კონსტიტუციური რეფორმის ქართული მოდელი

კონსტიტუციური რეფორმის ქართული მოდელი

        გასული კვირის უმთავრეს მოვლენად იქცა ზურაბ ჟვანიას საინტერესო განცხადება მომავალში მოსალოდნელი ძირფესვიანი 

საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე. თანაც, მის განცხადებაში საუბარი იყო არა «ცვლილებებზე», არამედ, ფაქტობრივად, ახალ კონსტიტუციასა და ამჟამინდელისგან თვისებრივად განსხვავებულ სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელზე.
        პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, «2005 წლისათვის უნდა მომზადდეს რეფორმა, რომელიც გააუქმებს საპრეზიდენტო მმართველობას საქართველოში _ ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი სახით».
        ბუნებრივია, აქ იგულისხმება 2005 წლის აპრილი, როდესაც ფორმალურად იწურება ედუარდ შევარდნაძის მეორე საპრეზიდენტო ვადა. აგრეთვე იგულისხმება არა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება (ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება მეთაური – მონარქი ან პრეზიდენტი), არამედ ამ ინსტიტუტის სახელმწიფოებრივი ფუნქციის შეცვლა.
        ზოგიერთი ნიშნით, პარლამენტის თავმჯდომარე (და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი) გულისხმობდა საპარლამენტო რესპუბლიკის დაფუძნებას საქართველოში. თანაც, მისი თქმით, უკვე ჰქონდა კონსულტაციები ძირითად პოლიტიკურ ძალებთან (ივარაუდება, მათ შორის, ოპოზიცია, თანაც პარლამენტსგარე ოპოზიციაც) და ამ საკითხზე პოლიტიკური კონსესუსის ნიშნებიც გამოიკვეთა.
        საოცარია, მაგრამ ზურაბ ჟვანიას ეს (ვიმეორებ) სენსაციური განცხადება ქართული მედიისათვის სულაც არ იქცა NEWS –ად. როგორც ჩანს, კოლეგებმა მისი ინიციატივა გააიგივეს ყბადაღებულ «მინისტრთა კაბინეტის» თემასთან, რაც უკვე მართლაც მოყირჭებული აქვს ყველას.
        სინამდვილეში კი აქ უკვე სულ სხვა მასშტაბსა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირთან, აგრეთვე, პოლიტიკურ განზრახულობასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს, ფაქტობრივად, ახალი ტიპის ქართული სახელმწიფოს დაფუძნებასთან 2005 წლისათვის.
        ვიდრე საკითხს შინაარსობრივად გავარჩევდეთ, ერთ ნიუანსსაც უნდა გაესვას ხაზი, რათა იმთავითვე არ აღმოვჩნდეთ სასაცილო მდგომარეობაში. სრულებითაც არ არის გამორიცხული, ზურაბ ჟვანიას განცხადება სინამდვილეში იყო არა რაღაც გრძელვადიან პოლიტიკურ განზრახულობათა გამოვლინება, არამედ, უბრალოდ, ტაქტიკური ნაბიჯი ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
        ვუგლისხმობ სრულიად უაზრო გნიასს ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრეობის შესახებ. მოგეხსენებათ, გასულ კვირას საერთოდ ანეკდოტური ხასიათი შეიძინა სპეკულაციებმა თარგამაძე-სააკაშვილის დაპირისპირების თემაზე, თითქოს ამ დაპირისპირებას საფუძვლად უდევს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება და ასე შემდეგ. ეს იმდენად მტკნარი სისულელეა, რომ «უცბად» ვერც მოიფიქრებ, როგორ გააბათილო.
