ვლადისლავ არძინბა ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს?!

ვლადისლავ არძინბა ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს?!

  

    ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ აფსუეთის დღევანდელი პრეზიდენტისათვის ყოველთვის არსებობდა თვითდამკვიდრების პრობლემა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით მისი ქცევის მანერას, თვალსაჩინო გახდება აშკარა ნევროზულობა.
    არძინბა აფხაზეთის ელიტაში არ სარგებლობდა და არც ახლა სარგებლობს დიდი ავტორიტეტით. სხვათა შორის, ამის საბუთად ისიც გამოდგება, რომ არძინბა «მოსკოველი» იყო და წინაპართა სამშობლოსთან ბევრი არაფერი აკავშირებდა
    თავის დროზე არძინბას «დანიშვნა» უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდიამ დაიჟინა, მაგრამ ცოტამ თუ იცის: არა მხოლოდ აფხაზეთის ქართული ელიტის დიდი ნაწილი, არამედ აფსუებიც წინააღმდეგნი იყვნენ არძინბას «გაპირველკაცებისა». მათთვის კონსტანტინე ოზგანი იყო სასურველი კანდიდატი, ვინაიდან მას მთელი ცხოვრება აფხაზეთში, გუდაუთაში ჰქონდა გატარებული.
    ქართველებს კი ეგონათ: «არძინბა ოზგანს მაინც სჯობსო», ამიტომ ბოლოს და ბოლოს, ვლადისლავმა უმაღლესი თანამდებობა იგდო ხელთ, რომელიც მისი მრავალწლიანი გეგმის განხორციელების საშუალება გახდა.
    ეჭვი არავის შეეპაროს - ოზგანის არჩევის შემთხვევაშიც იგივე მოხდებოდა, მაგრამ ქართველთა ილუზია მეტად მყარი აღმოჩნდა. არძინბასა და ოზგანს შორის ერთადერთი განსხვავებაა: ისინი აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენენ, თუმცა ორივენი ელიტის წევრები არიან, მაგრამ კონსტანტინე ოზგანი ერთ-ერთი პირველი კომკავშირელი იყო აფხაზეთში და წლების განმავლობაში პარტიული თანამდებობები ეკავა.
    ვლადისლავ არძინბა კომკავშირელი ან პარტიული მუშაკი არასოდეს ყოფილა. იგი თავიდანვე მეცნიერებით იყო დაკავებული. ამ «მცირე» განსხვავების მიუხედავად, ოზგანიცა და არძინბაც ერთნაირი ქართველთმოძულენი და სეპარატისტ-ფანატიკოსები არიან.
    საქართველოსთვის ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მათგანი ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას; თუმცა პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით განსხვავება მაინც არის: არძინბა «საბჭოთა ეპოქაში» დისიდენტებს ეთამაშებოდა, ზვიად გამსახურდიასაც იცნობდა, მაგრამ უფრო მეტად აქტიური იყო რუსულ დისიდენტურ წრეებში. ხშირად ხვდებოდა და ესაუბრებოდა სახაროვს, ბუკოვსკის, სხვა დისიდენტებს, ოღონდ ზღვარს არასოდეს გადადიოდა - საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალობას მაინც ყოველთვის ინარჩუნებდა.
    ამით აიხსნება სწორედ სახაროვის ცნობილი ფრაზა: საქართველო პატარა იმპერიაა და ამ ნიადაგზე ქართველ დისიდენტებთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მქონდაო. როგორც ჩანს, არძინბამ რუსებს დიდხანს უჩიჩინა: საქართველო სტალინმა შექმნა, სტალინმა აჩუქა ქართველებს აფხაზეთი და ა.შ. თუმცა, მათი დარწმუნება ძნელი არ იქნებოდა. იმავდროულად არძინბა, რა თქმა უნდა, აქტიურად თანამშრომლობდა უშიშროების კომიტეტთან, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენათა შემდეგ ყველანაირად ცდილობდა აფსუანური სეპარატიზმის გაღვივებას.
