კვირის მიმოხილვა: საქართველოში დეცენტრალიზაცია დეზინტეგრაციას ნიშნავს

კვირის მიმოხილვა: საქართველოში დეცენტრალიზაცია დეზინტეგრაციას ნიშნავს

გასულ კვირას საქართველოს პოლიტიკური ეპიცენტრი კვლავ პარლამენტში მდებარეობდა. საკანონმდებლო ორგანო არკვევდა საკუთარ დამოკიდებულებას შოთა კვირაიასთან დაკავშირებული სკანდალის მიმართ და მსჯელობდა ორი უმნიშვნელოვანესი აქტის - «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» და «განათლების შესახებ» კანონთა თაობაზე.

    რაც შეეხება უშიშროების სამინისტროს, ნიშანდობლივია, რომ მისი ხელმძღვანელობა თითქმის მთელი შემადგენლობით მოვიდა საპარლამენტო მოსმენაზე. სხდომა დაიხურა (თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, «საიდუმლო» არაფერი თქმულა) და საზოგადოება მხოლოდ დეპუტატთა სუბიექტური ინტერპრეტაციით იგებს «საიდუმლო სერობის» დეტალებს.
    ეს ინტერპრეტაცია რომ აშკარად სუბიექტურია, თუნდაც ერთი მაგალითით ჩანს: ირინა სარიშვილის განცხადებით, «ზუგდიდის ეპიზოდი» შოთა კვირაიამ «დაუმორჩილებლობის ჩახშობის აუცილებლობით ახსნა». არადა, სავსებით ცხადია, რომ უშიშროების მინისტრი ამას არ იტყოდა: ირინა სარიშვილი შეეცადა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს შოთა კვირაიამ ზუგდიდის მაცხოვრებლები დახვრიტა და არა ზუგდიდში საძარცვავად ჩასული «მხედრიონელები». სწორედ ამიტომ «არ ჭრიდა» დღემდე ეს ბრალდება კვირაიას წინააღმდეგ, - მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (ედპ-ს ლიდერმა ეს შესანიშნავად იცის) დანაშაულად არ მიიჩნევს მარადიორთა დახვრეტას. მით უმეტეს, თუ მათ ძარცვისას წაასწრეს.
    რაც შეეხება «ტელეფონების მოსმენას»: ანეგდოტური ვითარება იქმნება, - ეს მასალები «საპარლამენტო კომისიას» აშკარად თვით უშიშროების თანამშრომლებმა გადასცეს, ანუ არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ძალიან რთულ და ჩახლართულ ინტრიგასთან, რომელიც უწყებრივი დაპირისპირებიდან იღებს სათავეს და «გაძლიერებულია» შოთა კვირაიასადმი «პიროვნული ანგარიშებით». ვთქვათ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ოსაძე უშიშროების მინისტრზე პირადი მიზეზების გამოა განაწყენებული.
    გავითვალისწინოთ: შოთა კვირაია «მილიციელია» - იგი მთელი ცხოვრება შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში მუშაობდა და უშიშროებასთან (მით უმეტეს საქართველოს უშიშროებასთან) საქმე არ ჰქონია. ედუარდ შევარდნაძე ტრადიციულად უფრო ამ უწყებას ენდობა, ვიდრე უშიშროებას. ამიტომ მან აგვისტოს ტერაქტის შემდეგ, რომელიც «მხედრიონმა» და «უშიშროებამ» დაგეგმეს, გადაწყვიტა მინისტრად დაენიშნა მისი ნდობით აღჭურვილი უწყების (შინაგან საქმეთა სამინისტროს) წარმომადგენელი, რათა უკეთ გაეკონტროლებინა «საეჭვო» და «არალოიალური უწყება». ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა ჯემალ გახოკიძის «გადმოყვანით» უშიშროებაში შოთა კვირაიას მოადგილედ. ამგვარ დამოკიდებულებას არ შეიძლება უშიშროების სისტემის მუშაკთა გაღიზიანება არ გამოეწვია, მით უმეტეს, რომ მათი აზრით, 29 აგვისტოს ტერაქტი უფრო «მხედრიონის» მიზეზით მოხდა, ვიდრე უშიშროებისა. თითქმის ყველა «თანამშრომელი», ვინც ამ საქმეზე დააკავეს, ყოფილი «მხედრიონელია», რომელიც 1992 წელს თემურ ხაჩიშვილთან ერთად შეძვრა სპეცსამსახურში.
    ამრიგად, ერთგვარი «გაღიზიანება» სხვა უწყების წარმომადგენელთა მოძალების გამო უშიშროებაში ნამდვილად იქნებოდა და, ალბათ, სწორედ ეს განწყობა «გამოიხატა» კვირაიას «მხილებით». არც ოსაძე და არც სარიშვილი არ უარყოფენ: მასალები კვირაიას წინააღმდეგ მათ სწორედ უშიშროების ყოფილი თანამშრომლებისგან მიიღეს. მოტივაცია ძალიან ზუსტად იყო გაანგარიშებული. პროვოკაციის ავტორებმა შესანიშნავად უწყოდნენ, რომ ჟურნალისტების სატელეფონო მოსმენის გამო ქართული მასმედია ერთ აურზაურს ატეხდა. შეილახებოდა თვით პრეზიდენტის იმიჯიც და ეს უკანასკნელი იძულებული გახდებოდა მინისტრი მოეხსნა, რათა საკუთარი პრესტიჟიც შეენარჩუნებინა და ჟურნალისტები არ «გადაეკიდებინა».
    მაგრამ აქ მოხდა მოულოდნელი რამ: ქართული ჟურნალისტიკა უფრო დაკვირვებული, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთს ეგონა. სავსებით ბუნებრივად დაისვა კითხვა: რატომ ატყდა მთელი ეს გნიასი სწორედ მაშინ, როდესაც უნდა გადაწყდეს აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანის საკითხი? შემთხვევითია თუ არა ასეთი დამთხვევა?
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ უშიშროება ხელმძღვანელობს (ფარულად) პარტიზანული რაზმების მოქმედებას აფხაზეთში და საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მასვე უნდა შეესრულებინა მთავარი ფუნქცია. თამაზ ნადარეიშვილმა პირდაპირ თქვა: უშიშროების წინააღმდეგ ატეხილი ისტერიკა არის «შემოგდებული» უცხო ძალის მიერ, რათა არ გვეცალოს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ 1 აგვისტოს (სამშვიდობო ძალთა გაყვანის შემდეგ).
    შესაძლოა, ამგვარი კავშირი რეალურად არც არსებობდეს, მაგრამ შოთა კვირაიას წინააღმდეგ ატეხილი კამპანია, რომ დროში (ობიექტურად) დაემთხვა კრიტიკულ პერიოდს აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებაში, როგორც მინიმუმ, ნიშნავს კამპანიის ინიციატორთა სერიოზულ შეცდომას. ოღონდ, ამგვარი დასკვნა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის მივიჩნევთ კამპანიის ინიციატორად.
    არსებობს კიდევ ერთი მოტივაცია (ყოველ შემთხვევაში, იგი გამორიცხული ნამდვილად არ არის): ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის შტაბბინის საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თეატრალური ინსტიტუტის სასარგებლოდ. თანდათანობით ეს საქმე ხელისუფლების პრესტიჟის საგანი ხდება - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებს. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ამრიგად, ედპ-ს აუცილებლად სჭირდებოდა პრობლემის პოლიტიზირება. თუ, მაგალითად ხელისუფლება შეეცდება ძალით დააცლევინოს ედპ-ს შტაბ-ბინა, იგი უეჭველად იტყვის, რომ ამ გზით ხელისუფლება მას (ედპ-ს) სჯის უშიშროების მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლის გამო.
