საქართველოს სამხედრო ვექტორი «სუამისაკენ» იხრება

საქართველოს სამხედრო ვექტორი «სუამისაკენ» იხრება

 

        როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვითარებაში, როდესაც «ნატო» ჯერ არ არის მზად, აქტიურად იმოქმედოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ხოლო დსთ-ს ეგრეთ წოდებულმა «კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებამ» სრული უნიათობა და უსარგებლობა გამოამჟღავნა - რეგიონული თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ვითარდება თვით თანამეგობრობის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთთან და მის მიერ შექმნილ სისტემებთან დისტანცირებას ამჯობინებენ.
        აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, თუ საქართველო სამხედრო სფეროში უახლოვდება აზერბაიჯანსა და უკრაინას. გასულ კვირას, ამ თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ თბილისში. ეს შეკრება თითქოს «შემთხვევითი» იყო, მაგრამ დიდ პოლიტიკაში, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სამხედრო სფეროს - «შემთხვევით» არაფერი ხდება. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი ამ დროს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით თბილისში. აქვე უნდა ითქვას, რომ აბიევის ვიზიტით საქართველოს ხელისუფლებამ სცადა «გაეწონასწორებინა» სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვაზგენ სარქისიანის «სტუმრობით» გამოწვეული შთაბეჭდილება. ბაქოში ეს «სტუმრობა», რასაკვირველია, ძალიან არ ეპიტნავათ, თუმცა, სარქისიანის ჩამოსვლა დიდწილად სიმბოლური აქტი აღმოჩნდა – საქართველოსა და სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორები უკვე კარდინალურად დაშორდა ერთმანეთს.
        რაც შეეხება აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, მასთან ერთად საქართველოს თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელმა ძალიან სერიოზული განცხადებები გააკეთა. სწორედ ამ დროს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსანდრე კუზმუკი, იგი მონაწილეობდა სამხედრო ტექნიკის მორიგ გამოფენა-გაყიდვაში. კიევში გამოფრენის შემდეგ კი: «მოულოდნელად მოუნდა» თბილისში შეჩერება, რათა ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვედროდა.
        მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა აეროპორტში ხანმოკლე იყო, მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განავითარონ სამხედრო კავშირები «სუამის» ფარგლებში. როგორც ცნობილია, ეს ორგანიზაცია 1997 წელს შეიქმნა. მასში გაწევრიანდნენ საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა.» სუამის» შექმნის ძირითადი მოტივი იყო ევროპაში «ჩვეულებრივი შეიარაღების ფლანგური შეზღუდვის» ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა.
        ოთხივე ქვეყნის ლიდერი დღენიადაგ ამტკიცებდა, რომ «სუამი» არ არის პოლიტიკური ალიანსი, მაგრამ მოვლენათა განვითარება უეჭველად ადასტურებს: განურჩევლად იმისა, რა პოზიციას დაიკავებს მოლდოვა (შესაძლოა მისი პოზიცია შედარებით თავშეკავებული იყოს, უპირველესად, იმის გამო, რომ დნესტრისპირეთში არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ უკრაინასთანაც სერიოზული პრობლემები აქვს), საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა უეჭველად განვითარდება სწორედ «სუამის» ფარგლებში.
        შესაძლოა, ეს ორგანიზაცია ტრანსფორმირდეს ახალ რეგიონულ გაერთიანებად, ოღონდ უკვე მკვეთრად გამოხატული სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური შინაარსით. ფაქტია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ნამდვილად ქმნიან ძალზე მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს, რომელსაც 21-ე საუკუნეში გეოპოლიტიკური ფუნქცია დაეკისრება.
        აქედან გამომდინარე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის დაახლოება სამხედრო სფეროშიც ბუნებრივი და აუცილებელი ხდება. დავით თევზაძემ, საფარ აბიევმა და ალექსანდრე კუზმუკმა მოილაპარაკეს, უახლოეს მომავალში ჩაატარონ საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნა (ოცეულის დონეზე) ნიშანდობლივი მიზნით: გამოიმუშაონ ნავთობსადენის დაცვის ერთობლივი ჩვევები და მეთოდები.
        რასაკვირველია, «ნავთობსადენის დაცვა» ნიშნავს საქართველოს დაცვას გარეშე აგრესიისაგან, ვინაიდან ნებისმიერი აგრესია თუ დესტაბილიზაცია ემუქრება ნავთობსადენს და მთლიანად ზემოხსენებულ სატრანზიტო კვანძს.
        მაშასადამე, უკრაინა, საქართველო და აზერბაიჯანი უახლოვდებიან ძალიან სერიოზულ მიჯნას, რომლის მიღმა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა უკვე ახალ სტადიაში გადადის. ამ კონტექსტში გასაგები ხდება, რატომ იკრიბებიან 17 აპრილს სუფსაში პირველი ნავთობმზიდის დატვირთვის საზეიმო ცერემონიაზე სწორედ საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები.
        უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით არათუ ბევრად არ ჩამოუვარდება, არამედ, ზოგიერთ ასპექტში უტოლდება კიდეც რუსეთს.