    გავიხსენოთ ამასთან დაკავშირებით ის გარემოება, რომ სწორედ არძინბა იყო მთავარი ორგანიზატორი 1979 წლის მოვლენებისა, როცა აფხაზეთში კინაღამ სისხლისღვრამდე მივიდა საქმე და აფსუებმა აიძულეს საქართველოს ხელისუფლება, დათანხმებულიყო აფხაზეთში აფსუა ენის სახელმწიფოდ გამოცხადებაზე. კონსტანტინე ოზგანი იმავე პერიოდში სხვა მიმართულებით მუშაობდა: თუ არძინბა რუს დისიდენტებთან ამყარებდა კონტაქტებს, ოზგანი პარტიულ ელიტას უჩიჩინებდა: ქართველები ანტიკომუნისტები არიან, საბჭოთა ხელისუფლება სძულთ, შევარდნაძე «ნამდვილი კომუნისტი» არასოდეს ყოფილაო - ორივე ერთად კი აფხაზეთის ქართველებისაგან «გაწმენდის» საქმეს ემსახურებოდა; ოღონდ სხვადასხვა «უბანზე».
    ამავდროულად, ოზგანსა და არძინბას შორის არ შეიძლებოდა პიროვნული პაექრობა არ წარმოშობილიყო და ეს ამჟამად არსებული პოლიტიკური ვითარებიდან მომდინარეობს.
    ოზგანი მარტო იმიტომ გახდებოდა არძინბას ოპონენტი, რომ მას ხალხი ალტერნატივად აღიქვამს. არძინბამ შესანიშნავად უწყის: თუ პოლიტიკური ვითარება საქართველოსთან რაიმე კომპრომისს მოითხოვს, ოზგანი ოპოზიციურ «პარტიას» შექმნის, რათა ეს კომპრომისი არ დაუშვას.
    ამ დაპირისპირებას არძინბა შეიძლება შეეწიროს. აფსუები მას ნამდვილად უყურებენ ეჭვის თვალით, რადგან იგი «მეტისმეტად» ხშირად ხვდება ქართველებს, თბილისშიც ჩამოვიდა, რაღაც მოლაპარაკებებშიც მონაწილეობს, პირდაპირ არასდროს ამბობს - აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საქართველოსთან საერთო არაფერი აქვსო. არ ამბობს, რადგან თუ იტყვის, პოლიტიკურად წააგებს, მაგრამ მასას ამას ვერ აუხსნი.
    შეიძლება ითქვას, დაპირისპირება არძინბასა და ოზგანს შორის ისევე ვითარდება, როგორც სომხეთში კოჩარიანსა და ტერ-პეტროსიანს შორის. ოზგანს არძინბას ხელისუფლება შეიძლება კიდეც დაამხოს ან გადადგომა აიძულოს და არჩევნებში გაიმარჯვოს.
    საყურადღებოა, რომ აფხაზეთი ერთადერთი თვითმარქვია რესპუბლიკაა, რომელსაც პრეზიდენტი არ აურჩევია. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა დნესტრისპირეთში, ყარაბაღში, «სამხრეთ ოსეთში», ჩეჩნეთში, არძინბა კი მხოლოდ პარლამენტის მიერაა არჩეული.
    საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა მას აშკარად ეშინია, ვინაიდან მისი კონკურენტი უეჭველად ოზგანი იქნება და გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის. მან ყველანაირად სცადა, ოზგანის რენომე შეელახა - იგი ვიცე-პრემიერად დანიშნა, რითაც ხაზი გაუსვა - ჩემი ტოლი და სწორი არ არის და ჩემს მთავრობაში მესამე პოსტი უკავიაო; პრემიერ-მინისტრობაც კი არ არგუნა. მაგრამ ოზგანის ავტორიტეტი ამით ვერ შეარყია - აფსუათა დიდი ნაწილისათვის სწორედ ოზგანია «ღირსეული პრეზიდენტი», ხოლო ვლადისლავი «ქართველების დანიშნულად» რჩება.
    მით უმეტეს, ძლიერია ოზგანის პოზიციები გუდაუთის რაიონში, - აფსუა სეპარატისტების «მექაში», სადაც იგი დაიბადა, გაიზარდა და წლების განმავლობაში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, არძინბასა და ოზგანს შორის დაპირისპირება სავსებით გასაგები და ბუნებრივია, ოღონდ ამ დაპირისპირებას მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლა უდევს საფუძვლად. საქართველოსთან დამოკიდებულებაში ოზგანიცა და არძინბაც ერთნაირად «მძვინვარე ფანატიკოსები» არიან.
    ოზგანის მოხსნით (თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა) არძინბას პოზიციები მტკიცდება ხელისუფლების განხორციელების თვალსაზრისით, მაგრამ სუსტდება პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით. ერთპიროვნული მმართველობა აფსუეთში არ გამოვა, ვინაიდან ეს საზოგადოება ჯერ კიდევ «სამხედრო დემოკრატიის» პირობებში ცხოვრობს.

მერიდიანი, 24 აპრილი, 1998 წ.