«თანამეგობრობის» წყნარი აღსასრული

«თანამეგობრობის» წყნარი აღსასრული

        მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის სამიტიდან დაბრუნებულმა ყველა პრეზიდენტმა (საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით) ამ სამიტს «თანამეგობრობის პერსპექტივის დამადასტურებელი» უწოდა. სინამდვილეში არც ერთ მათგანს ეჭვი არ ეპარებოდა: 2000 წლის 21-22 ივნისის ეგრეთ წოდებული «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» ჩუმად, უმტკივნეულოდ, უწვალებლად გარდაიცვალა.
        რასაკვირველია, პოლიტიკის კანონებიდან და ტექნოლოგიიდან გამომდინარე, პრეზიდენტებს ის უნდა ეთქვათ, რაც თქვეს («თანამეგობრობას აქვს მომავალი», «თანამეგობრობა «არ მოკვდება»... და ასე შემდეგ), მაგრამ ჩემთვის, პირადად, განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოსკოვიდან გამომგზავრებულმა ედუარდ შევარდნაძემ თვითმფრინავის სალონში არ ჩაატარა «მინიპრესკონფერენცია».
        არის, აგრეთვე, სხვა სიმპტომებიც – სხვა პრეზიდენტებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» გარდაცვალება არ ნიშნავს, თითქოს «მეთაურთა სამიტები» აღარ გაიმართება – არ არის გამორიცხული, პრეზიდენტები უჰალსტუხოდ» (ეს ბორის ელცინის «გენიალური» მიგნებაა) შეიკრიბონ იალტაში დაახლოებით ორი თვის შემდეგ. ხოლო ნოემბრისათვის დაგეგმილია დსთ-ის მორიგი სამიტი, რომელიც (რაც, აგრეთვე, ნიშანდობლივია) ბელორუსეთში უნდა გაიმართოს, ანუ სწორედ იმ რესპუბლიკაში, სადაც 1991 წლის დეკემებრში «ბელოვეჟის ტევრში» ელცინ-შუშკევიჩ-კრავჩუკის ორდღიანი გამოუფხიზლებელი ლოთობის შედეგად შეიქმნა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა».
        შესაძლოა, შემდგომ წლებში კვლავაც გაგრძელდეს ფუჭი, არაფრისმომცემი შეხვედრების ტრადიცია, მაგრამ ყველა პრეზიდენტს (მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტს) დანამდვილებით ეცოდინება, რომ «თანამეგობრობა» მკვდარია! მკვდარია იმ აზრით, რომ მან ამოწურა თავისი ფუნქცია «მშვიდობიანი გაყრისა» საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (ამ ფუნქციას ანიჭებდა მას ყველა რესპუბლიკა რუსეთის გარდა) და ვერ შეასრულა ფუნქცია პოსტსაბჭოურ სივრცეში ახალი დემოკრატიული, ფედერაციული სახელმწიფოს «შეკრებისა» - რასაც მას რუსეთი აკისრებდა.
        მე, პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ გორბაჩოვსაც და ელცინსაც ჰონდათ იმპერიის მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც ვერც ერთმა განახორციელა და ვერც მეორემ. პუტინმა კი ილუზიებს თავი ანება და თანამეგობრობის (ანუ ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის გეგმის) გარდაცვალება აღიარა.
        ვიდრე იმაზე დავიწყებდეთ საუბარს, რატომ და როგორ გარდაიცვალა «თანამეგობრობა» ან, საერთოდ, რამდენად გამართლებულია იგი «გარდაცვლილად» მივიჩნიოთ, არ შემიძლია არ გავიხსენო 1994 წლის 1 მარტის ისტორიული, დაუვიწყარი საპარლამენტო სხდომა.
