ვისაც ერთხელ მაინც სჭერია მიტინგზე მიკროფონი, თავი პოლიტიკოსი ჰგონია

ვისაც ერთხელ მაინც სჭერია მიტინგზე მიკროფონი, თავი პოლიტიკოსი ჰგონია

 

    რამდენიმე დღის წინ ტელევიზიის შენობასთან ძალზე სიმპტომური სცენა გათამაშდა: რადიკალურ «ზვიადისტურ» ორგანიზაციათა შორის «ურადიკალურესმა» - ლეილა ცომაიას «ზვიად განმათავისუფლებლის პარტიამ» და «კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ფრონტმა» აქცია მოაწყვეს არჩილ გოგელიას სამფლობელოსთან. ისინი მოითხოვდნენ «საეთერო დროს», რაც სავსებით ნორმალური მოთხოვნაა საქართველოსთვის: ზუსტად ასევე მოითხოვდა ექვსი წლის წინ იმდროინდელი «ოპოზიცია» საეთერო დროს და რატომღაც მაშინ არავინ იღებდა ყურად ისეთივე არგუმენტს, რომელიც გოგელიამ მოიხმო გაკაპასებულ ქალბატონთა დასაშოშმინებლად: მსოფლიოში არც ერთი ტელევიზია არ უთმობს საეთერო დროს საკუთრივ რომელიმე პარტიას - ეს ეწინააღმდეგება ტელევიზიის ძირეულ პრინციპებს და იწვევს ტელეეთერის გადაქცევას ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლებრივ ბერკეტად. წარმოვიდგინოთ, ბი-ბი-სი-ს სატელევიზიო სამსახურში რომ მივიდეს რომელიმე პარტია და «დღეში ოთხი საათი» მოითხოვოს. რა თქმა უნდა, კინწისკვრით გააგდებენ.
    თუმცა, ეს ყოველივე მხოლოდ წვრილმანია. მთავარი თვით არჩილ გოგელიას რეაქცია იყო: სამი წლის წინ ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელს, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა, კაბინეტიდან «ძირს» ჩამოსულიყო და «ზვიადისტები» მიეპატიჟებინა. რაიმე კომპრომისზე საუბარიც ზედმეტია. არა მგონია, არჩილ გოგელიას ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულება შეეცვალა. როგორც ჩანს, თვით ვითარება შეიცვალა ქვეყანაში და ნებისმიერი თანამდებობის პირი (მით უმეტეს, 26 მაისის დარბევის შემდეგ) ცდილობს, ისე გაისარჯოს, რომ შესაძლო დაპირისპირებისა და ექსცესის მიზეზი თავად არ გახდეს და ხელისუფლების «დემოკრატიული იმიჯის» შელახვა არ დაბრალდეს.
    ამგვარი ვითარების ჩამოყალიბება კი, თავის მხრივ, ნიშნავს პოლიტიკური სცენის დაძაბვას ქვეყანაში: ამიერიდან ნებისმიერი მცირე ექსცესი, მცირე შეტაკებაც კი შეიძლება, ნაპერწკლად იქცეს, «საიდანაც ალი აინთება». პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ამას გრძნობენ და თანდათანობით ბრუნდებიან სცენაზე: ატარებენ პრესკონფერენციებს, ადგენენ პეტიციებს, გამოდიან კონკრეტული მოთხოვნით და ა.შ. არადა, ბევრი მათგანი პოლიტიკურ დამკვირვებლებს უკვე «მკვდარი» და «პოლიტიკურ მიუსავლეთში ჩაძირული» ეგონა. არც მთლად ასე ყოფილა საქმე. «პროფესიონალ პოლიტიკოსს», მით უმეტეს, თუ ამბიციის ნაკლებობას არ უჩივის და ახლო წარსულში «მიკროფონიც» ეპყრა ხელთ, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება უჭირს.
    იგი ყურადღებით ადევნებს თვალს პოლიტიკური პროცესების განვითარებას და პირველი შესაძლებლობისთანავე გააფთრებით გადაეშვება ბრძოლაში, - ოღონდ კი საბაბი იყოს და შესაბამისი განწყობა შეიქმნას. სწორედ ასე მოხდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. გაიმარჯვა სულ ორმა პარტიამ; მათგან «კომუნისტები» ანგარიშში ჩასაგდები თითქოს არც იყვნენ, ხოლო «მრგვალი მაგიდა» საკუთარი მონოპოლიის დათმობას არ აპირებდა. ამ ვითარებაში ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას სწორედ სულზე მოუსწრო ე.წ. «კონგრესმა», რომელსაც ყველა «გარე ოპოზიციურმა ძალამ» შეაფარა თავი. რასაკვირველია, «მხედრიონის რაინდთა» ჩათვლით.
    «ეროვნული კონგრესისა» და «უზენაესი საბჭოს» დაპირისპირება უმთავრესი საბაბი გახდა საქართველოში სამოქალაქო ომისა. 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებისას, «პრეფერენციათა სისტემამ» უზრუნველყო პარლამენტში ყველა იმ დაჯგუფების მოხვედრა, რომელსაც ამის პრეტენზია და სურვილი ჰქონდა. მაგრამ ეს კლოუნადა დიდხანს არ გაგრძელებულა: 1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნები უკვე ნორმალური სქემით გაიმართა და გამოიკვეთა პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც «ჩრდილოვანი მხარე» მაინც ჰქონდა, მაგრამ პირდაპირ არ ზემოქმედებდა საზოგადოებრივ სტაბილურობაზე.
    მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ «მხედრიონი» გაანადგურა და პოლიტიკურ მოღვაწეობას (თუნდაც, «ქუჩის პოლიტიკას») ადრინდელი «პეწი» და მნიშვნელობა დაუბრუნდა, მდგომარეობა თანდათან, მაგრამ განუხრელად იცვლება. «თამაშგარე მდგომარეობაში» დარჩენილმა «ჯუჯაპარტიელებმა» გამოიღვიძეს, მიიხედ-მოიხედეს და უმალ შენიშნეს, რომ მათი ასპარეზი კვლავ იქმნება: ხელისუფლება არც ისე სტაბილურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, - მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ძალაუფლების გასანაწილებლად (შოთა კვირაიასთან დაკავშირებული სკანდალი ამ ბრძოლის გამოხატულებაა), ხოლო ნებისმიერი ექსცესი პარლამენტს გარეთ, უმალვე იქონიებს გავლენას საერთო ვითარებაზე.

    მომავალ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი წელიწადი დარჩა, მაგრამ 5 ნოემბრის არჩევნებიდან უკვე ორი წელი გავიდა - აქ არავითარი აზრობრივი ცთომილება არ არის: ყალიბდება პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, აფეთქდეს. საქართველოს უახლესი ისტორია გვასწავლის, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც ფუნქცია დაკარგა და უშუალოდ ვეღარ მონაწილეობს გადაწყვეტილებათა მიღებაში, მზად არის, გამოიყენოს ნებისმიერი საყრდენი, ოღონდ კი დაბრუნდეს «დიდ პოლიტიკაში». «ახალი იდეების» წამოყენებას აზრი არა აქვს, - «იდეებს» პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმაც არ იციან, «რა უყონ». ამდენად, დაპირისპირების ასპარეზი უფრო ზოგადი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემატიკა გახდება, ვიდრე რაიმე კონკრეტული საკითხი. ამიტომაც ითქვა არაერთგზის, რომ «მრისხანედ გვიახლოვდება» 31 ივლისი, როდესაც უნდა გადაწყდეს საქართველოში ომისა და მშვიდობის საკითხი. საკმარისია ოდნავ დაიძაბოს ვითარება (არადა, სინამდვილეში მდგომარეობა «ოდნავ» კი არა, კარგა გვარიანად დაიძაბება), რომ «ქუჩის ოპოზიციამ» კვლავ მიიღოს საშუალება, ხელისუფლებასთან თვისობრივი დაპირისპირებისა. თანაც, ამჟამად 1997 წელია და არა 1992 ან 1991. ზვიად გამსახურდიას პრობლემა აღარ არსებობს (თუ, რასაკვირველია, სერიოზულ პრობლემად არ ჩავთვლით ლეილა ცომაიასა და მის «რაზმს»). ამდენად, პოლიტიკურ ელიტას საერთო მტრისადმი შიში ვეღარ გააერთიანებს. პარლამენტში წარმოდგენილ ზოგიერთ ძალას კი, რომელსაც მომავალ არჩევნებში გამარჯვების იმედი არა აქვს, ისევ ქუჩისკენ გაურბის თვალი. ოღონდ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ მოსახდენი მალე უნდა მოხდეს, თორემ 1999 წლის შემოდგომის მოახლოების გამო ხელისუფლების «გადანაწილება» ამ გზითა და საშუალებით შეუძლებელი გახდება. «დემოსი» ისევ მოითხოვს თავისი «კრატიის» განხორციელებას და ყოველივე კვლავ არჩევნებს მიენდობა, რაც კატეგორიულად არ აძლევთ ხელს «ულუკმაპუროდ დარჩენილ» პოლიტიკოსებს. ასი არჩევნები რომ გაიმართოს საქართველოში, ასჯერაც დამარცხდებიან, ამიტომ «ხალხს აღარ ენდობიან» და მანამდე დაიწყებენ ბრძოლას ოლიმპზე დასაბრუნებლად, სანამ «რიგგარეშე არჩევნების» მოთხოვნა აბსურდად იქცევა.
    ერთი შეხედვით, თითქოს ალტერნატივა შეიძლება გახდეს გაერთიანება და მომავალ არჩევნებში ერთ ბლოკად გამოსვლა. არც ამაზე იტყოდნენ უარს, მაგრამ როგორ გინდა ერთ ბლოკში გააერთიანო «რესპუბლიკელიცა» და «მონარქისტიც». ცოტა არ იყოს ძნელია, მაგრამ საქართველოში ხომ არაფერია შეუძლებელი: უნიკალური კოალიცია ერთხელ უკვე შეიქმნა ჩვენში, პოლიტიკური მრწამსი მას არ აერთიანებდა, გარდა ერთისა: როგორმე, ნებისმიერი საშუალებით დაბრუნებულიყვნენ პოლიტიკაში, დანარჩენი კი შემდეგ გაირკვევა. ხალხს რაც შეეხება, მათი აზრით, «ხალხი ბრბოა და მისი აზრის გათვალისწინება მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა».

7 დღე, 1 ივლისი, 1997 წ.