ვინ გაიმარჯვა არჩევნებში? – ასლან აბაშიძემ

ვინ გაიმარჯვა არჩევნებში? – ასლან აბაშიძემ

        მას შემდეგ, რაც ხულოს რაიონის გამგებელმა პრეზიდენტის თანდასწრებით, მისი «მხარდამჭერთა დარბაზის» გაფართოებულ სხდომაზე ვაჟკაცურად განაცხადა, რომ «აჭარის მოსახლეობამ მხარი დაგიჭირათ არა ბატონი ასლანის ბრძანებით, არამედ მისი თხოვნით» - საბოლოოდ გამოიკვეთა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კონფიგურაცია.
        «არა ბრძანებით, არამედ თხოვნით»  იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული 70 პროცენტი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ასლან აბაშიძის «თხოვნის» შედეგი იყო, რაც აჭარაში, რა თქმა უნდა, «ბრძანების» ტოლფასია.
        ამრიგად, ასლან აბაშიძემ უზრუნველყო ედუარდ შევარდნაძის გამარჯვება აჭარაში.
        რაიმე ძალდატანება მას საამისოდ არ დასჭირდებოდა, ვინაიდან ასლან აბაშიძის ავტორიტეტი აჭარის მოსახლეობაში მართლაც იმდენად ეჭვმიუტანელია, რომ მისი დავალებაც საკმარისი იქნებოდა. მით უმეტეს «თხოვნა». არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ თავად მან «საკუთარ თავს მისცა ხმა». მის ჭეშმარიტ ნებას გამგებლები და «უზენაესი ნების» სხვა აღმასრულებლები მაინც «დაიყვანდნენ» ამ ნებას ამომრჩევლამდე არაპირდაპირი გზით.
        აჭარაში მთლიანად შენარჩუნებულია ძველი იერარქიული სისტემა, რომელმაც ამ შემთხვევაშიც შესანიშნავად იმუშავა. ამრიგად, ასლან აბაშიძემ მართლაც «საკუთარ თავზე შეაჩერა არჩევანი», ანუ მოქმედებდა საკუთრივ აჭარის ინტერესებიდან გამომდინარე – ამ თვალსაზრისით მას იოტისოდენი შეცდომა არ დაუშვია – ბოლო გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად ზუსტია ისევ და ისევ აჭარის ავტონომიის ინტერესთა შესაბამისად.
        ამრიგად, ასლან აბაშიძემ უბრწყინვალესად განახორციელა პოლიტიკური ოპერაცია, რომლის უმთავრესი მიზანი იყო (ნუ გაუკვირდება ე.წ. «ბათუმურ კოალიციას») – ედუარდ შევარდნაძის ოპოზიციის დისკრედიტაცია.
        აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა ირინა სარიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ «ბათუმური ალიანსის» გაფორმებისთანავე განაცხადა, რომ შევარდნაძისა და აბაშიძის დაპირისპირება მოჩვენებითია. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ისინი «შეთანხმებით მოქმედებენ», მაგრამ მათი ინტერესები იმდენად ობიექტურად ემთხვევა ერთმანეთს – საბოლოოდ უეჭველად გამოძებნიდნენ საერთო ენას.
        გამოძებნეს კიდეც.
        დარწმუნებული ვარ, ასლან აბაშიძეს უკვე 23 ნოემბერს (საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე) ჰქონდა გადაწყვეტილი ემოქმედა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა. არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც ძალიან «უყვარს» ედუარდ შევარდნაძე და მოქალაქეთა კავშირი, არამედ ისევ და ისევ აჭარის ავტონომიის ინტერესებიდან გამომდინარე.
        შეიძლება წარმოიშვას კითხვა: რისთვის დასჭირდა ასლან აბაშიძეს «თბილისური ოპოზიციის დისკრედიტაცია?» კითხვა სავსებით ბუნებრივია – მართლაც ერთი შეხედვით პარადოქსთან გვაქვს საქმე – აბა «თბილისური ოპოზიციის» დასუსტება ხომ ობიექტურად გამოიწვევს შევარდნაძისა და «მოქკავშირის» პოზიციათა გაძლიერებას? რაში უნდა აძლევდეს ეს ხელს ასლან აბაშიძეს – მით უმეტეს «ცენტრსა და რეგიონს» შორის არსებული პრობლემების გათვალისწინებით?
        სინამდვილეში, ასე მარტივადაც არ არის საქმე. ყურადღებით დავაკვირდეთ: საქმე ის გახლავთ, რომ რაკი ასლან აბაშიძის პრიორიტეტი, მისი ერთადერთი სასიცოცხლო ინტერესი აჭარის ავტონომიაა (და არა საქართველოს პრეზიდენტობა – რასაც იგი არ აპირებდა, არ აპირებს და არც ოდესმე დააპირებს) მან განიზრახა, დაგეგმა და (ვიმეორებ) ბრწყინვალედ განახორციელა ორწლიანი ოპერაცია იმგვარი პოლიტიკური კონფიგურაციით, როდესაც «ცენტრალური ხელისუფლებისთვის» ამიერიდან გაცილებით უფრო ადვილი და ბუნებრივი იქნება «ბათუმთან» კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორიცაა «აჭარის ავტონომიის სტატუსი», «ცენტრისა და რეგიონის უფლებამოსილებათა ნუსხა», «საბიუჯეტო შემოსავლების გადანაწილება», ვიდრე პირიქით, - ბათუმთან დაპირისპირება, აჭარის სტატუსთან დაკავშირებით შეურიგებელი პოზიციის დაკავება, მეტისმეტი პრინციპულობა და სხვა.