        ჯერ ერთი, «ცოცხალი ლომის ტყავს იყოფდნენ» - ედუარდ შევარდნაძე კვლავინდებურად საბრძოლო ფორმაშია და მის «მემკვიდრეობაზე» საუბარი (ხელისუფლების დამკვიდრება-გადაცემის აზრით) იმთავითვე უაზრობაა. 5 წელი საქართველოსთვის (მით უმეტეს, საქართველოსთვის!) მთელი ეპოქაა. ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ მოხდება ქვეყანაში, დღევანდელი დისკუსიები ისევე «შორეულად» მოგვეჩვენება 5 წლისთავზე, როგორც დღეს გვეჩვენება, მაგალითად, 1995 წლის სექტემბერში «იმელის» (იმდროინდელი პარლამენტის) შენობაში «მხედრიონის» შტაბბინის დალუქვა პროკურატურის მიერ და დეპუტატების პირველი შეკრება პარლამენტის ახალ შენობაში, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილი ჯერ კიდევ «უმრავლესობის» ლიდერი იყო, ხოლ იგორ გიორგაძის მისამართით პირველი ფრთხილი კრიტიკა გაისმა მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან.
        აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზურაბ ჟვანიას განცხადება განპირობებულია სურვილით, გაემიჯმოს პათოლოგიურ ბრალდებებს, თითქოს მას სურს «წაართვას ძალაუფლება შევარდნაძეს» (რაც არა მხოლოდ პათოლოგიური, არამედ სრულებით არარეალური ამოცანაა), მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ასე შემდეგ.
        რეალურად, დღეს შევარდნაძე-ჟვანიას პოლიტიკური ტანდემი ორმხრივი ძალისხმევით საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი რჩება ძირითად ფიგურად და ამ « განლაგებას» ჟვანია ეჭვქვეშ არ აყენებს. შესაძლოა, სწორედ ეს იგულისხმებოდა და ამიტომაც ახსენა 2005 წელი. მით უმეტეს, რომ 2005 წლამდე ჩატარდება 2001 წლის «ადგილობრივი» და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები.
        მაგრამ არც ის არის გამორიცხული, «საპარლამენტო რესპუბლიკის» დაფუძნების იდეა პოლიტიკურ წრეებში სერიოზულად განიხილებოდეს, ოღონდ ჰიპოთეტურად, პერსპექტივაში და არა როგორც ამჟამინდელი სახელისუფლებო ბალანსის ხეოლვნურად შეცვლის მექანიზმი. ყველას ბრწყინვალედ ესმის, რომ შევარდნაძის ქცევა «სიმბოლურ პრეზიდენტად» აბსოლუტურად შეუძლებელია. შეუძლებელია არა მხოლდ სუბიექტურად (იგი ამას არასდროს დაეთანხმება), არამედ ობიექტური მიზეზითაც – ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ედუარდ შევარდნაძე (მისი ოფიციალური სტატუსის განურჩევლადაც კი) ყველაზე გავლენიანი და შეუდარებლად სოლიდური ფიგურაა – მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტის გათვალისწინებითაც. ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახრუდიასაგან იმით განსხვავდება, რომ თავად არ ცდილობს საკუთარი «ქარიზმატულობის» აქცენტირებას. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, კრიტიკულ სიტუაციაში შევარდნაძეს სავსებით გულწრფელი «იდეური» მომხრეები არ ეყოლება (რომლებიც მას სწორედ ქარიზმატულად აღიქვამენ) – ძალიან ცდება. ეს შეცდომა იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტის მსგავსად, მომხრეთა მიტინგებს არ ატარებს. რაც სრულებითაც არ ნიშანვს, თითქოს მას მომხრეები არ ჰყავს და ეს მომხრეები მცირერიცხოვანნი არიან. უფრო მეტიც _ უმრავლესობას არ შეადგენენ. ყოველ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას, როგორც ძალიან ჭკვიან და ფრთხილ პოლიტიკოსს, ასეთი ილუზია არა აქვს. ამიტომ ეს ყველაფერი, «ცარიელი ინსინუაციაა» და სხვა არაფერი.
        რაც შეეხება სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხს, აი, ეს კი ნამდვილოად სერიოზულად განსახილველია. სწორედ ედუარდ შევარდნაძის «პოლიტიკური წონიდან» გამომდინარე და მის დღევანდელიო (აგრეთვე, სულ ცოტა, 2005 წლამდე უცვლელი) როლის გათვალისწინებით, ქართულ პოლიტიკურ კლასს გაუჩნდა ეჭვი, რომ ვერავინ შეძლებს შეასრულოს იგივე როლი, რასაც შევარდნაძე ასრულებს. ალბათ, აქ გარკვეული გარანტიებიც იგულისხმება და ამაში კრიმინალური არაფერია: ზურაბ ჟვანია პოლიტიკოსია და როგორც ნორმალურ პოლიტიკოსს (თანაც, საკმაოდ ნიჭიერს), მას საკუთარი პოლიტიკური პერსპაექტივაც აფიქრებს.ა რანორმალური ის იქნებოდა, რომ არ აფიქრებდეს.
        მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, განურჩევლად სუბიექტურ განზრახულობათა, მთავარი მაინც თვით «საპარლამენტო რესპუბლიკის» იდეაა. ეს ისე გამოკვეთილად გამოითქვა და იმდენად კონკრეტულად, იგი უკვე იქცა (ამით) «თვითკმარ» ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში. თუ შეიძლება ასე ითქვას, «ჯინი» გამოშვებულია ბოთლიოდან და მას (ჯინს) აღარც აინტერესებს, სინამდვილეში რა ამოძრავებდათ მის გამათავისუფლებლებს. თანაც, მარცვალიძ ალზე ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა - «პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამჟამად არამდგრად მდგომარეობაში იმყოფება, ნაწილობრივ დისკრედიტებულია უზნეო ალიანსებით და კორპორაციული ინტერესებიც გაუჩნდა. «საპარლამენტო რესპუბლიკა» კი იდეალური მექანიზმია ამ ინტერესთა დასაცავად. მაგრამ რამდენად მისაღებია სახელმწიფოებრივი მოწყობის ამგვარი ფორმა არა ქართული «პოლიტოკრატიის», არამედ ქართული სახელმწიფოსთვის?
        _ ეს პრობლემა კიდევ უფრო შორეულ წარსულში გვაბრუნებს. 1991 წლის შემოდგომაზე, ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მიმდინარეობდა გააფთრებული დისკუსია, თუ რომელი «მოდელი» იქნებოდა უკეთესი საქართველოსათვის - «გერმანული», თუ «ფრანგული». თვით გამსახურდია ფრანგული მოდელის მომხრედ მიიჩნევდა თავს, ხოლო ოპოზიცია გერმანული მოდელის უპირატესობას იცავდა. ამ თემაზე დისკუსია შედმგომ პერიოდშიც გაგრძელდა. 1995 წლის კონსტიტუცია გახდა ერთგვარი კომპრომისი: მხარეები შეთანხმდნენ «ამერიკულ მოდელზე», რაც გულისხმობს ხელისუფლებათა მკვეთრ გამიჯვნას და მათ შორის საკმაოდ «ხისტ» წინააღმდეგობას. რასაკვირველია, ყველა ამ მოდელს თავისი უპირატესობა და გარკვეული ნაკლი აქვს. ამდენად, უმთავრესი საკითხი ის არის, თუ რომელი მათგანი იმუშავებს უკეთ საქართველოში? სწორედ ასე, ამ ფორმით ისმება კითხვა დისკუსიისას.
        ჩემი აზრით, კითხვა იმთავითვე არასწორად, ან უფრო უკეთ თუ ვიტყვით, «არასრულყოფილადაა» დასმული. სინამდვილეში კითხვა (ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის და მისი შინაარსობრივი, სისტემური არამდგრადობის გათვალისწინებით) შემდეგნაირად უნდა დაისვას: რომელი მათგანი უზრუნველჰყოფს საქართველოს მთლიანობის შენარჩუნებასა და სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას? ასეთი ფორმულირება ნურავის განაცვიფრებს _ ისტორიკოსები დამემოწმებიან, რომ საქართველოს ისტორია სამოქალაქო ომების ისტორიაა (თანაც, ძალიან ხშირად, ეთნიკური შეფერილობისა), ამიტომ 1989-93 წლების სამოქალაქო დაპირისპირება, არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იქნება, თუ სახელმწიფოებრივი მოდელი ქვეყნის სპეციფიკას არ «მოერგება».