        გათვითცნობიერებულ მკითხველს ემახსოვრება: სწორედ ამ სხდომის შედეგად, საქართველო შეუერთდა დსთ-ის წესდებას, რაც თანამეგობრობაში საბოლოო გაწევრიანების ტოლფასი იყო _ მაშინ, როდესაც 1993 წლის სექტემბერში ვახტანგ გოგუაძის განცხადება და მოსკოვში ხელმოწერილი დეკლარაცია იურიდიულად ბევრს არაფერს ნიშნავდა.
        როგორც ამბობენ, წინა დღეს ვახტანგ რჩეულიშვილმა ქაშუეთის ეკლესიაში ილოცა და სანთელიც დაანთო. მაშინდელი ვიცე-სპიკერის წინათგრძნობა მთლიანად გამართლდა – სხდომა მართლაც მძვინვარე და ბობოქარი გამოდგა.
        თუმცა ოპოზიციას, რომელიც მაშინ თმებს იგლეჯდა და პირზე დუჟმორეული ბღაოდა «საპროტესტოდ», რა თქმა უნდა, ვერ წარმოედგინა, თუ დადგებოდა დრო, როცა მათგან ყველაზე თვალსაჩინონი გენერალ ალექსანდრე ლებედთან «ვახტანგურად» შესვამდნენ რუსეთის და საქართველოს «მარადიული ერთობის» სადღეგრძელოს. დიახ, სწორედ ამ ფორმულირებით! მართალია, «1 მარტის გმირებმა» მოკრძალებით შეაპარეს ახალშეძენილ მეგობარსა და მრისხანე სარდალს, ეგება «მეგობრობის» დაგველიაო, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არ გაუვიდათ ეშმაკობა: ზა ედინენიე! თანაც ვეჩნეე!!!
        საოცარი მხოლოდ ის არის, ამ გაიძვერებს ესოდენ მაღალკულტუროსანი (აკი 3000 წლის იუბილეს ვზეიმობთ) ერი რომ გაჰყვა და თავი დააღუპინა, თორემ ისინი სტუმარს როგორ აწყენინებდნენ? თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
        რაც მთავარია, ედუარდ შევარდნაძეს 1994 წლის 1 მარტს იოტისოდენი ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ «თანამეგობრობა» საქართველოს ვერც ერთ პრობლემას ვერ გადაუწყვეტდა, ისევე, როგორც ამ ორგანიზაციაში წევრობამ ვერაფერი უშველა მოლდოვაეს «დნესტრისპირეთთან» კონფლიქტის დროს, მაგრამ საზოგადოების (განსაკუთრებით ელიტაში, ანუ ისტებლიშმენტში) გაბატონებული სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია, ამიტომ «თანამეგობრობაში «გაწევრიანება გარდაუვალი იყო, რათა არც ერთ დემაგოგს არ ჰქონოდა საშუალება ეთქვა: აი, მაშინ, 1993-94 წლებში რომ თანამეგობრობაში შევსულიყავით... ახლა აფხაზეთის ჭრილობა მოშუშებული გვექნებოდა».
        ასეთი მენტალიტეტის ხალხს მაინც ვერაფერს შეაგნებინებ და ვერც გააგებინებ, - «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» შესვლა მხოლოდ სიმბოლური აქტი იყო.
        ერთადერთი ფუნქცია, რაც წარმატებით შეასრულა ამ თანამეგობრობამ, იყო რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის შემოსაზღვრა-დადასტურება მთელი მსოფლიოს წინაშე. მაგრამ ამ რეალობას ყველა დაეთანხმა უკრაინიდან - თურქმენეთამდე და ჩვენ რა ისეთი ზესახელმწიფო ვიყავით, ამპარტავნობა გამოგვეჩინა?
        ბალტიის ქვეყნები არ ითვლება, რადგან ეს სამი რესპუბლიკა იმთავითვე სხვა განზომილებაში არსებობდა: საკმარისია ითქვას, რომ დასავლეთს არასდროს უცვნია 1940 წელს ამ ქვეყნების ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ.
        ასეა თუ ისე, თანამეგობრობაში «შესვლიდან» - 2000 წლის ივნისის სამიტამდე (მის გარდაცვალებამდე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას საქართველოსათვის არანაირი ზიანი არ მოუტანია. არც შეეძლო მოეტანა, რადგან შეუძლებელია დაგაზარალოს იმან, რომ მხოლოდ ფორმალურად არსებობს.
        ახლა კი იმის შესახებ, რატომ გარდაიცვალა «თანამეგობრობა» და საერთოდ, რამდენად გამართლებულია იგი «აღსრულებულად» ჩაითვალოს? მიზეზს რაც შეეხება, უკვე უნდა ითქვას, რომ რუსეთს გადაეწურა იმედი ამ ორგანიზაციის გამოყენებისა ერთიანი სახელმწიფოს აღსადგენად.
        ამის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: დსთ-ის სამიტის დღეებში, რუსული «გოსდუმის» თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბორის პასტუხოვმა ძალზე ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, «თავისუფალი სავაჭრო ზონა» ზიანის მომტანია რუსეთისათვის, რადგან რუსულ ეკონომიკას ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარით აზარალებს».
        გარდა ამისა, პასტუხოვის აზრით, «ყოველგვარი უნივერსალიზაცია მავნებელია რუსეთისათვის», ვინაიდან ამგვარი საკითხები კონკრეტული ქვეყნის მიმართ კონკრეტულად უნდა გადაწყდეს».
        მიაქციეთ ყურადღება, ამას ამბობს ბორის პასტუხოვი! მისი მაგალითი შემთხვევითი არ არის. ამ გარეწარმა (იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ) უდიდესი «წვლილი» შეიტანა საქართველოს ტრაგედიაში.
        იგი რუსული ნეოიმპერიალიზმისა და «ფრაგმენტალური იმპერიალიზმის» ერთ-ერთი იდეოლოგიც იყო, მაგრამ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» არაუნივერსალური, კონკრეტული, ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული პოზიცია ეწინააღმდეგება იმ კონცეფციას, რომელიც დაედო საფუძვლად «მოდერნიზაციის» ელცინისეულ გეგმას, რომელიც გორბაჩოვის გეგმის სახეცვლილება იყო.
        ის ფაქტი, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შემოღებისას გარდაუვალ ზარალს რუსეთი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს (უკვე), ვიდრე შესაძლო გეოპოლიტიკურ დივიდენდებს, თავისთავად მრავლისმეტყველია. რუსეთს ყველა ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკასთან» (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) დადებითი სავაჭრო სალდო აქვს. ამიტომ, პრაგმატული, ეკონომიკური თვალსაზრისით, მისთვის «სავაჭრო ზონა» მიუღებელია – ოღონდ მოსკოვში კვლავაც რომ ჰქონდეთ «იმპერიის მოდერნიზაციის» იმედი, ეკონომიკურ წაგებას არად დაგიდევდნენ.
        იმავე კატეგორიის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაგალითია «სავიზო რეჟიმი». მოსკოვის სამიტზე ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა, რაც უეჭველად რუსეთის გადაწყვეტილება იყო. ამით რუსეთმა დაადასტურა, რომ «სავიზო რეჟიმი» მისი საშინაო საქმეა.
        თბილისში ყოფნისას, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი ივანოვმა განაცხადა: «რუსეთი გამოდის ბიშკეკის ხელშეკრულებიდან, რადგან ზარალის მეტი (რუსეთისთვის) ამ ხელშეკრულებას არაფერი მოუტანია».
        ბიშკეკის ხელშეკრულება აფუძნებს «უვიზო რეჟიმს» თანამეგობრობის წევრ-ქვეყნებს შორის. იგი მოქმედებს 1992 წლიდან, ანუ «თანამეგობრობის» შექმნისთანავე დაფიქსირდა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის უკიდეგანო სივრცეზე მოქალაქეთა გადაადგილება შეუფერხებელი იქნებოდა. ეს იყო ერთადერთი არა დადებითი, არა უარყოფითი, არამედ, უბრალოდ, რეალურად არსებული თვისება, რაც «თანამეგობრობას» გააჩნდა.
