იქნება თუ არა ხვალ ახალი ომი?          

იქნება თუ არა ხვალ ახალი ომი?          

          აგვისტოს საშინელებები, როდესაც თბილისის მოსახლეობა თვითმავალი ქვემეხებიდან დაბომბვისა და «ისკანდერის» სარაკეტო დარტყმების შიშით ცახცახებდა, რა თქმა უნდა დავიწყებას არ მისცემია, მაგრამ როგორც ქართველებს გვჩვევია, აქტუალობას კარგავს. თითქოსდა ეს უკვე ისტორიაა და მხოლოდ ისტორიული სიმართლის დისკურსში გასარჩევი.
          რატომღაც «გამომდინარე» კითხვებს არ სვამენ და ჩვენი «პოლიტიკური კლასიც» მცირედ ზრუნავს და ფიქრობს იმაზე, მართლა დამთავრდა თუ არა ომი.
          ამ საკითხს რაღაცნაირი გულგრილობით ეკიდებიან, თითქოსდა სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება «ჯადოსნური სინჯარა» იყოს და იქედან ამომძვრალი მაგიური ძალის «ევროპელი დევი» ყველა პრობლემას გადაგვიწყვეტს.
          სინამდვილეში კი, თუ ყურადღებით შევისწავლით ნიკოლა სარკოზისა და პუტინ-მედვედევის ტანდემს შორის იმ საბედისწერო დღეებში გამართული ცხარე მოლაპარაკების სტენოგრამებს (რაც ბოლო დროს გამოქვეყნდა), ცხადი გახდება, რომ «მოსკოვის დოკუმენტი» სხვა არაფერია, თუ არა დროებითი დაზავება, რომელიც რუსეთს არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

            საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს ერთობ ეგზოტიკური მეთოდით უპირებდა დასჯას და ამას არც მალავდა ევროკავშირის მეთაურთან სამუშაო ლანჩის დროს, არამედ თვით ყბადაღებული «12 აგვისტოს ხელშეკრულების» შინაარსი.
          ნურავის გაუკვირდება, მაგრამ ამ დოკუმენტით რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია დაძრას ტანკები ცხინვალიდან და კვლავ დაიკავოს გორი, იგოეთი, ქარელი და ასე შემდეგ. თანაც, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ის პუნქტი მოიშველიოს, რომელშიც ნათქვამია: «უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო გარანტიების შექმნამდე, რუსეთს აქვს უფლება ცალმხრივად განახორციელოს უშიშროების დამატებითი ზომები».
          დავაკვირდეთ რა იგულისხმება ამ ფორმულირებაში: «უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები» ნიშნავს გაეროს (ჯერ არმიღებული) რეზოლუციის შესაბამისად კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების (და არა მხოლოდ დამკვირვებლების) შეყვანას, რომლებიც განახორციელებენ «მხარეთა დაშორიშორების» ოპერაციას, ანუ ჩადგებიან ქართულ და რუსულ-ოსურ ან რუსულ-აფხაზურ მხარეებს შორის.
          მოსკოვში მოლაპარაკებებისას პუტინმა – სარკოზის პირდაპირ უთხრა: არავითარ ულტიმატუმებს ამ საკითხში არ მივიღებთ – ჯერ თქვენი დამკვირვებლები შეიყვანეთ კონფლიქტის ზონაში და გაეროში დისკუსია მერე გავმართოთო.
          ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთი (რომელსაც ვეტოს უფლება აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში) არასდროს არ დაეთანხმება საქართველოში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შემოყვანას. სარწმუნო წყაროთა ცნობით, ამერიკელებმა და ფრანგებმა ნიუ-იორკში კიდეც დასვეს ეს საკითხი რუსეთის ელჩ ვიტალი ჩურკინთან, მაგრამ დაახლოებით ასეთი პასუხი მიიღეს: «ეს თემა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უფრო ირანის დაბომბვის თაობაზე რეზოლუციის მიღებას უფრო დავეთანხმებით, ვიდრე საქართველოში გაეროს ეგიდით საერთაშორისო ძალების შემოყვანასო».
          აქვე გავიხსენოთ, რომ არავითარი «გაეროს სამშვიდობო ძალები» საქართველოში (ვთქვათ მდინარე ენგურთან) არასდროს ყოფილა – იქ იდგნენ მხოლოდ დამკვირვებლები, ხოლო სამშვიდობო ოპერაციას დსთ-ს ეგიდით რუსული პოლკი ახორციელებდა.
          ჩურკინის უარის მიზეზი კი ნათლად ახსნა საქართველოს «დაუძინებელმა მეგობარმა» კონსტანტინე ზატულინმა: «გაეროს სამშვიდობო ძალების შემოყვანა ბოლოს მოუღებს რუსეთის ხელგახსნილობას საქართველოში».
          როგორია? - «ხელგახსნილობა!»
          ანუ მოსკოვში ნამდვილად სურთ შეინარჩუნონ ვითარება, როდესაც ნებისმიერ დროს შეეძლებათ «განახორციელონ უსაფრთხოების დამატებითი ზომები» - როგორც კი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლიან. განმკითხავი კი არავინ იქნება – ევროკავშირის საცოდავი «მონიტორების» ჩათვლით, რაკი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესაბამისად, სანამ «უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები არ იქნება მიღებული», ესე იგი გაერო რეზოლუციას არ დაამტკიცებს (ანუ თუნდაც ასი წლის განმავლობაში), ევროკავშირის დამკვირვებლებს ისღა დარჩებათ, გვერდზე გაიწიონ და «დააკვირდნენ», როგორ მიემართება რუსული სატანკო კოლონა ახლადდაგებული, საზეიმოდ, ფერადი ბუშტების ფრიალით გახსნილი, კრიალა, კოხტა და კომფორტული «ავტობანით» გორიდან - იგოეთისკენ.
          ევროპარლამენტს კი შეუძლია თუნდაც ასი საპროტესტო რეზოლუცია მიიღოს ან სულაც არ მიიღოს, რაკი ხსენებული «ხელგახსნილობა» სულაც არ ეწინააღმდეგება მოსკოვის 12 აგვისტოს შეთანხმებას.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

