ლისტევის მკვლელობა თბილისში დაიგეგმა?

ლისტევის მკვლელობა თბილისში დაიგეგმა?

ლისტევის მკვლელობა თბილისში დაიგეგმა?

    რუსეთისა და საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა ფართოდ გააშუქეს შოთა კვირაიას განცხადება თბილისში ვლად ლისტევის მკვლელობის ორგანიზატორის დაკავების შესახებ.
    როგორც აღმოჩნდა, თბილისში დაკავებული იყო რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით რუსი, მოსკოვის ცნობილი «სოლნცევოს დაჯგუფების» ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში იმალებოდა თავის ქართველ მეგობართან - ყოფილ «მხედრიონელთან».
    «სოლნცევოს» დაჯგუფება ერთ-ერთი უძლიერესი მაფიოზური კლანია მოსკოვში; ამ დაჯგუფებაში ქართველ «მხედრიონელებსაც» ეთქმოდათ სიტყვა, ვინაიდან «მხედრიონის» ლიდერები «სოლნცეველი ბიჭების» თავკაცებთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.
    სხვათა შორის, «მხედრიონის» მოსკოვური ოდისეა ჯერ კიდევ შესასწავლია - ეს ორგანიზაციის საქმიანობის ყველაზე ბნელი და იდუმალებით მოსილი მხარეა; არადა, სწორედ მოსკოვში ინასკვებოდა მხედრიონის «თბილისური ოპერაციების» კვანძები . . . ლისტევის მკვლელობა მხოლოდ ერთი ნასკვია . . . . ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: ლისტევის მკვლელობის ორგანიზატორი (არა უბრალოდ მკვლელი, არამედ ორგანიზატორი) დიდი ხნის განმავლობაში თბილისის სპეციზოლატორში ჰყავდათ გამოკეტილი უშიშროების ორგანოებს და მხოლოდ მას შემდეგ გადასცეს რუს კოლეგებს, რაც მაქსიმალურად «გამოწურეს» ინფორმაცია და იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ლუბიანკაზე ეჭვმიტანილს საქართველოსთვის მაკომპრომიტებელს ვერაფერს დააცდევინებდნენ.
    ლისტევის მკვლელობამ, ამ თვალსაზრისით, შეიძლება გახსნას ის რთული და საიდუმლოებით მოსილი კავშირები, რომლებიც არსებობს იგორ გიორგაძეს, «მხედრიონს», საქართველოში ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებსა და ფრედ ვუდროფის გახმაურებულ მკვლელობას შორის. არც ისაა ძნელი შესამჩნევია, რომ ხელწერით ძალიან ჰგავს ერთმანეთს ლისტევის მკვლელობა, გია ყარყარაშვილის დაჭრა და ფრედ ვუდროფის «ლიკვიდაცია». სამივე შემთხვევაში მსხვერპლს ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო განსაკუთრებული ცინიზმი და გულგრილობა საერთოდ დამახასიათებელია «სოლნცევოს დაჯგუფების» პროფესიონალი «ქილერებისათვის».
    ლისტევის მკვლელობა ერთდროულად იყო დაკავშირებული ძალიან დიდ ფულთან და დიდ პოლიტიკასთან - რუსული ტელევიზიის ამ გენიამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც დაუპირისპირდა სარეკლამო ტელეიმპერიას, რომელიც მილიარდობით დოლარს «ატრიალებდა» და ატრიალებს. ეს უზარმაზარი ფული ერთდროულად რამდენიმე ცენტრიდან იმართებოდა და საკუთარი გავლენის სფეროებსაც ქმნიდა - ვინ და როგორ სარგებლობდა ურთიერთქმედების ამ უმძლავრესი მექანიზმით, ჯერ კიდევ გასარკვევია. უაღრესად ნიშანდობლივ ფაქტად უნდა ჩაითვალოს ლისტევის მკვლელის «აღმოჩენა» თბილისში.
    გავიხსენოთ: მკვლელობა მოხდა 1994 წლის მიწურულს, როდესაც კრიმინოგენული თვალსაზრისით საქართველოში ჯერ «ძველებური» მდგომარეობა იყო.
    მკვლელობის ორგანიზატორს დამკვეთებმა გარკვეული გარანტიები მისცეს, მაგრამ ეს გარანტიები «მხედრიონის» განადგურებასთან ერთად ამოიწურა. გასარკვევი რჩება მხოლოდ ერთი - ვინ არის დამკვეთი და ვინ ატრიალებს ამ უზარმაზარ «ჯოჯოხეთის მანქანას».

«მერიდიანი», 13 აგვისტო, 1996 წელი.