ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ტერაქტი მზადდება?

ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ტერაქტი მზადდება?

      

    რუსეთში საქართველოს ელჩის ვაჟა ლორთქიფანიძის სენსაციურმა განცხადებამ  ქვეყანაში, შეიძლება ითქვას ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. ვაჟა ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ «საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მზადდება მორიგი ტერორისტული აქტი». მას კვერს უკრავს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარე რეზო ადამია. საყურადღებოა, რომ ადამიამ პრესკონფერენციაზე «მომავალი ტერაქტის» კონტექსტში ახსენა არა მხოლოდ იგორ გიორგაძე, არამედ ვახტანგ გოგუაძეც. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, აღშფოთდება ასეთი ბრალდების გამო, მას კვერს დაუკრავს საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ვახტანგ გოგუაძე ნამდვილად არ ასოცირდება ტერორისტებთან. კაცის მკვლელებთან და სხვადასხვა ჯურის ნაძირლებთან, რომლებიც საქართველოში სისხლიან პროვოცირებას აწყობდნენ და აწყობენ. მას, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა კავშირი რომელიმე ტერორისტულ აქტთან და არც მომავალში ექნება. ვახტანგ გოგუაძე აბსოლუტურად გულწრფელია, მაგრამ ერთხელ უკვე ვთქვი, რომ სწორედ მისი გულწრფელობის გამო არის იგი საშიში, ანუ გამოსადეგი იმ სპეცსამსახურებისათვის, რომლებიც ნამდვილად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ (კვლავაც განახორციელებენ, თუ საშუალება მიეცათ) ტერორისტულ აქტებს საქართველოში. გავიხსენოთ, რა მოხდა 1995 წელს. ვახტანგ გოგუაძე მაშინაც ამბობდა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს განაგრძო რუსეთთან კონფრონტაციის კურსიო. იგი იმ დროსაც (თუმცა შეფარულად) ეწინააღმდეგებოდა შევარდნაძის საგარეო პოლიტიკას, რადგან ეს პოლიტიკა (მისი ღრმა რწმენით) ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანდა. გოგუაძე ყველა შემთხვევას იყენებდა, რათა საზოგადოებისათვის ეგრძნობინებინა: ამ კურსით, ამ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს ხელისუფლება, საქართველო დაიღუპებაო. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი რომ წარმატებით დასრულებულიყო. ვახტანგ გოგუაძე უეჭველად დაგმობდა ამ აქტს, გულწრფელად (ყოველგვარი სიყალბის გარეშე) დაიტირებდა სახელმწიფოს მეთაურს, მწარე სინანულსაც გამოთქვამდა მისი ტრაგიკული აღსასრულის გამო, მაგრამ კვლავ გაიმეორებდა უმთავრეს თეზისს: «საჭიროა შევცვალოთ პოლიტიკა რუსეთის მიმართ, საჭიროა შევბრუნდეთ რუსეთისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარასოდეს ამოვალთ სისხლიანი ჭაობიდან». ვახტანგ გოგუაძისა და მისი თანამოაზრეების რეაქცია (გულწრფელი რეაქცია), რა თქმა უნდა, გათვალისწინებული ჰქონდა იმ ხალხს, ვინც ედუარდ შევარდნაძეს კლავდა, თავად არც პოლიტიკა აინტერესებთ, არც «ორიენტაცია», მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობისათვის მათ სასარგებლოდ ნამდვილად იმუშავებდა არგუმენტი, რომ ქვეყანა იყო გადასარჩენი, «სჯობს ერთი კაცი დაიღუპოს, ვიდრე დაიღუპოს მთელი ქვეყანა» და ა.შ. რა თქმა უნდა, გოგუაძის ქადაგებაში ხმამაღლა მსგავსი არაფერი ითქმებოდა, ალბათ არც კი გაივლებდა გულში, მაგრამ ობიექტურად ხალხს მაინც შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ განურჩევლად იმისა, ვინ და რატომ მოკლა ედუარდ შევარდნაძე მომხდარის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს სახელმწიფო კურსი, სახელმწიფო პოლიტიკა.
     ზუსტად იგივე მეორდება ამჟამადაც, ვახტანგ გოგუაძეს არ ესმის: რაც უფრო გულწრფელად და რადიკალურად ქადაგებს «ამჟამინდელი კურსის კარდინალურად შეცვლის აუცილებლობას» მით უფრო უადვილებს (ძალაუნებურად) საქმეს იმ ძალებს, ვინც შესანიშნავად უწყის, რომ განყენებულად, ვახტანგ გოგუაძის ფენომენი პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას ვერ შეიძენს, მაგრამ იგი უეჭველად იქცევა მძლავრ არგუმენტად, თუ მოხერხდა საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება, როგორც 1990-91 წლებში, როცა გოგუაძე ასევე «გულწრფელად» აკრიტიკებდა ზვიად გამსახურდიას, ან მოხდებოდა ეს 1995 წელს - 29 აგვისტოს, რომ ტერაქტი «წარმატებით დაგვირგვინებულიყო». ამდენად, ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც (დარწმუნებული ვარ) თავად არ ძალუძს ჩაიდინოს ზნეობრივი დანაშაული, უნდა აცნობიერებდეს, რომ თითოეული მისი «გულწრფელი» გამოსვლა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობით ზრდის ალბათობას, კვლავ განმეორდეს ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა. ვიმეორებ: გოგუაძე არც აგენტია, რაც მტრის გულშემატკივარი - იგი ქვეყნის გულშემატკივარია, მაგრამ ასეთი «გულუბრყვილობით» ფასდაუდებელ სამსახურს უწევს იმავე მტერს, რომელსაც საქართველოში კიდევ ერთი აფეთქების მოწყობა სურს.

მერიდიანი, 10 დეკემბერი, 1997 წ.