        ვიდრე მოქმედებდა «უვიზო რეჟიმი», მოსკოვში კიდევ ფეთქავდა იმედი. მაგრამ «ისტორიული ბედუკუღმართობაა», რომ რუსეთი თვითონ იქცა სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატორად არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანასთან.
        მიაქციეთ ყურადღება: იმავე სერგეი ივანოვმა თბილისში ყოფნისას თქვა, რომ მხოლოდ ყაზახეთთან «უვიზო რეჟიმის» გამო, რუსეთმა უკანასკნელ წლებში ორმოცდაათი მილიარდი დოლარი დაკარგა. მაშასადამე, ჩეჩნეთის პრობლემა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საბაბია, - რუსეთი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს პრაგმატული მოსაზრებებით – არა ჰიპოთეტური, ილუზორული, აღდგენილი კავშირის, არამედ დღევანდელი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
        ეს ყოველივე იმას როდი ნიშნავს, თითქოს რუსეთი უარს იტყვის მეზობელი ქვეყნების (ყოფილი რესპუბლიკების) მიმართ ტრადიციულად აგრესიული პოლიტიკის გატარებაზე და რომ არ გამოიყენებს რუსულენოვან მოსახლეობას თავისი პოზიციების განსამტკიცებლად ჩრდილოეთ ყაზახეთსა თუ აღმოსავლეთ უკრაინაში, აგრეთვე, ყირიმში; რომ არ განაგრძობს აფსუა, ოსი და სომეხი სეპარატისტების მხარდაჭერას აფხაზეთში, «სამხრეთ ოსეთსა» და ყარაბახში, მაგრამ «პუტინის დოქტრინა» უკვე სხვა თვისებრივ საფუძველს ეყრდნობა და ამით განსხვავდება «ელცინის დოქტრინისგან».
        კრემლის ახალი პოლიტიკა უფრო დაუფარავი და «ღიად აგრესიული» გახდება. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში «ზეეროვნული» ორგანოების შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს ილუზიები «ელცინის ეპოქასთან» ერთად ჩაბარდა ისტორიას. ახალი «კონკრეტული მიდგომა» კი უეჭველად იმაში გამოიხატება, რომ «ორმხრივი ურთიერთობების» ტაქტიკაზე დაფუძნებული რუსული პოლიტიკა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრაგმატულ, ცინიკურ და აგრესიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ისევე, როგორც თვით რუსეთის ფარგლებში: ჩეჩნეთის სამაგალითოდ დასჯის ფონზე რუსეთის ახალ პრეზიდენტს თათარსტანში «საბანტუი» მოუწყვეს, ხოლო შაიმიევ-რახიმოვები ვლადიმირ პუტინს ლამის ხელის გულს ულოკავდნენ საჯაროდ.
        და ეს მაშინ, როცა მინტიმირ შაიმიევმა 1995 წელს აშკარად გააკრიტიკა ელცინის პოლიტიკა «მცირერიცხოვანი ჩეჩენი ხალხის» მიმართ, ხოლო მურთაზა რახიმოვმა (ბაშკირეთის პრეზიდენტმა) ბაშკირეთის მოქალაქეებს აუკრძალა რუსეთის არმიაში სამსახური.
        ამ ვითარებაში საქართველოს მხრიდან ყველაზე სწორი და მიზანშეწონილი ტაქტიკა იქნებოდა სტაბილურობის შენარჩუნება და ელიტის კონსოლიდირებულობის დემონსტრირება.
