ვანო ზოდელავა - თბილისური დესანტი ფოთში

ვანო ზოდელავა - თბილისური დესანტი ფოთში

    ფოთში «პოლიტიკური მიწისძვრის» პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ იგრძნობოდა, როდესაც საბაჟოს უფროსი დააპატიმრეს ძალზე სიმპტომატური ბრალდებით: იგი საბაჟო კონტროლის გაუვლელად სიგარეტის დიდი პარტიის გატარებაში დაადანაშაულეს.
    მაშინ ბევრს საუბრობდნენ ფოთის პორტში ორი სხვადასხვა «თბილისური დაჯგუფების» ინტერესთა შეჯახებაზე. სწორედ ამ გააფთრებული შეტაკების მსხვერპლი გახდა საბაჟოს ხელმძღვანელი. მოგვიანებით (ესეც ნიშანდობლივი ფაქტია) თბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე, სიგარეტის ფირმის «ყოფილი» წარმომადგენლები თავს დაესხნენ მეორე ფირმას, რომელსაც სიგარეტი ბათუმიდან შემოაქვს.
    ამ ამბების შემდეგ ორი თვეც არ იყო გასული, რომ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ფოთის მერიცა და პორტის ხელმძღვანელიც. როგორც ჩანს, შევარდნაძეს მოსწყინდა გაუთავებელი კინკლაობა «თბილისელებსა» და «ფოთელებს» შორის გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. ამიტომ გადაწყვიტა ვაკანტურ თანამდებობაზე ისეთი პიროვნება დაენიშნა, რომელიც ერთ კორპორაციად შეკრავდა «ორივე ელიტას» და ბოლოს მოუღებდა დაპირისპირებას.
    ნუგზარ ნადარაიამ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, თავი მოაბეზრა არა მხოლოდ «უინიციატივობით», არამედ პოლიტიკური ინფანტილიზმითაც. იგი სულ ახლახან შევიდა «მოქალაქეთა კავშირის» რიგებში რაკიღა (მისივე თქმით) «სწორედ აქ იჭედება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი».
    რაც შეეხება ვანო ზოდელავას, დედამისი - ნინა ჟვანია, წარსულში ცნობილი ფუნქციონერი გახლდათ, რომელსაც «ძველი თაობა» დიდ პატივს სცემდა. 1987 წლის მარტში, საქართველოს კომკავშირის ყრილობაზე მან «მჭექარე ხმით» შესძახა ჯუმბერ პატიაშვილსა და პავლე გილაშვილს: ამ თასით ქართველი ახალგაზრდობის სადღეგრძელო შესვითო (შემდეგ, დემონსტრაციულად, თასი საჩუქრად გადასცა პრეზიდიუმს). «ალკოჰოლიზმის» წინააღმდეგ გახურებული ბრძოლის პერიოდში ეს აშკარა გამოწვევა იყო - მოსკოვიდან ჩამობრძანებული კომკავშირის საკავშირო «ცკ»-ს წარმომადგენლის მიმართ.
    ვანიკო ზოდელავამ ძალზე სწრაფად განვლო კომკავშირული კარიერის პირველი საფეხურები. ელიტარული 55-ე სკოლის დამთავრების შემდეგ კომკავშირულ კარიერას შეეჭიდა და სულ მალე უნივერსიტეტის კომკავშირის მდივნობასაც გამოჰკრა ხელი. ეს იმ დროს ძალიან პრესტიჟული და პერსპექტიული პოსტი გახლდათ. შემდეგ ვანო ზოდელავა თბილისის ორჯონიკიძის (ვაკის) რაიონის კომკავშირის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი გახდა და მის «ზეასვლას» ვერაფერი შეაჩერებდა, რომ არა გორბაჩოვი და კომუნისტური რეჟიმის დამხობა.
    სხვათა შორის, ზოდელავას ვაკელებიც პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ - ის ხომ სკოლის პერიოდში ერთი ჩვეულებრივი ვაკელი «ძველი ბიჭი» იყო. კომკავშირის დაშლის შემდეგ ვანიკო ზოდელავა (ისევე, როგორც საქართველოს კომკავშირული ელიტის უდიდესი უმრავლესობა) ბიზნესში ჩაერთო და წარმატებითაც გაჰყვებოდა «საკუთარ საქმეს», რომ არა პრეზიდენტის ბოლოდროინდელი საკადრო პოლიტიკა, რომელიც «გადამყაყებული კადრების» შეცვლას გულისხმობს. ზაზა შენგელია, გია ჭანტურია, ბადრი ხატიძე, გიგლა ბარამიძე, ვანიკო ზოდელავა – ერთიანი, შეკრული, ამბიციური გუნდია, რომელსაც გარკვეული პერსპექტივაც აქვს დღევანდელ საქართველოში.

მერიდიანი, 6 მაისი, 1997 წ.