თამაზ ნადარეიშვილის დღეები დათვლილია

თამაზ ნადარეიშვილის დღეები დათვლილია

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ისევე, როგორც ეს საბჭო და სხვა მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურები სულ მალე «ჰაერში გამოკიდებულნი» აღმოჩნდებიან; რა თქმა უნდა, იმაზე მეტად, ვიდრე დღეს არიან.
    წარუმატებლად მთავრდება საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, გამოეყენებინა აფხაზეთში «პარალელური სტრუქტურები» იურისდიქციის აღსადგენად. ახლა სხვა პოლიტიკა ხორციელდება, რომელიც «აფხაზებთან შერიგებას» და დათმობების გზით ლტოლვილთა მნიშვნელოვანი ნაწილის ეტაპობრივ დაბრუნებას გულისხმობს; ოღონდ, არძინბას იურისდიქციის ქვეშ.
    სანამ თამაზ ნადარეიშვილის მთავრობა თბილისში იმყოფებოდა, ბუნებრივია, აფხაზებს იმის შიში მუდამ ექნებოდათ, რომ საქართველო ძალის გამოყენებით შეეცდებოდა, გადაეჭრა პრობლემა. ამ შემთხვევაში «აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლება» აუცილებელი იყო, რათა არძინბას ხროვის განადგურების შემთხვევაში მისი ადგილი დაეკავებინა; მაგრამ რაკი საბოლოოდ უარი ითქვა ძალის გამოყენებაზე და მხარეებმა მტკიცე ვალდებულება იკისრეს, «არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ძალის გამოყენება», თამაზ ნადარეიშვილი უფუნქციოდ დარჩა.
    ქვეყანა რომ დაიქცეს, ყველა აფხაზი შეიკრიბოს და «მასპინძელო მარნის კარი გიჭრიალებს» სიმღერითა და ყვავილების სროლით დახვდნენ სამასი ათასი ქართველი ლტოლვილის შესვლას აფხაზეთში, თამაზ ნადარეიშვილს იქ მაინც არ შეუშვებენ, ვინაიდან აფსუებს იგი 1992-93 წლების ომის მთავარ ინიციატორად მიაჩნიათ.
    მერიდიანი, 22 აგვისტო, 1997 წ.