკრატიისა» და მოდერნიზაციის პროექტი ხორციელდება, «რეიტინგი» არ არის და ვერც იქნება პოლიტიკური წარმატებისათვის აუცილებელი მთავარი რესურსი. აქ ბევრად მეტი მნიშვნელობა სხვა რესურსებს ენიჭება, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილს სინამდვილეში არ გააჩნდა და არც ახლა გააჩნია. მათ შორის, ვითვალისწინებ ზღაპრებს «რუსთავი-ორზე» მისი რაღაც განსაკუთრებული გავლენის შესახებ.
    გარდა ამისა, საუბრები ოქრუაშვილის მაღალი რეიტინგის შესახებ საერთოდაც აშკარად გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, «ორღობის პატრიოტიზმის» ქვეყანაში, როგორიც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით საქართველოა, მას  მაღალი რეიტინგი ჰქონდა შიდა ქართლში, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მისი რეიტინგი მიხეილ სააკაშვილის რეიტინგს იმ დონითა და ხარისხით ჩამოუვარდებოდა, როდესაც, წმინდა ელექტორალური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ასეთი ფიგურის ხელისუფლებაში შენარჩუნება მხოლოდ სასარგებლო თუ იქნებოდა (მაგრამ არა საფრთხის შემქმნელი) რეიტინგის სათავეში მყოფისათვის, - რაკი ეს ის დონე იყო, როცა პოლიტიკოსის რეიტინგი მხოლოდ მის სახელისუფლებო ქარიზმას უკავშირდება და ხელისუფლებიდან წასვლისთანავე «ორთქლდება». ორიოდე თვის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის რეიტინგის გამოკვლევა ამ დებულებას უეჭველად დაადასტურებს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    მაშასადამე, ნამდვილი მიზეზი პოლიტიკური და სახელისუფლებო ტექნოლოგიის სხვა სფეროშია საძიებელი.
    არავინ დავობს, რომ მთავარი მიზეზი მართლაც გახდა ირაკლი ოქრუაშვილის სრულიად უადგილო, უდროო და რეალური(!) პოლიტიკური ლოგიკიდან «ამოვარდნილი» ინიციატივა - ცხინვალთან დაკავშირებით.
    ამ განცხადებას იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა, რომ თვისებრივად ახალი რეალობა შექმნა. რა თქმა უნდა, იგი არათუ არ გამოხატავდა პრეზიდენტის გეგმებსა და განწყობას, არამედ მძიმე მდგომარეობაშიც აყენებდა მას, რაკი მიხეილ სააკაშვილი იძულებული ხდებოდა, რეაგირება მოეხდინა იმ ინიციატივაზე, რომლის ავტორი თავად არ ყოფილა და ემოქმედა იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მისი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, დამოუკიდებელი ინიციატივით(!) შექმნა - მის დაუკითხავად.
    ეს არის «მოუგებადი თამაში», რადგან, ერთი მხრივ, პოპულარული ინიციატივის უარყოფა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია მისი გათავისება (ცნობილი ტექნოლოგიური ხერხის შესაბამისად, როცა არასასურველ პროცესზე რეაგირების ერთადერთი საშუალება ხშირად მის სათავეში ჩადგომაა)-ავტ, რაკი დანაკარგი მეტისმეტად დიდია და იქმნება ერთგვარი «ცუგცვანგის» ვითარება, «ჩაკეტილი წრე», როცა ნებისმიერი სვლა დანაკარგს გულისხმობს - მეტს ან ნაკლებს.
    მაგალითად, პრეზიდენტი იძულებული გახდა «ცხინვალში ახალი წლის შეხვედრასთან დაკავშირებით» ეთქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თავად ცხინვალელია და მის განცხადებას არა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური, არამედ მხოლოდ ოჯახური მნიშვნელობა ჰქონდა. არადა, სავსებით ცხადია, რომ ოქრუაშვილი ამას არ გულისხმობდა.
    მაშასადამე (ვიმეორებ) ოქრუაშვილის «არამკითხე ინიციატივიანობამ», რაც აშკარად სცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს, პრეზიდენტი ჩააყენა არასასურველ ვითარებაში, როდესაც იგი იძულებული გახდა მოეხდინა რეაგირება სხვის ინიციატივაზე - იმთავითვე, ყველა შემთხვევაში, წამგებიანი შედეგით.
    მეორე მაგალითია ირაკლი ოქრუაშვილის ასეთივე დამოუკიდებელი (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) ინიციატივა «ორ კვირაში დსთ-ს დატოვების შესახებ».
    პრეზიდენტი კვლავ იძულებული გახდა მოეხდინა რეაგირება «პოპულარულ» ინიციატივაზე და რაკი მისი აშკარად უარყოფა «არაპოპულარული» იქნებოდა, მთავრობას დაავალა საკითხის შესწავლა. მთავრობამაც შეისწავლა და «დადო» სავსებით ობიექტური დასკვნა, რომლის მიხედვით, დღევანდელ ვითარებაში «დსთ»-დან გასვლა მხოლოდ გაართულებს ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი (უკრაინა და ყაზახეთი) უარს აცხადებენ გააფორმონ საქართველოსთან ორმხრივი ხელშეკრულება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შესახებ – როგორიც მოქმედებს დსთ-ს სივრცეში.
