კვირის მიმოხილვა: აფხაზური რეჟიმის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

კვირის მიმოხილვა: აფხაზური რეჟიმის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

    გასულ კვირას, ჩვეული (ჟენევის) ფორმატით, სოხუმში გაიმართა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. სეპარატისტებმა, როგორც ყოველთვის, სცადეს ეს შეხვედრა «სახელმწიფოთაშორისი» გაეხადათ.
    საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ვაჟა ლორთქიფანიძეს, სეპარატისტთა პრემიერ-მინისტრმა სერგეი ბაღაფშმა უმასპინძლა. შემდეგ ლორთქიფანიძე ერთი-ერთზე, ჟურნალისტების გარეშე შეხვედრა ვლადისლავ არძინბას, «მასპინძლებმა» ამჯერადაც ისე ზედმიწევნით, ზუსტად დაიცვეს პროტოკოლი, თითქოს ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობის ხელმძღვანელთა შეხვედრა ყოფილიყო.
    რუსმა «შუამავლებმა» ეს არ შეიმჩნიეს, თუმცა, თავად სწორედ ამ მიზეზით თქვეს უარი იჩქერიის ლიდერებთან დიალოგზე. «საქართველოს მეგობარ» ქვეყანათა წარმომადგენლებს კი ისღა დარჩენოდათ, მხრები აეჩეჩათ. ბევრი დამკვირვებლის აზრით, დასავლეთის სახელმწიფოთა ელჩების მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ პროცესში შუამავლების სტატუსით, ქართული დიპლომატიის სერიოზული შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან შუამავალი ვალდებულია ნეიტრალური იყოს. თუ არადა, იგი შუამავალი აღარ არის. ფაქტობრივად, ჩვენ თავად ვუკრავთ ხელ-ფეხს ჩვენს მეგობრებს, რომ მათ ერთმნიშვნელოვნად გაილაშქრონ აფსუა ფაშიზმის წინააღმდეგ. შეგახსენებთ: როდესაც ოფიციალური თბილისი რუსულ დიპლომატიას სთხოვს უფრო აქტიური პოზიცია დაიკავოს არძინბას რეჟიმის მიმართ, პასუხად თვალთმაქცურ, აშკარად ფარისევლურ არგუმენტს ისმენს: «თუ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავგმობთ აფხაზთა მოქმედებასა და პოლიტიკას, ვეღარ შევასრულებთ შუამავლის ფუნქციას».
    სოხუმის მოლაპარაკებანი ძირითადად გალის რაიონის ახლანდელ ვითარებას შეეხო. წინააღმდეგობა იგივეა: ქართული მხარე მოითხოვს გალის რაიონის ძველ საზღვრებში ლტოლვილთა დაბრუნებას, ოღონდ ერთობლივი ადმინისტრაციის პირობებში და მხოლოდ ამის შემდეგ - ფსოუზე საზღვრის გახსნას.
    აფხაზურ მხარეს «ერთობლივ ადმინისტრაციაზე» ლაპარაკიც არ სურს, ხოლო გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში (ეს ისტორიული სამურზაყანოს ნახევარზე ნაკლებია) ქართველი დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების გაუქმებას, რკინიგზის ამოქმედებას, აფხაზეთისათვის დაუყოვნებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მოითხოვს.
    ბუნებრივია, ამ ნიადაგზე შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ და ვერც მიაღწევენ. «ფართომაშსტაბიანი დარეგულირების ოქმი» უკვე, ფაქტობრივად, აღარავის ახსოვს, - ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ გალის რაიონზე.
    ოღონდ, არძინბას ფანატიზმისა და შეურიგებლობის გამო, ამ საკითხშიც კი ვერ ხერხდება კომპრომისის მიღწევა. პროცესი საბოლოოდ მყარად მოექცა პოლიტიკურ ჩიხში. თუმცა, უკვე გაჩნდა იმის ნიშნებიც, რომ სეპარატისტთა მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, მათ სულ უფრო უჭირთ პოზიციების შენარჩუნება.
