ზვიად გამსახურდია - ქართული ისტორიის მორიგი მითი

ზვიად გამსახურდია - ქართული ისტორიის მორიგი მითი

       

        გასულ კვირას, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 60 წელი შესრულდა.
        ეს თარიღი, როგორც ცნობილია, არცთუ შემთხვევით «წყვილდება» საერთო-ეროვნულ რეფერენდუმთან, რომლის შედეგს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის.
        ოღონდ დამკვირვებლებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, არამედ, აგრეთვე, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული საფუძვლისთვის. 31 მარტის რეფერენდუმი გაიმართა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის «აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში».
        არა მარტო მთლიანად საქართველოს, არამედ ცალ-ცალკე ავტონომიათა მოსახლეობამაც დამოუკიდებლობას, ანუ სახელმწიფოებრივ მთლიანობას მისცა ხმა.
        ოსური მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც თავი საქართველოს მოქალაქედ არ მიაჩნდა, რეფერენდუმში არ მონაწილეობდა, მაგრამ ფაქტია, რომ პლებისციტი შედგა ამ ტერიტორიაზეც.
        აღსანიშნავია, აგრეთვე, განსხვავება საქართველოში ჩატარებულ პლებისციტსა და ბალტიისპირეთში ანალოგიურ ღონისძიებებს შორის. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ჩაატარეს არა რეფერენდუმი, არამედ «საზოგადოებრივი აზრის საყოველთაო გამოკითხვა», რის შედეგსაც, რასაკვირველია, არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა.
        საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სულაც არ «გარისკა», როგორც ამჟამად სურს ზოგიერთს წარმოადგინოს, ვინაიდან მაშინდელ საზოგადოებრივ ატმოსფეროში კენჭისყრის სხვა შედეგები ვერანაირად ექნებოდა.
        იმავდროულად, მტკნარი სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს «რეფერენდუმი არ იყო აუცილებელი, ვინაიდან დამოუკიდებლობა ისედაც იგულისხმებოდა». სინამდვილეში, რეფერენდუმის (სწორედ რეფერენდუმის და არა «აზრის საყოველთაო გამოკითხვის») ჩატარება იყო ყოვლად აუცილებელი; ჯერ ერთი, იმ განსხვავების გამო, რაც უდავოდ არსებობდა დასავლეთის დამოკიდებულებაში ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს მიმართ.
        მეორეც, განსხვავებით ბალტიისპირელთაგან, რომლებსაც უშუალოდ, რეალურად არ ემუქრებოდა დანაწევრებით «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» მზაკვრული იდეა, საქართველოს გორბაჩოვ-ლუკიანოვის ეს ბინძური გეგმა ოთხ ნაწილად დაყოფას უქადდა. აქედან გამომდინარე, რეფერენდუმით დადასტურებული «ტერიტორიული მთლიანობა» საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იურიდიული არგუმენტი იყო და არის კიდეც.
        ამრიგად, 31 მარტის რეფერენდუმი უაღრესად დადებითი მოვლენაა. ამ საკითხში ქართული საზოგადოება ერთიანია, აზრთა სხვაობა იწყება ზვიად გამსახურდიას როლის შეფასებისას.
        გასულ კვირას, ამ თემაზე «დიდი დისკუსიის» ასპარეზად პარლამენტი იქცა. გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ დებატების დროს, კაცს ძლიერ უნდა შეეკავებინა თავი, რომ გული არ აგრეოდა - იმდენად აშკარა იყო მავანთა არაგულწრფელობა.
        ეს განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ «ქრონიკულ ოპოზიციას» ეხება, რომელმაც 1990-1991 წლებში ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ახლა კი მის «დიდ დამსახურებაზე» საუბრობს.
        ერთადერთი, ვინც ამ მართლაც გულისამრევი ტრაგიკომედიისას ღირსეულად მოიქცა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გახდა. ირინა სარიშვილმა, თანაპარტიელებთან ერთად, პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი და ეს (ვიმეორებ) იყო ზნეობრივად ყველაზე სწორი საქციელი იმის გათვალისწინებით, რა პოზიცია ეკავა ედპ-სა და მის ლიდერებს 1991-1992 წლების მოვლენებისას.
