ვინ დაკარგა აფხაზეთი?

ვინ დაკარგა აფხაზეთი?

        14 ავგისტოს შესრულდა ზუსტად 8 წელი იმ დღიდან, რაც, ჩვენი «ეროვნული მოძრაობის» ერთ-ერთი (მრავალთაგან) ლიდერის ხატოვანი განსაზღვრებით, გვარდია «სულ რიხინ-რიხინით» შევიდა აფხაზეთში.
        საბედისწერო «ზარის» შემოკვრა იმ დღეს ბევრმა იგრძნო. და ბევრი ხვდებოდა, რომ, მით უმეტეს იმ ატმოსფეროში, რაც იმ დროს ქვეყანაში სუფევდა, საქართველო ამ ომის მომგები არ იყო. ხვდებოდნენ ამას ხელისუფლებაშიც, თუმცა, მაინც უადგილოა კითხვა: «აბა რაღას იწყებდნენ?» - შესანიშნავი რუსი სამხერდო ისტორიკოსი ვიქტიორ სუვოროვი წერს, რომ ომს ხშირად იწყებენ სრულიად უიმედო ვითარებაში, ვინაიდან სხვა გზა არ არის.
        ომი აფხაზეთში იყო აბსოლუტურად გარდაუვალი «იმ ვითარებაშიც», და ნებისმიერ «სხვა ვითარებაშიც», რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შეიქმნა ან შეიქმნებოდა.
        უდავოა ფორმულა, რომ «ამ ომის თავიდან აცილება დამოუკიდებელ საქართველოს შეეძლო მხოლოდ ერთი პირობით: თუ უდრტვინველად შეურიგდებოდა იმას, რომ აფხაზეთი არ არის (აღარ არის) საქართველო. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს ომი იყო აბსოლუტურად გარდაუვალი - განურჩევლად იმისა, ძალთა რა განლაგება ან რა სიტუაცია იქნებოდა თბილისში».
        ოღონდ, აქვე უნდა ერთმანეთისაგან განვასხვავოთ «ომი» და «კონფლიქტი». ისევე, როგორც კარგად უნდა გავიაზროთ, რას ვგულისხმობთ «აფხაზეთის დაკარგვაში» ან იმაში, რომ «აფხაზეთი ჩვენი იყო და დავკარგეთ».
        ჯერ პირველი ორი ცნების შესახებ: კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს და აუცილებლად არ გულისხმობს ომს, ანუ შეიარაღებულ დაპირისპირებასა და სისხლისღვრას. შეიძლება არსებობდეს კონფლიქტი, რომელიც ეფუძნება ინტერესთა კარდინალურ სხვაობა-დაპირისპირებას, მაგრამ იგი არ გადაიზარდოს ომში ან არ მიეცეს (არ მისცენ) საშუალება, ომში გადაიზარდოს.
        რასაკვირველია, შესანიშნავად მესმის, რომ «ომი» ამ კონტექსტში, ზოგადად, იგივე «კონფლიქტია», მისი გამოხატულებაა, მაგრამ ვინაიდან კონფლიქტის ორ ფაზას (უსისხლო და სისხლიან კონფლიქტს შორის) არის მკაფიო ზღვარი მაშტაბური სისხლისღვრის სახით, ამიტომ, თქვენის ნებართვით, პატივცემულო მკითხველო, კონფლიქტის ამ ორ ფაზას ერთმანეთისაგან განსვასხვავებ და პირობითად პირველს ვუწოდებ საკუთრივ «კონფლიქტს», ხოლო მეორეს (ასევე პირობითად) «ომს».
        ამგვარი განმარტებით, ალბათ, უფრო გასაგები ხდება, თუ რა იგულისხმება დებულებაში: «კონფლიქტი» ყოველთვის არ ნიშნავს «ომს».
        აფხაზეთის შემთხვევაში კი: «კონფლიქტი აფხაზეთში დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში აუცილებლად გადაიზრდებოდა ომში», ვინაიდან, ისევ და ისევ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ნებისმიერი ხელისუფლება უეჭველად შეეცდებოდა (თუ არ მოინდომებდა, საზოგადოება აიძულებდა), გადაეწყვიტა კონფლიქტი ძალის მეშვოებით.
        «აუცილებლად შეეცდებოდა» იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ომს ვერ მოიგებდა, ვინაიდან ამ ომის მოგება ობიექტურად შეუძლებელი იყო. კვლავ ვუბრუნდები ვიქტორ სუვოროვს, რომელმაც ეს დებულება არაერთგზის დაასაბუთა თავის უბრწყინვალეს (თუმცა კი «პოპულარულ») გამოკვლევებში მეორე მსოფლიო ომის შესახებ.
        ამრიგად, კონფლიქტი აფხაზეთში, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები და მიზანმიმართულად ღვივდებოდა დაახლოებით 80-90-წლის განმავლობაში (არ დაიჯეროთ ზღაპრები, თითქოს აფხაზეთში აფსუებსა და ქართველებს შორის «ინტერესთა კონფლიქტის» არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობდა, ხოლო დაპირისპირება მხოლოდ «იმპერიის» ან «მოდერნიზებული იმპერიის» გაღვივებულია) ეფუძნებოდა ობიექტურ საფუძველს. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით (ვინაიდან ამ თემაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს), ეს საფუძველი იყო არა მხოლოდ «ეთნიკური იდენტიფიკაციის», არამედ «ეთნოგრაფიული საკუთრების» პრობლემა. თანაც, პირველი ამ შემთხვევაში მეორედან გამომდინარეობდა, ანუ სწორედ მეორე იყო მიზეზი, ხოლო პირველი – შედეგი და გამოხატულება მიზეზისა.
        ეს კონფლიქტი იარსებებდა ყველა გარემო ვითარებაში იმ პირობით, თუ იარსებებდა ის დემოგრაფიული რეალობა, რაც ისტორიულად ჩამოყალიბდა აფხაზეთში. არ ვაზუსტებ, როდის ჩამოყალიბდა, რადგან ისტორიოგრაფიულ დისკუსიებში ჩართვა წინამდებარე წერილის ფუნქცია არ არის, იმას კი ვიტყვი, რომ სრული უაზრობაა მტკიცება, თითქოს აშხაცავა უფრო მეტად იცავდა «ისტორიზმის» პრინციპებს თავის «შრომებში», ვიდრე პავლე ინგოროყვა, ან პირიქით.
        მაშასადამე, არსებობდა კონფლიქტი, იგი ემყარებოდა (მოგვწონს თუ არა) სავსებით ობიექტურ საფუძველს (გარეშე ფაქტორები მას მხოლოდ «აღვივებდნენ»), მაგრამ ეს კონფლიქტი შეიძლებოდა გადაზრდილიყო ან არ გადაზრდილიყო მეორე ფაზაში, ანუ ომში.
        არაერთგზის მითქვამ,ს რომ, ჩემი ღრმა რწმენით, კონფლიოქტი ძალიან მწვავე, შესაძლოა, არასაომარ ფორმებში იარსებებდა მაშინაც კი, თუ საქართველო დარჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, არ იქნებოდა არანაირი «ეროვნული მოძრაობა», შენარჩუნდებოდა საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი სახელმწიფოებრივი სუბიექტი, ვინაიდან კონფლიქტის ერთ-ერთი მხარისთვის (კერძოდ, აფსუა სეპარატისტებისთვის) არსებული ვითარება, არსებული დემოგრაფიული სტატუს-კვო და საკუთარი დამოკიდებულება ხსენებული «ეთნოგრაფიული საკუთრების» პრობლემისადმი კატეგორიულად მოუთმენელი და მიუღებელი იყო, რა მრავალგზის გამოვლინდა (სხვადასხვა საბაბით) 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში.
        ამიტომ აფსუა სეპარატისტები, უპირველესად მათი ელიტა (ისტებლიშმენტი, რომელსაც, სხვათა შორის, განათლება მოსკოვის უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული და მაღალი ინტელექტუალური დონით გამოირჩეოდა), აუცილებლად შეეცდებოდნენ «ეთნოგრაფიული საკუთრების» პრობლემა გადაეწყვიტათ თუნდაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, თუნდაც დემოგრაფიული ბალანსის შეუცვლელად - «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი გათანაბრების» უძლიერესი და ქმედითი არგუმენტის, აგრეთვე, თანამდევი სახელმწიფოებრივი კონცეფციის გამოყენებით.
        ეს კონცეფცია, მთლიანობაში, სახელმწიფოს მოდერნიზაციის გორბაჩოვისეული გეგმის ნაწილი გახდა. არა აქვს მნიშვნელობა, იგი გორბაჩოვმა თავად შექმნა თუ აიტაკაც ავტონომიების ნაციონალურ ელიტათა იდეა – ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, რათა «მოკავშირე რესპუბლიკები» შიგნიდან «აეფეთქებინა» და «ცენტრი» გაეძლიერებინა.
