იულია ციხეში

იულია ციხეში

   უკრაინისა და მისი «ნარინჯისფერი რევოლუციის» სექს-სიმბოლოდ მიჩნეული იულია ტიმოშენკო კიევის სასამართლომ დააპატიმრა. არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა. პირიქით: მას შემდეგ რაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლოში გამოიძახეს, იულია ყველაფერს აკეთებდა, რათა მოსამართლეს სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო: სასამართლოს ყოველნაირად დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, კითხვებზე პასუხისას ფეხზე არ დგებოდა, მოწმეებს მასხრად იგდებდა და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მობილური ტელეფონით Twitter-ში მიკრობლოგებს აქვეყნებდა – იანუკოვიჩის «მარიონეტული, ჯიბის სასამართლოს» დამცინავი კომენტარებით.
        ბოლოს და ბოლოს ვერც პირადად მოსამართლემ, ვერც მის უკან მდგომმა ხელისუფელბამ ასეთი თავსლაფისდასხმა ვერ აიტანა. ტიმოშენკო რამდენჯერმე გააფრთხილეს და ბოლოს დააპატიმერს კიდეც. ამჟამად კიევის სპეცზოლატორში იმყოფება. სპეციალურ საკანში, რომელშიც 9 წლის წინ, გაზის თემებზე თაღლითობისთვის იმდროინდელმა პრეზიდენტმა კუჩმამ მოათავსა და უკრაინელი პრინცესას «მეორედ მოსვლისთვის» საგანგებო ევრორემონტიც გაუკეთეს, რათა იულიას დისკომფორტი არ ეგრძნო.
        თვით ტიმოშენკოსთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის დააპატიმრებდნენ – ერთი თვით ადრე თუ ერთი თვით გვიან? პირიქით, რაც უფრო სკანდალური იქნებოდა ეს დაპატიმრება, მით უკეთესი მისთვის: ახლა ზის ევრორემონტიან საკანში და სიხარულით ეცნობა ევროკავშირის, ევროსაბჭოს თუ დასავლეთის სხვა ლიდერთა აღშფოთებულ განცხადებებს, რომლითაც ისინი «ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას» მოითხოვენ და უკრაინას მძიმე სანქციებით ემუქრებიან.

გადაჭარბებული პრემიერი

        ბევრი თვლის, რომ იულიას დაპატიმრებით პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მისი, როგორც პოლიტიკოსის «მკვდრეთით აღგენა» მოახერხა. სასამართლოში გამოძახებამდე ტიმოშენკოს რეიტინგი თანდათან ნულს უახლოვდებოდა: არჩევნებში დამარცხდა! ხალხს კი არ უყვარს წარუმატებელი პოლიტიკოსები. სამაგიეროდ, დაპატიმრების შემდეგ ამ ქალბატონის რეიტინგი კვლავ იზრდება და მალე საპრეზიდენტოს მიაღწევს: რამდენადაც არ უყვარს ხალხს წარუმატებელი პოლიტიკსოები, იმდენადვე უყვარს და მხარს უჭერს «სიმართლისთვის დევნილებსა და დაპატიმრებულებს». Aამიტომაც არ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება იულიას ქართველ «დაქალს» რეიტინგის ზრდაში.
        ვითომ არ ესმოდა იანუკოვიჩს, რომ მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაპატიმრება ან თუნდაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ამგვარ შედეგს გამოიღებდა? რად უნდოდა ზედმეტი პრობლემები, რა თავს იტკივებდა - მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქალბატონს ჭირის დღესავით ვერ იტანს?
        რა თქმა უნდა ავერ იტანს. მაგრამ საეჭვოა მხოლოდ ამის გამო ასეთი ნაბიჯი გადაედგა. სინამდვილეში, მიზეზი სხვაა: იულია ტიმოშენკოს ბრალად ედება 2009 წელს, რუსეთთან გაფორმებული გაზის ხელშეკრულებათა მოღალატური და მავნე ხასიათი. უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს, რომ იმ ხელშეკრულებების გაუქმებას აპირებს. Aმაგრამ მათ გასაუქმებლად აუცილებელია ჯერ მისი ავტორი ჩასვან ციხეში.
        იანუკოვიჩის პროკურატურა აცხადებს, რომ პუტინთან ხელშეკრულების გაფორმებით იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ «თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა». ჰოდა თუ გადააჭარბა და ამისთვის ასამართლებენ კიდეც, მაშინ ის დოკუმენტიც უკანონო ყოფილა, ანუ კიევს აქვს უფლება, ხელშეკრულება ცალმხრივად გამოაცხადოს ბათილად.
        ბუნებრივია, ეს გეგმა მოსკოვში ძალიან არ მოსწონთ და უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერ იულია ტიმოშენკოს გამოესარჩლენ კიდეც: როგორ გეკადრებათ, - 2009 წლის შეთანხმება უკრაინისა და რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით გაფორმდაო. არადა, თუ დოკუმენტს გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ იანუკოვიჩის გუნდი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართალია: ტიმოშენკომ, თავისი უტვინობით ან პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ისეთი ხელშეკრულება გააფორმა გაზის თემაზე, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც კი უკვე ეჭვ ქვეშ დგას.