    პირველი კონფლიქტის დაწყების დღიდან, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ საქართველოს სთხოვა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. კერძოდ, სერგეი ბაღაფში ითხოვდა, აფხაზეთისთვის მიეწოდებინათ დამატებითი სურსათ-სანოვაგე. ამ თხოვნაზე ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ სურსათის მიწოდება ან ნებისმიერი სხვა ჰუმანიტარული ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ.
    სეპარატიზმს საერთოდ ახასიათებს პასუხისმგებლობის გრძნობის დაკარგვა. ბაღაფში თვითონ, ეტყობა, ვერ ამჩნევს ამ წინააღმდეგობას: თავად არ სურს თუნდაც მცირეოდენი კომპრომისი, საქართველოსგან კი გულმოწყალების მოითხოვს.
    როგორც ჩანს, სეპარატისტები წლეულს მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, - გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ქალბატონ ოლბრაიტის თქმით, არძინბა უკანასკნელი შეხვედრისას საოცრად დასევდიანებული და მოტეხილი ჩანდა.
    «გამარჯვებულთა ეიფორია» მას ნამდვილად აღარ ეტყობოდა, - წინა წლებისგან განსხვავებით, ვითარება აფხაზეთში დღითიდღე უფრო და უფრო მძიმდება. საშინელმა გვალვამ, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს, აფხაზეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. ფაქტობრივად, თვითმარქვია რესპუბლიკა შემოსავლის გარეშე დარჩა. შიმშილი თანამედროვე აფხაზეთისთვის ისედაც არაა უცხო ხილი.
    სწორედ ამით აიხსნება არძინბასა და მისი ხროვის სხვა წარმომადგენლების გააფთრებული მცდელობა, - ქვედა ზონის სოფლებში როგორმე დააბრუნონ ქართული მოსახლეობა, რომელიც თავადვე განდევნეს მაისში - ეთნიკური წმენდის მორიგი «ოპერაციის» დროს.
    საქმე ის არის, რომ სამურზაყანოს ქართული მოსახლეობა მუდმივად მოძრაობდა ზუგდიდსა და გალს შორის, ამარაგებდა აფხაზეთს სურსათ-სანოვაგით.
    რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, სამეგრელოდან (ლტოლვილთა მუდმივი მოძრაობის შედეგად) აფხაზეთში უფრო მეტი სურსათი შედიოდა. ვიდრე რუსეთიდან და თურქეთიდან.
    მაისის მოვლენათა შედეგად ეს ნაკადი შეწყდა. ამას დაერთო გვალვა. სეპარატისტული რეჟიმი გაჭირვებაში აღმოჩნდა; ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საკუთრივ გალი (ისტორიული სამურზაყანო) ყველა მდიდარი და პროდუქტიული რაიონია აფხაზეთში, - მას მთელი «რესპუბლიკის» გამოკვება შეეძლო.
    ბაღაფშის მთავრობამ ვერ მოიწია თხილის მოსავალი, რომელიც ვალუტის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა. სხვათა შორის, ის, რომ სეპარატისტული რეჟიმი გალის მოსახლეობის დაბრუნებას ცდილობს, რათა მოსავალი არ დაკარგოს, უეჭველად მეტყველებს მის სისუსტეზე: არძინბას სამობილიზაციო რესურსი, ფაქტობრივად აღარ დარჩა, თორემ გალის ქართველებისათვის სახვეწარი არაფერი ექნება, - რამდენიმე ათას ადამიანს ჩასხავდა ავტობუსში, ჩამოიყვანდა გალში და მოსავალს მოაკრეფინებდა. გასაოცარია, როგორ მოახერხა არძინბამ 1500-2000 მებრძოლის მობილიზება?! თუმცა, მაშინ, ალბათ, მდიდარ ქართველთა სახლების ძარცვას დაჰპირდა; ამიტომაც შეძლო აფსუათა ხროვის შეკოწიწება.
    ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად კიდევ ერთი ფაქტორი ასუსტებს სეპარატისტთა პოზიციებს ეკონომიკური თვალსაზრისით: რუბლის დამხობამ უძლიერესი დარტყმა მიაყენა აფხაზურ ეკონომიკას, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა.
