ეროვნული უშიშროების საბჭო «ნატოს» სწავლებას ამზადებს

ეროვნული უშიშროების საბჭო «ნატოს» სწავლებას ამზადებს

        გუშინ განსაკუთრებული საიდუმლოების, ანუ, «ორგზის დახურული კარების» მიღმა გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის თავმჯდომარეობით.
                ოფიციალური ცნობით, საბჭომ, რომელიც ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, ერთდროულად რამდენიმე საკითხი განიხილა. უპირველეს ყოვლისა, საბჭომ მოისმინა თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ. ვიზიტი მართლაც წარმატებული იყო. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თევზაძემ რამსფელდთან (რას მოვესწარით!) ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოურ სივრცეზე წარმოშობილ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ისტორიაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო რამსფელდის განცხადება საქართველოსთვის უშუალო სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე.
        ორასამდე ამერიკელი სამხედრო სპეციალისტი, უახლოესი (მაქსიმუმ) 8 თვის განმავლობაში, ათასზე მეტ ქართველ «კომანდოსს» მოამზადებს, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს კონტინგენტი არ იქნება გამოყენებული აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერად გადასაწყვეტად.
        მთლიანობაში პროგრამა 65 მილიონი დოლარი ღირს, რაც ამერიკის სამხედრო ბიუჯეტისთვის (300 მილიარდი დოლარი) მიზერია, მაგრამ საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანი თანხაა. საკმარისია ითქვას, რომ ჩვეულებრივი ჯარისკაცებიც კი, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში მოემზადებიან, თვეში 200-400 ლარს მიიღებენ კმაყოფის სახით. ეს გარკვეულ მოტივაციას შექმნის.
        შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთი ბრძოლისუნარიანი პოლკი მაინც გვეყოლება, რაც სრულებით არ არის საკმარისი (პირობა რომც დავარღვიოთ), აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად, მაგრამ იმისთვის კი საკმარისი იქნება, პანკისის ხეობიდან ან სხვა რეგიონიდან შემოჭრილმა ორასამდე თავზეხელაღებულმა ყაჩაღმა თბილისი არ დაიპყროს.
        უკვე მაისის მიწურულს, თბილისში ოთხი ათასამდე «რეინჯერი» ჩამოვა ნატოს წევრი 15 ქვეყნიდან, რასაც დსთ-ის წევრი სახელმწიფოებიც დაემატება.
        «ბესტ ეფორტ» 2002-ს ნატოს პროგრამა «პარტნიორობა მშვიდობისათვის» დაგეგმარებისას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწავლება გაიმართება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2001 წლის 1 ივლისისთვის დაცალეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სტამბოლის ხელშეკრულების შესაბამისად.
        ბუნებრივია, ნატო საქართველოსგან მოითხოვს უზრუნველყოს სწავლებათა უშიშროება, რაც ყოველთვის «მასპინძელი ქვეყნის» პრეროგატივაა. საქართველოს უშიშროების და თავდაცვის სამინისტროებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები, ვაზიანის ბაზის უშიშროებასთან დაკავშირებით.
        ნატოს ძირითადი კონტინგენტი სწორედ ვაზიანის ბაზაზე განლაგდება და იქვე იცხოვრებს. მოსალოდნელია ერთობლივი საპატრულო ჯგუფების შექმნა საქართველოს შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა ქვედანაყოფებისგან. ბუნებრივია, აქტიურად იმუშავებენ სპეცსამსახურებიც და ასე შემდეგ. შეიძლება დაიბადოს კითხვა: განა ესოდენ უახლესი იარაღით აღჭურვილი კონტინგენტი თავად ვერ დაიცავს თავს? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ თუ მათ თვითონ მოუწიათ თავის დაცვა – ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
        უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაწვრილებით განიხილეს, აგრეთვე, კოდორის ხეობაში არსებული ვითარება. მდგომარეობა ხეობაში კვლავ დაძაბულია. აგენტურული მონაცემებით, სეპარატისტები არ ახდენენ ძალთა კონცენტრაციას ხეობის მისდაგომებთან, მაგრამ ჯერგენია-აგრბას ბოლოდროინდელი განცხადებები მეტყველებს: საფრთხე კვლავ არსებობს და არძინბას გარდაცვალების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გართულდება, ვინაიდან დაპირისპირებული აფსუანური კლანები ნამდვილად შეეცდებიან საზოგადოების ყურადღება და აგრესია «გარეშე მტერზე» გადაიტანონ.
        კოდორი, ჩვენს «ძალისმიერთა» განცხადებით, საიმედოდ არის დაცული და ადვილად იქ ვერავინ შეიჭრება.

დილის გაზეთი, 11 მაისი, 2002 წელი