        საქართველო რომ «დემოკრატიული რესპუბლიკა» უნდა იყოს, ამაზე, რასაკვირველია არავინ დავობს, მაგრამ ეს მეტისმეტად ფართო ცნებაა – ამერიკის შეერთებული შტატებიც «დემოკრატიული რესპუბლოიკაა», ლიტვა, სომხეთიც, საფრანგეთიც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც, იტალიაც, ისრაელიც და თურქეთიც. ეს ცნებათშეთანხმება თავისთავად უაზრობაა, ვინაიდან «რესპუბლიკა» იგივე (იმთავითვე) «დემოკრატიაა», ხოლო «დემოკრატია «- «რესპუბლიკა». დემოკრატიის სხვა ფორმა არ არსებობს. «კონსტიტუციური მონარქიაც» შინაარსობრივად იგივე რესპუბლიკაა (საპარლამენტო რესპუბლიკა), ოღონდ ტრადიციონალისტური არრიბუტიკით. ფორმალურად დიდი ბრიტან ეთის დედოფალსაც აქვს პარლამენტის «გარეკვის» უფლება, მაგრამ მას ვინ რას ჰკითხავს სინამდვილეში? «სამეფო სიტყვასაც» (პარლამენტის პირველ სხდომაზე) პრემიერ მინისტრი უდგენს და პრემიერის აპარატი უწერს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას უსაქმური ლორდები სხედან (უმეტესწილად სძინავთ)9 ხოლო პრემიერი და ოპოზიციის ლიდერი, აგრეთვე, საპარლამენტო ლიდერები ფეხზე დგანან ლორდთა პალატაში. საერთოდ, დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებული მოვლენაა და მისი სახელმწიფოებრივი სისტემა არც ერთ მოდელს არ ესადაგება (კონსტიტუციაც კი არ აქვს), მაგრამ პრინციპში მაინც «საპარლამენტო რესპუბლიოკის» სისტემა ფუნქციონირებს. ასევე განსაკუთრებული შემთხვევაა რუსეთი _ თუ დიდ ბრიტანეთში «ფორმალური მონარქიაა», რუსეთში ფორმალურია სწორედ რესპუბლიკური წყობა, სინამდვილეში კი პრეზიდენტს მონარქის უფლებამოსილება აქვს და იმ დონითვეა შეზღუდული კონსტიტუციით, როგორც ნიკოლოზ I 1905 წლის მანიფესტით.
        რას გვთავაზობენ საქართველოში? პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ქმნის იმ სისტემაზე, რომელიც მომავალი სახელმწიფოებრივი მოდელის საფუძვლად მოიაზრება: ეს არის დაახლოებით ისრაელის მოდელი, რომელიც გულისხმობს პარლამენტის «ერთმმართველობას» და მინისტრთა კაბინეტის უშუალო დაკომპლექტებას პარტიული წარმომადგენლობის შესაბამისად. შეიძლება იმ ნიუანსით, რომ პრეზიდენტს, რომელიც გარკვეულ ვითარებაში «ჩრდილში იმყოფება», კრიზისულ სიტუაციებში ეძლევა რადიკალური გადაწყვეტილებისა და «არბიტრის» ფუნქციის შესრულების უფლება. შესაძლოა, იგულისხმება აგრეთვე დამატებითი გარანტიები პრემიერ-მინისტრისათვის, რათა არჩევის (ან პარლამენტართა რიგებიდან დანიშვნის) შემდეგ იგი მეტისმეტად მერყევი ფიგურა არ იყოს და ადვილად არ შეიძლებოდეს მისი გადაყენება. ეს არის მოდელი, რასაც 1995 წლის კონსტიტუციის შემუშავებისას «რესპუბლიკელები» სთავაზობდნენ ქვეყანა.ს ამას ვერ მიაღწიეს, მაგრამ (საბედნიეროდ) ის კი მოახერხეს, რომ იმდროინდელმა პარლამენტმა (ფაქტობრივად დამფუძნებელმა კრებამ) «ამერიკული მოდელი» დააფუძნა კომპრომისის სახით.
