ირინა სარიშვილი ბრძოლას აგრძელებს

ირინა სარიშვილი ბრძოლას აგრძელებს

 

    ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადება ქვეყნის ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელების კორუმპირებულობის შესახებ «რიგითი სენსაცია» ნამდვილად არ არის. ამგვარ განცხადებებს ხშირად აკეთებდნენ (ადრეც და ახლაც) საქართველოში მოქმედი «ჯუჯა-პარტიების» წარმომადგენლები, მაგრამ «ედეპეს» ლიდერის სიტყვებს ნამდვილად შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს მაშინ, როდესაც სხვათა ანალოგიური განცხადება პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების უმწეო მცდელობაა და სხვა არაფერი.
    ირინა სარიშვილი კი, პირიქით, ამჟამად ხარჯავს პოლიტიკურ კაპიტალს. უფრო ზუსტად, ცდილობს, იგი სარფიანად «დააბანდოს».
    პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, მეთოდი «არახალია» და მრავალგზის აპრობირებული: ჯერ კიდევ 1992 წელს, სამხედრო გადატრიალებისთანავე, ირინა სარიშვილი ანალოგიური ბრალდებით გამოვიდა გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგისა და სულისჩამდგმელის, ოთარ ქვილითაიას წინააღმდეგ, რომელიც უმალვე გაქრა პოლიტიკური არენიდან.
    შემდგომ ანალოგიური რამ არაერთხელ განმეორდა. «ედეპე» ქმნიდა «ანტისტერეოტიპს», რომელიც ქარაგმულად უკავშირდებოდა სახელმწიფოს მეთაურს; შევარდნაძეც ბოლოს და ბოლოს იძულებული ხდებოდა თავისი ხელისუფლების პრესტიჟის გადასარჩენად «ედეპეს» მიერ ათვალწუნებული მოღვაწეები მოეშორებინა.
    1995 წელს ამ პარტიის მიერ «ბანდად» შერაცხული ოთხეულიდან (მარგიანი-გიორგაძე-იოსელიანი-ნადიბაიძე) ამჟამად მხოლოდ ნადიბაიძე შემორჩა და მისი დღეებიც (როგორც მინისტრისა) უკვე დათვლილია. ირინა სარიშვილმა ლიდერმა კი ახალი შეტევა წამოიწყო.
    ამჯერად «ანტისტერეოტიპის» შესაქმნელად კახა თარგამაძის, შოთა კვირაიას და ჯამლეთ ბაბილაშვილის პერსონები ფიგურირებს. მეთოდი იგივეა. ანალოგიურია ტაქტიკური სქემაც: საზოგადოება ადვილად ირწმუნებს იმას, რისიც მას ისედაც სჯერა. თანდათან, მიზანმიმართულად იქსოვება საზოგადოებრივი აზრი. ბოლოს და ბოლოს ამ ბადეში შეიძლება უმაღლესი ხელისუფალიც გაეხვიოს. თუ წინა სახელისუფლებო სისტემაში ფიგურათა მსხვერპლად შეწირვა დასაშვები იყო, ვინაიდან მთავრობა განუწყვეტელ «როტაციას» განიცდიდა, ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან არჩევნების შემდეგ ხელისუფლება სხვა საფუძველს დაეყრდნო: დღეს შესაძლოა რომელიმე რგოლის ამოღებას ამ სისტემიდან მთელი კონსტრუქციის დაშლა მოჰყვეს.
    ვითარება უეჭველად უფრო დაიძაბება. ირინა სარიშვილი ბრალდებებს გაამძაფრებს, ხოლო ზემოხსენებული «სამეული» ბოლომდე დაიცავს თავს. ზოგიერთი მომენტის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ იგი შეიძლება ერთობლივ «კონტრშეტევაზეც» გადავიდეს და მაქსიმალურად გამოიყენოს ის ფაქტორი, რომ «ედეპე»-ს პარტია «ერთიანი და განუყოფელი» აღარ არის.

მერიდიანი, 4 მარტი, 1997 წ.