    არძინბას რეჟიმი ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჰიპერინფლაცია მძვინვარებდა, ამაყად და ერთგვარი დაცინვით აცხადებდა, რომ «აფხაზეთი რუბლის ზონაში რჩება».
    მიუხედავად ეკონომიკური ბლოკადისა, რუბლი აფხაზეთში ერთადერთ ვალუტად რჩება; ლარმა მხოლოდ გალის რაიონში შეაღწია; ისიც ნაწილობრივ, ანუ იმდენად, რამდენადაც ეს რაიონი ზემოთ აღწერილ ფუნქციას ასრულებდა.
    რუბლი ერთადერთი შესაძლო ვალუტაა არძინბას რეჟიმისათვის, რომლის მეშვეობითაც იგი ვაჭრობდა და ვაჭრობს ჩრდილოეთ კავკასიასთან, ხოლო დოლარზე კონვერტირების გზით - თურქეთთან.
    რუბლის დევალვაცია აფხაზეთისთვის კატასტროფაა. ბაღაფშის მთავრობამ რაღაცნაირად მოახერხა შეეკოწიწებინა ფულად-საკრედიტო სისტემა (რუსულ ვალუტაზე დაყრდნობით) და ხელფასების, პენსიების გაცემაც კი დაიწყო.
    რა თქმა უნდა, ხელფასიცა და პენსიაც აფხაზეთში კიდევ უფრო სიმბოლურია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ სეპარატისტები გულმოდგინედ ცდილობდნენ ეს სისტემა შეენარჩუნებინათ, რათა როგორმე «შემოეზღუდათ» ეკონომიკური სივრცე.
    თვით ეკონომიკური სივრცისა და ფულად-საკრედიტო სისტემის შენარჩუნება მომავალში საშუალებას მისცემდათ დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკა ეშენებინათ.
    მაგრამ ინფლაციური პროცესების დაწყების შემთხვევაში (რაც, ვიქტორ ჩერნომირდინის თქმით, გარდაუვალი ხდება) სეპარატისტებს ეს სისტემა თავზე დაემხობათ.
    აფხაზეთი მთლიანად იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული. ინფლაცია გამოიწვევს ამ საქონლის სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებას, თანაც არა მხოლოდ რუსეთიდან იმპორტირებულის, არამედ თურქეთიდან შემოტანილისაც, ვინაიდან აფხაზეთს დოლარის შესასყიდად ისევ და ისევ ერთადერთი საშუალება ,- რუბლი ჰქონდათ.
    თვით აფხაზეთიდან ექსპორტირებული საქონელი კი (ხე-ტყე,) მიზერია იმპორტ-ექსპორტის საერთო მოცულობასთან შედარებით. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ბაღაფში თხოვნით მიემართა ქართული მხარისათვის. დღემდე სეპარატისტები ეკონომიკურ კრიზისზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებდნენ, ვინაიდან არააფხაზური მოსახლეობის აფხაზეთიდან წასვლა (შიმშილობის გამო) მათ ხელსაც კი აძლევდათ.
    მაგალითად, რუსები ძირითადად სოხუმსა და ტყვარჩელში ცხოვრობდნენ. მათ სოფელთან კავშირი არ ჰქონდათ და იძულებული ხდებოდნენ გასცლოდნენ აფხაზეთს, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ. შედეგად აფხაზთა ხვედრითი წილი მოსახლეობაში დღითიდღე იზრდებოდა. ისინი თანდათან ნახევარსაც კი უახლოვდებოდნენ. უფრო რთული პრობლემაა მათთვის სომხური დიასპორა. სწორედ ამიტომ დაიძაბა ბოლო დროს ურთიერთობა სომხებსა და აფსუებს შორის. ამ უკანასკნელთა ულტიმატუმით სომხებმა უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია. თუ არადა, ამოწყვეტა და განადგურება ელით.
    ვაჟა ლორთქიფანიძემ ბაღაფშის თხოვნაზე უარით უპასუხა და სწორადაც მოიქცა. სულ ერთია, სეპარატისტები საქართველოს მხრიდან ნებისმიერ დახმარებას «რეპარაციად» და «ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებად» გამოაცხადებდნენ და არა კეთილშობილების გამოვლინებად.
    მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ამგვარი ზეგავლენა, ადრე თუ გვიან, უეჭველად გამოიღებს შედეგს. შესაძლოა ამით ვერავინ აიძულებს სეპარატისტებს სტრატეგიული ხასიათის დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ შინაგანად ეს რეჟიმი სულ უფრო სუსტდება და მყიფე ხდება.
    ამჟამად ომამდელი 97 ათასის ნაცვლად აფხაზეთში მხოლოდ 50-60 ათასი აფსუა დარჩა. ვლადისლავ არძინბაც ვერაფრით ანუგეშებს თავის ხროვას, ვინაიდან «გამარჯვებიდან» 5 წლის შემდეგაც გაჩანაგებული, დაცარიელებული, განადგურებული, შიმშილისაგან გაძვალტყავებული აფსუეთი შერჩათ ხელში აყვავებული აფხაზეთის სანაცვლოდ.
   

საპარლამენტო მარათონი სერიოზული დემარშებით დაიწყო

    რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ძირითადი კანონის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას ყოველი სექტემბრის პირველ სამშაბათს, განახლდა საქართველოს პარლამენტის სხდომები.
    ისინი იმთავითვე ყველაზე მწვავე და საინტერესო დებატებით დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ შალვა ნათელაშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის «მემარცხენე-ცენტრისტული» ფრაქციები პარლამენტში დაბრუნდნენ.
    მაშასადამე, საკანონმდებლო ორგანოს დაშლა არ ემუქრება ვინაიდან არჩევნებამდე ცოტა დრო (ერთ წელზე ოდნავ მეტი) დარჩა.
    მიხეილ სააკაშვილმა ახალ ამპლუაში (როგორც «მოქალაქეთა» ფრაქციის ლიდერმა) საკმაოდ «მაღალი» ტონალობა შესთავაზა ოპონენტებს. «სახალხო ფრაქციამ» ეს შეთავაზება მიიღო. შედეგად გაიმართა ყველაზე მწვავე დისკუსია ამჟამინდელი პარლამენტის ისტორიაში. მაგრამ გიორგაძის გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, ამ პარტიას ვა-ბანკზე წასვლა აქვს გადაწყვეტილი.
    წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც «მოქალაქეები» და «სახალხოელები» თანამშრომლობდნენ საგარეო-პოლიტიკურ სფეროში და შესაბამის «კონცეფციებსაც» კი იღებდნენ ერთობლივად. ის «კონცეფციები» დღეს აღარავის ახსოვს. სამართლიანობა მოითხოვს აგრეთვე აღინიშნოს: აღარ ახსოვთ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მათი შესრულება დაიწყო (რუსი მესაზღვრეების გაყვანა და სხვა). ამდენად, კონტრარგუმენტად ვეღარ გამოიყენებენ.
    სამაგიეროდ, მამუკა გიორგაძემ ახალი მეტაფორა შესთავაზა დეპუტატებს: «ვინ ვის ნავში ზის და ვისი ნავი იძირება?». გიორგი კობახიძის თქმით: «როდესაც ნავი იძირება, მხოლოდ შეყვარებული უნდა იყოს იქ, რომ მეც იმ ნავში ჩავჯდე».
    ამ შედარებას ხელისუფლებამ სხვა შედარება დაუპირისპირა - ჩასაძირად განწირული გემის შესახებ. რომლიდანაც გაქცევა იწყება. თუმცა, ხელისუფლება ირწმუნება, რომ პანიკა ნაადრევია და «ჩაძირვამდე» ჯერ კიდევ შორია. უფრო სწორად, არც გემი და არც ნავი არ იძირება და არც ჩაიძირება.
    ძნელი შესამჩნევი არავისთვის იქნებოდა, რომ ირინა სარიშვილსა და მამუკა გიორგაძეს შორის ფარული დისკუსიაც გაიმართა ამ თემაზე. ედპ-ს ლიდერმა «ინდივიდუალური ნავი» ახსენა, რომელიც შეიძლება «მართლაც ჩაიძიროს».
    იგი უეჭველად «უპერსპექტივო ოპოზიციას» გულისხმობს, ანუ «ინდივიდუალური ნავის», - რომელიმე ოპოციზიური ძალის (ვთქვათ, «სახალხოს») ჩაძირვა ნამდვილად არ ნიშნავსო მთელი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფსკერისკენ წასვლას.
    სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესო თემაა, რომელიც მთლიანად ამჟამინდელ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე არსებულ ვითარებას ასახავს.
    მამუკა გიორგაძემ მახვილგონივრული მეტაფორა მოიყვანა, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ ამ მეტაფორის (ერთ ნავში ჯდომას) სხვა შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს.
    კერძოდ, როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ:. «ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ». ისინი გულისხმობენ, რომ ტაქტიკურ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სტრატეგიული ხედვა ერთნაირი აქვთ.
    მაშასადამე, ის პოლიტიკოსები, ვინც უკვე ღიად აცხადებენ, რომ «ამ ნავში არ იმყოფებიან», არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ საკითხებში არ ეთანხმებიან ხელისუფლებას და თვისებრივად უპირისპირდებიან, - კარდინალურად ემიჯნებიან მის კურსს.
    ედპ-ს ლიდერმა ეს უმალვე შენიშნა და საკმაოდ ოსტატურადაც დააფიქსირა, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით იმავე ნავში ზის, ანუ შეიძლება უკვე ღიადაც დაუპირისპირდეს ყოფილ თანამებრძოლებს.
    ასევე თვისებრივად ემიჯნებიან ხელისუფლებას «ლეიბორისტები» და «სოციალისტები»; თუმცა ვახტანგ რჩეულიშვილის ოპოზიციური რიტორიკა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მაინც შეიცავს გარკვეული კომპრომისის შესაძლებლობას, ოღონდ, ძალიან მყარი გარანტიების სანაცვლოდ.
    შესაძლოა, გულის სიღრმეში (უახლესი წარსულის მოვლენათა თუ ქმედებათა გათვალისწინებით) ვახტანგ რჩეულიშვილიც აცნობიერებდეს, რომ თავად მაინც «იმ საერთო ნავში ზის» და თუ ის ნავი ჩაიძირა, არც მას დაადგება კარგი დღე.
    კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი მამუკა გიორგაძის მართლაც უაღრესად საინტერესო გამოსვლასა და შემდგომ გამართულ დისკუსიაში იყო «სატელიტი ორგანიზაციების» თემა. გიორგაძემ ხელისუფლებას ბრალად დასდო, რომ იგი ქვეყანას მართავს «სატელიტი ორგანიზაციების» მეშვეობით. ესეც «თვისებრივი გამიჯვნისა» და შეურიგებელი დაპირისპირების მომასწავებელია.
    ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ანუ «ცნობიერების ლიბანიზაციის» (აკ. ბარაძე) მხრივ, ვითარება საქართველოში თანდათანობით, თუმცა განუხრელად უახლოვდება 1991 წლის დონეს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მმართველი ძალა უფრო გამოცდილია და შეუდარებლად უკეთ ფლობს სახელისუფლებო ტექნოლოგიას. ამდენად, შედეგი იგივე ვერ იქნება.
    სინამდვილეში, ქართული პოლიტოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს არც ოდესმე უახლეს ისტორიაში და არც ამჟამად არაფერი აღელვებს და აწუხებს პოლიტიკურ ოლიმპზე დარჩენა-დამკვიდრების ან მასზე «აბობღების» გარდა.
    ამიტომ «თვისებრივი გამიჯვნის» სპექტაკლებს კიდევ მრავლად ვნახავთ და სხვადასხვა მეტაფორებსაც ხშირად მოვისმენთ. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გაფართოვდება საპარლამენტო ძალთა მოქმედების არეალი (მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნით არ შემოიფარგლება) და მით მეტად ღრმააზროვანი გახდება მეტაფორული მეტყველება.
