საქართველო ახალი ომისათვის ემზადება?

საქართველო ახალი ომისათვის ემზადება?

    26 მაისის დღესასწაული, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს გალის ტრაგედიამ ჩაუშხამა.
    ნიშანდობლივია, რომ აფხაზთა საინფორმაციო საშუალებები რუსი «კოლეგების» მეშვეობით ავრცელებენ ცნობას, რომლის თანახმად «ქართველებს სურდათ გალი აეღოთ დამოუკიდებლობის დღემდე». რა თქმა უნდა, აფსუა პროპაგანდისტებს ასეთი რამ არასდროს ეშლებათ: მათ შესანიშნავად უწყიან, როგორ გააღიზიანონ რუსული საზოგადოება. «საქართველოს დამოუკიდებლობა» რუსებისთვის ყოველთვის გამაღიზიანებელია, ხოლო «აფხაზეთის თემასთან» მისი დაკავშირება სეპარატისტთა პოზიციებს აძლიერებს.
    მრავალი დამკვირვებელი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ პარტიზანული მოძრაობის გაძლიერება უეჭველად გამოიწვევს ფართომაშტაბიან საომარ მოქმედებებს გალსა და მთელ აფხაზეთში. სოხუმის რეჟიმისათვის გალზე კონტროლის დაკარგვა აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ, 1994 წლის მაის-ივნისის დოკუმენტებში საგანგებოდ არის აღნიშნული ეგრეთ წოდებული «აფხაზური მილიციის» გალში ყოფნის აუცილებლობა. საქართველოს ხელისუფლება იმ დროს იძულებული იყო, ამ დოკუმენტისათვის ხელი მოეწერა, რადგან მაშინ სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდა. შედეგად, გალის რაიონში ასეთი დისპოზიცია შეიქმნა:
    რაიონი გაიყო ორ ნაწილად. ქვედა ტერიტორია გამოცხადდა «უსაფრთხოების ზონად», სადაც აფხაზურ მხარეს არ ჰქონდა (და არა აქვს) მძიმე ტექნიკის შეყვანის უფლება. ზედა ტერიტორია კი «შეზღუდული შეიარაღების» ზონაა».
    გალის რაიონის ორ ტერიტორიას ჰყოფს გალის არხი. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე არძინბას ხელისუფლებამ არხის მარჯვენა ნაპირზე მძლავრი თავდაცვითი საფორტიფიკაციო ინფრასტრუქტურა შექმნა. იმავდროულად, აფხაზეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სოფელ საბერიოს, სადაც თავის დროზე ენგურჰესის სამართავი პულტი აშენდა, აფხაზი «მილიციელები» აკონტროლებენ. რუსები კი დგანან ენგურთან და, ფაქტობრივად, «მესაზღვრეთა» ფუნქციებს ასრულებენ.
    ფორმალური თვალსაზრისით, აფხაზური მხარე არ არღვევს ავადსახსენებელ შეთანხმებას, ვინაიდან ეგრეთ წოდებული «აფხაზეთის კონსტიტუციით» გალის რაიონის გამგებელს არძინბა ნიშნავს, მაგრამ ფაქტობრივად, გალში აღმაშფოთებელი და შეიძლება ითქვას, სამარცხვინო ვითარება შეიქმნა: 40-50 აფსუა მილიციელი აკონტროლებდა რეგიონს, სადაც 49-50 ათასი ქართველ ცხოვრობს ავად თუ კარგად.
    ბუნებრივია, ასეთი ვითარება დიდხანს არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. როგორ შეინარჩუნებდა ორმოცდაათიოდე მილიციელი უზარმაზარი რაიონის კონტროლს? რა თქმა უნდა, საამისოდ ერთადერთი საშუალება მოსახლეობის «დატერორება» და დაშინებაა.
    ამიტომ, არძინბას მილიციელები დროდადრო აწყობდნენ დამსჯელ ექსპედიციებს ქართულ სოფლებში, რათა მუდმივი დაძაბულობისა და პირუტყვული შიშის ატმოსფერო შეექმნათ და შეიარაღებული აფხაზის დანახვისას ნებისმიერი ქართველი უმალვე აკანკალებულიყო.
    ასეთ ვითარებას ნორმალური ადამიანი დიდხანს ვერ შეეგუებოდა. ამრიგად, პარტიზანული ომის გაჩაღება მაშინაც კი გარდაუვალი იყო, თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძალისმიერი სტრუქტურები საერთოდ «დაიკრეფდნენ ხელს» და არაფერს იღონებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
    თუმცა, რეალურად, ამ უკანასკნელთ ეს წლები უქმად მაინც არ დაუკარგავთ და, როგორც ჩანს, ზოგიერთი რამ მართლაც გააკეთეს. ბოლო ერთ წელიწადში პარტიზანები იმდენად გააქტიურდნენ, რომ არძინბას რეჟიმი ფაქტობრივად აკონტროლებდა მხოლოდ იმავე სოფელ საბერიოს, თავად გალს და ენგურის ხიდზე მოწყობილ «საკონტროლო-გამშვებ პუნქტს».
