ზურაბ ჟვანია და ლეგენდარული ამერიკელი მეომარი

ზურაბ ჟვანია და ლეგენდარული ამერიკელი მეომარი

ძალიან დიდი ხნის წინ, 1997 წელს, ზურაბ ჟვანიას ვახლდით ამერიკაში

უამრავი საინტერესო შეხვედრა ჰქონდა კონგრესში ჟვანიას.

სულ სენატორებს ხვდებოდა.

არავის უარი არ უთქვამს.

იცოდნენ უკვე, რომ არის ასეთი ქვეყანა, - საქართველო.....შევარდნაძე.....ახალგაზრდა რეფორმატორები......ნავთობსადენი.....და ა.შ.

მათ შორის დელეგაციის წევრები (მიშა სააკაშვილი, დათო ონოფრიშვილი და ირინა სარიშვილი) შეხვდნენ ამერიკელ სენატორ ჯონ უორნერს.

ეს მართლა უნიკალური და ლეგენდარული პიროვნებაა.

ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, რომ 30 წლის განმავლობაში იყო სენატორი ვირჯინიიდან.

ზოგადად, ამერიკის სენატში ასეთი რამ „მოსულა“, ლამის ჩვეულებრივი ამბავია: რესპუბლიკელი სენატორი (უმრავლესობის ლიდერი) მიჩ მაკკონელი, მაგალითად, 2026 წლამდე იყო სენატორიც და უმრავლესობის ლიდერიც, სანამ გული არ წაუვიდა და......... 1997 წელს (!!) რომ შეხვდა კაპიტოლიუმზე ჟვანია, საელჩოს ხალხი გვაფრთხილებდა: „ძალიან დიდი ხანია სენატორიაო“ (კენტუკის შტატიდან)

გესმით მეგობრებო? 1997 წელს გვეუბნებოდნენ: „უკვე ძალიან დიდი ხანია სენატორიო“

ოღონდ ჯონ უორნერი სხვა მხრივაა განსაკუთრებული:

თუ ამერიკას რაიმე ომი უწარმოებია მეორე მსოფლიო ომით დაწყებული, ყველა ომში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კაცი, ვაჟკაცი, ნაომარი, ნახიშტარი, საზღვაო ფეხოსანი, მედესანტე, ოფიცერი......უამრავი სამხედრო ჯილდოთი წარჩინებული.....ერთი სიტყვით ნამდვილი სამხედრო.

Military!

აი არმიისთვის რომ არიან დაბადებულები......სამხედრო საქმე რომაა მათი მოწოდება და სულისკვეთება........

აშშ სამხედრო საზღვაო ძალების მინისტრი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის დროს.

ელიზაბეტ ტეილორზეც კი იყო დაქორწინებული ერთხანობას.

ეს როგორი ამბავია იცით? აი მართლა ვაჟკაცმა ქართველმა სამხედრო მეზღვაურმა, ლეგენდარულმა ანატოლი კაჭარავამ რომ იქორწინა ნატო ვაჩნაძეზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა........ მიგვიღო მეთქი საამაყო ფოტოებით სავსე კაბინეტში ამ ქარ-ცეცხლით გამობრძმედილმა ამერიკელმა მეომარმა.......

ახლაც ღიმილს ვერ ვიკავებ იმ შეხვედრის ერთი ეპიზოდი რომ მახსენდება:

მოკლედ......უყვება ჟვანია საქართველოს ამბებს....როგორც ყოველთვის ლაპარაკობს უბრწყინვალესი (!) ინგლისურით.......არა მხოლოდ ენა მაქვს მხედველობაში, არამედ არტიკულაცია, საზრისთა „დალაგება“ „მესიჯები“ და ა.შ.

სენატორი უორნერი მდუმარედ უსმენს.

თუმცა უსმენს აშკარა ინტერესით და კეთილგანწყობით.

ზოგადად, ცხონებულ ზურა ჟვანიას (როგორც არავის და ვერავის სხვას!!) შეეძლო ამგვარი ინტერესისა და კეთილგანწყობის აურა შეექმნა.

მახსოვს, ჰიუსტონის უნივერსიტეტში, პროფესურისა და სტუდენტების წინაშე გამოვიდა.....ადგა მერე ერთი სანდომიანი ქალბატონი, პროფესორი და რას ეუბნება იცით? You are the most sophisticated person I have ever listened to. (თქვენ ხართ ყველაზე დახვეწილი პერსონა, ვისთვისაც კი ოდესმე მისმენია)

არ ვაჭარბებ! ზუსტად ასე უთხრა, სიტყვა-სიტყვით....ამერიკელმა პროფესორმა, სანდომიანმა და ელეგანტურმა ამერიკელმა ქალბატონმა....

თუმცა დავუბრუნდეთ სენატორ უორნერს.

