ედუარდ შ ევარდნაძე - იგორ გიორგაძის წინააღმდეგ

ედუარდ შ ევარდნაძე - იგორ გიორგაძის წინააღმდეგ


   

    1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ქვეყნისათვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ალბათ მომავალში, ათწლეულების განმავლობაში, დამკვირვებელთა თუ ანალიტიკოსთა ყურადღება არ მოაკლდება ამ მოვლენას.
    ყურადღება გამახვილდება ისეთ, ერთი შეხედვით წვრილმან საკითხებზეც კი, როგორიცაა შევარდნაძის პირველი სიტყვები ტრაპიდან ჩამოსვლის შემდეგ; ის, თუ ვინ დახვდა შევარდნაძეს აეროპორტში და ვინ დემონსტრაციულად აარიდა თავი მასთან შეხვედრას. . . მაგალითად, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ უარი თქვა აეროპორტში დახვედროდა სახელმწიფო საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, რაც უცდომლად იქნა აღქმული მთელი საზოგადოების მიერ მომავალი კონფრონტაციისა და დაპირისპირების პირველ ნიშნად.
    შევარდნაძეს ტრაპზე ჩამოჰყვნენ «ძველი მხედრიონელები». ანუ ჯაბა იოსელიანის გამოცდილ-გამობრძმედილი «გვარდია», რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასჯელს იხდიდა ციხეში პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებით. ამ მოვლენის ამსახველი ფოტოები ყველაზე ნათელი და ზუსტი ილუსტრაციაა იმ ხანგრძლივი შემდგომი «მეგობრობისა», რომელიც 1995 წლის მაისამდე გაგრძელდა.
    ამავე დროს, ტრაპთან შევარდნაძეს დახვდნენ ქართული «უშიშროების» მომავალი მესაჭენიც. ეს ფაქტი მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ჯერ ერთი, უკვე მაშინ იკვეთებოდა ალიანსი იგორ გიორგაძესა და ჯაბა იოსელიანს შორის. პირველი შევარდნაძეს ტრაპთან დახვდა, მეორემ კი საკუთარი ემისრები გაგზავნა მოსკოვში მომავალი თანამოაზრის თბილისში ჩამოსაცილებლად. შემდგომ ეს თანხმობა იმაში გამოიხატება, რომ ჯაბა იოსელიანის ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი - თემურ ხაჩიშვილი «უშიშროების» თავმჯდომარის მოადგილე იყო 1992 წლის ბოლომდე. შემდეგ, შევარდნაძის წინადადებით, იგი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
    გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად გიორგაძისადმი თავიდანვე გამოხატული სიმპათიისა, შევარდნაძემ უშიშროების სამსახურის თავმჯდომარედ თავდაპირველად დანიშნა სულ სხვა პოლიტიკური წრის წარმომადგენელი - ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც არც ერთი პარამეტრით არ შეესაბამებოდა ათწლეულთა განმავლობაში საქართველოს უშიშროების სისტემაში ჩამოყალიბებული მმართველი დაჯგუფების მოთხოვნებს.
    როგორც ჩანს, ეს იყო შევარდნაძის ერთგვარი «ხარკი», პოლიტიკური კონიუქტურის მიმართ. თუმცა, ამგვარ გადაწყვეტილებებს იოტისოდენადაც არ შეუცვლია ძალთა რეალური განლაგება ამ სისტემაში - რაც დადასტურდა კიდეც ბათიაშვილის გადადგომის შემდეგ.
    შევარდნაძის მიერ მიღებული (არა შექმნილი, არამედ მის მიერ «მიღებული») სისტემა, ანუ ძალთა განლაგება, რომელსაც იგი დაეთანხმა, - ფაქტობრივად უცვლელია და კვლავაც ინარჩუნებს ძალმოსილებას.
    თემურ ხაჩიშვილი, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს, კვლავ დაუბრუნდა თავის პოსტს უშიშროების სამსახურში; ხოლო ვინაიდან ამ სამსახურს ძალზე მძლავრი და ეფექტური ძალისმიერი სტრუქტურები აქვს, იგი უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა როგორც ჯაბა იოსელიანის, ასევე ედურად შევარდნაძისთვის - მათ შორის წარმოშობილი დაპირისპირების კონტექსტში.
    გავიხსენოთ რუსთავის ეპიზოდი, როდესაც ლევან მამალაძის «ეგზეკუციას» «მხედრიონელთა» მიერ ესწრებოდა თემურ ხაჩიშვილი, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც იგორ გიორგაძე აღუდგა წინ.
    გავიხსენოთ აგრეთვე კახეთის ინციდენტი, როცა ამ რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ «მაშველთა კორპუსის» ერთმა ქვედანაყოფმა სწორედ უშიშროებას ჩააბარა იარაღი და ამ ნიადაგზე კინაღამ შეტაკება მოხდა ორ ძალისმიერ სტრუქტურას შორის.
    ყურადღება მივაქციოთ იმ მეტად ნიშანდობლივ გარემოებასაც, რომ ერთადერთი ტერორისტულია აქტი, რომლის «გახსნაც» უშიშროებამ შეძლო ბოლო წლების განმავლობაში, იყო ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება.