პუტინის მაცდური ღიმილი

        იმ დროს (2009 წელს) გააფთრებული ომი იყო ტიმოშენკოსა და პრეზიდენ ვიქტორ იუშჩენკოს შორის. პუტინმა ამ ომით ეშმაკურად ისარგებლა, - იულია მოსკოვში ჩაიტყუა და ასეთი პირობა დაუდო გაზის მიწოდების სანაცვლოდ: გაზს რამდენსაც გინდათ იმდენს მოგაწვდით, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებთან იქნება მიბმულიო.
        იულიამ იფიქრა: ბარელი ნავთობი სულ 80 დოლარი ხომ არ ეღირებაო (მაშინ 80 ღირდა) და ხელიც მოაწერა. მაგრამ ამის შემდეგ აირია სიტუაცია არაბულ ქვეყნებში, მოხდა რევოლუციები, დაიწყო ომები და ნავთობზე ფასი სტაბილურად ღირს 100 დოლაზრე მეტი, რაც უკრაინისთვის ნამდვილი კატასტროფაა: გამოვიდა, რომ მშიერ-ღატაკი უკრაინა 1000 კუბურ მეტრ გაზში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე აყვავებული გერმანია!
        იულიამ ამ შემთხვევაში ან ელემენტარული სიბრიყვე გამოიჩინა, ან უპასუხისმგებლობა, ან პუტინის დაპირებას დახარბდა: საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს შენ დაგიჭერთო. სხვათა შორის, პუტინი მართლაც მას უჭერდა მხარს იანუკოვიჩის წინააღმდეგ.
        ესე იგი, ტიმოშენკოს დაპატიმრება სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ მზადდება ახალი, თანაც გადამწყვეტი და სამკვდრო-სასიცოცხლო «გაზის ომი» რუსეთსა და უკრაინას შორის. უახლოეს მომავალში, ალბათ, უკრაინის სასამართლო გააუქმებს პუტინ-ტიმოშენკოს «გაზის კონტრაქტს», რის შემდეგაც მოსკოვი უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის პასუხად უკრაინა დაბლოკავს ტრანზიტს ევროპაში და ა.შ. თანაც იანუკოვიჩმა უნდა იჩქაროს, რათა პუტინს რამე მაინც გამოღლიტოს, თორემ 2 წლის შემდეგ ბალტიის ზღვის ფსკერზე გაყვანილი გაზსადენი სრული ძალით ამოქმედდება და რუსეთს უკრაინული ტრანზიტი სულაც აღარ დასჭირდება.
        ბუნებრივია, ამ ვითარებაში რუსეთი იულია ტიმოშენკოს «კბილებით დაიცავს» და ყველაფერს იღონებს, რათა იანუკოვიჩი «გააშავოს» დასავლეთში. Pპუტინის ემისრები ხომ უკვე აღვარღვარებენ მდუღარე ცრემლს «ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო», თითქოს პუტინის პირადი პატიმარი ხოდორკოვსკი დღემდე არ იჯდეს ციხეში.
        იულიას ტრაგიკომიკური მაგალითი კი იმასაც გვასწავლის, რით მთავრდება ხოლმე გამოუცდელი ქალბატონი პოლიტიკოსების ვიზიტები პუტინთან: მთავრდება ისეთივე ვირეშმაკულ «პოლიტიკურ კონტრაქტებზე» ხელის მოწერით, რომლებსაც შემდეგ მოსკოვი კარგად იყენებს მათი ქვეყნის წინააღმდეგ.
        თუმცა იულიას უტიფრობა შველის, უტვინობით ან უმეცრებით ჩადენილი უნებლიე თუ შეგნებული დანაშაული არ აღიაროს და ყველაფერი ისევ სხვას გადააბრალოს.

2011