    მაშასადამე, პრეზიდენტი ისევ იძულებული გახდა მოეხდინა რეაგირება (გარდაუვალი დანაკარგით ნებისმიერ შემთხვევაში) სხვის «არამკითხე ინიციატივაზე».
    არადა, არც ერთ პოლიტიკოსს არ უყვარს, როდესაც აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, როცა იძულებულია იმოქმედოს სხვისი ინიციატივების საფუძველზე. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, მას ვერავინ დაასწრებდა ინიციატივას ვერც «ცხინვალში შესვლის», ვერც «დსთ-დან» გამოსვლის და ვერც რუსეთის ბაზებისა თუ «სამშვიდობოების» გაყვანის შესახებ. მაგრამ შეგახსენებთ: მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო დადგენილება (ულტიმატუმი) რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ, პრეზიდენტმა ეს დადგენილება, რა თქმა უნდა «გაითავისა», მაგრამ (დავაკვირდეთ) დადგენილების მიღებიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ «რუსეთის ბაზები მემკვიდრეობით გვერგო წინა ეპოქიდან, თუმცა ამ საკითხზე პარლამენტმა ცოტა არ იყოს მკვეთრი დადგენილება მიიღო».     აქვე: თუ ვინმე ცდილობს, საპარლამენტო დებატებისას გაკეთებული განცხადებებით დაადგინოს პრეზიდენტის დამოკიდებულება ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი, უნდა დააკვირდეს არა იმას, რას ამბობს გიგა ბოკერია, კოტე გაბაშვილი ან ნინო ბურჯანაძე, არამედ იმას, თუ რას ამბობს მაია ნადირაძე! შეგახსენებთ: ხსენებული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც «მოულოდნელად» გამოირთო რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი «კავკასიონი», მაია ნადირაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: «კი მაგრამ, ბატონებო, ახლა რომ წუწუნებთ «ელექტროენერგია არა გვაქვსო» - აქ რაღაცა დადგენილებებს რომ იღებთ, განა არ იცით, რომ ამას რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება?»
    პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, ითვალისწინებდა რუსეთის გარდაუვალ საპასუხო რეაქციას ეკონომიკური მიმართულებით (სანქციები საექსპორტო პროდუქციაზე) და არც შემცდარა. თუმცა პირდაპირ ამის თქმა, ისევ და ისევ, შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების «პოპულარობის» გამო.
    ასევე «სამშვიდობოებთან» დაკავშირებით. აბა სხვა რით აიხსნება ის უცნაურობა, რომ პარლამენტი იღებდა დადგენილებას «სამშვიდობო ძალების» შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა, მიმართვაში «პარლამენტისა და ხალხისადმი» არც ერთი სიტყვით არ ახსენა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება?! პირიქით, ყველაფერი იღონა მის შესარბილებლად და «გაყვანის» ნაცვლად აქცენტის «ჩანაცვლებაზე» გადასატანად.
    დარწმუნებული ვარ, გიორგი ბარამიძის «გადაყვანა» ნაკლებად მნიშვნელოვან პოსტზე მათ შორის განაპირობა მისმა ინიციატივამ (ჯერ კიდევ რევოლუციამდე გამოთქმულმა, მაგრამ ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა) რუსეთის «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში «არშეშვების» შესახებ - როკისა და ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთა გაუქმებამდე.
    საქართველოს პრეზიდენტმა, სინამდვილეში, მხოლოდ ერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია ამ საკითხზე. 2004 წელს მან განაცხადა სიტყვა-სიტყვით შემდეგი: «უდიდესი გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ ჩვენ რუსეთს არ შევუშვებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ დაგვიბრუნებს».
    ზოგიერთი ნიშნით, პრეზიდენტის დამოკიდებულება მას შემდეგ არც შეცვლილა და ამის შედეგს  მომავალში ვიხილავთ, რაკი მართლაც უდიდესი გულუბრყვილობაა (ძაააალიან რბილად თუ ვიტყვით) აზრი, თითქოს თუ მთელმა დასავლეთმა რუსეთის «მსო»-ში გაწევრიანება მიზანშეწონილად მიიჩნია, ჩვენს პატარა, უმწეო ქვეყანას აქვს ძალა და უნარი ამ გლობალურ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა გაუწიოს.