        ამ მოდელის მთავარ ნაკლად მისი მეტისმეტი «სიხისტეა» მიჩნეული. მართლაც, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც იგი მოქმედებდა, საქმე მალე და ადვილად მივიდა სამოქალაქო ომამდე. მაგრამ ისევ და ისევ საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს ნაკლი კი არა, ღირსებაა! «გერმანული მოდელი» (ანუ საპარლამენტო რესპუბოლიკა) საქართველოში გამოიწვევს ხელისუფლების სრულ დამბლას, გაუთავებელ კინკლაობას, ქაოსს, მინისტრების ხშირ და პერმანენტულ ცვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს წინაშე ყოველთვის უნდა იდგეს სამოქალაქო ომის საფრთხე – სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა საერთოდ უმართავი გახდება. ქართულ პოლიტიკურ კლასს კი (ისევ და ისევ მისი თვისებრიობიდან გამომდინარე) უნდა გააჩნდეს მხოლოდ ერთი ალტერნატივა ან მშვიდობიანი, სტაბილური, კონსტრუქციული თანამშრომლობა, ან სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა! ამ ალტერნატივიდან არ შეიძლება მას ჰქონდეს არანაირი «გასაძრომი», თორემ თუ საქართველოში «გერმანული მოდელი» (მოქნილი სისტემა) დაფუძნდა, გარწმუნებთ, «პოლიტოკრატიის» ხუშტურის შესაბამისად, წელიწადში 9 მთავრობა შეიცვლება თავისი «ცხრა მთავრობის დარდიმანდებით». ხოლო «ჭრელი» პარლამენტი დაემსგავსება 1992 წლის შემოდგომის «კავკასიის ბირჟას», სადაც მუდმივი ყაყანი და გნიასი, შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა მხოლოდ თანამდებობისა და სხვადასხვა საქმეთა «გაიმასქნების» საფარველია. ნებისმიერ კანონს, კანონპროექტს, დადგენილებასა და განცხადებას კი კონკრეტული, მკაცრად განსაზღვრული და საბაზრო პრინციპებით გამომუშავებული ფასი აქვს. აი, ეს იქნება «გერმანული მოდელი» საქართველოში.