    პოზიციათა შესანარჩუნებლად ესეც საკმარისი იყო, მაგრამ არძინბას მოვლენების შემდგომი განვითარება უფრო აღელვებდა. მის ინტერვიუებში აშკარად იგრძნობა (თუმცა, აფხაზთა ლიდერი ყოველნაირად ცდილობს ამის დაფარვას), რომ ერთადერთი, რისაც სოხუმსა და გუდაუთაში მართლა ეშინიათ, ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც ნამდვილად უწევენ ანგარიშს, არის პარტიზანული მოძრაობა.
    სხვა არც ერთ ფაქტორს - არც ბლოკადას და არც (მით უმეტეს) მსოფლიო «დემოკრატიული საზოგადოების» ზემოქმედებას არ შეეძლო სეპარატისტები აეძულებინა ხელშესახებად, რეალურად რაიმე დაეთმოთ. პარტიზანული მოძრაობა შესაძლოა იმიტომაც აღელვებდათ, რომ გალის რაიონში სეპარატისტთათვის ძალზე არასასურველი საინფორმაციო ფონი იქმნება, - ისინი ვეღარ შეძლებენ დააფიქსირონ (როგორც 1992 წელს), რომ საქართველომ წამოიწყო აგრესია აფხაზეთის წინააღმდეგ.
    ამიტომ, დავაკვირდეთ, როგორ ირჯებიან ზემოთ ხსენებული აფსუა პროპაგანდისტები: ჯერჯერობით ისინი არ ტეხენ ისტერიკას რუსეთის ტელევიზიით «ქართულ დივერსიულ ჯგუფთა მოქმედების გამო გალის რაიონში», რათა არ დაფიქსირდეს რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მოსალოდნელ შესვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე წინ უძღოდა შეტაკებები გალში, მაგრამ, როგორც კი საქართველოს არმიის რეგულარული ნაწილები გადალახავენ ენგურს, სეპარატისტთა პროპაგანდა ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის (უპირველესად, რუსეთში) თითქოს «საქართველოსა და აფხაზეთს შორის» მშვიდობიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ქართულმა მხარემ მოულოდნელად დაარღვია 1994 წლის შეთანხმება და წამოიწყო ახალი ომი აფხაზეთის წინააღმდეგ, რათა ძალისმიერი გზით გადაწყვიტოს პრობლემა: «აფხაზეთისგან განსხვავებით, საქართველო არ არის მზად კომპრომისისათვის» და სხვ.
    მას შემდეგ, რაც პარტიზანებმა გალში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რამდენიმე სოფელი დაიკავეს და სერიოზული საფრთხე შეუქმნეს აფხაზურ პოზიციებს როგორც ქვედა, ასევე ზედა გალის ტერიტორიაზე, არძინბამ სრული მობილიზაცია გამოაცხადა; დარწმუნებული ვარ, აფხაზები ამჯერად გალის რაიონში ახდენენ ყველაფრის კონცენტრაციას, რაც გააჩნიათ, რათა მაქსიმალურად მძიმე დარტყმა მიაყენონ საქართველოს და ჩვენმა ქვეყანამ ვეღარ გაბედოს ახალი ომის წამოწყება მორიგი, უმძიმესი დამარცხების შიშით.
    აფხაზთა შეიარაღებული ძალები და არტილერია განლაგდა გალის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანამდე მთელი «ცოცხალი ძალა» (დაახლოებით 800-1000 მებრძოლი) შეესია ზედა გალის სოფლებს და მთლიანად დაიკავა ისინი; შემდეგ შეტევა განახორციელეს ქვედა ზონის სოფლებზეც.
    ბუნებრივია, პარტიზანთა მცირერიცხოვანი რაზმები ასეთ შემოტევას ვერ გაუძლებდნენ. მათ უკან დაიხიეს,
    გალის არხთან განლაგებული აფხაზური არტილერია ბომბავს ქვედა გალის სოფლებს, რათა აიძულოს მოსახლეობა, ენგურის მარცხენა მხარეს გადავიდეს.