    ამრიგად, შევარდნაძეს ფაქტობრივად საქმე აქვს იმავე სისტემასთან, რომელმაც იგი საქართველოში ჩამოიყვანა და რომლის განმტკიცებასაც იგი თავად უწყობდა ხელს. ძნელი სათქმელია, რამდენად წარმატებული იქნება ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევა, რადგან მას ფაქტობრივად საკუთარი თავის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.

    «მოქალაქეთა» ფორუმზე გაკეთებულმა სენსაციურმა განცხადებამ კონფლიქტს ახალი თვისებრიობა შესძინა. შევარდნაძე უკვე აშკარად გამოხატავს უკმაყოფილებას ყოფილი ფავორიტის მიმართ. სახელმწიფოს მეთაურმა გიორგაძეს «არ აპატია» სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა - მან შესანიშნავად უწყის, რომ რაკი ეს საქმე «ცხელ კვალზე» არ გაიხსნა, მისი შემდგომი გამოძიება უკვე შეუძლებელი გახდება.
    იგორ გიორგაძემ მიიღო გამოწვევა - უშიშროების სამსახურის კოლეგიამ მუქარით აღსავსე საპასუხო განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამსახურის «თანამშრომლები» და მის ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები «უფლებას იტოვებენ აირჩიონ ადეკვატური რეაგირების კანონიერი «გზები».
    ეს მართლაც აშკარა მუქარაა! პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ედუარდ შევარდნაძეს არ შეუძლია იგორ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლება. უშიშროების სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ პარლამენტს ექვემდებარება. ამიტომ მომავალი ბრძოლის ეპიცენტრიც სწორედ პარლამენტი გახდება. სახელმწიფოს მეთაურს, რასაკვირველია არ აძლევს ხელს საარჩევნო კამპანიის პერიოდში უშიშროების სისტემის სათავეში მისდამი არალოიალური პიროვნების არსებობა. მით უმეტეს, რომ როგორც იგი თვლის, პიროვნება მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური კლანის (იოსელიან-პანტელეიმონ გიორგაძის) წევრი აღმოჩნდა.
    ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, «არ შეიძლება ამ სამსახურს ხელმძღვანელობდეს ორთოდოქსი კომუნისტის ვაჟიშვილი, ხოლო მისი მოადგილე კი მხედრიონის წევრი იყოს» (იგულისხმება თემურ ხაჩიშვილი).
    შევარდნაძეს «ეროვნულ-დემოკრატთა» დახმარების იმედი აქვს. სხვათა შორის, აშკარად იჩქარეს იმ ანალიტიკოსებმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ აცხადებდნენ, რომ ამ პარტიამ გიორგაძესთან ბრძოლაში მარცხი განიცადა. როგორც აღმოჩნდა, ეროვნულ-დემოკრატებმა ამ შემთხვევაშიც ზუსტად განახორციელეს დარტყმა.
    მაგრამ, ამავე დროს, საეჭვოა, რომ შევარდნაძემ საპარლამენტო ოპოზიციის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს: რესპუბლიკელები (ნათაძის პოზიციის გამო), აგრეთვე ირაკლი წერეთელი და სხვა დეპუტატებიც საკმაოდ ლოიალურად არიან განწყობილნი იგორ გიორგაძის მიმართ, ხოლო ვინაიდან «გიორგაძე-ხაჩიშვილის» საქმე კიდევ ერთი არგუმენტი იქნება ჯაბა იოსელიანისთვის - უმრავლესობის ერთი ნაწილიც შეიძლება ჩამოშორდეს შევარდნაძე-რჩეულიშვილის ორთოდოქსალურ პოზიციას.

    ფაქტობრივად, საქართველო 1993 წლის შემდეგ აღარასდროს მდგარა ასე ახლოს სამოქალაქო ომთან, როგორც ამჟამად: უშიშროების სამსახურს, რომელსაც მრავლისშემძლე ძალისმიერი დაჯგუფება გააჩნია, ამავე დროს აქვს იურიდიული საფუძველი, არ დაემორჩილოს სახელმწიფოს მეთაურს იმ მოტივით, რომ პოლიტიკას ამ სფეროში პარლამენტი ქმნის, ხოლო პარლამენტში ცალსახა გადაწყვეტილების მიღება ძნელად თუ მოხერხდება.
    ამდენად, ედუარდ შევარდნაძის თავზე ეს სამსახური «დამოკლეს მახვილივით» დაეკიდება. ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე, სანამ მოხდება თვისობრივი ცვლილება მთელს სახელისუფლებო სისტემაში.

«მიმომხილველი», 29 ივნისი, 1995 წელი.