საქართველოში კაც-პარტიების ეპოქა ვერა და ვერ დასრულდა

        ზოგიერთი ჩვენი კოლეგა პარტიათა ამ კატეგორიას «ჯუჯა-პარტიებს» უწოდებს, რაც ფორმით თითქოს აბსოლუტურად სამართლიანი განსაზღვრებაა. მართლაც, -  «შეიკრიბება» რამდენიმე ადამიანი და შექმნის პარტიას...» ამ განსაზღვრებას აღარ ვაგრძელებ, ვინაიდან ისედაც ყველაფერი გასაგებია. მიუხედავად ამისა, სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი აზრით შინაარსობრივად უფრო ზუსტი დეფინიცია: «კაც-პარტიები».
        ჩვენში პოლიტიკური ჯგუფები ერთიანდებიან არა რაიმე პროგრამის, იდეის, არამედ კონკრეტული ამბიციის საფუძველზე. შესაძლოა, მკითხველი ელოდა, ვიტყოდი, - «კონკრეტული ფიგურის ან კონკრეტული პიროვნების».
        მაგრამ ესეც არასწორი განსაზღვრება იქნება, ვინაიდან პიროვნება სავსებით შეიძლება იყოს პოლიტიკური პროგრამისა და იდეის მატარებელი. თანაც, არა მხოლოდ ტოტალიტარულის, არამედ დემოკრატიული იდეისაც.
        ამ საფუძველზე გაერთიანებაში გასაკვირი, მით უმეტეს, საძრახისი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1988 წლიდან - დღემდე, პარტიები იქმნება პიროვნული ამბიციის საფუძველზე. სწორედ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ კაც-პარტიებში. კონკრეტული ამბიციაც არ არის აუცილებელო მხოლოდ ერთ რომელიმე პიროვნებას ახასიათებდეს - იგი შესაძლოა «კოლექტიურიც» იყოს.
        მიუხედავად ამისა, პარტია მაინც «კაც-პარტიად» რჩება. ამიტომაც, ვერა და ვერ დავასრულეთ 10-12 წლის განმავლობაში პარტიული (პოლიტიკური) სპექტრის ჩამოყალიბების პროცესი; ამიტომ, ფუძნდება და იშლება, შემდგომ კვლავ ერთიანდება, ისევ იშლება, მერე კიდევ უფრო იშლება ლამის ათეულობით პარტია თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთაც ხშირად არანაირი სოციალური საფუძველი არ გააჩნიათ. უფრო ხშირად კი «ერთჯერადები» არიან, - იქმნებიან საარჩევნოდ, გამოიყენებს ვინმე და გადააგდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ და რა ფორმით.
        თუ ეს ტენდენცია ქართულ პოლიტიკაში არ დაირღვა - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ვინაიდან, არასდროს გვექნება ნორმალური პოლიტიკური სპექტრი. ასეთი სპექტრის გარეშე კი საქართველოს, როგორც დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, პერსპექტივა არა აქვს.
        მაგრამ შენც არ მომიკვდე, - ქართულ პოლიტოკრატიას ვერაფერს შეასმენ. ყოველი ახალი არჩევნების წინ აკეთებს ერთსა და იმავეს, ვინაიდან დარწმუნებულია (ესეც საქვეყნო უბედურებად უნდა მივიჩნიოთ), რომ მხოლოდ მას აქვს პოლიტიკური პრიორიტეტი საქართველოში, ანუ ერთგვარი პრეროგატივა, რაკი «ჩვენს იქით გზა არა აქვთ».
        ერთადერთი მეთოდი ამ ვითარების შეცვლისა ის არის, რომ თვით ამომრჩეველმა არჩევნების დროს ჭკუა ასწავლოს «კაც-პარტიებს», რომ მათ საკუთარ ამბიციას ნაკლები ყურადღება მიაქციონ, ვიდრე ამომრჩევლისა და მოსახლეობის ინტერესებს.

