რა ელის პოსტრევოლუციურ ეპოქაში «ასლან პროექტებს»?

რა ელის პოსტრევოლუციურ ეპოქაში «ასლან პროექტებს»?


       
          აჭარაში, მაისის რევოლუციისა და ასლან აბაშიძის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის შემდეგ, ერთგვარად პარადოქსული ვითარება შეიქმნა. ხელისუფლებამ მოახერხა სრული კონტროლის აღდგენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე (სარფსა და ბათუმის პორტზე), აგრეთვე, უმნიშვნელოვანეს საწარმოებსა თუ ფინანსურ ნაკადებზე, მაგრამ გარკვეულ ხანს კვლავ იძულებული იქნება, შეუნარჩუნოს ავტონომიურ რესპუბლიკას ის პროვილეგიები, რითაც რეჟიმი სარგებლობდა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს.

       რაც ყველაზე საინტერესოა, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ სოციალური აფეთქების შიში, უბრალოდ, ზოგიერთი საერთაშორისო ვალდებულება ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო, ხოლო სხვა პროექტების შეწყვეტა უკვე საზიანოც შეიძლება იყოს ქვეყნისათვის. კლასიკურ მაგალიტად გამოდგება გვირაბი, რომლის მშენებლობა, ასლან აბაშიძის ინიციატივით, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ დაიწყო. რასაკვირველია, ეს გვირაბი აბაშიძეს საკუთარი რეჟიმის განმტკიცებისათვის სჭირდებოდა, მაგრამ თავისთავად, იგი მართლაც სასარგებლო ობიექტია მტელი ქვეყნისთვის და რაკი მშენებლობის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა ბათუმის რევოლუციამდე, ამჟამად მისი მიტოვება გამოიწვევ ათეულობით მილიონი ლარის ზარალს. თავის დროზე, აჭარის ხელისუფლება თბილისში საბიუჯეტო სახსრების გადმოურიცხველობას ამართლებდა სწორედ გვირაბის მშენებლობის დაფინანსებით.
        ამჟამად ახალ ხელისუფლებას (ამჯერად საქარტველოს ხელისუფლება იგულისხმება, ვინაიდან ავტონომია ამ საკითხებში ვეღარ ჩაერევა) მაინც მოუწევს მშენებლობის დაფინანსების გაგრძელება, ანუ აჭარაში აკრეფილი თანხების უდიდესი ნაწილი კვლავ ავტონომიაში დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში ( ვიმეორებთ), გვირაბი სულ მალე მიწასთან გასწორდება და ადრე დახარჯული თანხა მართლაც წყალში ჩაიყრება. გვირაბის დასრულების შემთხვევაში კი გზა ქობულეთიდან ბათუმამდე და სარფამდე ერთიორად შემცირდება, რაც არ შეიძლება სასარგებლო ფაქტორი არ იყოს, თუნდაც, სატრანსპორტო და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ასეთივე ბედი ეწევა იმ პროექტებს, რასაც აჭარაში მოსკოვის მერი, იური ლუჟკოვის ახორციელებდა სამშენებლო და ტურისტულ სფეროში. სინამდვილეში, ლუჟკოვის რევოლუციისწინანდელი «ბობოქრება» ელემენტარულად ფულის დაკარგვის შიშით იყო განპირობებული. ამით აიხსნება, აგრეთვე, რომ ასლან აბაშიძის გაქცევიდან მეორე დღესვე, კომპანია «ინტერრაომ» აჭარას (ანუ საქართველოს ენერგოსისტემას) შეუწყვიტა 100 მეგავატი ელექტროენერგიი მოწოდება, რომლის საფასურს მოსკოვის მერია იხდიდა. ამან კიდევ უფრო გაამწვავ ენერგოკრიზისი თბილისსა და მთელ საქართველოს «ქართლი 2-ზე» გეგმიური სარემონტო სამუშაოების დროს.
        ფორმალურად, იური ლუჟკოვი ხელშეკრულებებს აფორმებდა არა პირადად ასლან აბაშიძესთან, არამედ აჭარის მთავრობასთან და ავტონომიის ხელისუფლებასტან. აქედან გამომდინარე, ყველა კონტრაქტი ძალაშია და იური ლუჟკოვის უეჭვეად მიიღებს შესაბამის გარანტიებს ოფიციალური თბილისი, ისევე, როგორც «ახალი ბათუმისაგან». ამის შემდეგ კი, აბაშიძესტან მისი მეგობრობა-სოლიდარობის მიუხედავად, ელექტროენერგიის მოწოდებამ შეიძლება, კვლავ აღდგეს. ამრიგად, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ავტონომიის კუთვნილ დღგ-ს 50 პროცენტს დატოვებს ძველებურად აჭარაში (ეს თანხები სოციალური ვალდებულებების შესრულებას ძლივს ეყოფა), რაკი შესბამისი კანონი არავის გაუუქმებია, დანარჩენ თანხასაც მოახმარს ადრე ნაკისრი ვალდებულებების და წამოწყებული პროექტების დასრულებას. სამაგიეროდ, თბილისს უკვე, როგორც დიპლომატები იტყვიან, «არარავითარი «რეზონი» არა აქვს», რათა ხელი შეუშალონ იმ პროექტებს, რაც, ადრინდელი დაპირისპირების გამო, ჩაშლის პირას იყო. მათ შორისაა «ბათუმი-კონსტანცას» საბორნე გადასასვლელი, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის «ოქროსკვერცხმდებ დედლად» უნდა ქცეულიყო, მაგრამ მაშინ ვერ მიართვეს.
        რუმინეთში ყოფნისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა ამ გადასასვლელის აღდგენა, რითაც შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთგადაზიდვის (მათ შორის ნავთობის)ოდენობის ზრდა. გარეგნულად აღდგენილი პროექტები მაინც თვისებრივად განსხვავდება უწინდელისგან იმით, რომ ცენტრის მკაცრი კონტროლის პირობებში განხორციელდება, ანუ იმ ვითარებაში, როცა თბილისი უპირობოდ აკონტროლებს ყველა პროცესს (მათ შორის ეკონომიკურ და საფინანსო პროცესებს) ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამის ერთ-ერთი ნიშანი გახდა ადრე წარმოუდგენელი გადაწყვეტილება სარფის ყბადაღებული საბაჟოს აჭარის სახელისუფლებო ორგანოების გამგებლობიდან გამოყვანისა და დასავლეთ საქართველოს საბაჟოსათვის დაქვემდებარების შესახებ. ამგვარი კონტროლის პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არაფრის უნდა ეშინოდეს, თუ საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს და იმ პროექტებს დაასრულებს, რაც მართლაც სასარგებლოა ქვეყნისთვის.

17 მაისი, ორშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი