ზვიადისტებს ჭუკებივით იჭერენ

ზვიადისტებს ჭუკებივით იჭერენ


       ოთხშაბათს რუსეთის პოლიცია მოსკოვსა და სხვა ქალაქებში მცხოვრებ «ზვიადისტებს» დაერია. დაპატიმრებულია ყოფილი ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, აგრეთვე, «უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე» ნემო ბურჭულაძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ «სამშვიდობო მისიით» ჩამობრძანდა თბილისში და მოლაპარაკებას აწარმოებდა პრეზიდენტთან ჯიხაშკარში მძევლად აყვანილი უცხოელი ოფიცრების დასახსნელად.
    მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტმა (მთავრობის სხდომაზე) განაცხადა, რომ ბურჭულაძემ მასზე «ბანდიტის» შთაბეჭდილება არ დატოვა. გენერალური პროკურატურაც «შემრიგებლურად» იყო განწყობილი და რაკი ბურჭულაძე მოლაპარაკებათა საწარმოებლად ჩამოვიდა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გაცემული დაპატიმრების სანქციის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავდა.
    ბურჭულაძე არ დაუპატიმრებიათ და თბილისიდან - მოსკოვში მშვიდობიანად გამგზავრების საშუალება მისცეს. თუმცა, საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბურჭულაძეს «კუდზე დაასხდნენ» და ახლა საციხოდაც ამზადებენ. ასეთ შემთხვევაში გამართლდა ოპოზიციონერთა პროგნოზი, რომ ედუარდ შევარდნაძე სიტყვას არ შეასრულებდა და დაარღვევდა «ხელშეუხებლობის» პირობას, რომელიც ნემო ბურჭულაძეს თბილისში მოლაპარაკებათა დაწყებამდე მიეცა - ეს კი პრეზიდენტისათვის ნამდვილად წამგებიანია.
    ამ კუთხით მრავალისმეტყველია ის სევდიან-გაწბილებული გამომეტყველება, რომლითაც ნემო ბურჭულაძე რუს ჟურნალისტებს აცნობდა დაპატიმრების პერიპეტიებს. ჭეშმარიტად, საქართველო უწყვეტი ტრაგიკომედიების ქვეყანაა. ნეტავ ვისი თანაგრძნობის გამოწვევა უნდოდა ბურჭულაძეს - ნუთუ რუსული საზოგადოებისა? ან, იქნებ ჰგონია, საქართველოში ვერ ამჩნევენ ამ უცნაურობას: რაღა რუსეთში გარბოდით, თქვე დალოცვილებო? განა ცოტაა ქვეყანა, სადაც გაქცევა შეიძლებოდა? მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ რუსეთში მისცეს გარკვეული გარანტიები. მოსკოვში მცხოვრებმა «ზვიადისტებმა» უნდა გააცნობიერონ, რომ ამ მოძრაობასაც დაასხეს თავსლაფი და თავადაც იდიოტურ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი.
    რაც შეეხება გურამ აბსანძეს, ეს კიდევ უფრო რთული შემთხვევაა. რამდენადაც მახსოვს, 1992 წლის იანვარში, თბილისიდან გაქცევის დროს, იგი დაიჭრა და მხოლოდ მოგვიანებით შეძლო სამშვიდობოზე (იმავე რუსეთში) გასვლა. ახალი ხელისუფლება მას აბრალებდა, ათეულობით მილიონი დოლარის გატაცებას ბანკიდან. ძნელი სათქმელია, რამდენად მართალია ეს ბრალდება, თუნდაც ზვიად გამსახურდიას «ფულითა და რესპუბლიკის ოქროს ფონდით გაძეძგილი მერსედესის» გათვალისწინებით. თუმცა, აბსანძის მხრიდან ნაკლებსავარაუდოა მარტო «შიშველი ენთუზიაზმისა» და გამჭრიახობის შედეგად მოხერხებულიყო სპირტის წარმოების გახსნა სმოლენსკში.
    ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, საქართველოს «კანონიერი» ფინანსთა მინისტრი გადასახადებს რეგულარულად იხდიდა და ყოველნაირად ცდილობდა რუსეთის კანონმდებლობა არ დაერღვია. მიუხედავად ამისა, მას ბრალად ედება არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებასა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, არამედ რუსი ჯარისკაცების მკვლელობაშიც.
    გაუთვითცნობიერებელი მკითხველი ვერც მიხვდება, რაშია საქმე. საქმე კი ის გახლავთ, რომ ზოგიერთი ცნობით, 1993 წლის ნოემბერში, სამოქალაქო ომის დროს, სამეგრელოში ქობალიას მებრძოლებმა რამდენიმე რუსი «სპეცნაზელი» მოკლეს, რომლებიც სამთავრობო ჯარების მხარეს იბრძოდნენ. ეს აქტი «ზვიადისტებისა» და თვით აბსნაძის მიმართ თანაგრძნობასაც კი გამოიწვევდა, ისინი რომ მოსკოვსა და რუსეთში არ გაქცეულიყვნენ დამარცხების შემდეგ ანალოგიური ბრალდება ლოთი ქობალიასაც წაუყენებს დაპატიმრებისთანავე, მაგრამ ქობალია კიევში იმალებოდა და არა მოსკოვში, ამიტომაც ზის ახლა ციხეში. რუსეთში გადამალულ «ზვიადისტებს» კი იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი მათ არ გაწირავდა და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდებოდა.
    ტყუილად გვგონია, თითქოს რუსეთი იგორ გიორგაძესაც ისევე ადვილად გადმოგვცემს, როგორც გურამ აბსანძეს. გიორგაძე სხვა ნომენკლატურაა, სხვა წრიდანაა გამოსული - იგი რუსეთის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (КГБ-ს მემკვიდრის) მფარველობის ქვეშ იმყოფება და მოსკოვი მას ისე ადვილად არ გაწირავს, როგორც «ზვიადისტებს».

მერიდიანი, 20 მარტი, 1998 წ.