საერთაშორისო მიმოხილვა. 6 აპრილი 2024 წელი
რუსეთის გენერალური შტაბიდან - კრემლთან მიმაგრებულ რუსულ ანალიტიკური ცენტრებში, მათ შორის სამხედრო-ანალიტიკური ცენტრებში (Military think tank), იქედან კი დასავლურ სპეცსამსახურებში, ხოლო დასავლური სპეცსამსახურებიდან - დასავლურ მედიაში `ჟონავს` ინფორმაცია, რას აპირებს მოსკოვი უკვე აპრილიდან უკრაინაში.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშინელი და თავხედური აგრესიის დროს, ამერიკულმა და ევროპულმა, ასევე ისრაელის სპეცსამსახურებმა შეცვალეს მოქმედების სტილი და ყველაზე საიდუმლო ინფორმაციაც კი მათი გადაწყვეტილებით `ჟონავს` ავტორიტეტულ რესურსებში, რაკი მიხვდნენ, რომ `კულუარულად` მოსკოვთან ლაპარაკს და Engagement აზრი აღარ აქვს. კომუნიკაციის ეს ფორმა უზაროდ იქცა. ამიტომ პირდაპირ, ღიად აფრთხილებენ უკვე უკრაინის ხელისუფლებასაც, უკარინის მეზობელ ქვეყნებსაც და მთელს დასავლეთსაც, რაცაა მოსალოდნელი.
ამ ცნობებით, კიევის შემოგარენიდან ჯარის გაყვანის შემდეგ რუსეთი ახდენს მათ კონცენტრაციას ხარკოვთან და მთლიანად დონბასზე, ასევე ხერსონთან.
აპრილის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება უდიდესი ბრძოლა, რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შედმეგ ევროპაში: რუსული მხრიდან დაახლოებით 200 000 ხოლო უკრაინული მხრიდან 100 000 მეომარი მიიღებს მონაწილეობას.
ამ შეტევის მთავარი მიზანი იქნება უკრანული არმიის ალყაშემორტყმა და მისი განადგურება.
ასევე მარიუპოლის გმირული წინააღმდეგობის გატეხვა და რუსეთიდან - ყირიმისკენ სახმელეთო ხაზის საბოლოოდ აწყობა.
რუსული არმიის უპირატესობა იქნება ტოტალური `ფორა` ჰაერში, ანუ ავიაციასა და სარაკეტო ტექნიკაში.
ხოლო უკრაინისა - თავდაცვით პოზიციებში (თავდამსხმელს სამჯერ მეტი ცოცხალი ძალა ესაჭიროება - ეს სამხედრო ხელოვნების ანა-ბანაა ფარაონთა ეპოქიდან მოყოლებული);
ასევე უკრაინის უპირატესობაა ის უძვირფასესი სადაზვერვო, მათ შორის კოსმოსური სადაზვერვო მონაცემები, რასაც აშშ და NATO აწვდის. მათ შორის რუსულ ჯართა გადაადგილების შესახებ; ასევე რუსი გენერლების და ოფიცრების სატელეფონო თუ სხვა კომუნიკაციის დეკოდირება, გაშიფვრა და ა.შ.
ბუნებრივია, კიევის დებლოკირების შემდეგ უკრაინასაც აქვს საშუალება არმიის დიდი მასივი გადაისროლოს აღმოსავლეთით;
ხოლო პოლონეთის გავლით (უნგრეთმა დერეფანი უსინდისოდ დაბლოკა) უკრაინაში აპრილის შუა რიცხვებამდე კიდევ მეტი ახალი იარაღი შევა. გერმანიამაც კი მოხსნა შეზღუდვები ამაზე.
ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებმა, მრავალი ნომენკლატურის იარაღი თითქმის მთლიანად გადასცეს უკრაინას `პოლონეთის დერეფნით` ისე, რომ თავად თითქმის აღარც დაიტოვეს.
თუმცა მძიმე ტექნიკას რაც შეეხება, ალიანსი კვლავ კრძალავს დასავლეთში წარმოებული მძიმე ტექნიკის გადაცემას უკრაინული არმიისთვის და ეს პოზიცია ვერც ბუჩას გენოციდმა შეცვალა სამწუხაროდ.
უკრაინის უპირატესობა ასევე ისაა, რომ მისი ჯარისკაცები და ოფიცრები ძალიან კარგად იცნობენ მიდამოს, ანუ საბრძოლო მოქმედებათ `თეატრს`, სადაც გამაგრებულნი იყვნენ 8 წლის განმავლოაბში; ამ 8 წლის მანძილზე მათ დასავლური სამხედრო მეცნიერების შესაბამისად შექმნეს თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი ქსელი და ბოლოს, უკრაინულ არმიას აქვს საშუალება გამაგრდეს დიდ ქალაქებში, - ხარკოვში, დნეპრში, სადაც მისი ალყა ისევე ძნელი იქნება, როგორც შედარებით პატარა მარიუპოლში. თუმცა მაროუპოლი ქუთაისის ოდენა ქალაქია.
რუსების გეგმით, თუ უკრაინულ არმიას ალყას შემოარტყავენ მერე კი გააანდგურებენ, ამის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკება ზელენსკისთან კაპიტულაცაიზე ესე იგი....... ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულ ხაზზე და ნეიტრალური სტატუსი.
სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს აღმოსავლეთ უკრაიანში, ამ სამხედრო გეგმის შესრულება ძალიან გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება უდიდესი მსხვერპლით საკუთარ რიგებში.
არსებობს ძალიან ავტორიტეტული, უტყუარი ცნობები, რომ პუტინის ბრძანებით `ველზე` გაიტანეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი მცირე საარტილერიო ჭურვების სახით, რომელთაც პუტინი გამოიყენებს, თუ უკრაინული არმია შეტევას მოიგერიებს და კონტრშეტევაზე გადავა.
რუსეთში ახლა ტოტალური საზოგადოებრივი აზრი ისე `კიდია წკიპზე`, რომ თუ პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, ვერანაირი დემაგოგია ვეღარ უშველის და კრემლის ქონგურზე მოუწევს თავის ჩამოხრჩობა, სანამ დერჟავულ სიამაყე შელახული რუსები თვითონ ჩამოახრჩობენ.
. . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან სამწუხაროა, რომ ავტორიტეტული და დამსახურებული ამერიკელი დიპლომატები ახლა პუტინის პირისფარეშებივით იქცევიან.
მაგალითად, 91 წლის ჯეკ მეტლოკი, რომელიც ამერიკის ელჩი იყო საბჭოთა კავშირში 1980-იან წლებში, ანუ ე.წ. `პერესტროიკის` და მიხეილ გორბაჩოვის დროს.......გუშინწინ გამოვარდა დასავლურ მედია-სივრცეში და....`გავუგოთ რუსეთს, დიდი Nation არის და საკუთარი ინეტრესები აქვსო`.
და ეს ბუჩას შემდეგ!
ბუჩაზე ჯეკ მეტლოკმა რუსული ნარატივი გაიმეორა: `დადგმულიაო`
ეს საინტერესო ფენომენია იმ აზრით, რომ მეტლოკი წარმოადგენს დასავლური ისტებლიშმენტის იმ თაობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ცივი ომის დროს, ბირთვული ომის შიშით ცახცახებდა; გორბაჩოვის წყალობით, კომუნიზმის დანგრევის შემდეგ შვებით ამოისუნთქა და მუდამ აღიზიანებდა ეს `აბეზარი ქართველები` მათი `9 აპრილით`, აღიზიანებდა უკრაინა და ბალტიის ქვეყნებიც კი, რომელიც `დაშოშმინებულ რუსეთს` აბრაზებდნენ.
ამ კატეგორიის ხალხისთვის საქართველოც, უკრაინაც და ყველა, ვინც დამოუკიდებლობას მოითხოვდა და მოითხოვს, იმ მსოფლიო წესრიგის დამრღვევია, რომელიც მათ შექმნეს ცივ ომში მოსკოვის დამარცხების შემდეგ.
თუმცა რონალდ რეიგანი რომ ცოცხალი იყოს, არა მგონია საკუთარი ელჩის აზრი გაეზიარებინა
. . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოში ვიდეო-ჩართვით გამოსვლისას გაეროს წევრებს უთხრა: ან გარიცხეთ რუსეთი, ან გააუქმეთ ეგ გაერო საერთოდო.
გაეროდან და გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვა შეუძლებელია. თუ სრულიად ახალი უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია არ შეიქმნება ახალი წესდებით. სხვათა შორის, ამგვარი წინადადებები ყრუდ ისმის კიდეც ზოგჯერ
თუმცა აშშ წარმომადგენელმა გაეროში ზელენსკის პასუხად თქვა: რუსეთს გაეროდან ვერ გავრიცხავთ, მაგრამ მაქსიმალურ დიკომფორტს შევუქმნითო.
საამისო რესურსები ამერიკას და დასავლეთს ნამდვილად აქვს.
მაგალითად დასავლეთს შეუძლია გარიცხოს რუსეთი ხმათა უმრავლესობით გაეროს უამრავი ინსტიტუციიდან, სადაც მოსკოვს ვეტო-ს უფლება არა აქვს რათა თავი შეინარჩუნოს.
პირველი ამგვარი ინსტიტუცია იქნება, როგორც სჩანს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო. და სხვა უამრავი ამგვარი საბჭო `გაერო`-ს ქოლგის ქვეშ.
ბუნებრივია, გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდოამაზე რუსეთის წარმომადგენელმა ნებენზიამ განაცხადა: `რა ბუჩა, რის ბუჩა, ამას რუსი ჯარისკაცები როგორ იკადრებდნენო`.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის(აც) ჭკუისსასწავლებელი ისაა, რომ ზელენსკის სტილი, როცა ის დასავლეთს ძალიან მჭახე ენით ესაუბრება, პირდაპირ სახეში ახლის სიმართლეს, დასავლეთს ღიად აკრიტიკებს და არა ტირის, ქვითინებს, პირდაპირ საჯაროდ ეუბნება და არცხვენს დასავლელ ლიდერებს რუსეთისადმი შემრიგებლობის გამო........ აი ასეთუ სტილი მ უ შ ა ო ბ ს!
ამ სტილს შედეგი მოაქვს - დასავლეთი იძულებული ხდება გაამკაცროს პოზიცია მოსკოვის მიმართ.
მაგალითად გუშინ ევროკავშირმა საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემა SWIFT-იდან გააძევა რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბანკი Внешторгбанк VTB. აი საქართველოშიც რომ ჰქონდა ფილიალი და ახლა დახურულია.
რამდენად მნიშვნელოვანი და აგრესიულად პრომოუტირებულია ეს ბანკი მსოფლიოში, ამის თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიტან: ლონდონის სიტი-ში, სამეფო ბირჟასთან (Royal exchange) სახით თუ დადგებოდით, თქვენგან მარჯვნივ დაინახავდით 5 სართულიანი შენობიდან გადმოკიდებულ უზარმაზარ (20 კვ მეტრი) რუსეთის დროშას და იქვე დროშას წარწერით VTB. ეს ამ ბანკის ოფისი იყო ლონდონში. ანუ იმ კონკრეტულ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, ლონდონის City-ში, სადაც 1 კვადრატული მეტრი(!) ფართის იჯარა 100 000 გირვანქა ღირს წლიურად.
იქედან ამოჰკრავენ პანღურს ახლა ამ ბანკს!
2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, VTB-ს პრეზიდენტმა, ანდრეი კოსტინმა (პუტინის მარჯვენა ხელად ითვლება საბანკო სფეროში) განაცხადა: ჩვენი ბანკის SWIFT-იდან გათიშვა რუსეთისთვის ომის გამოცხადება იქნებაო.
ჰოდა გამოუცხადეს.
ახლა იგივე კოსტინი ამბობს: ყირიმში ფილიალი არ გვქონდა რათა რუსეთის მტრებისთვის საბაბი არ მიგვეცა ჩვენი ბანკის დასაბლოკად. ახლა ლონდონიდან გამოგვაგდეს, დაგვბლოკეს, რაღა აზრი აქვს და ....... სამაგიეროდ სევასტოპოლში, რუსული ისტორიული დიდების ქალაქში გავხსნით როგორც იქნა ფილიალს, რაზეც აქამდე ჩვენდა სამარცხვინოდ თავს ვიკავებდითო
აი ამგვარი მენტალობის ხალხია დღეს რუსულ ისტებლიშმენტში და უკვე ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი ნამდვილად გაგიჟდა ანუ მასობრივად შეიშალა!
შესაძლოა მცდარი იყოს ეს შთაბეჭდილება, მაგრამ დერჟავული ნაციონალიზმის საფუძველზე კოსტინიც კი (მულტიმილიონერი) მზადაა შავ პურზე, არაყზე, მოხარშულ კარტოფილზე და გაზეთში გახვეულ `ვობლაზე` გადავიდეს ასეულობით მილიონ რუსთან ერთად.
თუ (!) ეს შთაბეჭდილება მართალია, სწორედ ეს არის ამ ისტორიაში ყველაზე საშიში.