საქართველოში კრიმინალური ფონი იძაბება

საქართველოში კრიმინალური ფონი იძაბება

              მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მეცნიერ-კრიმინალისტები ქვეყნაში კრიმინოგენული ვითარების დაძაბვის უმთავრეს სიმპტომად მიიჩნევენ არა ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობის მატებას, არამედ «განსაკუთრებული თავხედობით და ცნიზმით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვის ზრდას».
        ამ თვალსაზრისით, სიმპტომატურია ისეთი ფაქტები, როგორიცაა მაყუჩიანი ავტომატებით შეიარაღებულ ყაჩაღთა ბანდების თარეში დედაქალაქის პრესტიჟული უბნის შემოგარენში (პეტრე ცისკარიშვილის გატაცება საცოლესთან ერთად), თავდასხმა ქალაქის ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე.
        რაც შეეხება მშობლების დახოცვის ამაზრზენ ფაქტს - ეს უფრო საზოგადოებაში არსებულ ზნეობრივ ატმოსფეროზე მეტყველებს, თუმცა, ნუ ვიტყვით, თითქოს ამგვარი ანომალიები 20 წლის წინათ არ ხდებოდა. დღეს, უბრალოდ, საზოგადოებრივად ანგაჟირებულია, ანუ მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.
        კრიმინალური ვითარება კი აშკარად იძაბება, რასაც შეუძლებელია სავსებით კონკრეტული მიზეზები არ ჰქონდეს. აზრი, რომელსაც გამოვთქვამთ, რასაკვირველია, აღშფოთებას გამოიწვევს, მაგრამ ყველაფერს ხომ უემოციო ანალიზი ესაჭიროება?
        კრიმინოგენული ვითარების გართულება ვერ აიხსნება სოციალური ვითარების დაძაბვით: 3-4 წლის წინათ (1996-1997 წლებში), სოციალური მდგომარეობა, აგრეთვე დაძაბული იყო, მაგრამ კრიმინოგენული სიტუაცია შეშფოთების საფუძველს არ იძლეოდა. პოლიტიკური მდგომაროებაც დიდად არ შეცვლილა - პირიქით, «მხედრიონისა» და გვარდიის» დაჯგუფებათა განადგურების შედეგად, ხელისფლებამ ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები. დღეს სახელისუფლებო სტრუქტურები უფრო ქმედითიცაა. რაც შეეხება მათ ცნობილ მანკს (კორუფციას), იგი 3-4 წლის წინათაც არსებობდა და არანაკლები მაშსტაბით, მიუხედავად ამისა, კრიმინოგენული ფონი ნაკლებად დაძაბული იყო.
        მაშ რა არის მიზეზი დღეს ვითარების გართულებისა? ძალიან სარისკო, იმთავითვე ისტერიული პროტესტებისთვის განწირული აზრი უნდა გამოვთქვა: მდგომარეობის გაუარესების მიზეზი არის... დემოკრატიული სტრუქტურებისა და დემოკრატიული პროცესის განვითარება საქართვლეოში, რომელსაც თან არ ახლავს შესაბამისი სამართალდამცველი ინსტიტუტების მატერიალური, ფინანსური და კვალიფიციურიO გაძლიერება.
        ნორმალური საზოგადოება ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკას ყოველთვის განიხილავს არა მხოლოდ დამნაშავის, არამედ დაზარალებულის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. დაზარალებულის უფლება კი ის არის, რომ მისი დამზარელებელი უნდა დაისაჯოს. ქართული საზოგადოებისთვის ასეთი განწყობა (უმცირესი გამონაკლისების გარდა, როდესაც საქმე, მაგალითად, ბავშვის გაუპატიურებასა და შემდეგ მის მოკვლას ხეება) - აბსოლუტურად გაუგებარია. ამ მენტალიტეტიდან გამომდინარეობს სწორედ ჩვენში «კანონიერი ქურდების» სრულიად უპრეცედენტო (პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვისაც კი) სოციალური სტატუსი და მათი მეგობრობა, ეგრეთ წოდებულ, «ელიტარულ ინტელიგენციასთან».
        ასეთი მენტალიტეტის საზოგადოებაში კი, დასავლეთში სავსებით ნორმალური და ქმედითი ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი მექანიზმების ამოქმედება, პატიმრების ხშირი შეწყალება, მათთვის ციხეებში კომფორტული პირობების შექმნა, სათანადო გარანტიები გამოძიების პროცესში და ა.შ. გამოიწვევს არა «უდანაშაულოდ ჩაგრულთა» უფლებების დაცვას, არამედ ჩადენილი დანაშაულის გამო დამსახურებული სასჯელისაგან გახშირებულ თავის დაძვრენას და შესაბამისი მოტივაციის ზრდას.
        დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა მენტალიტეტია და მხოლოდ შემდეგ, ცხოვრების წესი.
        მაგრამ ჩვენში ამას ვერავის შეასმენ.

დილის გაზეთი, 24 მაისი, 2001 წელი