        მიუხედავად ზემოთქმულისა, საპარლამენტო დისკუსიამ (მთლიანობაში, რამდენად მარაზმატული სახეც არ უნდა მისცემოდა), მაინც დაადასტურა, რომ ზვიად გამსახურდიას ფენომენი (!) კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. თანაც, არა მხოლოდ სამეცნიერო, მსოფლმხედველობრივი ან კულტურულ-ისტორიული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
        ხშირად გაიგონებ: «ყველაზე ზუსტად მას ისტორია შეაფასებს»; ამ აზრს ძნელია დაეთანხმო. ხშირად ისტორია არ ადასტურებს ჭეშმარიტებას. იგი ქმნის მითს, ისტორიულ სტერეოტიპს, რომელსაც ვერანაირი ძალისხმევა ვეღარ დაშლის.
        საქართველოს ისტორია (ჩვენი ისტორიული და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით) შეუძლებელია მითოლოგიზებული არ იყოს. ზვიად გამსახურდიას სახით შეიქმნა მორიგი მითი, მორიგი ისტორიული სტერეოტიპი, რომელიც ზუსტად მოერგო «საჭიროებას».
        სწორედ ამ მიზეზით, ეს (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა) მითი უაღრესად მყარი იქნება. ამიტომაც, მიმართავენ მას დღევანდელი პოლიტიკოსები. შეუძლებელია მათ პატივი არ სცენ რეალობას, თუმცა, დამოკიდებულება «ექს-პრეზიდენტის» მიმართ, სინამდვილეში იგივე დარჩათ, რაც 7-8 წლის წინ.
        ზვიად გამსახურდია იქცა «შეურყვნელ მითად», ვინაიდან მოხდა მისი ასოცირება (სხვა საკითხია, სამართლიანად თუ უსამართლოდ) საქართველოს სახელმწფიოებრივი დამოუკიდებლობის იდეასთან. ეს არის ეგრეთ წოდებული «ზეიდეა», - დოგმა, რომელიც არ ცნობს და არც შეიძლება ცნობდეს აზრთა რაიმე სხვადასხვაობას. აქედან გამომდინარე, პიროვნება, რომელმაც მოახერხა საკუთარი თავის ასოცირება ამ იდეასთან, უეჭველად დადებითი ნიშნით შევა ქვეყნის ისტორიაში.
        თანაც, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ «ნიშანი» დადებითი იქნება, განურჩევლად არა მხოლოდ მისი მატარებელი მოღვაწის პიროვნული თვისებებისა, არამედ მის მიერ გატარებული პოლიტიკის ავკარგიანობისაც.
        ზვიად გამსახურდიას ფენომენში გამჟღავნდა კიდევ ერთი უცნაურობა, რაც ზოგადად დამახასიათებელია პოლიტიკური პროცესებისთვის. ზოგჯერ ამ პროცესში პოლიტიკოსის ნაკლი ძალაუნებურად ღირსებად იქცევა.
        მაგალითად, ზვიად გამსახურდიას სიჯიუტემ, ეგოიზმმა, განსხვავებული აზრისადმი შეურიგებლობამ, აქედან გამომდინარე, ავტორიტარიზმმა განაპირობა 31 მარტის რეფერენდუმის დროულად და საკმაოდ ორგანიზებულად ჩატარება. არადა, არსებობს ძალიან სერიოზული საფუძველი ვივარაუდოთ (თითქმის სრული დარწმუნებით), რომ თუ საქართველოს მოსახლეობა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი ალტერნატიული, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად აირჩევდა არა ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ უზენაეს საბჭოს (რომელიც თავმჯდომარის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა), არამედ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, მართლაც მრავალპარტიულ, პლურალისტულ პარლამენტს, ეს «დემოკრატიული საკანონმდებლო ორგანო» გადაჰყვებოდა ყბედობას, გაუთავებელ დისკუსიებს და თავს ვერ მოაბამდა ქვეყნისათვის (კვლავ და კვლავ ვიმეორებ) მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფერენდუმის ჩატარებას.
        ეს არის ზვიად გამსახურდიას ფენომენის მთავარი პარადოქსი; მაგრამ, შეუძლებელია არ ვაღიაროთ ისიც, რომ იმავე თვისებებმა უდიდესი უარყოფითი როლი შეასრულეს სწორედ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.
