კიდევ ერთხელ «პრორუსული ერთგულების» შესახებ

კიდევ ერთხელ «პრორუსული ერთგულების» შესახებ

          უაღრესად ნიშანდობლივია, რომ დღესაც კი - დამოუკიდებლობის მეცხრე წლისთავზე, საქართველოში არ ცხრება დისკუსია ისეთ ფუნდამენტურ პრობლემატიკაზე, რაც თითქოსდა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ან დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამკვიდრების პროცესში საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო.
          საოცარია, მაგრამ კვლავინდებურად აქტუალურია კითხვები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც და იმპერიის რღვევის პროცესშიც საქართველოს პოლიტიკის «რაციონალურობის» თაობაზე. აქ, უპირველეს ყოვლისა, «ეროვნული მოძრაობის» ლიდერთა მოქმედება იგულისხმება.
          შეუძლებელია არ დაეთანხმო დებულებას, რომ «მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო», მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ დებულებიდან გამომდინარე დასკვნების მართებულობას.
          «მოძრაობას» თავისი მანკი და უბედურებაც ეყოფა. მისი არაინტელექტუალობა (ხშირად კი ანტიინტელექტუალობა), დოგმატიზმი და პრიმიტივიზმი ძალიან ძვირად დაუჯდა ქვეყანას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს «მოძრაობა» საერთოდ რომ არ ყოფილიყო საქართველოში, პროცესს თავიდან ავიცილებდით.
          ამ გარემოებით შესანიშნავად სარგებლობენ სხვადასხვა ჯურის «გავლენის აგენტები». ისინი ცდილობენ, ქართველ ხალხს ჩაუნერგონ აშკარად ყალბი, მაგრამ დამანგრეველი სტერეოტიპი: «აი, ჩვენ რომ რუსეთი არ გაგვეღიზიანებინა, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა რომ არ მოგვეთხოვა, რუსეთისათვის «დამპალი იმპერია» რომ არ გვეძახა... არაფერიც არ მოხდებოდა, რუსეთი აფხაზ და ოს სეპარატისტებს მხარს არ დაუჭერდა, საქართველოს მთლიანობას შეუნარჩუნებდა...» და ა.შ.
          ეს არის ყალბი სტერეოტიპი, რომლის დამკვიდრებაც საქართველოში ძალზე ხელსაყრელია რუსეთისთვის; ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობს მის გაძლიერებას და, საბოლოოდ ეჭვმიუტანელ დოგმად ჩამოყალიბებას.
          არადა, თუ გავიხსენებთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად, საბჭოთა იმპერიაში, უეჭველად დავრწმუნდებით, რამდენად ცრუპენტელურია მტკიცება, თითქოს «საქართველოს რუსეთი რომ არ გაეღიზიანებინა, არც აფხაზეთს დაკარგავდა, არც სამაჩაბლოს... ანუ, რუსეთი რომ არ გაღიზიანებულიყო, ასე არ აცემინებდა ჩვენს თავს აფხაზებს», - როგორც ერთი პუბლიცისტი წერს.
          კარგი, დავუშვათ, საქართველოს დანგრევა რუსეთისადმი «არალოიალურობამ» გამოიწვია და რუსეთმა დაგვსაჯა იმის გამო, რომ მისი «ერთგულნი» არ ვიყავით.
          თუ ასეა, რით ავხსნათ ის საოცარი ფენომენი, რაც დამახასიათებელია ყარაბაღის კონფლიქტისათვის? მკითხველს შევახსენებ, რომ აზერბაიჯანში (საქართველოსაგან განსხვავებით) არავითარი «ანტირუსული» გამოსვლა არ ყოფილა; აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადა, ხელი მოეწერა ახალი «სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის», ანუ, ფაქტობრივად, დათანხმდა ერთიანი «მოსკოვური სახელმწიფოს» შემადგენლობაში დარჩენას; აზერბაიჯანმა შეადგინა დელეგაცია, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო მოსკოვში 1991 წლის 21 აგვისტოს ხსენებული ხელშეკრულების ხელმოსაწერად; ეს ღონისძიება ჩაშალა მხოლოდ 19 აგვისტოს პუტჩმა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანს არ უღალატია «ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოსათვის» ანუ, ფაქტობრივად, დიდი რუსეთისათვის.
          იმავდროულად, სომხეთში მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდებოდა: სომხეთმა არათუ უარი განაცხადა ხელი მოეწერა «სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის», არამედ მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ!
          დიახ, გადაჭარბება არ გეგონოთ – სომხეთის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად (!) მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ საერთო-სახალხო რეფერენდუმს უნდა დაედასტურებინა.

