სანაოსნოსთან დაკავშირებულიო სკანდალი დასასრულს უახლოვდება

სანაოსნოსთან დაკავშირებულიო სკანდალი დასასრულს უახლოვდება

        საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებამ, აღძრას სისხლის სამართლის საქმე დეპუტატ (ბათუმის ექსმერ) ასლან სმირბას წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობამ და განსაკუთრებით, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებულმა ტრაგიკომედიებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ასლან აბაშიძის გავლენა და პოზიციები თბილისში: მას უკვე «ენაც შეაჩვიეს» და «ხელიც»!
        საეჭვოა, ორი წლის წინ (ანუ დიდი საარჩევნო მარათონის დაწყებამდე) საქართველოს პროკურატურას გაებედა აჭარის ლომის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიანი წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისი დაპატიმრება მოეთხოვა.
        დღეს კი ასლან სმირბას დეპუტატობის იმუნიტეტმაც ვერ უშველა. დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ «აღორძინების» დეპუტაცია თავს არ იკლავს სმირბას დასაცავად - მხოლოდ ჯემალ გოგიტიძემ თქვა მოკლე ფრაზა «პოლიტიკური ანგარიშსწორების» შესახებ, ხოლო სოციალისტები და ტრადიციონალისტები საერთოდ  გულგრილობას ამჟღავნებენ.
        ვახტანგ რაზმაძემ კი, როგორც ამბობენ, ქარაგმულად მოიწონა კიდეც პროკურატურის ინიციატივა და აქ რაიმე პოლიტიკური მოტივი უარყო.
        უაღრესად ნიშანდობლივი იყო თვით ასლან აბაშიძის განცხადება სმირბას დასაცავად: ვიდრე ამ გვარამდე მიხვალთ, ქართულ ანბანში სხვა ასოებიც არის და რაღა «სანით» იწყებთო?
        მართლაც, აი, «თანი» (თაბუკაშვილი), მაგალითად, ანბანში უფრო ახლოსაა საწყისთან. სმირბას კი, ადრეც არაერთგზის განუცხადებია, რომ სანაოსნოს ლონდონის ოფისში ხელზე მიღებული ასეულობით ათასი დოლარი სწორედ «თანზე» დაწყებული გვარის ერთ ცნობილ ინტელიგენტს გადასცა ქართული კულტურის აყვავება-აღორძინებისათვის.
        ასეთი ცნობილი ინტელიგენტი, რომელიც სანაოსნოდან გემრიელად იკვებებოდა, უამრავია და რაღა (მართლაც) სმირბათი იწყებენ «ავგიას თავლის» წმენდას?
        იმავე ქართულ ანბანში ასო არ მოეძევება, რომ მასზე ცნობილი ინტელიგენტების გვარი არ იწყებოდეს. საქართველოში კი «ცნობილ ინტელიგენტს» ვერ ნახავთ, სანაოსნოს ნასუფრალიდან გემრიელად არ მიერთვას.
        სწორედ ამიტომ მიეცა სმირბას საშუალება, ეთქვა – ნუთუ იმიტომ მიჭერთ, რომ მე ვარ საწყალი აფხაზი, რომლის წინაპრები მოჰაჯირობისას გადაიხვეწნენ აფხაზეთიდან თურქეთში და რატომ არ იჭერთ იმას, ვისაც ჯერ კიდევ «სოცრეალიზმის» ეპოქაში დუმა ჰქონდა პირში გაჩრილიო და არც 250-მანეთიანი ამერიკული ჯინსი აკლდა, როდესაც ეს შარვალი «სოციალური აღმატებულობის» ნიშანი იყო?
        ასლან სმირბა კარგა ხნის წინ მიხვდა, რომ ამ ჩვენს შესანიშნავ ინტელიგენციას ოღონდ სუფრა გაუშალე, ოღონდ გემრიელად ასვი-აჭამე, შენ გაღიარებს პირველი პატრიოტად, პირველ მამულიშვილად. ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებასა და «ქართულ რეალობას» საქართველოს ყველა ლიდერი მიხვდა (ყველა ეპოქაში) - ზვიად გამსახურდიას გარდა. ამიტომაც დაადგა კარგი დღე.
        რაც შეეხება ასლან სმირბას საქმის სასამართლო პერსპექტივას – სმირბას სასამართლოში, რა თქმა უნდა, ვერავინ იხილავს. პარლამენტი უეჭველად, მიიღებს დადგენილებას ასლან სმირბასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, მაგრამ თვითონ სმირბას ვერსად «აღმოაჩენენ».
        აჭარის ხელისუფლება მას, ალბათ, პირდაპირ ვერ დააფარებს ხელს და ვერ იტყვის – ბიჭები ხართ და მოდით, წაიყვანეთო. სმირბა, უბრალოდ, «აორთქლდება» ბათუმიდან – სად წავა, სხვა საკითხია. შეიძლება არსადაც არ წავიდეს, უბრალოდ, ბათუმში ვეღარ აღმოაჩინონ. ასლან აბაშიძის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ის არის, რომ თავისი გუნდის წევრს არასოდეს «ჩააბარებს».
        საერთოდ, ეს «სანაოსნოს საქმე» უკვე გროტესკულ იერს იძენს. «ვინ შეჭამა ვენახისა» არ იყოს, «ვინ შეჭამა სანაოსნოც» რიტორიკულ კითხვად რჩება.
        თხამ შეჭამა თუ მგელმა – კონკრეტულ დამნაშავე სუბიექტს ვერაფრით აღმოაჩენ. მით უმეტეს, რომ მერე მგელმა თვითონ ის თხაც შეახრამუნა, მოდი და გაიგე, ახლა ვინ უფროა დამნაშავე.
        «სანაოსნოს სკანდალის» შემოქმედი კი სულ ადვილი დასადგენია, თუ იმთავითვე შევთანხმდებით, რომ არამიზნობრივი ხარჯვა მაინც შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. ამიტომ, სანაოსნოს კუთვნილი ასეულობით მილიონი დოლარი შეჭამა – შეახრამუნა და ზედ გემრიელი სასმელიც დააყოლა (შამპანური, კონიაკი, ღვინო, არაყი) არა ასლან სმირბამ ან აჭარის ხელისუფლებამ, არამედ სწორედ იმ ინტელიგენციამ, რომელსაც დღემდე მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის მეუფე უნდა იყოს საქართველოში.
        შეამოწმოს პროკურატურამ სანაოსნოს თანხების ხარჯვა – არამიზნობრივად დახარჯული თითოეული დოლარი მიდიოდა არა ასლან სმირბას ჯიბეში (საკუთარ ჯიბეს იგი შპს-ებითაც მიხედავდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაული ჯერ კიდევ არ არის), არამედ ხმარდებოდა თბილისიდან გადახვეწილი უნიჭო მომღერლების ყროყინს ბათუმის ოპერის თეატრში, ასევე უნიჭო რეჟისორების სამარცხვინო თეატრალურ დადგმებს, ფესტივალებს, გამოფენებს, სხვადასხვა კონფერენციებს, ღონისძიებებს, წვეულებებს – ქართული კულტურის «კორიფებისათვის», რომლებიც, წესით, ახლა უნდა ძრწოდნენ, თორემ ასლან სმირბამ თუ ხმა ამოიღო – ვაი, მათი ბრალი!!!

მერიდიანი, 20 მარტი, 2000 წელი