        სხვათა შორის, როდლესაც 1991 წელს, იმდროინდელ უზენაეს საბჭოში ოპოზიციის ნაწილი (მეორე ნაწილი არ ეთანხმებოდა, მაგრამ სდუმდა) კატეგორიულად მოითხოვდა «გერმანულ მოდელზე» გადასვლას, თანაც მაგალითად გერმანია და გერმანელი ერი მოჰყავდა, ზვიად გამსახურდიამ, მისი ოდიოზური პოლიტიკური არაკომპეტენტურობისა და ასევე ოდიოზური შეცდომების მიუხედავად, ამჯერად საკმაოდ გონივრული არგუმენტით უპასუხა: «...მეგობრებო, გერმანელების დარი ერი ვართ ჩვენ?!» გერმანელების და ებრაელების დარი კი არა, ჩვენსავით არაკონსოლიდირებული ერი და საზოგადოება დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება. დავაკვირდეთ რა ხდება თუნდაც დღევანდელ პოლიტიკურ სცენაზე: ათეულობით სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური კონცეფციის მომხრენი ცდილობენ თვითდამკვირდებას. თანაც, რაც ყველაზე საგულისხმოა – ყოველ მათგანს საზოგადოებაში თავისი მომხრეები და მიმდევრები ჰყავს. ეს არ არის ის შემთხვედვა, როდესაც საარჩევნო ბარიერს შეუძლია «უკიდურესობანი მოისხიპოს», შედეგად კი რჩება 2-3-4 ძირითადი დაჯგუფება. სინამდვილეში მთელი საზოგადოება ასეთი «უკიდურესობების მთლიანობაა» და ძალზე საეჭვოა, ისტორიულ პერსპექტივაში ამას რაიმე ეშველოს. დღევანდელი პარლამენტი ამ სამწუხარო რეალობის ზუსტი ასახვაა. მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებიც ამას გამოხატავს. ამიტომ საქართველოს, როგორც ჩანს, უკვე აღარ «უწერია» აირჩიოს დაუვიწყარი «პირველი პარლამენტისაგან» განსხვავებული საკანონმდებლო ორგანო, რომელიც პატარ-პატარა დაჯგუფებებისა და ჯუჯა პარტიებისგან შედგებოდა. უმრავლესობა ვეღარ იქნება ისეთი მყარი პოლიტიკა განსაზღვროს და წარმართოს კომპრომისების (მათ შორის პრინციპული კომპრომისების) და ვაჭრობის გარეშე.
        ახლა შევხედოთ იმავე პრობლემას სხვა კუთხით. დავუბრუნდეთ ისევ 9-10 წლის წინანდელ დისკუსიებს. ალბათ გახსოვთ სულელური დილემა: «ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია?» თავისთავად კითხვის ასეთი დასმაც კი უაზრობაა, ვინაიდან დამოუკიდებლობაში უეჭველად «სახელმწიფოებრიობა» იგულისხმება, ხოლო «დემოკრატია» და «სახელმწიფოებრიობა» ერთი და იგივეა, მაგრამ საქმე ის არის, რომ დისკუსიის მონაწილე ორივე მხარე ამ დილემაში სხვა შინაარსს დებდა: ჯერ ავაშენოთ სახელმწიფო, თუ ჯერ ვიზრუნოთ მის დემოკრატიულობაზე? კითხვის ასეთი ფორმით დასმა კი ნამდვილოად ადასტურებს თანმმიდევრულობისა და რიგითობის აუცილებლობას. ამ აზრით, თუ სახელმწიფო არ გაქვს, რომელ დემოკრატიაზე იზრუნებ? რასაკვირველია, ჯერ სახელმწიფო უნდა გქონდეს, რათა მის შინაარსზე მსჯელობა ასბურდული და აბსტრაქტული დისკუსია არ იყოს.
        ერთი შეხედვით მოულოდნელია კითხვა: არსებობს დღეს ქართული სახელმწიფო? რა თქმა უნ და, არსებობს, მაგრამ «შედგა» თუ არა იგი და რამდენად მდგრად სისტემას წარმოადგენს? ქართველი «პროვინციელი დემოკრატები» სწორედ ამას არ ითვალისწინებდნენ და ისე მსჯელობდნენ «მოდელებზე», თითქოს ქართული სახელმწიფო (როგორც ასეთი) უკვე შედგა და მისი მდგრადობის საკითხზიც სამუდამოდ გადაწყვეტილია. არად,ა ასე არ არის! საქართველო რეალურად დღესაც გარდამავალ პერიოდში იმყოფება და იმდენად რთული სისტემური პრობლემები აქვს, საეჭვოა, ეს პერიოდი 2005, ან თუნდაც, 2010 წელს დასრულდეს. გარდა ამისა, საქართველოს ახასიათებს ზოგიერთი სისტემური თავისებურება, რომელიც 100-200 წლის შემდეგაც არ შეიცვლება და XXIII საუკუნეშიც აქტუალური ქნება. ეს უკვე ნაკლი კი არ არის, არამედ «თვისება» და «თავისებურებაა».
