პრიმაკოვს ჩვენი სიმხდალის იმედი აქვს

პრიმაკოვს ჩვენი სიმხდალის იმედი აქვს

 

    რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ჩვენი ქვეყნის «დატუქსვას» შეიცავს. როგორც ყოველთვის, განცხადება ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბრწყინვალედ არის დაწერილი (რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უნიათო საპასუხო განცხადებაზე) და ბევრ ნიუანსსაც მოიცავს, რომელთა გათვალისწინებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო უწყების მოტივაციაზე.
    განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის ზოგიერთი ფორმულირება მიუთითებს «ქართული მხარის სურვილზე, მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მთელი კომპლექსის რევიზია». ეს პასაჟი მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტმა უდავოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი მიზანი იყო მოსკოვისათვის მიენიშნებინა, - აფხაზეთში ვითარების უცვლელობის შემთხვევაში საქართველო მართლაც შეცვლის თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ; მუქარამ მიზანს მიაღწია, - რუსეთში შესანიშნავად მიხვდნენ, რას მოასწავებს დადგენილება, მაგრამ თავი «მოიკატუნეს» და საგარეო უწყების განცხადებით ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს ვერანაირ კავშირის ვერ ხედავენ აფხაზეთის პრობლემასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შორის. ფორმალურად (რაც ყველაზე საინტერესოა) მართალნიც არიან: არც ერთ დოკუმენტში რომელიც ხელმოწერილია საქართველოს, რუსეთსა და აფხაზეთის წარმომადგენელთა მიერ, არ არის ნათქვამი, რომ რუსეთი ვალდებულებას კისრულობს დააბრუნოს ლტოლვილები და აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
        ამგვარი დებულება ან პირობა დოკუმენტში რომ ყოფილიყო ჩადებული, აფხაზები მას ხელს არ მოაწერდნენ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ არსებობდა არაოფიციალური შეთანხმებაც, - რუსეთს ხელი უნდა შეეწყო თბილისი იურისდიქციის აღდგენისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც მან არ გააკეთა; ბუნებრივია, საქართველო შექმნილ ვითარებაში ცდილობს ალტერნატიული გზების ძიებას, ხოლო მოსკოვში  ხვდებიან, - სამხედრო გზას საქართველოს ხელისუფლება არ აირჩევს და კვლავ მოლაპარაკებას ამჯობინებს, - ოღონდ სხვა ქვეყნის შუამავლობით.
    აი, ამის კი რუსეთს ძალიან ეშინია, - მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა კონფლიქტის კონსერვაცია და დროგამოშვებით მოლაპარაკებათა უნაყოფო რაუნდების გამართვა, რითაც იგი დააფიქსირებდა თავის პრიორიტეტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ანუ გავლენას კავკასიის რეგიონში; საქართველოს თუ ამგვარი მდგომარეობა ხელს არ აძლევს, რუსეთი მას ქარაგმულად ემუქრება (ეს ზემოთხსენებულ განცხადებაშიც კარგად ჩანს), რომ სხვა კონფლიქტების გამწვავებას შეუწყობს ხელს (ყველა მიხვდება, რომელ პოტენციურ კონფლიქტზეა საუბარი). ზოგადად კი, რუსეთის სპეცსამსახურებს კვლავ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების სიმყიფის იმედი აქვთ; საქართველოში კვლავინდებურად ბრმად სჯერათ რუსეთის ყოვლისშემძლეობისა, ამდენად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარანარევმა განცხადებამ კვლავინდებურად შეიძლება «ჰიპნოზური» გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე; მით უმეტეს, - ხელისუფლებაზე, რომელმაც შესანიშნავად უწყის, რა გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობის მიზეზი: ქართულმა ინტელიგენციამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტი «არასაკმარისად ლოიალური» იყო რუსეთის მიმართ. ეს სინდრომი ჯერ კიდევ არ არის დაძლეული და სწორედ ამის იმედი აქვთ მოსკოვში.

«მსგეფსი», 24 ოქტომბერი, 1996 წელი.