        ასლან აბაშიძემ შეძლო გაეთვალა ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიუანსი (ქართული საზოგადოების ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე), რომელსაც რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება: არსებობდა საშიშროება, თბილისში ჩამოყალიბებულიყო ისეთი ოპოზიცია, ვინც ედუარდ შევარდნაძესა და «მოქალაქეთა კავშირს» ბრალად დასდებდა პირიქით – აჭარის ავტონომიისადმი მეტისმეტ დათმობას, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიორიტეტულობის იგნორირებას იმგვარ საკითხებში, როგორიცაა საზღვაო აკვატორიის დაცვა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და სხვა.
        ანუ, არსებობდა საშიშროება, ედუარდ შევარდნაძესა და «მოქალაქეთა კავშირს» გასჩენოდათ ოპოზიცია «მეორე მხრიდან», რომელიც ხელისუფლებას «მიაწვებოდა» იმ მიმართულებით, რომ მას უფრო შეურიგებელი პოზიცია დაეკავებინა ავტონომიის მოთხოვნებთან და ქმედებებთან დაკავშირებით.
        ახლა კი, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც «ცენტრს» თავისუფლად შეუძლია წავიდეს ნებისმიერ კომპრომისზე აჭარის ავტონომიასთან, დაუთმოს (კონსტიტუციურად) ნებისმიერი უფლებამოსილება, თუნდაც ფედერალური მოწყობის ფარგლებში და მას კრიტიკოსი, ან ოპონენტი აღარ ეყოლება.
        ასლან აბაშიძემ «ინდაურებივით აჭამა» თბილისში ყველას ვინც კი შეიძლებოდა ამ თვალსაზრისით შევარდნაძის პოლიტიკის ოპონენტი გამხდარიყო: დაწყებული პოლიტიკოსებით (უფრო ზუსტად პოლიტიკანებით) – დამთავრებული «ცნობილი მწერლებით» და, მთლიანად, ჩვენი «ბრძენი» და «კეთილშობილი» ინტელიგენციით.
        ახლა თუ საწინააღმდეგოდ კრინტის დაძვრას გაბედავენ (რაც არ უნდა დაუთმოს «ცენტრმა» – «რეგიონს») მოლაპარაკების მთავარი სუბიექტი (ანუ ცენტრალური ხელისუფლება) უეჭველად შეახსენებს კრიტიკოსებს: თქვენ არ იყავით დღენიადაგ რომ გვიკიჟინებდით «ბათუმთან შეურიგებლობას», მოგვიწოდებდით საერთო ენის გამონახვას, კომპრომისებს?! თქვენ არ იყავით, რომ დაძვრებოდით ბათუმში და იქედან გვადანაშაულებდით, რომ «სანაოსნოს», საზღვაო აკვატორიას, ბიუჯეტის ანარიცხებს – ცენტრალური ხელისუფლება (მოქალაქეთა კავშირი) იყენებს პოლიტიკური მოწინააღმდეგის («აღორძინების») დისკრედიტაციისთვის?
        ჰოდა თუ ასეა, ახლა ფედერაციაზეც დავთანხმდებით (რაკი ასლანი მოითხოვს) და კონფედერაციაზეც.
        მეორეს მხრივ ეს ე.წ. «ოპოზიცია» მისივე უპრინციპობით ვეღარც ასლან აბაშიძეს დაადანაშაულებს, რომ მან «აჭარის ავტონომიისთვის» მეტისმეტი მოითხოვა.
        თუ მაინც დაადანაშაულებს, მაშინ უკვე ასლან აბაშიძე ჰკითხავს პათეტიურად: კი მაგრამ, თქვენ არ იყავით, აქ რომ მოძვრებოდით და «თბილისის» საწინააღმდეგოდ მაქეზებდით? ახლა როცა თვითონ დაშალეთ ბლოკი (ჩემთან შეუთანხმებლად პატიაშვილის კანდიდატურის წამოყენებით) – ახლა გაგახსენდათ «აჭარის ავტონომიის მეტისმეტი მოთხოვნები?»
        რაც მთავარია (ამას კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი) ასლან აბაშიძე საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა საიმისოდ, რათა გაეთვალისწინებინა ქართველი ამომრჩევლის ფსიქოლოგია: იგი არასდროს აპატიებს რჩეულიშვილს, გიორგაძეს, პატიაშვილს, ზვიადისტებს, ასათიანს, თუნდაც ნათელაშვილს პოზიციის შეცვლას და ნებისმიერი საბაბით (თუნდაც ფედერალიზაციის საწინააღმდეგოდ) ასლან აბაშიძესთან დაპირისპირებას, მაშინ როდესაც მხოლოდ მისი წყალობით მოხვდნენ პარლამენტში.
        ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ გასული წლის ზაფხულში, ასლან აბაშიძის «სკანდალური განცხადებები» და გენერალ ლებედის «სკანდალური» ვიზიტი იყო არა «შეცდომა», არამედ სავსებით რაციონალური, გათვლილი ნაბიჯი.
        ასლან აბაშიძემ (ერთადერთმა) მოახერხა სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის და «სამანევრო სივრცის» შენარჩუნება.

7 დღე, 14 აპრილი, 2000 წელი