ასლან აბაშიძე აჭარის საზღვრებს თვითონ დაიცავს     ანუ მადა ჭამაში მოდის

ასლან აბაშიძე აჭარის საზღვრებს თვითონ დაიცავს     ანუ მადა ჭამაში მოდის

  

    ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც საქართველოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელმა პირველად გამოთქვა პრეტენზია საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო აკვატორიის «დამოუკიდებლად» დაცვის თაობაზე, ერთ-ერთი რუსული გაზეთი წერდა, რომ ამ პრეტენზიის გამო «გათავხედებულ საქართველოს» დამატებითი პრობლემები შეექმნება არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ აჭარაშიც. ალბათ, აჭარას უფრო გულისხმობდნენ, ვინაიდან აქ ჩვენი ქვეყანა უშუალოდ ესაზღვრება თურქეთს. «წინასწარმეტყველება» საოცარი სიზუსტით ახდა.
    სულ ახლახანს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ასლან აბაშიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია აჭარის გარე საზღვრების დაცვისას ექსტერიტორიალობის პრინციპი, ანუ «საზღვრების დასაცავად საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჯარისკაცების ჩამოყვანა უნდობლობის გამოხატულებაა და შეურაცხმყოფელია აჭარისთვის».
    ასლან აბაშიძე თვლის, რომ თვით აჭარაში საკმარისი რაოდენობით მომზადდა მესაზღვრეები (იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეები, ვინც წვრთნა გაიარეს რუსეთის სასაზღვრო ჯარებში). ისინი პროფესიონალიზმით აღემატებიან დანარჩენი საქართველოს მესაზღვრეებს. ამდენად, მათ სავსებით შეუძლიათ «თვითონ დაიცვან» სახმელეთო და საზღვაო საზღვარი.
    იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს განცხადება ცენტრთან ძალიან სერიოზული დაპირისპირების მაუწყებელია. თუ აჭარაში «კარგი მესაზღვრეების» მომზადება შეძლეს რუსეთის სასაზღვრო ჯარებში (არ არის გამორიცხული, მართლაც ასე იყოს - დ.ც.), მაშინ რატომ უნდა იმსახურონ მათ მაინცდამაინც აჭარის ტერიტორიაზე და არ დაიცვან საქართველო-თურქეთის საზღვარი, ვთქვათ, ახალციხესთან ან ახალქალაქთან? მეორე მხრივ, კი ბატონო, ვთქვათ «დანარჩენი საქართველოს» მესაზღვრეები პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით აჭარელ მესაზღვრეებს ჩამორჩებიან, მაგრამ რატომ არ შეიძლება მათაც იმსახურონ საქართველო-თურქეთის საზღვრის აჭარის მონაკვეთზე?
    მაგრამ ასლან აბაშიძეს პასუხი მზად აქვს: «ჩვენ საუკუნეთა მანძილზე ვიცავდით ამ საზღვარს და კვლავ დავიცავთ.»
    ეს არის წმინდა წყლის ფეოდალური აზროვნების ნიმუში. რა თქმა უნდა, აჭარელი ქართველები ამ საზღვარს საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და ამას კარგადაც ახერხებდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს, XX საუკუნის მიწურულს, როდესაც საქართველო თანამედროვე, დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს, უნდა დაირღვეს ასეთი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი - ექსტერიტორიალობა ძალისმიერი სტრუქტურების დაკომპლექტებისას.
    ეს პრინციპი არათუ ავტონომიის, არამედ ფედერაციის სუბიექტის მიმართაც ყოველთვის მოქმედებს. ფედერაციულ სახელმწიფოში კი, ფედერაციის სუბიექტს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა გაწვევა მაინცდამიანც ამ სუბიექტში დისლოცირებულ შეიარაღებულ ძალთა ან სასაზღვრო ჯართა შემადგენლობაში;
    მაგრამ ასლან აბაშიძე კიდევ უფრო შორს მიდის: თუ «ექსტერიტორიალობის» პრინციპი დაირღვა და ცენტრი იძულებული გახდა დაეთანხმოს მის მოთხოვნებს (არადა, რომ არ დაეთანხმოს, ვერც ვერაფერს იღონებს), მაშინ ურთიერთობა საქართველოს და აჭარას შორის უკვე კონფედერაციის ხასიათს იძენს, ვინაიდან სავსებით ცხადია: ის სასაზღვრო ჯარები სწორედ ბათუმს დაექვემდებარებიან, ხოლო თბილისიდან მიღებულ ბრძანებას აინუშშიც არ ჩააგდებენ.
    ეს უკვე მართლა მეტისმეტია! ეს პარტიკულარიზმიც აღარ არის - გაცილებით უარესია! ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფოს ერთმევა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქცია: დაიცვას, გააკონტროლოს გარე საზღვრები. თვით ყველაზე ფართო უფლებამოსილებისა და ნაკლები ცენტრალიზაციის მქონე ფედერაციულ სახელმწიფოშიც კი, გარე საზღვრების დაცვა ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ფედერაციის სუბიექტს ამ პრეროგატივას ახლოსაც არ გააკარებენ. ასლან აბაშიძე კი, ფაქტობრივად, ამ პრიორიტეტის მისთვის დათმობას მოითხოვს ან (საუკეთესო შემთხვევაში) ერთობლივ კომპეტენციაში მის გადაცემას, რაც აგრეთვე მიუღებელია;
    თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს ერთიანი (თუნდაც ფედერაციული) სახელმწიფო და არა რაღაც ამორფული გაერთიანება, რომელსაც სახელმწიფოებრიობის ძირითადი თვისებებიც არ ექნება, ამ საკითხში რაიმე დათმობაზე წასვლა (ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან) ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სტაბილურობისა და ოფიციალურ ბათუმთან კომპრომისის ძიებაში ხელისუფლებამ დათმო ყველაზე მთავარი - სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა.
    «ტერიტორიული მთლიანობა» გეოგრაფიული ფენომენი არ არის - იგი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ტერმინია. თუ ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი «მაგრამ»-ის გარეშე არ აკონტროლებს გარე საზღვრებს და ამ საკითხში რეგიონი ერევა - ის ქვეყანა ტერიტორიულად მთლიანი აღარ არის.
    აი, სადამდე მივიდა საქმე! ჯერ საბაჟო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ დამატებითი ღირებულების დიდი ნაწილი, ახლა ისევ და ისევ «წილი», ოღონდ საზღვრების დაცვაში, რაც უეჭველად იქცევა «სრულ წილად» რეალობის გათვალისწინებით.
    ძნელი შესამჩნევი არ არის, ყოველივე ეს აჭარაში რა ტენდენციის გაძლიერებასა და განვითარებაზე მიუთითებს ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობლის გულის გასახარად.

მერიდიანი, 19 ივნისი, 1998 წ.