          რეფერენდუმი საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან საბჭოთა კავშირი «თავისთავად დაიშალა».
          თუმცა, რატომ «თავისთავად?» ამაში წვლილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, როგორც ვხედავთ, სომხეთსაც მიუძღვის. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის «წვლილი» ამ თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მეზობელი სომხეთისა.
          მერედა, ვის დაუჭირა მხარი რუსეთმა ომში - სომხეთს თუ აზერბაიჯანს? რა თქმა უნდა, სომხეთს! ამ «უცნაურობის» მიზეზი ადვილად ასახსნელია: სომხური საზოგადოება, განურჩევლად კონკრეტული პოლიტიკის თუ კონკრეტული გადაწყვეტილებებისა, თვისებრივად ლოიალურია რუსეთის მიმართ; - განსხვავებით აზერბაიჯანული საზოგადოებისაგან, რომლის კონკრეტული გადაწყვეტილებები, ვთქვათ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის თაობაზე, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობით იყო გამოწვეული და არა ამ საზოგადოების შინაგანი, თვისებრივი სწრაფვით რუსეთისაკენ.
          ამიტომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში მოსკოვი, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც სომხეთს დაუჭერდა მხარს – იმის მიუხედავად, ტაქტიკური თვალსაზრისით რა პოზიციას დაიკავებდნენ კონფლიქტში მონაწილე მხარეები. ასეც მოხდა.

          ახლა იმავე ფორმულის ექსტრაპოლაცია ვცადოთ ე.წ. «ქართულ - აფხაზურ» კონფლიქტზე. ოღონდ ამთავითვე შევთანხმდეთ, რომ ეს კონფლიქტი (არა საომარი მოქმედებები, არამედ თვით ეროვნულ ინტერესთა კონფლიქტი) იყო. სრულიად გარდაუვალი საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შესუსტებისთანავე (სიტყვის თავისუფლება, მრავალპარტიულობა და ა.შ.), ვინაიდან აფხაზ სეპარატისტებს არ აკმაყოფილებდათ თავიანთი სტატუსი საქართველოში.
          ამიტომ, 9 აპრილი საერთოდაც რომ არ ყოფილიყო, საერთოდ რომ არ მოგვეთხოვა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან გამოსვლა, აფხაზი სეპარატისტები მაინც მოითხოვდნენ საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას, ოღონდ შეფარულად - «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა უფლებრივი გათანაბრების» ფორმით, რაც შინაარსობრივად იგივე იყო.
          როგორ გგონიათ, ამ შემთხვევაში ვის დაუჭერდა მხარს კრემლი? რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერდა აფხაზურ საზოგადოებას. აფხაზები ხომ «რუსულენოვანი ხალხი» იყო!

          ანრი ჯერგენია, საომარი მოქმედებების დროს რუსული ტელევიზიით გამოსვლისას, სწორედ ამ მომენტს უსვამდა ხაზს: «მი რუსსკოიაზიჩნიე»... რასაკვირველია, რუსული საზოგადოებისთვის «რუსულენოვანი აფხაზები», ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, უფრო «ახლობელნი» იქნებოდნენ, ვიდრე ქართველები, რომლებიც უფრო მეტად ცდილობდნენ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
          ბუნებრივია, შეიძლებოდა, ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ ვითარებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, ზოგიერთი მომენტის შერბილება და ა.შ. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში რუსეთი ნებისმიერ ვითარებაში მაინც უეჭველად აფხაზურ მხარეს დაუჭერდა მხარს, ვინაიდან ეს მხარე (ისევე როგორც სომხური მხარე სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში) გამარჯვების შემთხვევაში მთლიანად რუსეთზე იქნებოდა დამოკიდებული.

დრონი, 6 ივლისი, 1999 წელი