            არაოფიციალური საუბრებისას ევროპელი დიპლომატები (და ევროკავშირის დამკვირვებლები) ქართველ კოლეგებს პირდაპირ აფრთხილებენ კიდეც, რომ არანაირი რეალური მექანიზმი რუსეთზე ზემოქმედებისათვის არ გააჩნიათ.
          სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსული ტანკები რომ «დაიძრან» ისევ სენაკისკენ და გორისკენ – სამხედრო ბაზების ინსპექტირებისთვის და იმის გასარკვევად «ხომ არ ამზადებს საქართველო ახალ აგრესიას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ», ეს არც ერთი შეთანხმების დარღვევა არ იქნება. მათ შორის არც სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი მემორანდუმისა!!!
          გამოდის, ყველაფერი ისევ და ისევ პუტინის (ალბათ უფრო პუტინის, ვიდრე მედვედევის) «კეთილ ნებაზეა» დამოკიდებული. ამ «კეთილის» იმედად კი ჩვენი მტერი იქნა.
          მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც პუტინსა და მედვედევს შორის აშკარად იზრდება დაძაბულობა და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების დასაბრუნებლად ემზადება, ხოლო მედვედევს აშკარად მოსწონს პრეზიდენტობა და «ფორმალური» ხელისუფლების რეალურ ძალაუფლებად ქცევას ლამობს.
          ერთი რუსი პოლიტოლოგი ხატოვნად წერდა: «დიმიტრი მედვედევის მდგომარეობა იმას ჰგავს, უმშვენიერეს ქალთან ოფიციალური, კანონიერი ქორწინებით რომ იყო შეუღლებული, მაგრამ რეალურ ცოლ-ქმრობას გიკრძალავდნენო». რამდენ ხანს მოითმენს მედვედევი კიდევ? შესაბამისად ან მას, ან პუტინს უეჭველად დასჭირდება მორიგი ხმაურიანი წარმატება, კიდევ ერთი დემარში, თუნდაც ახალი «პატარა ძლევამოსილი ომის» სახით. სწორედ ამას გულისხმობდა ჯორჯ სოროსი, რომელმაც განაცხადა, რომ კრიზისის პირობებში რუსეთმა კვლავ შეიძლება სცადოს ბლიც-კრიგის განხორციელება.
          გავიხსენოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსულმა გენერალიტეტმა საქართველოს ბაზებზე ინსპექტირების ჩატარება მოითხოვა – ვენის კონვენციის შესაბამისად. ხოლო როდესაც ქართული მხარისაგან «ფორს-მაჟორის» მომიზეზებით უარი მიიღო, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა:
          «როგორც ჩანს, საქართველო რაღაცას მალავს გორისა და სენაკის ბაზებზე, რაკი ჩვენს დამკვირვებლებს იქ არ უშვებსო».
          ბუნებრივად ისმის კითხვა: რა შეუშლის ხელს რუსეთს «უსაფრთხოების დამატებითი ზომები» და ინსპექტირება განახორციელოს არა ვენის კონვენციის, არამედ იმავე «სარკოზი-მედვედევის» შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ქართულმა მხარემაც მოაწერა ხელი? მათ შორის ხელი მოაწერა იმ პუნქტსაც, რომლითაც რუსეთს უფლება ეძლევა «უსაფრთხოების დამატებითი ზომები» მიიღოს.
          ხოლო ცხინვალიდან და გალიდან დაძრული სამხედრო კოლონების შესაჩერებლად ერთადერთი საშუალება დარჩება – მათთვის ცეცხლის გახსნა და ომის დაწყება – ყველა შესაბამისი შედეგით.
         