   

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

   ყველა დამოუკიდებელი, «გულწრფელად რადიკალური» ინიციატივა, რომელიც პოპულარულია, ღიად ძნელად გასაკრიტიკებელია, მაგრამ პოლიტიკურად არამიზანშეწონილია დღევანდელ ეტაპზე, პრეზიდენტს არც თუ სასურველ მდგომარეობაში აყენებს და ამგვარ «არამკითხე ინიციატორებს» მიხეილ სააკაშვილი ამას სხვადასხვა ფორმით აგრძნობინებს კიდეც.
    კახა ბენდუქიძეს ეყო ჭკუა მიმხვდარიყო (მხოლოდ მას შემდეგ, რაც «სწავლული ექსპერტის» ფუნქცია მიაკუთვნეს მთავრობაში) და დღეს უკვე აღარ აკეთებს განცხადებებს (პოლიტიკაში «განცხადება» – იგივე «ინიციატივაა!») იმის შესახებ, რომ «საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი იდიოტური ორგანიზაციებია», რის თაობაზეც ვაშინგტონში კითხვებს მას როდი დაუსვამდნენ.
    დავაკვირდეთ ამავე დისკურსში, რომელი (როგორი) ფიგურები ინარჩუნებენ მყარად თავის ადგილსა და ფუნქციას პრეზიდენტის გუნდში: ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ნოღაიდელი. ანუ ისინი (ისეთები), რომელთა «ინიციატივიანობა» მათი კომპეტენციის ფარგლებს(!) არ სცილდება. ესე იგი, ერთი მხრივ, კონკრეტულად თავის საქმეს, პრეზიდენტის შეფასებით, კარგად აკეთებენ, ხოლო, მეორე მხრივ, «არამკითხე ინიციატივებით» პრეზიდენტს რთულ მდგომარეობაში არ აყენებენ.
    აი, კლასიკური მაგალითი: ვანო მერაბიშვილის უწყება თვეების განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოში ГРУ-ს აგენტთა თავხედურ მოქმედებას, მაგრამ «ზომები მიიღო» მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი პრეზიდენტთან შეათანხმა. ამაზე მეტყველებს მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრიფინგზე - რუსული რეზიდენტურის წინააღმდეგ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე: «ჩვენი კონტრდაზვერვა კარგად მუშაობს და შედეგებს უახლოეს დღეებში იხილავთ.»
    დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა მინისტრი იმ მომენტში ირაკლი ოქრუაშვილი რომ ყოფილიყო, იგი ბევრად ადრე, დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე განახორციელებდა ამ ოპერაციას, ხოლო პრეზიდენტი კვლავ აღმოჩნდებოდა ისეთ მდგომარეობაში, როცა იძულებული გახდებოდა ემოქმედა სხვის მიერ შექმნილ რეალობაში და ერეაგირა სხვის ინიციატივაზე.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    ბუნებრივია, ზემოთქმული კვლავ აღვიძებს ჩვენს საზოგადოებაში «დიქტატურასა» და «ავტორიტარიზმზე» საუბრების ქრონიკულ ინტენციას. სინამდვილეში კი, აქ «დიქტატორობა» და «ავტორიტარიზმი» არაფერ შუაშია. «ინიციატივა» განუყოფელია «კომპეტენციისაგან». წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი ქმედება ქართულ სემანტიკაში სხვა ტერმინებით აღინიშნება.
    მითხარით, მაგალითად, განა პრეზიდენტი ბუში მოითმენდა თავის გუნდში ისეთი ფიგურის არსებობას, რომელიც მასთან შეუთანხმებლად(!!!) გააკეთებდა განცხადებას, ვთქვათ, ახალი წლის თეირანში შეხვედრის თაობაზე? რა შუაშია აქ «დიქტატურა», «ავტორიტარიზმი» და «ინიციატივიანობის ჩახშობა?»
    ბოლოს და ბოლოს პოლიტიკას თავისი კანონები აქვს. არც ერთი გონიერი, პასუხისმგებელი პოლიტიკოსი არ დაუშვებს საკუთარ გუნდში ისეთი ფიგურების არსებობას, რომლებიც თავისი «არამკითხე ინიციატივიანობით» მას პრობლემებს შეუქმნიან. არც ერთი პოლიტიკოსი არ შეურიგდება საკუთარ გუნდში მეტისმეტად «პასიონარულ-პიონერულ» (მკითხველს შევახსენებ, რომ Pioneer პირველს, პირველადს, მეწინავეს ნიშნავს და მეტს არაფერს) მოღვაწეებს, რომლებიც მას მძიმე მდგომარეობაში და წამგებიანი არჩევანის წინაშე აყენებენ.
    პოლიტიკოსებს არ უყვართ «მშობლის წინ მოხტუნავე კვიცები» და, თუ «წინ მოკუნტრუშე კვიცი» თავად ვერ ხვდება, სად არის მისი ადგილი, მაშინ მას ძალით მიუჩენენ ამ ადგილს.
    საბედნიეროდ (ქვეყნისთვის საბედნიეროდ), დღევანდელ პრეზიდენტს ამის ძალა და უნარი ჯერ-ჯერობით აქვს.