        ერთ-ერთი ასეთი თვისება გახლავთ ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება. ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომელთაც ჩვენ «ეროვნულ უმცირესობებს» ვუწოდებთ და რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებულნი, არამედ თვით ქართველობის ეთნიკურ მრავალფეროვნებას. ეს ისეთი თავისებურებაა, რასაც (რომც არ მოგვწონდეს) უკვე აღარაფერი ეშველება, რაკი გ ანვლილი «სამი ათასი წლის» განმალვობაში არ ეშველა. ასეთ პირობებში «საპარლამენტო რესპუბლიკა» საქართველოში აუცილებლად, აუცილოებლად გამოიწვევს არა მხოლდ სეპარატისტული, არამედ (რაც არანაკლებ საშიშია) პარტიკულარისტულიო ტენდენციების გაძლიერებას. სეპარატიზმსა და პარტიკულარიზმს შორის კი, «ჩინეთის კედელი» სულაც არ არსებობს. თვისებრივად პარტიკულარიზმი (ვგულისხმობ ტერიტორიულ და რეგიონულ პარტიკულარიზმს) იგივე სეპარატიზმია, ოღონდ შენიღბული და ევოლუციურად განხორციელებულიო. ასეთ პირობებში ერთადერთი შანსი (მხოლოდ შანსი და არა გარანტია(, ასე თუ ისე, ქვეყნისთ მთლიანობის შენარჩუნებისა, არის ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა. პარლამენტი ამის გარანტიად ვერ იქცევა, ვინაიდან, უეჭველად მოექცევა რეგიონულ ელიტათა გავლენის ქვეშ. მიაქციეთ ყრუადღება: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიაც კი იძულებული გახდა გამოეყო პარტიულ სიაში სათანადო კვოტები რეგიონებისათვის. აქ სწორედ «პარტიულ სიებზე», ანუ, ეგრეთ ოწდებულ, «საერთოეროვნულ სიაზე» გვაქვს საეუბარი. მაშასადამე, არჩევნები მხოლდ პროპორციული სისტემითაც რომ ჩატარდეს, ამით არაფერი შეიცვლება. პარტიები ყოველთვის იძულებულნი იქნებიან საქართველოს ეს თავისებურება გაითვალისწინონ საარჩევნო სიის შედგენისას. ვინც გ აითვალიოსწინებს, ის მოიგებს, ვინც არ გაითვალისწინებს, წააგებს. თანაც, დროთა განმავლობაში (ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან ერთად) ეს ტენდენცია არათუ შესუსტდება, არამედ პირიქით, გაძლიერდება. შეადარეთ ამ თვალსაზრისით დღევანდელი პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტს და დარმწუნდებით.
        არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობას: ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვისებაა სოციალურ მიმართებათა განუივთარებლობა. ეს თვისება 1989-1993 წლების (არ შემშლია, სწორედ 1989 – ავტ.) სამოქალაქო ომის უმთავრესი მიზეზი გახდა. ანუ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ნორმალური ურთიერთობა, თუ უტრირებულად ვიტყვით, ერსა და ელიტას» ან «ხალხსა და ისტებლიშმენტს», იგვიე «პლებსა და არისტოკრატიას» შორის. ეს იმდენად რთული საკითხია, ამ თემის გაშლას საგაზეთო ართი არ ეყოფა, მაგრამ ძალიან მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში «საპარლამენტო რესპუბლიკის» დაფუძნება გამოიწვევს «სახელმწიფოსა და საზოგადოებას», «ხელისუფლებასა და მოსახლეობას» შორის გაუცხოების ხარისხის კიდევ ურფო ზრდას. არსებული ნაპრალი კიდევ უფრო გაფართოვდება, ვინაიდან მოსახლეობა (მისი ერთ-ერთი პერიოდული «მდგომარეობა», რასაც «ელექტორატი» ეწოდება) დაკარგავს ისტებლიშმენტზე ზემოქმედების ყოველგვარ საშუალებას. ისტებლიშმენტი, ეგრეთ წოდებული, «პოლიტიკური ელიტის» მეშვეობით იზრუნებს უპირველესად საკუთარ ინტერესებზე და კიდევ უფრო შეუსუსტდება პასუხისმგებლობა მთელი სოციუმის მიმართ. მით უმეტეს, რომ ქართული ისტებლიშმენტი «ინტელიგენციისა» და მისი შემოქმედების პროდუქციის – პოლიტიკური ელიტის» ჩათვლით( განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არასდროს გამოირჩეოდა.