        იმავე «სავიზო რეჟიმის» შემოღებასთან დაკავშირებით, რუსეთი ამ საკითხში უკან უკვე აღარ დაიხევს. საქართველომ უნდა აღიაროს, რომ «ვიზებით გამიჯვნის» ინიციატორი რუსეთია და არა საქართველო. თანამეგობრობის სამიტამდე ეს რამდენჯერმე თქვა კიდეც ედუარდ შევარდნაძემ, ხოლო წინა დღით სახელმწიფო მინისტრმა გია არსენიშვილმა განაცხადა ორტ-ს ეთერში: «პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი მყარდება». ამ კონტექსტში «სავიზო რეჟიმი» ნიშნავს «სრულფასოვან საზღვარს».
        მკითხველს ვთხოვ, წარმოიდგინოს, რა ისტერიკას ატეხავდა «ეროვნული მოძრაობა» 6-7 წლის წინათ, რომელიმე თანამდებობის პირს (არათუ სახელმწიფო მინისტრს!) ასეთი რამის თქმა რომ გაებედა. ალბათ, ქვეყანას აიკლებდნენ ისტერიული კივილით. თუმცა, ამ «მოძრაობაზე» ლაპარაკი საერთოდ აღარც ღირს.
        არსენიშვილის განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, აგრეთვე აღიჭურვოს პრაგმატიზმით და მიიღოს პუტინის «თამაშის წესაბი», რაც, სხვათა შორის, დანებებას სულაც არ გულისხმობს. მოწინააღმდეგის მიერ შემუშავებული თამაშის წესები შეიძლება კიდეც მიიღო, მაგრამ მოწინააღმდეგე დაამარცხო.
        ძნელი მისახვედრი არც ის არის, რომ «სავიზო რეჟიმი» საქართველოსთან «მიმართებაში», ანუ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, მიზნად ისახავს «ბაზების საკითხის» გადაწყვეტას რუსეთის სასარგებლოდ.
        ჩეჩნეთი აქაც არაფერ შუაშია. რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი განვლილი 4-5 თვის განმავლობაში (არღუნის ხეობაში დესანტირების შემდეგ) რუსმა მესანგრეებმა ისე დანაღმეს, უახლოესი 20 წელი ახლოს ვერავინ გაეკარება.
        ამიტომ, მოსკოვში შესანიშნავად უწყიან, რომ საქართველოდან რუსეთში იარაღისა და «ბოევიკების» მიწოდება ზღაპარია. ამდენად, «საივზო რეჟიმის» ბერკეტი და მისი გამოყენების თანამდევი სოციალური უკმაყოფილება ძირითად მიზნად ისახავს ორი სამხედრო ბაზის დატოვებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
        როგორც ცნობილია, 19 ნოემბერს სტამბულში ხელმოწერილი განცხადებით, რომელიც თან დაერთო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებულ ხელშეკრულებას, რუსეთმა იკისრა ვალდებულება, 2000 წლის 31 დეკემბრამდე შეემცირებინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ხელშეკრულებით დაშვებულ ოდენობამდე, ხოლო 2001 წლის 1 ივლისამდე – მთლიანად გაეუქმებინა გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები.
        პირველ პუნქტს რუსეთი უეჭველად პირნათლად შეასრულებს, საერთაშორისო ხელშეკრულება რომ არ დაარღვიოს, ანუ შეამცირებს სამხედრო ტექნიკას განსაზღვრულ ოდენობამდე, რასაც უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს ეუთოსა და ნატოს დამკვირვებლები.
        შესაძლოა, ვადებში იყოს რაღაც გადაცდომა, მაგრამ მთლიანობაში რომ რუსეთი ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედებს, ეჭვი არ მეპარება: უკვე ივლისიდან ფოთის პორტს მოადგებიან რუსული სადესანტო გემები, რომლებიც ტექნიკას გაიტანენ.
        თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსული არმადა უიარაღოდ დარჩება – ხელშეკრულება ნებას რთავს რუსეთს, შეინარჩუნოს საქართველოში ასეულობით ტანკი, ჯავშნოსანი მანქანა და საარტილერიო სისტემა. სხვა საქმეა, რომელ ბაზებზე იქნება განლაგებული ეს იარაღი. ქართული მხარე მოითხოვს მათ დროებით განლაგებას ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებზე, ხოლო გუდაუთისა და ვაზიანის ბაზები საერთოდ უნდა დაიხუროს 2001 წლის 1 ივლისამდე.
        მაგრამ მოლაპარაკებათა პროცესში «მოსალოდნელი მოულოდნელობა» მოხდა: რუსეთის დელეგაციამ, რომელიც ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვის ხელმძღვანელობით აწარმოებს თბილისში მოლაპარაკებას, განაცხადა, რომ, მაგალითად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი (რეალურად ბაზის ერთადერთი ფასეული ობიექტი) სინამდვილეში სულაც არ განეკუთვნება (რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს) ვაზიანის სამხედრო ბაზას, ანუ ბაზის გაუქმება და სამხედრო ტექნიკის გაყვანა არ ნიშნავს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გადაცემას საქართველოს იურისდიქციაში.
        აეროდრომის დასაცავად კი სამხედრო ტექნიკა სულაც არ არის საჭირო, ამას რუსი ჯარისკაცების ასეულიც ეყოფა. მაქსიმუმ «როტა», ესე იგი, 250-350 ჯარისკაცი.
        რაც შეეხება გუდაუთის სამხედრო ბაზას, რუსებმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ «იეშმაკეს» და ეს ბაზა იმავდროულად «სამშვიდობო ძალთა ბაზად» გამოაცხადეს. თურმე ნუ იტყვით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალები ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას, თუ ბაზა მაინცდამაინც გუდაუთაში არ ექნებათ. ეს უკვე აშკარა მუქარაა: რუსეთი პირდაპირ გვემუქრება, რომ თუ დავიჟინებთ გუდაუთის ბაზის სრულ ლიკვიდაციას, იგი სამშვიდობო ძალებსაც გაიყვანს, რაც დღევანდელ პირობებში აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთში ახალი ომის გაჩაღებას, რისთვისაც ქართული საზოგადოება არც ერთი თვალსაზრისით (უპირველესად, ფსიქოლოგიურად) მზად არ არის.
        თუმცა, ამ ორ საკითხზე მოლაპარაკება შეიძლება (რაც კლებანოვთან დიალოგის საწყისმა ეტაპმაც დაადასტურა). სავსებით შესაძლებელია, მივაღწიოთ ვაზიანის სამედრო აეროდრომის გადმოცემას (მისი ასაფრენი ბილიკი საუკეთესოა სამხრეთ კავკასიაში), ისევე, როგორც ასპროცენტიან გარანტიებს გუდაუთაში მხოლოდ 345-ე სადესანტო პოლკის დატოვებისა.
        სეპარატისტები, რა თქმა უნდა, გუდაუთაში არ შეუშვებენ ეუთოსა და ნატოს დამკვირვებლებს, მაგრამ ამერიკული სადაზვერვო «თანამგზავრებიდან» გუდაუთის ბაზა ხელისგულივით ჩანს. ასე რომ, მიღწეული შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა რეალურია.
        გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი (რუსეთისათვის) საკითხის სტრატეგიული მხარეა. ჩვენში დამკვიდრდა მცდარი აზრი, თითქოს რუსეთს საქართველოში აქვს ოთხი სამხედრო ბაზა და მეტი არაფერი.
        მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! განა «სამხედრო ბაზები» არ არის «სამშვიდობო კონტინგენტი» ენგურის აუზსა და ცხინვალის რეგიონში? ამის გარდა, რუსეთს სხვა სამხედრო ობიექტებიც აქვს. აქ საკითხი სტრატეგიულად არის გადასაწყვეტი: «რჩება» რუსეთი საქართველოში სტრატეგიული თვალსაზრისით თუ არა. ვგულისხმობთ «სამხედრო-სტრატეგიულ» დარჩენას.
