პარლამენტის დესტაბილიზაცია და ბოიკოტი

პარლამენტის დესტაბილიზაცია და ბოიკოტი

კარგად დავიწყებული ძველი
       

        ბევრმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ამჟამინდელი ვითარება საქართველოში და საქართველოს «გარშემო» ძალიან ჰგავს 1991 წელს არსებულ მდგომაროებას. იგულისხმება მომენტის მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. ისევე, როგორც მაშინ იდგა «წკიპზე» ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტა, ხოლო პოლიტიკურ ძალებს არაფრის გაგონება არ სურდათ საკუთარი ეგოისტური ინტერესების გარდა, ამჟამადაც, საქართველო საერთაშორისო პროცესის გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება. ლიუბლიანის შეხვედრა ბუშსა და პუტინს შორის ახალი ეპოქის მალტად იქცა, ოღონდ საპირისპირო ნიშნით.
        თუ 12 წლის წინათ უფროსმა ბუშმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოილაპარაკეს «სტრატეგიულ თანამშრომლობაზე» და განაცხადეს, ამერიკა და «რუსეთი» (მაშინ სსრკ) მტრები აღარ არიანო, ამჟამად მსოფლიო ახალი დაპირისპირების ეპოქაში შედის.
        ეს იმთავითვე ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტებმა თბილი სიტყვები ვითომდაც არ დაიშურეს ერთმანეთის მიმართ.
        ძალზე საყურადღებოა ბუშის განცხადება პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ქვეყნის დამოუკიდებლობის შანსის» თაობაზე. მაშასადამე თვით მოლაპარაკების დროს საუბარი უფრო საგნობრივი და არსებითი იყო.
        რამდენიმე წლის წინათ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით, მაგრამ ნურავის ჰგონია, თითქოს ბუშის (ანუ მისი ადმინისტრაციის) დაინტერესება მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობით განისაზღვრება ან «ქართული ეროვნული ფენომენის აღმაფრთოვანებელი» ხიბლით.
        კაცმა რომ თქვას, ჯორჯ ბუშმა საქართველო სად არის არც იცის და ბოლო დრომდე ჯორჯია მხოლოდ ამერიკის შტატი ეგონა - სანამ ქალბატონი კონდოლიზა აუხსნიდა.
        მაგრამ ბუშ-უმცროსს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომელშიც შედიან არა მხოლოდ სტენფორდის პროფესორი კონდოლიზა რაისი, არამედ ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი რეიგან-ბუშის ადმინისტრაციაში) და (არაფორმალურად) თვით ბუში-უფროსი.
        ეს, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს «შევარდნაძის ფაქტორის» გათვალისწინებას და არა მხოლოდ: ყბადაღებული «რეფორმარტორთა გუნდი», ზურაბ ჟვანაის ხელმძღვანელობით, რომელიც ბოლო დროს სიძულვილითა და შურითაა გარსშემორტყმული, - სინამდვილეში ძალიან სერიოზული ფაქტორია აგრეთვე ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
        ამ მხარდაჭერის გარეშე კი საქართველო იქნება იგივე ტაჯიკეთი:.
        მიაქციეთ ყურადღება: ტაჯიკეთმაც გაიარა სამოქალაქო ომი, სისხლიანი კონფლიქტები, ამჟამად ითვლება რუსეთის პროვინციად, გეოპოლიტიკურ არარაობად ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თუ საქართველო, სადაც ორი კონფლიქტური ზონაა (ორივეგან რუსის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ჯარი» დგას) და რუსეთის სამი ბაზაა შენარჩუნებული - მაინც ექცევა დასავლეთის ყურადღების ცენტრში, ეს არის შედეგი იმ რეფორმების და იმ გარდაქმნებისა, რაც საქართველოში განხორციელდა (განსხვავებით ტაჯიკეთისაგან).
        ამ კურსის სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა საქართველომ არ დაკარგოს ჯერ პოლიტიკური, შემდეგ ეკონომიკური მხარდაჭერა (მეორე უშუალოდ გამომდინარეობს პირველიდან).
        ბევრისთვის გამაღიზიანებელი ფაქტია, მაგრამ ფაქტია (ფაქტი კი, ზოგადად, ჯიუტი რამაა), რომ ჯორჯ ბუშის წერილში ედუარდ შევარდნაძისადმი განსაკუთრებით ხაზგასმულია «ახალგაზრდა რეფორმატორთა» ფაქტორი. ვითომ ეს წერილი ჟვანიამ და სააკაშვილმა ჩააწყვეს»? საეჭვოა! ამერიკა საქართველო არ არის. ჯორჯ ბუშმა საკუთარი ქალიშვილი ვერ მოაწყო ხეირიან კოლეჯში უგამოცდოდ «ეგღა აკლია» ახლა ქართველი «რეფორმატორების» წარმატებაზე იზრუნოს სადღაც, შორეულ საქართველოში - «ოპოზიციასთან» მათი შერკინებისას.
        მაშასადამე, ეს ფაქტორი ობიექტურად არსბეობს და ამაზე თვალის დახუჭვა ელემენტარულად სიბრიყვეა.
        თუმცა, რას ნიშნავს ამგვარი ფაქტორი, მხოლოდ მას შემდეგ ხვდებიან ხოლმე, როდესაც იგი აღარ არსებობს და საქართველო ბელორუსეთის მსგავს «საერთაშორისო ნაძირლად» იქცევა. არანაკლებ დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს «კურსის დესტაბილიზაცია». არავის სჭირდება არასტაბილური დემოკრატია ან «ბეწვის ხიდზე» მოარული, თუნდაც პროდასავლურრ ხელისუფლება.
        სწორედ ამ შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს ოპოზიცია პარლამენტის დესტაბილიზაციითა და ბოიკოტით. ყოველივე ამით წააგებს არა ჟვანია (ან არა მხოლოდ «გუნდი»), არამედ უეჭველად წააგებს ქვეყანა და მარადქართულად ვაღვარღვარებთ ცრემლებს ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსების თაობაზე.

დილის გაზეთი, 20 ივნისი, 2001 წელი