        მცირე «გადახვევის» სახით. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება 1992 წლის 4 იანვრის შეკრება საზოგადოება «ცოდნის» დარბაზში (დღეს იმ შენობაში რესტორანი «ევროპაა»). იმ შეკრებას ესწარებოდა თითქმის ყველა, ვინც კი 1988 წლიდან საკუთარ თავს «პოლიტიკოსს» უწოდებს. გარეთ სროლა გრძელდებოდა, საზარელი, ენით აუწერელი ეროვნული ტრაგედიის კალო ტრიალებდა, დარბაზში კი ისეთი ჟრიამული იყო (ანეკდოტების მოყოლა, სიცილი, ოხუნჯობა, უდარდელი კალამბურები და ასე შემდეგ) თითქოს კლასელები შეკრებილიყვნენ კომკავშირის კრებაზე.
        ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის, ეგრეთ წოდებული, «უშუალო დემოკრატიის» ერთ-ერთი ისტრუმენტი, რომლის მეშვოებითაც მოსახლეობას ძალუძს ზეგავლენა მოახდინოს ისტებლიშმენტზე. რა თქმა უნდა, აქ უკუმიმართებაც არსებობს, ანუ ისტებლიშმენტსაც უნდა ჰქონდეს საშუალება განახორციელოს მიზანშეწონილი (ქვეყნის ინტერესების შესაბამისი) პოლიტიკა, მაგრამ აქ ბალანსის დასაცავად «საპრეზიედნტო მოდელი» უფრო ქმედითია, ხოლო «საპარლამენტო რესპუბლიკა» საქართველოში ამ, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელ და არამდგრად წონასწორობას კვლავ დაარღვევს.
        ზემოთქმულიოს გათვალისწინებით, ჩემი აზრით, საქართველოსთვის «დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგული მოდელი» ყველაზე ოპტიმალურია, მაგრამ რაკი ეს ვერ მოხერხდა და ვერ ხერხდება, «ამერიკული სისტემა» შეიძლება ჩაითვალოს ეჭვშეუტანელ კომპრომისად და «უკანასკნელ ზღუდედ», რომელიც, ასე თუ ისე, იცავს ქართული სახელმიწფოს შენარჩუნების გარანტიებს: აღმასრუბებელი და საკანონმდებლო ხელიოსუფლება მკვეთრად ემიჯნება ერთმანეთს, ხოლო «შეკავება-გაწონასწორების» მექანიზმები სტაბილური განვითარების გარანტიებს ქმნის.
        ამ სისტემაში პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის პაექრობა (არა კონფრონტაცია( არის აბსოლუტურად გარდაუვალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია შეადგენს, მაგრამ ამაში საშიში არაფერია – სისტემა ქმნის აგრეთვე ფართო ასპარეზს ტაქტიკური მანევრისა და კომპრომისისათვის.
        და ბოლოს, ყველა სხვა არგუმენტი რომც არ არსებობდეს, საქართველოს საეხელმწიფოებრივი სტრუქტურების შესანარჩუნებლად აუცილებელია მდგრადი და სტაბილური «თამაშის წესები». იგივე კონსტიტუციური სტაბილურობა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს წესები ყველას მოსწონდეს. მთავარია, ყველა აღიარებდეს მათი დაცვის აუცილებლობას.

დილის გაზეთი, 6 ნოემბერი, 2000 წელი