    იმ შემთხვევაშიც კი, თუ კვირაიას მოხსნიან, ეს ბრალდება (მთლიანობაში ხელისუფლების წინააღმდეგ) მაინც ძალაში დარჩება, მაგრამ არ შეიძლება ეს ერთადერთი მიზანი ყოფილიყო. ალბათ აქ მაინც ერთდროულად «რამდენიმე კურდღლის დევნასთან» გვაქვს საქმე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთ-ერთს მაინც დაიჭერ.
    თუ საბოლოო მიზანი კვირაიას მოშორება იყო, ეს მიზანი ჯერჯერობით ვერ განხორციელდა. პრეზიდენტს შეუძლია მოხსნას უშიშროების მინისტრი, მაგრამ შეუძლია არც მოხსნას. ოსაძემ და სარიშვილმა ვერ შექმნეს ვითარება, როდესაც კვირაიას თანამდებობაზე დატოვება კატეგორიულად შეუძლებელი იქნებოდა. ამრიგად, ირინა სარიშვილმა (იგი მთელი ამ ისტორიის მთავარი ინიციატორია) უეჭველად მიაღწია ტაქტიკურ შედეგს, მაგრამ ვერ მიაღწია სტრატეგიულს. არადა, ორივეს მიღწევა ერთდროულად სურდა.
    ჩემი აზრით, ნაკლებად სარწმუნოა ვერსია, რომლის თანახმად, სწორედ შევარდნაძემ გასცა «ნიშანი» კვირაიას წინააღმდეგ - დღევანდელ ვითარებაში უშიშროების მინისტრის შეცვლა პრეზიდენტს არ შეიძლება ხელს აძლევდეს. ამის დასადასტურებლად მრავალი არგუმენტის მოტანა შეიძლება. მოვიტან მხოლოდ ერთს (ზოგადს): ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელთა ხშირი ცვლა (მით უმეტეს, აშკარად ერთგული ხალხისა), მთლიანობაში ყოველთვის ასუსტებს უმაღლესი ხელისუფლების პოზიციას.

საქართველოში დეცენტრალიზაცია დეზინტეგრაციას ნიშნავს

    კიდევ ერთი «მხურვალე» თემა პარლამენტში «თვითმმართველობის» საკითხი იყო. საპარლამენტო უმრავლესობა მიხვდა, რომ ამ საკითხში მისი მხრიდან დათმობა ხელისუფლების დათმობას ნიშნავდა; ამას შესანიშნავად ხვდებოდა ოპოზიციაც. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ პირველად ორი წლის განმავლობაში, მმართველი პარტია დარჩა მარტო, ფაქტობრივად, მოკავშირეების გარეშე და ეულად «იგერიებდა» ოპოზიციის გააფთრებულ შეტევებს. თანაც, საკმაოდ უღიმღამოდ და უნებისყოფოდ. ოპოზიციის უამრავ არგუმენტს უმრავლესობამ ფაქტობრივად არაფერი დაუპირისპირა. არადა, პასუხის გაცემა აუცილებელიც იყო და საკმაოდ იოლიც. ოპოზიციის არგუმენტაცია ცხადყოფდა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა კვლავინდებურად მოქმედებს უპირველესად საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინტერესები საერთო სახელმწიფოებრივს უპირისპირდება. რასაკვირველია, პოლიტიკური პარტია ყოველთვის ცდილობს სოციალური ბაზა გაიფართოვოს და მოქმედების ახალი არეალი შეიძინოს.
