კოალიციური მთავრობის ფორმირება ივლის-აგვისტოში მოხდება

კოალიციური მთავრობის ფორმირება ივლის-აგვისტოში მოხდება

   საპარლამენტო და საკანცელარიო კულუარებში გრძელდება ინტენსიური კონსულტაციები ახალი მთავრობის კონსტურქციასთან დაკავშირებით.
    «ამერიკული მოდელის» დღეები დათვლილია. საქართველო კიდევ ერთი საფუძვლიანი რეორგანიზაციის ეპოქაში შედის და «ფრანგულ მოდელზე» გადადის. კვლავ გვეყოლება «პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერები», რომლებიც გვყავდა 1995 წლამდე და არცთუ ტკბილი მოგონებები დაგვიტოვეს. მაგრამ პოლიტიკური კომპრომისის ძიებაში საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
    რეორგანიზაცია თითქოსდა გარდაუვალია და უახლოეს მომავალში უეჭველად მოხდება, თუმცა მისი ავტორები და იდეოლოგები უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს არ ითვალისწინებენ.
    დავიწყოთ «წვრილმანით»: თუ მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბდება, ხოლო პრეზიდენტი გამოცხადდება სახელმწიფოს მეთაურად, მას, როგორც მინიმუმ, რეზიდენცია სჭირდება, ვინაიდან კანცელარიის შენობაში მინისტრებთან ერთად ვერ იმუშავებს.
    რეზიდენცია კი საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. «მოსწავლეთა სასახლეში» შევარდნაძე ვერ დასახლდება - ეს მის ავტორიტეტს შელახავს. მოწინააღმდეგეები უეჭველად იტყვიან, რომ «ბავშვებს სასახლე წაართვა». ახლის ასაშენებლად კი არც დროა და უამრავ ფინანსურ სირთულეს შექმნის (სხვას რომ თავი დავანებოთ).
    გარდა ამისა, «მინისტრთა კაბინეტი» ნიშნავს უამრავი პარალელური სტრუქტურის, ფაქტობრივად ახალი კანცელარიის ჩამოყალიბებას და ა.შ. სამაგიეროდ, მთავრობაში ყველა მეტ-ნაკლებად აქტიურ პოლიტიკოსს შესთავაზებენ პოსტს. უკვე შესთავაზეს კიდეც. ოპოზიციაც უმალვე გაიყო ორ ნაწილად - ერთნი აცხადებენ, რომ უეჭველად მიიღებენ მონაწილეობას მთავრობის მუშაობაში და შეეცდებიან თავიანთი პროგრამის განხორციელებას, მეორენი კი ამაში გამოსავალს ვერ ხედავენ.
    მაგალითად, შალვა ნათელაშვილის თქმით, «ნებისმიერი მთავრობა ამ სახელმწიფო კურსის ადვოკატი იქნება», რაც, რასაკვირველია, სრული ჭეშმარიტებაა. ხელისუფლება ამგვარ დათმობაზე საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად და კრიზისის დასაძლევად მიდის - აბა, ოპოზიციას ხომ არ გააძლიერებს?
    ბუნებრივია, ხელისუფლება არაფრით არ დაუშვებდა ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემდა სახელმწიფოებრივი კურსი შეეცვალა. «მინისტრთა კაბინეტის» შექმნა ასეთ «საშიშროებას» არ შეიცავს და შალვა ნათელაშვილი ამას ხვდება - ამიტომაც ამბობს უარს პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა «ლეიბორისტებს» არც არავინ სთავაზობს რამეს - მათი აქტიურობა მხოლოდ სხვა, უფრო სერიოზული პოლიტიკური ძალების ფონზე ჩანს ანგარიშგასაწევ ფაქტორად.
    «ახალი კაბინეტის» გარშემო განვითარებულ ვაჭრობაში ძირითადად «სოციალისტები», «ეროვნულ-დემოკრატები» და «სახალხოელები» მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ კონსტიტუციურ ცვლილებათა ერთ-ერთი ვარიანტის შესაბამისად, მინისტრის პოსტის დასაკავებლად დეპუტატის მანდატი იქნება საჭირო. თუ ეს მართალია, მაშინ კაბინეტი მთლიანად შეიცვლება.
    მაგრამ ასეა თუ ისე, იგი ნებისმიერ შემთხვევაში გადახალისდება დაახლოებით 70-80 პროცენტით. ზოგიერთი ცნობით, მხოლოდ ნიკო ლეკიშვილი და ერთი-ორი მინისტრი შეინარჩუნებს პოსტს.
    ერთი მხრივ ეს იქნება «ორთქლის გამოშვების» საშუალება უკვე ძლიერ მოთუხთუხე საზოგადოებრივი ქვაბიდან. მეორე მხრივ კი, გამძვინვარებულ ოპოზიციას ოდნავ მაინც დაამშვიდებს.
    პრინციპში, შემოთავაზებულ თანამდებობებზე უარის თქმას მაშინ აქვს აზრი, თუკი უკლებლივ მთელი ოპოზიციური სპექტრი ამაზე შეთანხმდება (რაც ძალზე სათუოა). სხვა შემთხვევაში ხელისუფლების ლანძღვა იმ «სხვა» ოპოზიციონერთა ლანძღვაც გამოვა, რაც არც ისე ადვილი საქმეა ქართული პოლიტიკის თავისებურებიდან გამომდინარე.

მერიდიანი, 29 ივნისი, 1998 წ.