ირაკლი შენგელაია პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა

ირაკლი შენგელაია პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა

 

    1994-1995 წლებში, განსაკუთრებით 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური სცენიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა გაქრა. მათ შორის ყველაზე კოლორიტული და, თუ შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვის მატარებელი იყო ქართველ «ქრისტიან-დემოკრატთა» ყოფილი ლიდერი, ირაკლი შენგელაია.
    იგი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და არავითარ მონაწილეობას არ იღებდა პარლამენტის მუშაობაში - მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
    ირაკლი შენგელაია 1987-1992 წლებში «ეროვნული მოძრაობის» არათუ უბრალოდ მონაწილე, არამედ ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო; მან მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა იმ იდეოლოგიური და პოლიტიკური ბაზისის შესამზადებლად, რომელზე დაყრდნობითაც ვითარდებოდა ანტიკომუნისტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში.
    1988 წელს ირაკლი შენგელაიას «ეროვნული სამართლიანობის კავშირმა» აქტიური მონაწილეობა მიიღო ნოემბრის ცნობილ აქციებში, ხოლო 9 აპრილის მოვლენების შემდეგ მისი პარტია «ეროვნული ხსნის კომიტეტის» შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი გახდა.
    ირაკლი შენგელაია ინტელექტითა და გარკვეული საზოგადოებრივი «იმიჯით» აშკარად განსხვავდებოდა «მოძრაობის» სხვა ლიდერთაგან. სწორედ ამ გარემოების გამო, მას უფრო მეტად შეეძლო ელიტარულ ინტელიგენციასთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ირაკლი შენგელაიამ ვერ შეძლო მტკიცედ ორგანიზებული პარტიის ჩამოყალიბება, ხოლო ქრისტიანულ-დემოკრატიულ იდეოლოგიას საქართველოში «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია დაესაკუთრა, რაკი გია ჭანტურიას პარტია სწორედ ორგანიზაციულად (და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად) უფრო ძლიერი იყო, ვიდრე «ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი».

    ზოგიერთი ინფორმაციით, ირაკლი შენგელაიას «გაუჩინარება» პოლიტიკური სცენიდან თითქოს გამოიწვია ერთი გაიძვერა ფინანსისტის მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა აფიორამ. ამ «ფინანსისტმა» ეროვნულ ბანკში დემურ დვალიშვილის «პრეზიდენტობის» პერიოდში დიდძალი თანხა გამოიტანა ეროვნული ბანკიდან – ირაკლი შენგელაიას რეკომენდაციით და უმალვე საზღვარგარეთ გადაიხვეწა იმ თანხასთან ერთად.
    თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა ოფიციალური წყაროებით, ან თვით შენგელაიას მიერ. მიუხედავად ამისა, ირაკლი შენგელაიას ნამდვილად აქვს შანსი, შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი არქიტექტორი, რაკი საქართველოს ფედერაციული მოწყობის გეგმა სწორედ ირაკლი შენგელაიას იდეას ეყრდნობა.
    მართალია თავდაპირველად ეს იდეა მხოლოდ სამხარეო მოწყობას გულისხმობდა და არ ითვალისწინებდა საქართველოს ქცევას «მრავალსუბიექტურ ფედერაციად», მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტმა სწორედ ეს იდეა გამოიყენა, რათა დაერწმუნებინა საზოგადოება ქვეყნის დეუნიტარიზაციის აუცილებლობაში.
    მისთვის, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ იმ გარემოებას ჰქონდა, რომ იდეა ირაკლი შენგელაიას ეკუთვნოდა, რომელსაც ვერავინ დასწამებს ვერც «კრემლის აგენტობას», ვერც «კომუნისტურ წარსულს». ანუ, შევარდნაძემ სულ მალე შეიძლება განაცხადოს, რომ საქართველოს ფედერალიზაციის იდეა ეროვნული მოძრაობის (და არა კრემლის) «ლაბორატორიებშია» გამომუშავებული.

«მიმომხილველი», 26 თებერვალი, 1996 წელი.