    სეპარატისტებს აქაც უპირატესობა აქვთ, ვინაიდან საპასუხოდ არტილერიას საქართველო ვერ იყენებს: «ქართული უსაფრთხოების ზონის საზღვრიდან» აფხაზთა პოზიციებამდე გაცილებით მეტი მანძილია, ვიდრე გალის არხიდან - ქართულ სოფლებამდე. ასეც რომ არ იყოს, საქართველო შორსმსროლელ არტილერიას ვერ გამოიყენებს, ვინაიდან აფსუები უმალვე დაბომბავენ ზუგდიდს, რათა ადგილობრივ მოსახლეობაში და ლტოლვილებში პანიკა გამოიწვიონ.
    თანდათანობით იქმნება ვითარება, როდესაც ხელისუფლება, უბრალოდ, იძულებული გახდება, დაიწყოს ახალი ომი აფხაზეთის დასაბრუნებლად. თუ არადა, ლტოლვილთა რიცხვის მატებასთან ერთად, სამეგრელოში ოპოზიციური განწყობაც გაიზრდება და კვლავ შეიძლება იფეთქოს «ზვიადისტურმა» თემამ.
    ბოლო რამდენიმე დღეში ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონებში 20-30 ათასი ლტოლვილი გადმოვიდა, იმავდროულად, არის ცნობები, რომ დასავლეთ საქართველოსაკენ დაიძრნენ შინაგანი ჯარებისა და თავდაცვის სამინისტროს მსხვილი შენაერთები სამხედრო ტექნიკითა და არტილერიით. ოღონდ, ჯერჯერობით, არ არის გარკვეული, როგორ აპირებენ ისინი (თუ აპირებენ) გალის ტერიტორიაზე შესვლას მაშინ, როცა უსაფრთხოების ზონას კვლავ რუსეთის «სამშვიდობო ძალები» იცავენ.
    ის არგუმენტი, რომ «აფხაზებმაც ხომ შეიყვანეს მძიმე ტექნიკა და ასეულობით ბოევიკი უსაფრთხოების ზონაში» - ამჯერად არ გაჭრის, ვინაიდან არძინბას შეიარაღებულ ფორმირებათა მძიმე ტექნიკა ძირითადად მაინც გალის არხის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული, ხოლო ქვედა ზონის სოფლებში (ეს ტერიტორია აფხაზეთს ეკუთვნის იურიდიულად) მხოლოდ ეგრეთ წოდებული «მილიციელები» მოქმედებენ.
    საქართველოს შეიარაღებული ძალები კი იძულებულნი იქნებიან, გადალახონ ენგური და შევიდნენ გალის ტერიტორიაზე, რითაც შეიძლება სეპარატისტებს კვლავ მივცეთ საშუალება, მათთვის სასურველი საინფორმაციო ფონი შექმნან.
    თუმცა, საუკეთესო გამოსავალი მაინც ის იქნებოდა, რომ გალის მოვლენები (თუ ომის განახლების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია) თანდათან გადაზრდილიყო ფართომაშსტაბიან საბრძოლო მოქმედებებში და არ დაფიქსირებულიყო რაიმე კონკრეტული მოვლენა ან თარიღი, როდესაც ეს შეტაკებები ომში გადაიზარდა.
    რაც შეეხება რუსეთის «სამშვიდობო ძალებს», მათ შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ დატოვონ კონფლიქტის ზონა და ეს აიხსნას არა «საქართველოს მიერ ომის განახლებით», არამედ საბრძოლო მოქმედებებით გალის რაიონში ქართველ პარტიზანებსა და აფხაზურ მილიციას შორის.
    მდგომარეობას ის ართულებს, რომ გამორიცხულია სოხუმში მიმდინარე მოლაპარაკებებზე (ვაჟა ლორთქიფანიძესთან) აფხაზურმა მხარემ რაიმე სერიოზული დათმოს. არძინბამ ძალიან კარგად უწყის: თუ ქართველები შეამჩნევენ, რომ ძალის გამოყენება ეფექტიანი საშუალებაა აფხაზეთის დასაბრუნებლად და სეპარატისტთა «დასაყოლიებლად» რეალურ დათმობებზე, - მაშინ ეს არგუმენტი ერთადერთად იქცევა ფსოუზე გასვლამდე.
   

თურქეთი საქართველოსთვის ევროპის ფანჯარაა
   

    «თურქული ფენომენისადმი» ქართული საზოგადოების არცთუ კეთილი დამოკიდებულების მიუხედავად, რაც ძირითადად, ისტორიული მიზეზებით არის განპირობებული, - დღეს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
    მხოლოდ საქართველოს უბოროტეს მტერს შეიძლება მოუვიდეს აზრად თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობათა გაფუჭება, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, საქართველოს გეოპოლიტიკურ, სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ იქცა, თურქეთზე გადის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს.