        მთავარია შედეგი: საქართველო ამ კონცეფციას ვერაფერს დაუპირისპირებდა.
        სხვა საკითხია, რომ გორბაჩოვს, მისდა უნებურად, საკუთარი ინტერესებისა და ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების პრინციპიდან გამომდინარე, ამ კონცეფციის «ატაცებით» ან ინიცირებით იდიოტური შეცდომა მოუვიდა – მან თავად შეარყია ამით საფუძველი, რომელსაც გრანდიოზული იმპერია ემყარებოდა.
        საქმე ის არის, რომ ჩვენმა «ულვაშ-ჩიბუხიანმა» თანამემამულემ, როდესაც ამ კოლოსალურ «სახელმწიფო-გალაქტიკას» ქმნიდა, იგი დააფუძნა, როგორც «რთული სისტემა» და მოიქცა სავსებით მიზანშეწონილად. ყოველგვარი ყალბი «ურა» თუ «ფსევდო» პატრიოტიზმის გარეშე. უნდა ითქვას, რომ ჩვენებურ «ულვაშასთან» შედარებით (ყოველ შემთხვევაში, ძარღვებში იგივე სისხლი უჩქეფდა, რაც მე და უმრავლეს თქვენგანს), ღრმად პატივცემული მიხეილ გორბაჩოვი, სწორედ ჭკუითა და მოვლენათა ჭვრეტის უნარით, ნამდვილი ისტორიული ტაკიმასხარაა და ასეთად დარჩება სამარადჟამოდ, განურჩევლად კონიუნქტურისა.
        როდესაც იოსებ სტალინი 1931 წელს იღებდა გადაწყვეტილებას აფხაზეთის სსრ-ს აფხაზეთის ასსრ-დ გადაკეთებისა და საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით უშუალოდ შეყვანის შესახებ, იგი, რა თქმა უნდა, არ მოქმედებდა «საქართველოს სიყვარულით», როგორც ზოგიერთი თაღლითი აფსუა ისტორიკოსი ამტკიცებს, არძინბა-შამბათა «თამადობით». ასევე, «აზერბაიჯანის სიყვარული» არ ამოძრავებდა, როდესაც ყარაბაღი შეჰყავდა აზერბაიჯანის შემაედგენლობაში და ამით «კავკასიელ თურქთა» საბჭოთა რესპუბლიკაში შეყოვნებული მოქმედების ნაღმს დებდა. ასეთი მაგალითების მოყვანა დიდხანს შეიძლება, მაგრამ ყველა შემთხვევაში «დიდი ულვაშა» ქმნიდა «რთულ სისტემებს» - «მცირე სისტემათაგან», რათა იმ შემთხვევაში, თუ «რთული სისტემები» მოინდომებდნენ თავიანთი სტატუსის შეცვლას (მაგალითად, ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობიდან გასვლას), ამოქმედებულიყო «შეყოვნებული მოქმედების ნაღმები» (იგივე «ქვესისტემები») და ძირითადი სისტემები დაენგრიათ, მათი სოციალური სტრუქტურის დესტაბილიზაციის მეთოდით. «სოციალური სტრუქტურის» დესტაბილიზაციაში ვგულისხმობ ნაციონალური ელიტის მიმართებას საკუთარ სოციუმთან.
        სხვათა შორის, გავრცელებული სულელური აზრის მიუხედავად, «ნაციონალური ელიტები» სწორედ სტალინმა შეუქმნა, შეუნარჩუნა ან შეუკოწიწა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველა საბჭოურ ერს, დაწყებული «ჩუჩმეკ-ბაშკირებიდან» დამთავრებული ყირგიზებითა და უკრაინელებით. სტალინს რომ «ნაციონალურ ელიტათა» განადგურება და ძირფესვიანად მოთხრა სდომოდა, ამას ათჯერ მოახერხებდა. თანაც ისე, რომ სათესლე ნიადაგსაც აღარ დაუტოვებდა, მაგრამ მას საპირისპირო სჭირდებოდა ხსენებული მიზნით, რათა «ნაციონალურ ინტერესთა თანხვედრის» ბადე მოექსოვა საბჭოთა კავშირის უკიდეგანო სივრცეზე, შეექმნა ამ ინტერესთა «ბალანსის», «შეკავება-შეწონასაწორება-წინაღმდეგობის» ზერთული სისტემა და ამ სისტემაზე დაეფუძნებინა თავისი იმპერია: მათ შორის «დიდი და «ქვემდებარე» სისტემებით - «რუსულიო მატროკშას» პრინციპით.
        მიხეილ გორბაჩოვი კი მდენად უჭკუო აღმოჩნდა, რომ იმპერიის მოდერნიზაციის პროცესში (მისი «დემოკრატიზაციის ფორმით, რაც სავსებით გამართლებული იყო) არ დასჯერდა «ზერთულ სისტემაში» ელემენტარული ნაწილაკის, ანუ პიროვნების გათავისუფლების იდეას (რათა ამ პიროვნებას «აეთვისებინა» ეს სივრცე – შეეკავშირებინა იგი «ასეულობით მილიონი ადამიანური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ძაფით» - როგორც გშორბაჩოვს უყვარდა თქმა), არამედ ხელი ახლო სტალინური სახელმწიფოს საფუძველთა-საფუძველს: ნაციონალურ ელიტათა ინტერესების ბალანსს და (ვიმეორებ) ან თვითონ მოახდინა ინიციირება, ან აქტიურად დაუჭირა მხარი «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბიოკათა გათანაბრების იდეას». ამით თვითონ ააფეთქა «შეყოვნებული მოქმედების ნაღმები», რომელთაც «შემაკავებელი ფუნქცია» ჰქონდა – ეს გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის უმთავრესი მიზეზი, თორემ «ქართული ეროვუნლი მოძრაობა» მას რას დააკლებდა?
        კალამი ისევ «შორს რომ არ აგგვექცეს», უმალვე დაევუბრუნდეთ ძირითად თემას: მაშასადამე, კონფლიქტი აფხაზეთში არსებობდა ობიექტურად, იმავდროულად, სტალინის «სუბიექტური გენიით» ასრულებდა «დიდ სისტემაში შემავალი ქვესისტემის» ფუნქციას და მიხეილ გორბაჩოვისეული «მოდერნიზაციის» პროცესში აუცილოებლად შეიძენდა ინერციას გამწვავებისაკენ. ისევე, როგორც ეს ინერცია შეიძინა მაგალითად, სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა, ოსურ-ინგუშურმა კონფლიქტმა და ათეულობით სხვა კონფლიქტმა იმპერიის სივრცეზე.
        სხვა საქმეა «ომი». აი, აქ კი, გარდა ობიექტური ფაქტორებისა, უკვე სუბიექტური ფაქტორებიც უნდა შემოვიტანოთ მსჯელობაში. იმას, თუ რამდენად გადაიზრდებოლდა ესა თუ ის კონფლიქტი ომში, უფრო მეტად სუბიექტური ფაქტორები განსაზღვრავდა. ამ ფაქტორთა ერთობლიობა, მაგალითად, განაპირობებდა იმ გარემოებას, რომ ყარაბაღის ომი ატყდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში: 1988 წლიდან დაწყებული,ს ომხები და აზერბაიჯაენელები ისე ჟლეტდნენ ერთმაენეთს, თითქოს უკვე დამოუკიდებელნი იყვნენ, თითქოს ჯერ კიდევ არ არსებობდა «ერთიანი სახელმწიფო». მიმდინარეობდა ნამდვილი სომხურ-აზერბაიჯანული ომი, ყველა თანამდევი ატრიბუტითა და ელემენტით: ლტოლვილებით, შეიარაღებულ ფორმირებათა ღია ბრძოლებით, მთავარსარდლებით, ქალაქებისა და სოფლების დაკარგვა, დაბრუნებით, დაბომბვებით, ფართომაშსტაბიანი ოპერაციებით, ტყვეებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        აი, ახლა კი, მიაქციეთ ყურადღება, პატივცემლუო მიკხთველო: 9 აპრილის შემდეგ, 1989 წლის ზაფხულში, აფხაზეთში პირველი სისხლი დაიღვარ,ა ანუ თითქოსდა კონფლიქტი ომში უნდა გადაზრდილიყო, მაგრამ მაშინ არ გადაიზარდა: აფსუებმა ვოვა ვეკუა «ლურსმენებიანი ხელკეტებით» აწამეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, ქართული სისხლი პირველად დააგემოვნეს, მაგრამ ეს «საომარი გამოვლენა» მაინც არ გადაიზარდა ომშიშ – მესამე, მეოთხე დღეს ყველაფერი გარეგნულად ჩაწყნარდა, კონფლიქტი კი პირველ (არასაომარ) ფაზას დაუბრუნდა. ომი არ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ, განსხვავებით ყარაბაღისაგან, აფხაზეთში მოქმედებდა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არ აძლევდა კონფლიქტს ომში გადაზრდის საშუალებას. ოღონდ ეს ფაქტორები მოქმედებდა მხოლოდ ერთიანი სახელმწიფოს არსებობის პირობით!
        ვიცი, რომ იმას, რასაც ვამბობ, ზოგიერთები «მკრეხელობად» ჩამითვლიან. საერთოდ მოძრაობას» ზოგიერთ ახალ იდეოლოგიად განიხილავდა (არადა, იგი არც ერთი თვალსაზრისით არ შეიძლებოდა ყოფილიყო იდეოლოგია) და კვლავაც განიხილავს, ამიტომ «მარქსისტულ-ლენინური» მოძღვრების «სიწმინდის გუშაგები» გააფთრებით ესხმიან თავს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს, «მოძრაობის» ფუნდამენტურ დებულებათა თაობაზე. თუმცა, არა უშავს, «დომინანტთა» ეს სისტემაც სულ მალე ხუხულასავით დაიშლება, ვინაიდან არანაირ რეალურ საფუძველს არ ემყარება (როგორც აღმოჩნდა) არც ერთი თვალსაზრისით.
        იმას მოგახსენებთ, რომ აფხაზეთში, კონფლიქტის ომში გადაზრდისთვის, აუცილებელი ყო სუბიექტურ ფაქტორთა მთელი რიგის არსებობა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ საქართველოს დამოუკიედბლობა და (როგორც თანამდევი ფაქტორი) რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესთა გარდაუვალი კონფლიქტი იყო.ძ ალიან მოკლედ ამ კონფლიქტის არსის შესახებ: სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, როგორი მეგობრულოი პოლიტიკაც უნდა გაატაროს მან რუსეთის მიმართ, ვინც უნდა იყოს მის სათავეში, სამუდამოდ რომ დააკანონოს რუსეთის სამხედრო ბაზები საკუთარ ტერიტორიაზე, ობიექტურად, ანუ თვით თავისი არსებობის ფაქტით შეუქმნის პრობლემებს რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ამ სახელმწიფოს (რუსეთის) მზის წნულია. ამიტომ, გამომდინარე საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან )და არა იმიტომ, რომ რუსეთი «ბოროტია», ხოლო ამერიკა - «კეთილი») კრემლი ყოველთვის შეეცდება, საქართველო იყოს მაქსიმალურად სუსტი, კონფლიქტებით მოცული, დაპირისპირებებით აღსავსე, დეგრადირებული და დაჩაჩანაკებული ქვეყანა, რაკი აღარ შეუძლია კვლავ შეიყვანოს საქართველო თავის სახელმწიფოებრივ სივრცეში, ანუ აღადგინოს «ზერთული სისტემა».
        აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკაში ფიზიკაზე ან მათემატიკაზე არანაკლებ ზუსტი ფუნქოციები მოქმედებს. არსებობს «გარდაუვალის» ცნება მათემატიკური აზრით: ორჯერ-ორი მხოლოდ ოთხი შეიძლება იყოს ისევე, როგორც სამჯერ-სამი – ცხრა. ან თუ ჭადრაკის ანალოგიას მოვიყვანთ, არსებობს «შავებისთვის» იმთავითვე წამგებიანი პოზიციები, როდესაც შამათი არც სამ სვლაში კეთდება და არც ათ სვლაში, მაგრამ კარგი მოჭადრაკე, რომელიც თეთრებით თამაშობს, ოცდამეხუთე-ოცდამეათე სვლაზე პოზიციას უეჭველად მიიყვანს შამათამდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგედ ასეთივე შესანიშნავი მოჭადრაკე ჰყავს, რომელიც «ერთადერთი სწორი» სვლებით პასუხობს.
        ვერანაირი «სწორი სვლები» შავებს ვერ უშველის, თუ საწყისი პოზიცია მათთვის იმთავითვე წამგებიანი იყო.
        ამიტომ (ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს), როდესაც ლაპარაკია რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის (ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძის) პასუხისმგებლობაზე აფხაზეთის ომისა და მისი შედეგებისთვის, ჯერ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად მიუძღვის ამ პოლიტიკოსს წვლილი იმ ვითარების (ანუ საწყისი პოზიციის) შემქნაში, რომელშიც დაიწყო «თამაში». დიახაც, თამაში შავებით. სხვაგვარი განსაზღვრება პოლიოტიკოსის პასუხისმგებლობისა არ არსებობს: ნებისმიერი პროცესის ბუნებრივი შედეგისთვის პოლიტიკოსი პასუხს აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი (საწყისი პოზიცია) მისი ინიირებული და შექმნილია. განსახილველ შემთხვევაში «საწყისი პოზიცია» იყო არა სამოქალაქო ომი საქართველოში, სამეგრელოში არსებული პრობლემები, არამედ (ვიმეორებ) «დამოუკიდებელ საქართველოსა» და რუსეთს შორის სახელმწიფოებრივ ინტერესთა კონფლიქტის არსებობა. ეს კონფლიქტი იარსებებდა ნებისმიერ შემთხვევაში (მაშინაც კი, თუ ქართველები თურქმენებივით «ცენტრალური ტელევიზიის» გადაცემებიდან შეიტყობდნენ საკუთარი დამოუკიდებლობის ამბავს). ასევე ნებისმიერ შემთხვევაში (ამ პირობით) იგი გადაიზრდებოდა ომში და დასრულდებოდა შამათით – ძალთა რეალური განლაგება თავისას იზამდა.
        მაგრამ აქ კიდევ ერთი დეფინიციის შემოტანა უნდა ვცადო: ჭადრაკისაგან განსხვავებით, პოლიტიკურ (საომარ) დამარცხებას მრავალვარიანტულობა ახასიათებს. ხშირად ჭადრაკი მთავრდება ულაპარაკო შამათით და (სურვილის შემთხვევაში) იწყება ახალი პარტია, ან ფიგურები დაფაში იყრება. პოლიტიკაში კი ყოველივე ბევრად რთულად არის. ოღონდ დისკუსიას აზრი აქვს მხოლოდ საწყის პოზიციათა შეთანხმების პირობით: აფხაზეთიდან ლტოლვილები ტყუილად ცდილობენ, თავიანთი უბედურების ათვლა დაიწყონ 1991 წლის 22 დეკემბრიდან, მით უმეტეს, 1992 წლის 14 აგვისტოდან. სინამდვილეში «საწყისი პოზიცია» უფრო ადრე ყალიბდებოდა. მე დავასახელებდი 1989 წლის 9 აპრილს (ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!»), ან 1988 წლის 23-29 ნოემბერს. კიდევ უფრო შორეულ წარსულსაც შეგახსენებდით: 1979 წელს უნივერსიტეტში «კომკავშირელი აქტივისტისა» და «ეროვნულად განწყობილი» სტუდენტის კამათ შევესწარი. «ეროვნულად განწყობილიო სტუდენტი», რომელსაც სინამდვილეში თავისი სოციალური სტატუსი აწუხებდა («უჯინსო» იყო და ვაკელი გოგონა უიმედოდ უყვარდა) - «კომკავშირელ აქტივისტს» გააფთრებით ადანაშაულებდა, რომ «აფხაზეთში ანტიქართული გამოსვლები იმპერიის მოწყობილია, რომელსაც თქვენისთანა ლაქიები ემსხაურებიან. ხომ ხედავთ, იმპერიამ ისევ დაამთვია სეპარატისტთა გამოსვლები შარშანდელ გამოსვლებს ქართულიო ენის დასაცავად». იგულისხმებოდა 1978 წლიოს 14 აპრილის გამოსვლები ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად. ეს აქცია ერთმნიშვნელოვნად დადებითად არის შეფასებული. მით უმეტე,ს რომ მან შედეგს მიაღწია.
        თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ დისკუსიას «უჯინსო» სტუდენტსა და «კომკავშირელ აქტივისტს» შორის. ამ უკანასკნელმა კარგა ხანს უსმინა, შემდეგ მშვიდად სთხოვა: ნუ მლანძღავ, მე არც შენთვის, არც აფხაზეთისთვის არაფერი დამიშავებიაო და საოცარი, დიახ, საოცარი რამ თქვა, რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციე (რაკი «კომკავშირელი აქტივისტები» ჭირის დღესავით მძულდა), მაგრამ დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო: «რუსეთმა კი არ დაამთხვია აფხაზების გამოსვლები საქართველოში ჩატარებულ აქციებს, არამედ პირიქით – აფხაზებმა დაამთხვიეს თავისი ანტიქართული გამოსვლები იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი გაღიზიანებული იყო ჩვენი აქციებით მის წინააღმდეგ». მკითხველს ვთხოვ, ნუ გაღიზიანდება და ნუ შესძახებს: «რას მიედ-მოედები, ეს ხომ ერთი და იგივეაო». არ არის, ბატონებო, იგივე! არ არის!!! დიახ, არ არის თუნდაც «ქვემდებარე სისტემათა» იმ სტალინური კონცეფციის გათვალისწინებით, რის თაობაზეც ზემოთ მოგახსენეთ (1979 წელს აფხაზეთში «ანტიქართულ გამოსვლათა» არაფორმალური ლიდერები იყვნენ ნაკლებადცნობილი ისტორიკოსი, ვინმე სერგეი შამბა და გარკვეულ წრეებში ოდნავ უკეთ ცნობილი ისტორიკოსი ხეთოლოგი, ვინმე ვლადისლავ არძინბა, რომელსაც მოსკოვში ევგენი პრიმაკოვმა არ დააცვევინა სადოქტორო დისერტაცია (ქართველი მეგობრები არ გავანაწყენოო), სამაგიეროდ, თბილისში დაიცვა! თანაც, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ არძინბას სადოქტრორო დისერტაციამდე (როლმის დესერტაციაზე თვითონ არ მივიდა) საქართველოს იმდროინდელ ცკ-ს პირველ მდივანს დაებარებინა «ვინც ჯერ არს» და მაგიდაზე მუშტები ებრახუნებინა: არძინბას აუცილებლად დააცვევინეთ დისერტაცია, «შავის ჩაგდება» არ გაბედოთ, თორემ... დიახ, ძალიან მეპარება ამაში ეჭვი, თუმცა ესეც სხვა თემაა).
        აფხაზეთთან დაკავშირებით ამჟამინდელი განწყობის საფუძველი არის შემდეგი ფსიქოლოგიური განცდა: «გვქონდა და აღარა გვაქვს, იყო ჩვენი და აღარ არის ჩვენი». ემოციური რთვალმსაზრისით, ეს გასაგებია, მაგრამ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი არ იყო «ჩვენი» იმ აზრით, რასაც ამ ცნებაში (ჩვენი-ჩემი) ვდებთ. ან რასაც შესანიშნავი პოეტი სდებდა სტრიქონში «...და მე ვმღერი, - აფხაზეთი ჩემი!»
        კიდევ ერთი მცირე რემინისცენცია: 1988 წლის ოქტომბერში მეათეკლასელი მოსწავლეები მატარებლით ექსკურსიაზე ახალ ათონში წავიყვანეთ. სოხუმში გაზეთის საყიდლად «კიოსკთან» მივედი, რომლის გამყიდველს, შუახნის იმ კატეგორიის რუს დედაკაცს, რეზო ამაშუკელი «სადგურის ბოზს» რომ უწოდებს ლექსში – ქართულად გამოველაპარაკე. ახლაც გველის ნაკბენივით მახსოვს მისი ზიზღით აღსავსე შეძახილი: «ჩეგო ხლშ?!» ან «ჩეგო ხოჩეშ?!» ანუ «რა ძაღლის ენაზე მელაპარაკები, თუ რამე გინდა, მკითხე ადამიანურად, თუ არა და წაეთრიე აქედან». შეიძლება რუსი არ იყო და აფსუა იყო - რას გაარჩევ?
        ამას ეძახით, ბატონებო, რომ აფხაზეთი «ჩვენი» იყო? და თანაც «ჩვენი იყო და დავკარგეთ?»
        სინამდვილეში, როდესაც უბედური ლტოლვილები ლაპარაკობენ «აფხაზეთის დაკარგვაზე», ისინი საკუთარ მდგომაროებას გულისხმობენ. მათვის «აფხაზეთის დაკარგვა» უტოლდება ცხოვრების დაკარგვას, ყველაფრის დაკარგვას, - დაწყებულიო წინ აპრების საფლავიდან, დამთავრებული სახლ-კარით, ხშირ შემთხვევაში კი, მშობლებითა და შვილებით. ეს მათ დაკარგეს აფხაზეთი და არა ჩვენ. მხოლოდ ლტოლვილებს აქვთ უფლება, თქვან.: «აფხაზეთი დავკარგეთ». მხოლოდ მათთვის აქვს შინაარსი და აზრი სიტყვებს «აფხაზეთი ჩემი». ხოლო, რაც შეეხაეაბა პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც აფხაზეთში მოხდა, ანუ პასუხისმგებლობა ომისთვის (და არა კონფლიიქტისთვის) ამ პასუხისმგებლობის სუბიექტი უკვე ცნობიოლია. და ეს სუბიექტი არ არის არც ედუარდ შევარდნაძე და არც ზვიად გამსახურდია.
        საერთოდ, ქართულ საზოგადოებას (რა ვქნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ვერ აგვექცევი) ახასიათებს ერთი უკეთური თვისება: იგი ჯერ ქმნის გარკვეულ «დომინანტებს» (მაგალითად, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და... საერთოდ... «ძირს რუსეთის დამპალიო იმპერია!»(, აიძულებს პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას, იმოქმედონ ამ დომინანტების შესაბამისად, ყოველგვარ «გადახრას» ეროვნულ ღალატად აცხადებს, მაგრამ შემდეგ თავად არ სურს, აგოს პასუხი იმ პროცესის ლოგიკურ შედეგზე, რაც მას აუილებლად მოჰყვებოდა, ან, ცდილობს, ყველაფერი დააბრალოს რომელიმე პროლიტიკოსს.
        არ გამოვა!
        ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ პოლიტიკოსი პასუხს (კვლავ და კვლავ ვიმეორებ) აგებს რაიმე პროცესის შედეგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი მისი ინიციირებულია, ანუ მისი ჩამოყალიბებული და შექმნილია ის გარემო-ვითარება, რომელშიც მიმდინარე პროცესმა თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო. ხოლო ვინაიდან კითხვაზე «ვინ დაკარგა აფხაზეთი», მკითხველი კონკრეტულ პასუხ ელის და «განზოგადებული სუბიექტი» არ დააკმაყოფილებს, მე კიდევ უფრო დავაკონკრეტებ:
        აფხაზეთი «დაკარგა» (თუ რატომ ბრჭყალებში – შევეცადე, ზემოთ ამეხსნა. - ავტ.) იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელმაც შექმნა ცნობილი სოციო-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური დომინანტები და შემდეგ იგი (აფხაზეთი) შესწირა ამ დომინანგტების განხორციელებას, რასაც აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად(!!!) მოჰყვებოდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ «აფხაზეთის დაკარგვას», ანუ აფხაზეთის კონფლიქტის გადაზრდა აფხაზეთის ომში, თანამდევი გარაუვალი შედეგით.
        ბოდიშს ვუხდი მკითხველს – სტილისტურად ერთობ უგვანი და დაუხვეწავი, არცთუ ლამაზად და მწყობრად მჟღერი ფორმულა გამომივდა პასუხად კითხვისა «ვინ დაკარგა აფხაზეთი?».
        მიუხედავად ამისა, შინაარსობრივად ამ ფორმულის ჭეშმარიტებაში ურყევად ვარ დარწმუნებული, ხოლო სუბიექტს რაც შეეხება, საბედნიეროდ, განურჩევლად იმისა, იგი დაკონკრეტდება თუ არა, ქართველი ხალხი უკვე ხვდება და ხედავს ვინ დაღუპა და ვინ «დააკარგვინა აფხაზეთი».
        ედუარდ შევარდნაძესაც მეორედ (ყოველგვარი გაყალბების საჭიროების გარეშე) იმიტომ ენდო არჩევნებში, რათა მისი მეშვოებით საბოლოოდ მოისროლოს ისტორიის სანაგვეზე პოლიტიკანთა ის გუნდი, რომელიც ჯერ სხვადასხვა პროვოკაციის (მათ შორის 9 აპრილის სისხლიანი პროვოკაციის) მეშვოებით მოექცა სათავეში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, შემდეგ პათოლოგიური დაპირისპირებით დაიქსაქსა და სამოქალაქო ომი გააჩაღა, ახლა კი ისევ «შერიგება-შეკავშირების» გზას დაადგა, რაკი მიხვდა, რომ ხალხი მას მაინც «ერთ მთლიან ფენომენად განიხილავს». აი, ეს არის ყველაზე მათავარი! – მათი ფენომენი მთლიანი და განუყოფელია განურჩევლად «ისტობისა».
        ამიტომაც ტყუილად ელიან «პოსტშევარდნაძისტულ ეპოქას»: საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი ვერ გახდება ვერც ერთი ფიგურა, ვინცა სე თუ ისე «ჩანდა» 1988-93 წლებში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე, ანუ (იგვიე – პირიქით): საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი გახდება მხოლოდ ის პიროვნება, ვინც მაშინ (საბედისწერო ჟამს) ასპარეზზე საერთოდ არ ჩანდა.

დილის გაზეთი, 21 აგვისტო, 2000 წელი