    რაიონების გამგებელთა არჩევა პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას მისცემდა ჩარეულიყო რეგიონებში ძალაუფლებისა და სიმდიდრის გადანაწილების პროცესში. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პოლიტიკური (ოპოზიციური) პარტიები ამ შემთხვევაში «რეგიონულ ძალთა» ინტერესების ლობირებას ახდენდნენ პარლამენტში, ანუ მოხდა (პირველად რეგიონულ) ლიდერთა და ოპოზიციის ინტერესების მძლავრი თანხვედრა, რამაც ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
    რას ნიშნავს რეალურად (ქვეყნისთვის) რაიონის გამგებელთა არჩევა? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში 80 რაიონია, 80 პრეზიდენტი გვეყოლება შესაბამისი სტრუქტურებით: შეიარაღებული ძალებით, სუვერენიტეტით, ამბიციით და ასე შემდეგ. რატომღაც არავის გახსენებია, რომ გამგებლის არჩევნები ჩატარდება არა მხოლოდ ჩოხატაურის რაიონში, არამედ მარნეულშიც და ახალქალაქშიც. ესეც რომ არ იყოს, არჩეული გამგებელი აუცილებლად შეეცდება მოსახლეობის, ამომრჩეველთა გული მოიგოს. თუ ამას ვერ მოახერხებს არსებული რესურსებით, უეჭველად მოინდომებს პრობლემების გადაწყვეტას «ცენტრის», ანუ ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე და «ადგილობრივ» ინტერესებს დააყენებს უფრო მაღლა, ვიდრე ზოგადეროვნულს. ჩვენს პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერასაც მიიღებს. შემდგომ უკვე ძალიან გვიანი და უპერსპექტივო იქნება «ცენტრის» მცდელობა, მდგომარეობა გამოასწოროს. არჩეულ გამგებელს იგი ვეღარაფერს მოუხერხებს, ხოლო ნებისმიერი მცდელობა, ძალისმიერი ჩარევისა, უეჭველად გამოიწვევს სისხლისღვრას.
    პარლამენტში დისკუსიისას ერთ-ერთმა დეპუტატმა (ოპოზიციონერმა) ასეთი მაგალითი მოიყვანა: «გამგებლის არჩევა იმიტომაც არის სასარგებლო, რომ თუ იგი პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, ხალხი სახლში მიადგება და პასუხს მოსთხოვს».
    ამაშია სწორედ საქმე - როდესაც ხალხი არჩეულ გამგებელს სახლში მიადგება, ეს უკანასკნელი იმას კი არ იტყვის, დამნაშავე ვარ და ჩამქოლეთო, არამედ საკუთარ შეიარაღებულ ხროვას შემოიკრებს (ეგრეთ წოდებულ «მუნიციპალური პოლიციის» სახით), ხოლო შემდეგ ხალხს ეტყვის: «მე კი მინდა დაგეხმაროთ, მე კი მინდა გადაგიწყვიტოთ პრობლემები, მაგრამ ეს წყეული «ცენტრი», ეს წყეული ცენტრალური ხელისუფლება არ მაძლევს ამის შესაძლებლობას». არჩეული გამგებელი, მოსახლეობის უაღრესად დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, ნამდვილად მოინდომებს (და შეძლებს კიდეც) «ცენტრის» საწინააღმდეგო განწყობის შექმნას წმინდად ქართულ რაიონებშიც კი - აღარაფერს ვამბობთ არაქართულ რაიონებზე. ამგვარი განწყობის შექმნა მას დასჭირდება იმისთვის, რათა პრობლემების მოუგვარებლობა «ცენტრალურ ხელისუფლებას» გადააბრალოს და თავად პასუხისმგებლობისაგან თავი დაიძვრინოს. ამ ვითარებაში «ადგილობრივი თვითმმართველობა» მთლიანად დაანგრევს სახელმწიფოებრივ სტრუქტურას, გამოიწვევს ანარქიულ პროცესებს, ძალაუფლების დამბლას. «ადგილობრივი თვითმმართველობა» ძალიან დიდი ფუფუნებაა ისეთი სუსტი სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა - თვით საფრანგეთშიც კი, ათეული წლების განმავლობაში არსებობდა «პრეფექტის» ინსტიტუტი და მხოლოდ 80-იან წლებში შემოიღეს ნამდვილი თვითმმართველობა, როცა დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფოებრივი შენობის სიმტკიცეს იგი უკვე ვეღარ დაემუქრებოდა.