უსმენს ჟვანიას ინტერესით....უსმენს...უსმენს....ისიც შევიდა აზარტში, უყვება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ეუბნება: „რუსეთის ჯარი, რომელიც საქართველოში დგას, თბილისსა და სხვა ქალაქებში დაზვერვას აწარმოებსო“.

აი აქ ჩაერთო მოულოდნელად (ან თითქოს მოულოდნელად) ჯონ უორნერი და აშკარა თეატრალური პათოსით წამოიძახა, ლამის იყვირა: `Oh, what are you talking about!!!!!`

ვთარგმოთ ეს „წამოძახილი“, ოღონდ საზრისის და ინტონაციის შენარჩუნებით:

„რას ლაპარაკობთ მართლაააააა?! რას მელაპარაკებით??????ეს რა მითხარი კაცო, ეს რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა, - ნამდვილად დაზვერვას აწარმოებს რუსეთის ჯარი რომელიც თქვენს ტერიტორიაზე დგაააააააას?! გაოგნებული ვარ, რას მეუბნებით. გამაოგნებელი ამბავია. შემძრა პირდაპირ“.......

ეს იყო თხემით-ტერფამდე, სუფთად ს ა მ ხ ე დ რ ო კაცის, - ნაომარი, ნახიშტარი, ათას ქარ-ცეცხლ გამოვლილი მედესანტის, საზღვაო ქვეითის, სპეცდანელის, შემდეგ ოფიცრისა და სარდლის კეთილგანწყობილად (!) ირონიული რეაქცია ასევე სუფთად ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო პირის, ზურაბ ჟვანიას ამ გულუბრყვილო ფრაზაზე: „რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში დისლოცირდებიან, დაზვერვას აწარმოებენო“

ვინ ვინ, უპირველესად კი ჯონ უორნერმა ხომ შესანიშნავად იცის:

დალოცვილო, აბა ჯარი სხვას რას უნდა აკეთებდეს?

სამხედრო საქმის ანაბანაა და თვით უორნერსაც ეს არაერთგზის გაუკეთებია, რომ როდესაც არმია შედის ან დგას ნებისმიერ ტერიტორიაზე...... მეორე მსოფლიო ომის დროს იქნებოდა ეს....... იაპონური კუნძულები იქნებოდა...... თუ კორეის ნახევარკუნძულზე თუ...... ვიეტნამში და ა.შ....პირველი რაც უნდა გააკეთოს არმიამ, არის დ ა ზ ვ ე რ ვ ა. ესე იგი სადაზვერვო ინფრასტრუქტურის მოწყობა!

დაზვერვა არმიის „თვალი და ყურია“, მისი ქმედუნარიანობისა და ბრძოლისუნარიანობის უპირველესი, აუცილებელი პირობაა.

ამიტომაც თქვა ასე: `Oh, what are you talking about!!`

აი ზრდასრული ადამიანი რომ პატარა ბავშვის ნათქვამ გულუბრყვილო, ნაივურ სისულელეზე იხუმრებს და ფარულად კეთილად გაიცინებს ისე ოღონდ, რომ ბავშვი ირონიას ვერ მიხვდეს და გული არ ეტკინოს......

და მეორე ეპიზოდი ლეგენდარულ ამერიკელ სამხედროსთან იმავე შეხვედრისას:

ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი ერთმანეთს ასწრებენ და ამაყად უყვებიან:

„რუსი მესაზღვრეების გაყვანას ვცდილობთ ახლა საქართველო-თურქეთის საზღვრიდან და თურქი კოლეგები ამაში ძალიან გვეხმარებიან, ერთმნიშვნელოვნად მხარს გვიჭერენო“.

ჯონ უორნერს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა და მშვიდად, ვითომ „სხვათა შორის“ ჩაილაპარაკა: „ჰო, მესმის, - თურქებს ურჩევნიათ ქართველ მესაზღვრეებთან ჰქონდეთ საქმე, ვიდრე რუს მესაზღვრეებთან.......“

გასაგებია ხომ?

სამხედრო-სამხედროს მუდამ გაუგებს.

სამოქალაქო ადამიანი კი, როგორი ჭკვიანი, თუნდაც გენიალურობამდე ნიჭიერიც არ უნდა იყოს, მისთვის საბრალო, ღიმილის მომგვრელი, უბიწო ბავშვია და მეტი არაფერი.

სამხედრო საქმე არ შეცვლილა არსებითად ფარაონ ტუტანჰამონის ეპოქიდან - დღემდე

საეჭვოა ოდესმე შეიცვალოს, როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები.

და.....ნეტავ რატომ გამახსენდა?

რა ვიცი აბა.....თუმცა შემთხვევით არაფერი მახსენდება ხოლმე.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი