განხეთქილება პოლიტიკურ ედემში

განხეთქილება პოლიტიკურ ედემში

სახელმწიფოს მეთაურის გარემოცვაში სერიოზული განხეთქილებაა. გარდა «მოქალაქეთა კავშირისა», რომელიც შევარდნაძემ შექმნა, როგორც საკუთარი ხელით გამოძერწილი საზოგადოებრივი ელიტის გამაერთიანებელი ძალა, ამჟამად (არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე) ჩამოყალიბდა სულ ცოტა, სამი პოლიტიკური პარტია, რომელიც ზუსტად იგივე პოლიტიკურ და სოციალურ პლატფორმაზე დგას, რაზედაც «შევარდნაძის პარტია» და ზუსტად იმავე სოციალურ ძალებს ეყრდნობა.
    თუმცა, ეს ახლადშექმნილი დაჯგუფებებიც თავის თავს «შევარდნაძის პარტიას» უწოდებდნენ და ამ თემაზე საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაც არსებობს «მოქალაქეთა კავშირსა» და მის კონკურენტებს შორის, რომელთა რანგირება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: «სოციალისტური პარტია», ბლოკი «პროგრესი», «რეფორმატორთა კავშირი».
    რამდენიმე ხნის წინ «მოქალაქეებმა» სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანეს «სოციალისტური პარტიის» წინააღმდეგ - ამ უკანასკნელთა მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედების გამო, რაც გამოიხატა «მოქალაქეთა კავშირის» საარჩევნო პლაკატების განადგურებაში, აგრეთვე მათი ლიდერის მოპარვა-მითვისებაში.
    ზურაბ ჟვანია სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ზემოთჩამოთვლილი პარტიები ცდილობენ «მიითვისონ შევარდნაძე» და «მოქალაქეთა კავშირს» მოპარონ ზოგიერთი წინასაარჩევნო დევიზი. მაგალითად: «ერთი მილიონი სამუშაო ადგილი». ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა პირადად ჩარეულიყო კონფლიქტში და «მოქალაქეებისაგან» სასამართლოდან სარჩელის გამოტანა მოეთხოვა. როგორც ჩანს, მას არ სურს ურთიერთობის გაფუჭება იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, რომლებშიც საკმაოდ გავლენიანი ფიგურები არიან გაერთიანებულნი. ერთ-ერთი მათგანია ბლოკი «პროგრესი», რომლის შემადგენლობა მის შემოქმედთა სოციალურ შინაარსზე ნათლად მეტყველებს: ამ ბლოკის «ბურჯია» ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი; აგრეთვე ზურაბ ჟვანიასთან ომში საბოლოოდ დამარცხებული და «მოქალაქეთა» რიგებიდან გაძევებული გია ჟორჟოლიანი; ყოფილი «რესპუბლიკელი», სახელმწიფოს მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ირაკლი მაჭავარიანი (იგი ბოლო წლებში აფხაზეთის პრობლემას «კურირებდა») და ქართული ელიტარული ინტელიგენციის «თვალსაჩინო წარმომადგენელი», ზურაბ წერეთელი.
    ბლოკის შემადგენლობა ნათლად მეტყველებს, რომ სოციალური თვალსაზრისით იგი იმავე შრეს განეკუთვნება, რომელსაც «მოქალაქეთა კავშირი». როგორც ჩანს, ყველაზე ძლიერი პარტიის გვერდით იმავე მიმართულების «წვრილ-წვრილი» პარტიების წარმოშობა, უპირველეს ყოვლისა იმითაა განპირობებული, რომ ის ადამიანები, ვინც დამარცხდნენ შევარდნაძეზე გავლენისა და «მოქალაქეთა კავშირში» ლიდერობისათვის ბრძოლაში, ამჟამად ცდილობენ დამოუკიდებლად იმოქმედონ პოლიტიკურ ასპარეზზე და არსებობა შეინარჩუნონ.
    «პროგრესში» აღმოჩნდა აგრეთვე ავთანდილ მარგიანიც. ეს ფიგურა რამდენიმე წლის წინ შევარდნაძისათვის ჭეშმარიტად ფასდაუდებელი იყო. სწორედ მას შეეძლო გარკვეული, «სპეციალური» დავალებების შესრულება. ამიტომ, სახელმწიფოს მეთაური მას ყოველთვის მფარველობდა და იცავდა ოპოზიციის გააფთრებული თავდასხმებისაგან.
    ოპოზიციონერები მარგიანს კორუფციაში ადანაშაულებენ. თუმცა, ამგვარ იმიჯს ხელი არ შეუშლია მისთვის ორჯერ დამტკიცებულიყო თავის პოსტზე. ბოლო შემთხვევაში ავთო მარგიანმა იუმორის გრძნობაც კი გამოამჟღავნა და პარლამენტართა უმრავლესობის სიცილ-ხარხარში შეინარჩუნა საკმაოდ «კომფორტული» პოსტი.
    ამგვარი იმიჯისა და დანიშნულების კაცისათვის მუდმივი არასტაბილურობა ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს - მარგიანი ყოველდღე ელოდა შევარდნაძის რისხვას და ახლაც ელის! პოლიტიკურ კულუარებში უკვე საუბრობენ იმის თაობაზე, რომ «კომპეტენტური ორგანოები» უახლოეს ხანებში შესაძლოა განსაკუთრებით «დაინტერესდნენ» ექსვიცეპრემიერის მოღვაწეობით.
    მიუხედავად ამისა, «პროგრესი» საკმაოდ სერიოზულ და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. ისევე, როგორც რჩეულიშვილის «სოციალისტური პარტია», - მასაც აქვს შანსი, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი და მარგიანი თავის თანამოაზრეებთან ერთად შევარდნაძის გუნდში სრულუფლებიან წევრად დააბრუნოს.
    «პროგრესის» ფინანსური შესაძლებლობები ეჭვს არ იწვევს; მით უმეტეს, რომ მისი ზოგიერთი წევრისთვის «საარჩევნო ხარჯები» გაცილებით ნაკლებ მაშტაბურია, ვიდრე ის «ხარჯები», რომელიც მას მოელის იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს გარეთ დარჩება და სადეპუტატო იმუნიტეტს ვერ მოიპოვებს.
    ედუარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა, ცდილობს მთელს ამ ორომტრიალზე «მაღლა დადგეს» და საკუთარ გუნდში ატეხილ დაკა-დაკაში უშუალოდ არ ჩაერიოს. მით უმეტეს, რომ მას ძალიან კარგად ესმის დაპირისპირების შინაარსი. სახელმწიფო მეთაურის ფავორიტი ამ შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირიც» კი არ არის - განსაკუთრებულ ყურადღებას იგი აჭარის დაჯგუფებისა და მისი ლიდერისადმი იჩენს: ასლან აბაშიძის მიზანი ზუსტად იგივეა, რაც შევარდნაძის გარშემო «მორიალე» სხვა ძალებისა - მოიპოვოს გავლენა ქვეყნის უმაღლეს პირზე. ამ მიზანს იგი ჯერ-ჯერობით კიდევ უფრო დიდი წარმატებით აღწევს, ვიდრე «პროგრესი», «რეფორმატორები», «სოციალისტები» და თვით «მოქალაქეთა კავშირიც» კი.

«მიმომხილველი», 3 ნოემბერი, 1995 წელი.