ირაკლი შენგელიას რაღაც უცნაურობა სჭირს

ირაკლი შენგელიას რაღაც უცნაურობა სჭირს

    საქართველოს ფედერალური მოწყობის იდეის ავტორი და 1988-92 წლების მოვლენათა აქტიური მონაწილე, ირაკლი შენგელაია მოულოდნელად (1993 წლის შუა პერიოდიდან), გაქრა პოლიტიკური სცენიდან. ეს მით უფრო უცნაურია, რომ ამისთვის თითქოს არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობდა: ირაკლი შენგელაია ხომ ქართული პოლიტოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო. იგი უშუალო მონაწილეა ეროვნული მოძრაობის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი აქციისა - 1987 წლიდან; მისმა პარტიამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას, 11 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტშიც «ადგილობრივი მმართველობის» კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, ხოლო მისი იდეა (სამხარეო მოწყობის შესახებ) ედუარდ შევარდნაძის რეგიონული პოლიტიკის საფუძველია!
    ასე რომ, მას ყველა პირობა ჰქონდა, დარჩენილიყო «დიდ პოლიტიკაში» და თუ ახალ პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაინც მიეღო თანამდებობა. მაგრამ რეალურად ეს პოლიტიკური ფიგურა (ვიმეორებ) 1993 წლიდან გაქრა. იგი პარლამენტის სხდომებსაც კი აღარ ესწრებოდა. ზოგიერთი თვლიდა, რომ «იგი სერიოზულად ავადაა». მაგრამ ეს თავად უარყო მას შემდეგ, რაც დეპუტატმა არჩილ იოსელიანმა პარლამენტში მის მიმართ მამხილებელი განცხადება გააკეთა.
    ირაკლი შენგელაიას «გაუჩინარებას» ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის სახელსაც უკავშირებენ. ძნელი სათქმელია, რამდენად დასაჯერებელია ვერსია, თითქოს ირაკლი შენგელაია ერთ-ერთ ფირმას დაეხმარა დიდძალი კრედიტის აღებაში და მოტყუებული აღმოჩნდა. თვით შენგელაიას ახლობელთა წრე ამ ვერსიას უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი შენგელაია არათუ პოლიტიკაში აღარ ერევა, არამედ უფრო მეტიც, სახლიდან აღარ გამოდის და მისი ერთ-ერთი უახლოესი «თანაპარტიელის» თქმით, სახლს შიგნიდან ბოქლომით (!) კეტავს.
    აქ არც ისაა მთავარი, რომ ირაკლი შენგელაია საკუთარი პარტიიდან (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი) არცთუ ისე კმაყოფილი წამოვიდა. ასევე ძნელი დასაჯერებელია, მოქმედ პოლიტიკოსს ასე იოლად განელებოდა პოლიტიკისადმი სიყვარული. პოლიტიკა ხომ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის ნაწილია.
    ირაკლი შენგელაიას ქმედება ამგვარად შეიძლება ავხსნათ: მობეზრდა კაცს პოლიტიკა და თავი მიანება, მაგრამ მისი «საქმე კვლავ ცოცხლობს» და მისი იდეა (სამხარეო მოწყობის შესახებ) დღესაც პრიორიტეტულად ითვლება ხელისუფლების წრეში.
    თუ აფხაზურ მხარესთან კომპრომისის მიღწევა მოხერხდა და საქართველო ფედერალიზმის გზას დაადგა (ნებსით თუ უნებლიეთ), ეს კვლავ ირაკლი შენგელაიას დამსახურება იქნება. ასე რომ, მისი სახელი მაინც შევა ისტორიაში.

მერიდიანი, 24 სექტემბერი, 1997 წელი