   

ქართული სკოლა რეტროგრადთა ტყვეობაში რჩება, ანუ სასექტემბრო ფიქრები

    როგორც ახლახან გახდა ცნობილი, განათლების მინისტრმა ალეკო კარტოზიამ თავისი მოღვაწეობა ამ პოსტზე იმით დაიწყო, რომ თითქმის ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რათა საკუთარი გუნდი მოეყვანა სამინისტროს ხელმძღვანელობაში.
    ეს, რა თქმა უნდა, სავსებით სწორია და გამართლებული, ვინაიდან თუ საუბარია «რეფორმაზე», მინისტრს თანამოაზრეები სჭირდება, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ალეკო კარტოზიას პირველი ინტერვიუები, გამოსვლები და გამონათქვამები ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
    ისეთი შთაბეჭდილებაც გვრჩება, რომ ახალი მინისტრი საერთოდ ვერ აცნობიერებს, რა მდგომარეობაშია ამჟამად საქართველოს განათლების სისტემა და რამდენად მოუთმენელია ეს მდგომარეობა: ისევ ის ფსევდოსოციალისტური რიტორიკა, იგივე არგუმენტაცია, იგივე ყოვლად გაუმართლებელი შიშნეულობა რადიკალურN (თუნდაც არაპოპულარული) ნაბიჯებისადმი.
    თუ ასეა, საერთოდ რა აზრი ჰქონდა მინისტრის შეცვლას? არა მგონია, თამაზ კვაჭანტირაძეს ალიკო კარტოზიაზე ნაკლები ჰუმანიტარული განათლება ჰქონდეს, ან ნაკლებად ღირსეული ადამიანი იყოს (ამაზე მისი ბოლო ქმედება მეტყველებს, როდესაც პირადად მიულოცა ახალ მინისტრს და მის «ინაუგურაციასაც» დაესწრო), მაგრამ კვაჭანტირაძემ ვერ გაბედა ომი გამოეცხადებინა იმ საშინელი რეტროგრადული კლანისათვის, რომელიც გაბატონებულია განათლების სისტემაში და მას ყოველგვარ პერსპექტივას უსპობს.
    ამ კლანის წინააღმდეგ წასვლა სამკვდრო-სასიცოცხლოდ საშიშია. მას ყველგან აქვს «საცეცები» - როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
    ათეული წლების განმავლობაში საკუთარი იდეოლოგია ჩამოაყალიბა, რომელიც პირწავარდნილი, ურცხვი და უსინდისო დემაგოგიითაა გაჟღენთილი.
    მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად ინარჩუნებს ქმედითობას, ვინაიდან საბჭოეთიდან მოყოლებული ფსევდოგანათლებისა და «ფსევდოდიპლომატესტაციის» სინდრომი ისევ ძალმოსილია და აქტუალური.
    ალეკო კარტოზიაც, როგორც ჩანს, ამ სფეროში ვერაფერს შეცვლის. ვერც ვერაფერს გაბედავს და რაც ყველაზე უარესია., უკვე ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ არც თვლის აუცილებლად რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. მაშ, ვიმეორებ კითხვას: რა საჭირო იყო კვაჭანტირაძის შეცვლა. ის კაცი უფრო მჭევრმეტყველი მაინც ხომ იყო, სხვა თუ არაფერი?
    ბუნებრივია, პოლიტიკური მიმომხილველი მინისტრს ვერაფერს უკარნახებს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების საფუძველი უნდა გახდეს: თუ სახელმწიფოს არ ძალუძს (ობიექტურად) ყველა მოქალაქე უზრუნველყოს მაღალხარისხიანი უფასო განათლებით, მაშინ, უმაღლესი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მან უნდა უზრუნველყოს თუნდაც ელიტა მაღალხარისხიანი ფასიანი განათლებით!!!
    სხვა გამოსავალი ამ ბნელი ჩიხიდან არ არსებობს.

დილის გაზეთი, 7 სექტემბერი, 1998 წ.