        სტამბოლში რუსეთმა მიიღო ნებართვა, დროებით განალაგოს სამხედრო კონტინგენტი საქართველოში. მაგრამ «დროებით» შეიძლება ნიშნავდეს 3 წელსაც და 25 წელსაც. რაც მთავარია, რუსეთს არ სურს რაიმე შეცვალოს აფხაზეთში, ანუ ნაცვლად იმისა, თუნდაც ერთი ნაბიჯი «გადმოდგას» საქართველოსკენ აფხაზეთის საკითხში, ამჯობინებს «სავიზო რეჟიმით» შანტაჟირებას. საეჭვოა ამგვარმა ტაქტიკამ (სტრატეგიული პრობლემის გადაწყვეტისას) რუსეთს სარგებლობა მოუტანოს.
        ალბათ ამჯერად შეირჩევა საშუალედო ვარიანტი: საქართველო მთლიანად დაესაკუთრება ვაზიანის (უკვე ყოფილ) სამხედრო ბაზას, იძულებული გახდება, დაეთანხმოს გუდაუთაში (ნაწილობრივ) «სამშვიდობო პოლკის» შენარჩუნებას, ხოლო ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების თაობაზე მოლაპარაკება კვლავაც გაგრძელდება.
        1995 წლის მარტში, შემდეგ კი სექტემბერში ხელმოწერილი დოკუმენტი არ არის რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ, ანუ მას იურიდიული ძალმოსილება არა აქვს. ამრიგად, საქართველო ინარჩუნებს გეოპოლიოტიკური მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, სამხედრო ტექნიკის გატანა რუსეთში იქნება აღქმული, როგრც საქართველოდან რუსეთის «სამხედრო სტრატეგიული წასვლის» პროცესის დასაწყისი. ეს ერთგვარად «შეაფუცხუნებს» რუსეთის მმართველ წრეებს, რომელთაც შესანიშნავად ესმით, რომ ჩრდილოკავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოდან «წასვლა» სტრატეგიული თვალსაზრისით ძალზე საშიშია.
        ამიტომ, ზემოხსენებული დილემა («საქართველო თუ სეპარატისტთა მხარდაჭერა») კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რაც, ალბათ, ბოლოს და ბოლოს, აიძულებს რუსეთს, რაღაც შეცვალოს აფხაზეთში, თუ არადა, «გაყვანის» პროცესი უკვე დაწყებული იქნება.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მიზანშეწონილია ისეთი პოლიტიკური და იურიდიული ვითარების შექმნა, როდესაც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყება, მაგრამ იგი არ იქნება შეუქცევადი, ანუ რუსეთს დარჩება შანსი, შეინარჩუნოს სამხედრო-სტრატეგიული პოზიციები საქართველოში, თუ არა მხოლოდ შეწყვეტს სეპარატისტთა მხარდაჭერას (ყველა თვალსაზრისით), არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს.
        თუ რუსეთი ამას არ გააკეთებს, მაშინ 3-4 თუნდაც 5 წელიწადში «გაყვანის პროცესი», რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეწყდება, ბოლოს და ბოლოს, «ამოწურავს» რუსულ არმადას საქართველოში. ამგვარი ტაქტიკით საქართველო «სავიზო რეჟიმსაც» თავიდან აიცილებს, ვინაიდან თუ «დროში გაწელილი» პროცესის პასუხად რუსეთი დაუყოვნებლივ შემოიღებს სავიზო რეჟიმს, საქართველოს პარლამენტმაც შეიძლება მიიღოს კანონი «თავდაცვის შესახებ», რომელიც უცხო ქვეყნების ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას გაითვალისწინებს.

დილის გაზეთი, 26 ივნისი, 2000 წელი