        მაგალითად, უმთავრესად სწორედ ზვიად გამსახურდიას პიროვნულმა თვისებებმა, მისმა არაკომპეტენტურობამ განაპირობა სამოქალაქო ომი საქართველოში და არა «კრემლის პროვოკაციებმა», ან «კრიმინალთა თარეშმა». კრემლის სპეცსამსახურები მოქმედებდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკლებლივ ყველა «;მოკავშირე რესპუბლიკაში». აგრეთვე უკლებლივ ყველგან ცდილობდნენ, მოეხდინათ დაპირისპირების, სამოქალაქო ომის, კრიმინალური გადატრიალების პროვოცირება; მაგრამ ისეთი «ტრიუმფალური შედეგი», როგორც საქართველოში - არსად ჰქონიათ.
        განა სხვაგან არ არსებობდა კრიმინალური ფენა? განა სხვაგან არ ჰქონდათ იმავე სპეცსამსახურებს სურვილი ხელისუფლების დამხობისა? სურვილი, რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ საშუალებაც რომ ჰქონოდათ, «დეკემბერ-იანვრის» მსგავს მოვლენებს მოაწყობდნენ უკლებლივ ყველგან - ლიტვიდან - თურქმენეთამდე. თუმცა იქ ეს ვერ მოხერხდა. რატომ? პასუხი ერთადერთია: იმიტომ, რომ იმ რესპუბლიკების ხელისუფალნი პოლიტიკოსები იყვნენ, სრულყოფილად ფლობდნენ სახელისუფლებო ტექნოლოგიას, - მათ არ მისცეს საშუალება სპეცსამსახურებს, მოეხდინათ საზოგადოების პოლარიზება, ჩამოეყალიბებინათ ხელისუფლების მადისკრედიტებელი ცნობიერება, სტერეოტიპები და ასე შემდეგ.
        გენიალური მაკიაველი ბრძანებდა, რომ პოლიტიკოსი ყოველთვის ღირსია ყველაფრისა, რასაც გაუბედავენ. დააკვირდით ამ სიტყვას «გაუბედავენ». ის ბრძენი მწერალი (ალბათ, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენია) «გაბედვაში» გულისხმობდა არა საპასუხო რეპრესიების აუცილებლობას, არამედ სწორედ სახელისუფლო-პოლიტიკურ ტექნოლოგიას, რომელიც არ მისცემს საშუალებას კრიმინალურ ნაძირალათა ბანდას, დაამხოს ხელისუფლება; არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ფენას (მით უმეტეს, ელიტას) მოუვა აზრად, მხარი დაუჭიროს ამგვარ ქმედებას.
        ელიტის დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასადმი ცალკე სალაპარაკოა. მაგრამ იმთავითვე უნდა ითქვას, რომ კონფლიქტში დამნაშავეა არა ელიტა, არამედ პოლიტიკოსი, რომელმაც არ უნდა შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც მას ელიტა განუდგება.
        კიდევ ერთი მაგალითი: ზვიად გამსახურდია და მისი მომხრე «ზვიადისტები» დღემდე ერთმნიშვნელოვნად «დანაშაულად» მიიჩნევენ დეკემბერ - იანვრის სახელმწიფო გადატრიალებას.
        დავუშვათ, ეს ნამდვილად დანაშაულია; მერედა, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ დანაშაული მოხდა და კანონიერად არჩეული ხელისუფლება ძალით დაამხეს?
        კი, მაგრამ, შე დალოცვილო, თენგიზ კიტოვანს რომ გვარდიის სარდლად დანიშნავ, სხვას რას ელი?
        ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ თენგიზ კიტოვანმა კანონიერად არჩეული ხელისუფალი - ზვიად გამსახურდია - დაამხო? თვითონ არის დამნაშავე, თუ ის, ვინც იგი სარდლად დანიშნა? რა თქმა უნდა, დამნაშავეა პრეზიდენტი, რომელმაც იგი დანიშნა ამ თანამდებობაზე, აბა, თენგიზ კიტოვანს რა მოეთხოვება და რა მოეკითხება?!
        ხომ არ გგონიათ, თენგიზ კიტოვანს ან ჯაბა იოსელიანს ნაკლები სურვილი ჰქონდათ ქვეყნის მეორე პრეზიდენტის დამხობისა? როგორ გეკადრებათ! სურვილი შეიძლება მეტიც ჰქონოდათ, მაგრამ დაამხეს კი არა, როდესაც ნამდვილ პოლიტიკოსს შეეჩეხნენ, ვინც სრულყოფილად ფლობდა ძალაუფლების ტექნოლოგიას, - სულ მალე ბრინჯივით დაიბნენ, სოციალური დასაყრდენიც თანდათან დაკარგეს, საბედისწერო შეცდომები მოუვიდათ და საბოლოოდ, ციხეში ამოყვეს თავი.
        კომპეტენტურობის გარდა პოლიტიკოსს არაფერი მოეთხოვება. სხვა ყველაფერი დემაგოგიაა.
        ზვიად გამსახურდიას «ფანატიკოსად» მიიჩნევენ. ეს შეფასება მე სწორად არ მიმაჩნია. ფანატიზმიც არის და ფანატიზმიც.
        ვლადისლავ არძინბა არანაკლებ (თუ მეტად არა) მძვინვარე ფანატიკოსია, მაგრამ ჩვენი პირველი პრეზიდენტი ვერასდროს ახერხებდა ისე ჭკვიანურად, გაიძვერულად და ეშმაკურად ქმედებას, როგორც ახერხებდა და ახერხებს აფსუა სეპარატისტთა ლიდერი.
        პოლიტიკოსს, როგორც არავის, სჭირდება ნათელი გონება; აგრეთვე, «ნათელი მეტყველება», მოქნილობა, კომპრომისის უნარი, მოვლენათა, პროცესთა წინასწარ ჭვრეტის ნიჭი და, რაც მთავარია, შესაბამისი კონტრზომების დროულად მიღება.
        არც ერთი ამ თვისებათაგანი ზვიად გამსახურდიას არ გააჩნდა. კვლავ მარტივი მაგალითი: წავიკითხოთ ყურადღებით მისი ინტერვიუები 1990-1992 წლებში. შეუძლებელია, ადამიანებმა არ ვაღიაროთ, რომ ამ ინტერვიუებმა უდიდესი ზიანი მიაყენა თვით ზვიად გამსახურდიას, აგრეთვე, ქვეყანას და ერს, რომელმაც იგი პრეზიდენტად აირჩია. მის ინტერვიუებში ისეთი «მარგალიტები» შეგხვდებათ, თმები შეიძლება ყალყზე დაგიდგეთ.
        ზვიად გამსახურდიასთვის რომ გეკითხათ - «იმიჯი შემილახეს, ვინაიდან უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ». კი, ბატონო, ნამდვილად მოქმედებდა, მაგრამ იმავე რუსეთის საინფორმაციო მონსტრმა რატომ ვერ შეძლო «შეელახა იმიჯი» ვთქვათ ლიტველი ვიტაუტას ლანდსბერგისისათვის? განა, ამის სურვილი არ ჰქონდა?
        რასაკვირველია, ყოველივე ზემოთთქმული არ ნიშნავს, თითქოს ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეები მისი ანტიპოდები იყვნენ. ბევრი მათგანი არავის ჩამოუვარდებოდა გონებრივი სიჩლუნგითა და შეურიგებლობით, მაგრამ ეს არავის ამართლებს.
        პრეზიდენტი მოწინააღმდეგეებმა ვერ უნდა «დაახურდავონ» და ვერ უნდა აქციონ პრიმიტივად».
        ახლა, რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ კონცეფციას. ჯერ ერთი, ძლიერ მეპარება ეჭვი, რომ ეს სწორედ მისი პოლიტიკური პროგრამა იყო (ეგრეთ წოდებული «გარდამავალი პერიოდი», «საერთოკავკასიური სახლი» და ასე შემდეგ), მაგრამ დავუშვათ, მართლაც ასეა.
        მოვლენათა განვითარებამ უეჭველად ცხადყო, რომ საერთოკავკასიური სახლისა და «კავკასიური ძმობის» კონცეფცია იყო ქიმერა, ან (უარეს შემთხვევაში) ძალიან ეშმაკურად, მზაკვრულად დაგებული ხაფანგი, რომელშიც საქართველო ადრე თუ გვიან გაებმებოდა.
