თურქეთმა ამერიკას ბაზები მაინც დაუთმო

თურქეთმა ამერიკას ბაზები მაინც დაუთმო

        გუშინ ერაყის ომის დაწყების წინ უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა - ოფიციალურმა ანკარამ დაადასტურა, რომ მზად არის დაუთმოს ამერიკასა და ანტიტერორისტულ კოალიციას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო აეროდრომები და ინფრასტრუქტურა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებათა წარმოებისთვის. ეს ეხება «ნავთობსადენის ისტორიიდან» გამომდინარე საქართველოსთვის კარგად «ნაცნობი» ჯეიჰანისგან არცთუ ისე შორს მდებარე ინჯირლიყის სამხედრო ბაზასაც.

        40 წლის წინათ ამერიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, ამ უკანასკნელის პარლამენტი 6 თვეში ერთხელ უგრძელებს ვადას სამხედრო ობიექტზე ამერიკული კონტინგენტის ყოფნას. თუმცა, მესამე ქვეყნის წინააღმდეგ ბაზის გამოყენებას ცალკე, საგანგებო ნებართვა სჭირდება. სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობდა დისკუსია თურქ და ამერიკელ დიპლომატებს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში.
        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელები მხოლოდ ინჯირლიყს როდი ითხოვდნენ. მათი გეგმების განხორციელებისთვის, ფაქტობრივად, მთელი თურქეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენება იქნება საჭირო. პენტაგონს განზრახული აქვს, თურქეთში ასი ათასამდე «ჯი-აი»-ს მოუყაროს თავი, რათა ერაყის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებს შეუტიოს. ამჯერად, 1991 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ საჰაერო დარტყმებით და ერაყის რეჟიმის ეკონომიკური თუ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით საქმე არ შემოიფარგლება. ვაშინგტონს განზრახული აქვს შეცვალოს მმართველი რეჟიმი, რისთვისაც სახმელეთო ოპერაციები და თვით ბაღდადის აღებაც იქნება აუცილებელი. ერთდროულად ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთიდან (კუვეიტიდან, სპარსეთის ყურიდან) შეტევას თვით სამხედრო მოქმედებათა ტაქტიკა მოითხოვს. ამრიგად, თურქეთის თანხმობა ამერიკისათვის, ფაქტობრივად, ნახევარ გამარჯვებას ნიშნავს.
        მოლაპარაკებებისას თურქეთი «გეოპოლიტიკური რისკისთვის» სერიოზულ კომპენსაციას ითხოვდა. ერაყის მმართველი რეჟიმის საბოლოო განადგურებას უეჭველად მოჰყვება ბაღდადის კონტროლის შემცირება ერაყის იმ რაიონებზე (თურქეთის საზღვრის მახლობლად), სადაც ქურთები ცხოვრობენ. აუცილებლად გაძლიერდება «ერთიანი ქურთისტანის» იდეა, რომელმაც შეიძლება, თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებიც მოიცვას. ამჟამად ისტორიული ქურთისტანი გაყოფილი აქვს სამ სახელმწიფოს: თურქეთს, ერაყსა და ირანს. რაც შეეხება კომპენსაციას, ანკარამ ვაშინგტონისაგან მიიღო მტკიცე დაპირება, რომ ქურთები თურქეთის მთლიანობაზე ხელს ვერ აღმართავენ. უფრო რთულად წარიმართა მოლაპარაკება მატერიალური კომპენსაციის შესახებ.
        საბოლოოდ ანკარამ იმდენად უკომპრომისო პოზიცია დაიკავა (ამ საკითხში), რომ უპრეცედენტო ფინანსურ მოგებას მიაღწია: თურქეთი მიიღებს 6 მილიარდ დოლარს, გრანტის სახით. ეს არის თანხა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება თავისი შეხედულებისამებრ დახარჯავს. გარდა ამისა, ამერიკა თურქეთს გამოუყოფს 20 მილიარდი დოლარის გრძელვადიან, შეღავათიან სესხს, რომლის პროცენტების გადახდა მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყება, ძირითადი თანხისა კი 15 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი როდია: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხაზით, თურქეთი კიდევ 15 მილიარდ დოლარს მიიღებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.ც
        მოგება ამითაც არ აომიწურება – თითოეული თვითმფრინავის აფრენისათვის, ყოველი ტანკის რკინიგზაზე გადაადგილებისთვის პენტაგონი თურქეთის სახელმწიფოსა და უწყებებს გვარიან თანხას გადაუხდის. ასე რომ, ერაყის ომი საქართველოს მეზობელი თურქეთის სერიოზულ გაძლიერებას განაპირობებს როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით.
        ამასთან დაკავშირებით საქართველოში უკვე გაისმის კითხვა: რატომ არაფერს გვიხდიან ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან? ეს კითხვა საოცრად გულუბრყვილოა. «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამა ამერიკის ბიუჯეტს 75 მილიონი დოლარი უჯდება, ამერიკელები ჩამოვიდნენ და ჩვენს სამხედროებს წვრთნიან, გვეხმარებიან.. და აქეთ გადაგვიხადონ ფული სამხედრო კონტინგენტის უფასოდ მომზადებისთვის, სამხედრო აღჭურვილობის უფასოდ გადმოცემისთვის, რათა იგი მივიღოთ? ამერიკას საქართველოს აეროდრომები რომ დასჭირვებოდა, ფულად კომპენსაციას, რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღებდით, საქართველოს მაშსტაბების გათვალისწინებით. თუმცა, მხოლოდ ვაზიანის აეროდრომი ამერიკას არ ეყოფოდა. ასეთივე უაზრობაა მსჯელობა ამერიკელი სამხედროებისთვის უვიზო რეჟიმისა და დიპლომატიური იმუნიტეტის მიცემა-არმიცემის თაობაზე. ასეთი პრივილეგიებით «ჯი-აი» სარგებლობს ყველა ქვეყანა,ში, სადაც იმყოფება. ეს არის ამერიკელი კანონმდებლების მოთხოვნა. თუ არ მოგვწონს, ამერიკელები ძალით არ შემოჭრილან – აიკრავენ გუდა-ნაბადს და წავლენ. სხვა საქმეა, რა გვეშველება ჩვენ.

დილის გაზეთი, 26 თებერვალი, 2003 წელი