    ეს გარემოება არაერთგზის აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ. მისი ვიზიტი ჯერ კიდევ შარშან უნდა შემდგარიყო. მაშინ იგი გადაიდო, ვინაიდან ანკარაში ლამის სამხედრო გადატრიალება მოხდა მთავრობაში წარმოშობილი უთანხმოების გამო.
    თურქული მხარე სერიოზულად ემზადებოდა ზურაბ ჟვანიას მასპინძლობისათვის - მას შემდეგ, რაც ტრაპიზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას «ბაქო-ჯეიჰანის» ნავთობსადენის მშენებლობის» თაობაზე, ოფიციალურ ანკარას სურდა განსაკუთრებით აღენიშნა საქართველოსთან ურთიერთობის პრიორიტეტულობა.
    სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანასთან კარგი დამოკიდებულება თურქეთს საშუალებას აძლევს, ევროპის თვალში გაამართლოს დაპირისპირება სამხრეთ კავკასიის მეორე ქრისტიანულ სახელმწიფოსთან - სომხეთთან და დაადასტუროს, რომ თურქეთს სავსებით ძალუძს კეთილმეზობლობა ქრისტიანულ ქვეყანასთან.
    ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისას თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილემ, რაფაედინ შაჰინ ლორთქიფანიძემ განაცხადა: «ამას წინათ ერევანში ვიყავი და სომხებმა მისაყვედურეს (როგორც თურქს) იმ ეგრეთ წოდებულ «გენოციდის» გამო, რომელიც 1915 წელს მოეწყო აღმოსავლეთ თურქეთში, მაგრამ თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, გაუგებარია იმ დროს რატომ უნდა შეექმნა თურქეთს საკუთარი თავისთვის პრობლემა, მაშინ როცა მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ჯარებით».
    «როგორც ჩანს, სომხებმა იმ დროს სცადეს ესარგებლათ შექმნილი მდგომარეობით და ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლებულიყვნენ, მაგრამ შედეგად გენოციდი მიიღეს».
    თუმცა, ზურაბ ჟვანიამ თურქ კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს სომეხი ექსტრემისტები გალის რაიონში თავად უწყობენ გენოციდს მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას. ეს ინფორმაცია თურქებს უეჭველად გამოადგებათ საერთაშორისო დონეზე «სომეხთა გენოციდის» საკითხის განხილვისას. ასე რომ, ის სომხები, ვინც აფსუა ფაშისტებთან ერთად ქართველებს ხოცავენ გალის რაიონში, ამით საკუთარი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. თუმცა, ზოგიერთი დამკვირვებელი აფხაზეთში მცხოვრებ სომეხთა ანტიქართულ გააქტიურებას სომხეთის ხელისუფლებაში რადიკალთა მოსვლასაც უკავშირებს რობერტ კოჩარიანის სახით. თუ ასეა, მაშინ მართლაც ძალზე «შორიდან» დაუწყია კოჩარიანს.
    ზურაბ ჟვანიამ მასპინძლებს აგრძნობინა, რომ თურქეთს საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც.
    კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: თურქეთის სახით ჩვენ ვესაზღვრებით ევროპულ რეგიონულ სისტემას. ამჯერად, ჟვანია გულისხმობდა არა მხოლოდ ევროპის «თავისუფალი ვაჭრობის ზონას», რომლის წევრიც ეს ქვეყანა უკვე გახდა, არამედ ევროკავშირსაც, რომელშიც თურქეთს ევროპა არ ჯერ არ იღებს.
    «ევროკავშირის» ხსენება ამ კონტექსტში ყოველთვის სალბუნად ედებათ გულზე თურქებს, ვინაიდან მათთვის ძალზე მტკივნეულია იმის აღქმა, რომ გუშინ წარმოშობილ ესტონურ სახელმწიფოს 2000 წელს უკვე მიიღებენ ევროკავშირში, ხოლო თურქეთს კვლავ უარს ეუბნებიან, - მიუხედავად ოცწლიანი ხვეწნა-მუდარისა.
    გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. საქართველო და სომხეთი ამ თვალსაზრისით ყოველთვის გამონაკლისს წარმოადგენდნენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მხოლოდ ისინი ესაზღვრებოდნენ «ნატოს». ესეც გეოპოლიტიკური რეალობაა, რომელიც აქტიურად უნდა გამოვიყენოთ.
    ამჯერად საქართველოს თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება სურს, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ ეს ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად იქცეს.
    გარდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (ეს საკითხი, პრაქტიკულად გადაწყვეტილია) ამჟამად კიდევ ორი პროექტი განიხილება: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა და წრიული საავტომობილო გზა შავი ზღვის გარშემო. თურქები საქართველოსთან დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ალბათ არანაკლებსაც კი, ვიდრე ნავთობსადენს, ვინაიდან საქართველოდან რკინიგზა დაუკავშირდება აზერბაიჯანს. აზერბაიჯანიდან კი უკვე მოქმედი სარკინიგზო ბორნით - ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებს.
    მართალია, ორი წლის წინ ამოქმედდა მეშჰედ, სარახსის სარკინიგზო ხაზი ირანის გავლით, მაგრამ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ქემალისტურ თურქეთს ტრადიციულად ცუდი დამოკიდებულება აქვს. რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ორი ქვეყნის ისტორიულ დაპირისპირებაზე. ამიტომ, ძირითად კომუნიკაციათა საქართველოზე გატარება თურქეთისთვის უფრო მისაღებია და მომგებიანი, ვიდრე ირანზე.
    თეირანი ყოველთვის ეცდება «გზა გადაუკეტოს» თურქეთს - აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიისაკენ.
    ბუნებრივია, სანაცვლოდ საქართველო თურქეთისგან შესაბამის გარანტიებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ზურაბ ჟვანიასთან საუბრისას მისმა კოლეგამ, თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ჰიქმეთ ჩეთინმა ხაზგასმით აღნიშნა: «თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპია საზღვრების ძალით შეცვლის შეუძლებლობა. თურქეთი არასდროს ცნობს იარაღით მოპოვებულ დამოუკიდებლობას».
    სხვათა შორის, ჰიქმეთ ჩეთინმა ზურაბ ჟვანიას აცნობა, რომ მცირე ხნის წინ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები გამართა სენატის ლიდერებთან. მოლაპარაკებათა ძირითადი თემა ისევ და ისევ «დიდი ნავთობსადენი» იყო. თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ინტერესები ამ საკითხში ძირეულად ემთხვევა ერთმანეთს. არ არის შემთხვევითი, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ სტამბულში ნავთობის ტრანსპორტირების თემაზე დაგეგმილია ორი საერთაშორისო კონფერენცია, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ეგიდით იმართება.
    კონფერენციაზე ძირითად მომხსენებლად მოწვეულია საქართველოს პრეზიდენტი; თუმცა, სავარაუდოა, რომ გალის რაიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იგი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
    ზურაბ ჟვანია შეხვდა აგრეთვე თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელს და პრემიერ მინისტრ მესუთ ილმაზს. ზოგადად აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები, საერთაშორისო ტრადიციის შესაბამისად, ყოველთვის ცერემონიულ ხასიათს ატარებს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ თვალსაზრისით მეტს მიაღწია, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში მისი სტუმრობისას სავსებით კონკრეტული საკითხები განიხილება. ეს ძალზე ნიშანდობლივი მომენტია, რომლიდანაც მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება.
    თურქეთში ვიზიტისას დაგეგმილი იყო ზურაბ ჟვანიას სტუმრობა აღმოსავლეთ ვილაიეთებში, - არდაგანში, ხოფაში, ბორჩხაში, სადაც თითქმის მთლიანად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ადგილობრივმა ქართველებმა უკვე იცოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზიტი ამ რაიონებში არ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის სხვა წევრებმა ვერ მოინახულეს ოშკი, დოლისყანა, ხახული . . . . . თავისთავად ეს უპრეცედენტო მოვლენა იქნებოდა.
    თურქები ამ საკითხს ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ; ბოლო დრომდე ისინი საეროთდ არ თვლიდნენ ამ ძეგლებს «ქართულად» და მათ «ბიზანტიურად» მიიჩნევდნენ. მიზანი ადვილად ამოსაცნობია - ბიზანტია ხომ აღარ არსებობს, ამდენად, პრობლემებსაც ვერავის შეუქმნის.
    თუმცა, ბოლო დროს ვითარება იცვლება, - თურქეთში მიხვდნენ, რომ შეუძლებელია საქართველოსთან კეთილმეზობლობა, თუ რეალობას არ გაითვალისწინებენ - მოსაზღვრე რაიონებთან ჩვენს ქვეყანას ბევრი რამ აკავშირებს.
    სამწუხაროდ, გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობის გამო ჟვანია იძულებული გახდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო სამშობლოში. როგორც ჩანს, ეს დაუკავშირდა ეროვნული უშიშროების საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას. თუ აფხაზეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდებოდა, საჭირო გახდებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აფხაზეთში, რისთვისაც აუცილებელია პარლამენტის დადგენილება.

დილის გაზეთი, 26 მაისი, 1998 წელი