        «საერთოკავკასიური სახლის» იდეა ვერ შეუნარჩუნებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მას შეეძლო გადაევადებინა ომი აფხაზეთში გარკვეული დროით (არცთუ დიდი ხნით), მაგრამ მისი მეშვეობით ომის საერთოდ თავიდან აცილება და აფხაზეთის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
        დღევანდელი გადასახედიდან ეს გარემოება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს.
        «ზვიადსა და ჯოჰარის» მეგობრობა არის ზღაპარი, რომლისაც მხოლოდ გულუბრყვილო ზვიადისტებს თუ სჯერათ. სინამდვილეში, ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს უაღრესად პრაგმატული მოსაზრებები ამოძრავებდა და (აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ) არძინბასთან შეთანხმებით მოქმედებდა.
        ამ უკანასკნელისთვის ზვიადის გროზნოში ყოფნა მომგებიანი იყო, რათა ომის დროს ქართული საზოგადოება პოლარიზებული ყოფილიყო; - ამით სეპარატისტებმა ბრწყინვალედ ისარგებლეს.
        კიდევ ერთი «ზღაპარი» ზვიადის შესახებ» არის იმის მტკიცება, თითქოს იგი საერთოდ არ განიხილავდა რუსეთთან კავშირის რაიმე შესაძლებლობას. ესეც ერთ-ერთი სტერეოტიპია (ყალბი სტერეოტიპი), რომლის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს «ზვიადისტებმაც» და «ანტიზვიადისტებმაც».
        სინამდვილეში კი, თუ ყურადღებით გავაანალიზებთ ზვიად გამსახურდიას ქმედებებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ იგი მზად იყო რუსეთთან თუნდაც კონფედერაციაზე, ოღონდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პირობით;
        მაგრამ ამას დღეს არც ერთი «ზვიადისტი» არ დაიჯერებს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება უკვე ჩამოყალიბებულ მითს.
        განურჩევლად იმისა, სწორი და მიზანშეწონილი იყო ეს განზრახვა თუ არა, - მთლიანად, პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის კონტექსტში იგი ვერაფრით თავსდებოდა; ამიტომ, შედეგიც ვერ გამოიღო და ვერც გამოიღებდა.
        ტყუილად ცდილობს ზოგიერთი რაღაც ღრმა «კონცეფცია» ან «იდეა» აღმოაჩინოს ზვიად გამსახურდიას ანეგდოტურ დაპირისპირებაში ჯორჯ ბუშთან.
        დიდი არაფერი ჭკუა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ ბუშს (ამერიკის შეერთებულ შტატებს) ხელს არ აძლევდა საბჭოთა კავშირის სრული დაშლა (ბალტიის ქვეყნების გარდა), ვინაიდან ერიდებოდა დესტაბილიზაციას ამ უკიდეგანო სივრცეზე.
        ამას არა მხოლოდ ზვიად გამსახურდია, არამედ ყველა სხვა «რესპუბლიკის» ლიდერიც მიხვდა, მაგრამ არც ერთ მათგანს ასეთი განცხადებები არ გამოუთქვამს «საპროტესტოდ»; საქმით კი, როგორც შედეგმა გვიჩვენა, გაცილებით მეტი გააკეთეს.
        პოლიტიკოსისათვის გულწრფელობა ღირსება კი არ არის (როგორც თავგადაკლულ «ზვიადისტებს» მიაჩნიათ), არამედ პოლიტიკური უმეცრებისა და უნიჭობის გამოვლენა. პოლიტიკოსი, რომელიც ლაპარაკობს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება - პოლიტიკოსი არ არის.
        იგი თავსაც მალე (ადვილად) დაიღუპავს და ქვეყანასაც.

        ეს ყოველივე ზვიად გამსახურდიას ისტორიულ ხატს (იმიჯს) იოტისოდენად არ შეცვლის. ისტორიული სტერეოტიპი უკვე ჩამოყალიბებულია, - მითი შექმნილია და მასთან ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს, - ზვიად გამსახურდია ქართული მითოსის განუყოფელ ნაწილად იქცა.

დილის გაზეთი, 5 აპრილი, 1999 წელი