ლტოლვილთა დაბრუნება აფხაზეთში «წანწკარით», მაგრამ მაინც მიმდინარეობს

        სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ნაწილობრივ მაინც შეასრულა თავისი სიტყვა და დაიწყო იმ ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. რა თქმა უნდა, არძინბას აზრადაც არ მოუვა ლტოლვილთა მთელი მასის 20 პროცენტზე მეტი დააბრუნოს აფხაზეთში. სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც «დაბრუნების» დეკლარირებას ახდენდა. აქედან გამომდინარე, მის «სიტყვისკაცობაზე» ლაპარაკი სასაცილოა.
        ზუგდიდიდან მიღებული ცნობით, ყოველდღიურად ენგურის ხიდზე 50-მდე ლტოლვილი გადადის. ისინი თანხმდებიან რეგისტრაციას აფხაზურ «ორგანოებში» და უბრუნდებიან მშობლიურ სახლებსა და ნასახლარებს. არძინბას მათი დაბრუნება ალტრუისტული ან ჰუმანისტური მოსაზრებების გამო როდი განუზრახავს - მას სჭირდება «ცოცხალი ფარი», - ბუფერი სამურზაყანოში, რომელსაც ისევე ცინიკურად და ბოროტად გამოიყენებს, როგორც გამოიყენა შარშან, - მაისში, ცნობილი მოვლენების დროს.
        იმავდროულად, არძინბამ გათვალა, რომ ეს «საზარბაზნე ხორცი» მშვიდობიანობის პერიოდში გულმოდგინედ იშრომებს სამურზაყანოში და «დამოუკიდებელი აფხაზეთის» ეკონომიკას გაამდიდრებს. ლტოლვილთა დაბრუნებისთვის ხელის შეშლა, ჯერ ერთი, სრულებით უპერსპექტივო საქმეა; გარდა ამისა, ამ ჩვენს მორიგ სიბრიყვეს აქტიურად გამოიყენებს იგივე არძინბა, რომ დაბრუნებულ ლტოლვილთა მცირერიცხოვნობა «ქართული მხარის წინააღმდეგობით» ახსნას.
        დარწმუნებით, ისევ და ისევ, შეიძლება ითქვას, რომ თუ რაიმე აღელვებს არძინბას - მხოლოდ და მხოლოდ «პარტიზანთა» პრობლემაა. მხოლოდ ამის ეშინიათ სეპარატისტებს, მხოლოდ ეს აფიქრებთ, ხოლო მოჩვენებითი ბლოკადა «ფსოუზე» - სასაცილოდაც არ ჰყოფნით.
        რაც შეეხება პარტიზანებს, მათი აქტიურობა შესამჩნევად მინელდა (სამწუხაროდ); უფრო მეტიც, - ისინი საერთოდ აღარსად ჩანან და ამჟამად სამურზაყანოში მიმდინარე პროცესთა ფონზე მათი პასიურობა უკვე ძნელად ასახსნელი და აღმაშფოთებელიცაა.
        თუ გადაწყვიტეს, საერთოდ აღარ იმოქმედონ აფხაზეთში - მათი ნებაა, მაგრამ ლტოლვილთა მეტ-ნაკლები დაბრუნების შემდეგ კვლავ ამოქმედება დანაშაული იქნება, ვინაიდან ის უბედური ადამიანები ხელმეორედ გამოიქცევიან (თუ უკვე მესამედ არა) ენგურის მარცხენა მხარეს.
        გარდა ამისა, პარტიზანების გააქტიურება დაბრუნებულ (თუნდაც, მცირერიცხოვან) დევნილებს დააყენებს ძალზე საშიში (საქართველოსთვის საშიში) ალტერნატივის წინაშე: კვლავ გამოიქცნენ ზუგდიდში თუ იარაღით ხელში იბრძოლონ აფსუა სეპარატისტთა «მილიციის» შემადგენლობაში - ქართველი პარტიზანების წინააღმდეგ.
        ამჯერად (რაკი კარგად ახსოვთ, რა მოხდა მაისში და როგორ «დაიცვეს» ისინი ქართველმა პარტიზანებმა), არ არის გამორიცხული, არჩევანი გააკეთონ სეპარატისტთა სასარგებლოდ.
        აქედან გამომდინარე, პარტიზანებმა საერთოდ აღარ უნდა წამოიწყონ ბრძოლა გალის რაიონში. ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ.
        იდეალური პერიოდი გალში პარტიზანული მოძრაობის მთელი ძალით გასაშლელად იყო შარშანდელი შემოდგომა-ზამთარი, როდესაც სამურზაყანოში ქართული მოსახლეობა საერთოდ აღარ ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, არძინბა მათ ვერ გამოიყენებდა «საზარბაზნე ხორცად» და «ცოცხალ ფარად», მაგრამ მაშინ პარტიზანები რატომღაც პასიურობდნენ.
        რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ამის თქმა, პარტიზანული ომი აფხაზეთში ჩვენ მაისში წავაგეთ, - წავაგეთ თვით პარტიზანთა მცირერიცხოვნობის, უმწეობისა და არაბრძოლისუნარიანობის გამო, რაც ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალია (უმთავრესად, აფხაზეთის «ლტოლვილი» ხელისუფლებისა), მაგრამ ნაწილობრივ, თვით ამ პარტიზანებისაც! პარტიზანული მოძრაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააჩაღო, თუ ამის შნო გაქვს. დიდებული ქართული სიტყვაა «შნო», სწორედ «შნო» (და არა განსაკუთრებული იარაღი ან წვრთნა) სჭირდება იმის გაკეთებას, რომ შენს სამშობლოში, შენს მიწა-წყალზე მტერს მოსვენებისა და მშვიდი ცხოვრების საშუალება არ მისცე. სამურზაყანოში მაინც, - სადაც აფსუები ყოველთვის «მომხდურები» იქნებიან.

დილის გაზეთი, 22 მარტი, 1999 წელი