    თუმცა, ჩვენს «ოპოზიციონერებს» რა ენაღვლებათ: თუ თვითმმართველობამ ქვეყანა დაანგრია, მათ მაინც არავინ მოსთხოვს პასუხს. მე შენ გეტყვი, ვერ განაცხადებენ: «რა ჩვენი ბრალია, თუ კი უვარგისი პრეზიდენტი გვყავს და თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს». ეს ხელისუფლება მართლა უვარგისი და ყველაფრის ღირსი იქნება, თუ ამ საკითხში სიმტკიცე არ გამოიჩინა და უდროო დროს დაწყებული დეცენტრალიზაციით ქვეყნის დეზინტეგრაცია კიდევ უფრო დააჩქარა.

საქართველოში მემარჯვენე პარტია არ არსებობს?!

    «განათლების შესახებ» კანონზე მსჯელობამ ნებისმიერი დამკვირვებელი უცნაურ დასკვნამდე შეიძლება მიიყვანოს: საქართველოში (ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში) მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა (ოპოზიციის ჩათვლით) ამ კანონის განხილვისას «მემარცხენე», «სოციალისტურ» პოზიციაზე დადგა და კატეგორიულად მოითხოვა იმ მარაზმული ვითარების შენარჩუნება, რომელიც ეგრეთ წოდებულ «უფასო საბჭოთა სკოლაში» არსებობდა 1921 წლიდან - დღემდე. გერმანიის მაგალითად მოშველიება (აქაოდა გერმანიაში მთლიანად სახელმწიფო აფინანსებსო სწავლა-განათლებას) დიდი ვერაფერი «არგუმენტია» - გერმანიაში ერთ სულზე საშუალო-წლიური შემოსავალი ასჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. ამდენად, ის, რაც შესაძლებელია გერმანიაში, შეუძლებელია საქართველოში. ამ პირობებში, ელემენტარული ლოგიკით, «მემარჯვენეობის» პრეტენზიის მქონე პარტიებს მხარი უნდა დაეჭირათ უფროს კლასებში ნაწილობრივი ფასიანი სწავლების შემოღებისთვის, ხოლო «მემარცხენეებს» პირიქით - სახელმწიფო უზრუნველყოფა უნდა მოეთხოვათ. «მემარჯვენეთა» პოზიცია თუმცა არაპოპულარული, მაგრამ უფრო პროგრესული და სახელმწიფოებრივად ზნეობრივი იქნებოდა, ვიდრე «მემარცხენეებისა», რომლებიც ისევ «ფორმალურ განათლებას» მოითხოვდნენ, ნაცვლად ჭეშმარიტი განათლებისა.
    ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს: პოლიტიკური სპექტრი ჩვენში მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ნამდვილი პარტიები, რომლებიც ამა თუ იმ სოციალური დაჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ, სინამდვილეში ჯერ არ ჩამოყალიბებულან და კაცმა არ იცის, ჩამოყალიბდებიან თუ არა საერთოდ. ყოველ შემთხვევაში, არავითარ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის მიმართ ჩვენში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციები არ გრძნობენ - ხშირ შემთხვევაში მათ უფრო კრიმინალური საფუძველი აქვთ, ვიდრე სოციალური, ხოლო პოლიტიკური ფრაზეოლოგია თავიანთი არსის დასაფარად სჭირდებათ. ასე რომ არ იყოს, განვითარებადი ქვეყნის «მემარჯვენე» პარტიას აზრადაც არ მოუვიდოდა «უფასო განათლების» მხარდაჭერა, - გაძვალტყავებული ბიუჯეტისა და განადგურებული ეკონომიკის პირობებში.

დილის გაზეთი, 30 ივნისი, 1997 წ