ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ახალი სახე

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ახალი სახე

        «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტიის ლიდერის განცხადება ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბევრმა მოულოდნელ სვლად აღიქვა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც მომავალმა «მაჟორიტარმა კანდიდატებმა» პირველი განაცხადი გააკეთეს, ირინა სარიშვილი-ჭანტურია მოიქცა ძალზე ჭკვიანურად: არჩევნებში მონაწილეობის იდეა მას, რა თქმა უნდა, გაუელვებდა თავში, მაგრამ არ აჩქარებულა. ახლა კი იგი, უბრალოდ, იძულებული გახდა «დაარღვიოს მოქალაქეთა კავშირისა და «მხედრიონელთა» ალიანსი», როგორც თავად აცხადებს
        ამ შემთხვევაში «ბებერი მოჯაჰედი», მისი კოლორიტულობისა და არაორდინარულობის მიუხედავად, მაინც წარსულის ფიგურაა. არც სოციალისტი ქეთევან ჟორდანიაა მაინცდამაინც სერიოზული კონკურენტი. ედპ-ს ლიდერი უფრო სხვა რამის გამჟღავნებას ელოდება: მიიღებდა თუ არა მონაწილეობას არჩევნებში «მთავარ კანდიდატად» მიჩნეული ვაჟა ლორთქიფანიძე? და თუ მიიღებდა, ვის «მოედანზე» ითამაშებდა – მოქალაქეთა კავშირის, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის?
        სხვათა შორის, ამის დანამდვილებით თქმა კვლავინდებურად რთული იყო, ვინაიდან მმართველ პარტიაშიც არ ყოფილა ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება. «მაგალითად, ნიკო ლეკიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ გამორიცხა «ლორთქიფანიძის მონაწილეობა «მოქალაქეთა კავშირის» მხარდაჭერით, თუმცა ეს მაინც უფრო ჰიპოთეტურ განზრახულობად რჩებოდა».
        მთავარი ის არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაშია. ვაჟა ლორთქიფანიძემ კი «მოცდა» არჩია. მისი მხრიდან ეს, როგორც ჩანს, ლოგიკური ნაბიჯი იყო, ვინაიდან ლორთქიფანიძეს უფრო დიდი და შორსმიმავალი გეგმები აქვს, ვიდრე პარლამენტის რიგითი წევრობაა. ამ გეგმებს იგი ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაამჟღავნებს. უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ლორთქიფანიძე, შაშიაშვილი და გულუა 2001 წლის ზაფხულში შექმნიან ახალ პარტიას (შეიძლება პირდაპირ ასეც ერქვას - «ახალი პარტია»), თუმცა ლიდერობაზე როგორ მოილაპარაკებენ, სხვა საკითხია.
        ირინა სარიშვილი ჭანტურიასთვის კი (განსხვავებით ვაჟა ლორთქიფანიძისაგან) ვაკის მაჟორიტარულ დეპუტატობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
        ედპ-ს სჭირდებოდა რეალურად გავლენიანი ტრიბუნა, ვინაიდან ყველაფერთან ერთად, აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებულ პარტიაში შეიძლება დაიწყოს დაშლა-დასუსტებისა და დეზინტეგრაციის პროცესები.
        მით უმეტეს, რომ ყოფილი «დიდი ედპ»-ს მეორე ფრთა (გიორგაძე-ხუხუნაიშვილი-კობახიძე) სულაც არ არის გულგრილი ამ პროცესებისადმი და თავადაც აპირებს საბოლოოდ ჩამოშორდეს პოლიტიკას.
        ამრიგად, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი მთავარი კონკურენტის ვინაობა ჯერ არ დასახელებულა: მას დაასახელებს მოქალაქეთა კავშირი.
        თუმცა, ალბათ, იგი ვერ იქნება როგორც რუსები ამბობენ, «ნიშანდობლივი», ანუ «ზნაკოვაია» ფიგურა.
        გამორიცხული არ არის, აგრეთვე, ვაკეში რომელიმე ძლიერი და გავლენიანი დაჯგუფების კერძო ინიციატივაც, ანუ «დამოუკიდებელი» კანდიდატის წამოყენება საინიციატივო ჯგუფის მიერ.
        დღევანდელ პირობებში, როდესაც მოსახლეობა პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით დაიღალა, ეს სრულიად ბუნებრივი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ყველა სერიოზული «პარტიული მოთამაშე» ელექტორატის ამ განწყობის გათვალისწინებით, შეეცდება ახალი სახის მოძებნას. ირინა სარიშვილი-ჭანტურია ძალზე ჭკვიანი პოლიტიკოსია (ამ თვალსაზრისით, «მოძრაობის» საერთო ფონზე, იგი აშკარად გამოირჩევა) და შესანიშნავად ხედავს, რომ ის იდეები, რომლებმაც 1988 წლიდან დღემდე საქართველოს ძირძველი ტერიტორიები დააკარგვინა და ბოლოს სავიზო რეჟიმამდე მიიყვანა რუსეთთან – ამჟამად პოპულარული აღარ არის.
        სულ სხვა საქმეა «ახალი იმიჯი», რომელიც განახლებულ აურას უკავშირდება, ვინაიდან ამ აურას საერთო არაფერი აქვს აწ უკვე «ეროვნულ-გამანადგურებლად» მიჩნეულ მოძრაობასთან.

მერიდიანი, 6 დეკემბერი, 2000 წელი