 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
       
               ახლა კი გადმოვინაცვლოთ «ქართულ მხარეს» და დავაკვირდეთ, რა ხდება «ფრონტის აქეთ». საქართველოს პრეზიდენტმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც, აგრეთვე მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ «ქვეყანამ წააგო მხოლოდ ბრძოლა და არა ომი»; «არაფერი დამთავრებულა»; «დამარცხებული არსებობს მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს გამარჯვებული» და ასე შემდეგ.
          უფრო მეტიც – საქართველოს სამხედრო პოლიგონებზე ტარდება მაშტაბური სწავლებები შორსმსროლელი საარტილერიო სისტემების გამოყენებით, მიმდინარეობს არმიის რეორგანიზაცია, იარაღის აღწერა და შევსება, რეკრუტირება და ასე შემდეგ.
          ბუნებრივია, ეს კეთდება თავდაცვის მიზნით ანუ ხელისუფლება ნამდვილად არ აპირებს შეუტიოს ცხინვალს ან აფხაზეთს. მაგრამ თავისთავად საინტერესოა, რა აიძულებს ქვეყნის ხელმძღვანელობას მუდმივად განაგრძოს სამხედრო თემატიკაზე, არმიაზე, ომზე ყურადღების აქცენტირება?
          რასაკვირველია აიძულებს შიდაპოლიტიკური ვითარება და ქართული საზოგადოების თავისებურებანი!
          დავაკვირდეთ საოცარ მსგავსებას 1991 წელს ცხინვალში თუ 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებასა და 2008 წლის ანალოგიურ ვითარებას შორის: სამივე შემთხვევაში თითქოსდა შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება.
          მაგალითად, ზვიად გამსახურდიას დანაშაულად უთვლიან 1991 წლის დასაწყისში ცხინვალში მილიციის რაზმების შეყვანას - «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» გამოცხადების პასუხად; შევარდნაძეს ხშირად საყვედურობენ, რომ მან გვარდია შეიყვანა აფხაზეთში მაშინ, როდესაც «არძინბა აფხაზეთის მიწა-წყალს ზურგზე ვერ წამოიკიდებდა და ვერსად წაიღებდა» – გვარდიის შეყვანით კი მას საბაბი და საშუალება მივეცით ომი გაეჩაღებინა, ქართული მოსახლეობა ამოიწყვიტა, ეთნოწმენდა ჩაეტარებინა» და ასე შემდეგ.
          ასევე, მიხელ სააკაშვილს საყვედურობენ: «კი, ოსები ქართულ სოფლებს ბომბავდნენ, მაგრამ გამოეყვანა მოსახლეობა ლიახვის ხეობიდან, გაეშალა თავდაცვითი ბრძოლები, ნუ შეუტევდა ცხინვალს» და ასე შემდეგ.
          მაგრამ ყველა შემთხვევაში არ ითვალისწინებენ მთავარს: გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც, კრიტიკულ მომენტში ჰყავდათ «ჩასაფრებული ოპოზიცია», რომელიც სისუსტის გამოვლინებად ჩაუთვლიდათ «ჯარის არშეყვანას», «მოსახლეობის ევაკუაციას», ხოლო საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, სუსტი და «შეშინებული» მმართველი იოლად დაემხობა.
          მაშასადამე, ომის არდაწყება სამივე ხელისუფალისათვის იმაზე მეტი რისკის შემცველი ჩანდა, ვიდრე მისი დაწყება და თუნდაც დამარცხება, რაკი დამარცხების შემთხვევაში ოპოზიციის ნებისმიერი შემდგომი აქტიურობა «მტრის წისქვილზე წყლის დასხმად» ცხადდება.

          ასე იყო 1991 წელს, როდესაც «შეიარაღებული ოპოზიციის» გამოსვლა «რუსეთის აგრესიის გაგრძელებად» იქნა გამოცხადებული, ასევე 1993 წელს, როდესაც, სოხუმის დაცემის შემდეგ ლოთი ქობალიას რაზმების მოძრაობა ქუთაისისკენ «აფხაზეთის ომის გაგრძელებად» მოინათლა და ასე იქნება ამჟამადაც.
          არადა, არც თუ მთლად ულოგიკოა პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამი, რომ «იმ დროს, როდესაც რუსულ ტანკთა მაშუქები თბილისიდან ოცდაათიოდე კილომეტრში ანათებენ ზეცას, შიდა დაპირისპირების დროს არ არის».

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

            ამჟამინდელი ვითარების საშიშროება კი (ახალი ომის თვალსაზრისით) სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღწერილი მდგომარეობა ერთბაშად რამდენიმე «პატრუქს» შეიცავს და მეტისმეტად ბევრს შეუძლია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის ამა თუ იმ წვეროდან ცეცხლის მოკიდება.
          სწორედ ამიტომ, ჩვენში დღეს დამკვიდრებული საერთო გულგრილობისა და გულარხეინობის მიუხედავად (ამჯერად საზოგადოებას უფრო ვგულისხმობ, ვიდრე ხელისუფლებასა და პოლიტიკურ კლასს მთლიანობაში), ომის საფრთხე არანაკლებ რეალური და დიდია, ვიდრე 2008 წლის ზაფხულში.
         
         

2009 წლის 18 თებერვალი