საერთაშორისო მიმოხილვა. 9 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 სექტემბერი. 2024 წელი

ამერიკაც და მთელი მსოფლიოც ემზადება ჰარის-ტრამპის პირველი დებატებისთვის, რომელიც გაიმართება ფილადელფიაში, ტელეკომპანია ABC-ს დაქირავებულ National Constitution Center-ში...... და თუ რაიმეში არის ახლა შეთანხმებული უთვალავი ამერიკელი „ელექტორალური სპეციალისტი“, პროგნოზისტი და შესაბამისი პროფილის Electoral თუ Polls-მეცნიერი (ამერიკაში ეს ცალკე სამეცნიერო დარგია) დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დებატები იქნება გადამწყვეტი, განმსაზღვრელი არა მხოლოდ „ტრენდის“ არამედ მთელი ამ რბოლის შედეგთა თვალსაზრისით.

თუ კამალა დაჯაბნის ტრამპს და უკეთეს შთაბეჭდილებას (!) მოახდენს ამომრჩეველზე, ვიდრე დონალდი, ის აუცილებლად მოიგებს 5 ნოემბერს.

და პირიქით.

ჯო ბაიდენი იმიტომაც „გავიდა რბოლიდან“, რომ წააგო დებატები ტრამპთან.

ანუ ახლა ჰარისის და ტრამპის ზემძლავრი გუნდები, სადაც უამრავი შესანიშნავი სპეციალისტია, ინტენსიურად ემზადებიან, ამუშავებენ „ტოპიკებს“, ასევე საკუთარ კითხვებს და მოწინააღმდეგის (ალბათ უკვე ლამის “მტრის“, რაკი ეს თითქმის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა) გარდაუვალ კითხვებზე პასუხებს.

 ექსპრომტებისთვის ასეთ დებატებზე სივრცე თითქმის (!) არ რჩება.

კამალას აქვს როგორც უპირატესობანი, ასევე სისუსტენი.

მისი სისუსტე ისა, რომ მოუწევს პასუხი აგოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩავარდნებზე.

მათ შორის უდავო ჩავარდნებია

 

ა) მიგრაცია მექსიკის გავლით, რომელსაც არაფერი არ ეშველება და სანამ „კედლის“ მშენებლობა არ დასრულდება აღარც ეშველება ოდესმე

 

ბ) მაღალი ინფლაცია. ამერიკელებისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა: Inflation აუფასურებს მათ დანაზოგებს დაბალი საბანკო საპროცენტო განაკვეთის პირობებში და „აძვირებს“ ხარჯებს.

და მიუხედავად ეკონომიკის ზოგადი სიჯანსაღისა, მიუხედავად GDP-ზრდისა, მიუხედავად იმისა, რომ Wall street ახლა მართლა ყვავის ისე, როგორც დიდი ხნის განმავლობაში არ ამაღლებულა....Inflation სერიოზული სისუსტეა, რაკი ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად „ინფლაცია არის დამატებითი გადასახადი ნაკლებშემოსავლიანთათვის“;

ანუ ზუსტად ის კატეგორია გრძნობს ამას პირველ რიგში, რომელიც წესით „დემოკრატების“ ამომრჩეველი უნდა იყოს - ვინც შედარებით ღარიბია, ლათინოსია, აფროამერიკელია, ქალია (ამერიკაშიც კი ფემინისტებმა ჯერაც ვერ მიაღწიეს ქალისა და მამაკაცის შემოსავლის გათანაბრებას) და ა.შ და ა.შ.

კიდევ ერთი სენსიტიური საკითხი, რაც ტრამპს უპირატესობას ანიჭებს, იპოთეკაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია.

ესეც მტკივნეულია ამერიკული საშუალო კლასისთვის, რაკი ამერიკელების უდიდესი ნაწილი საკუთარ სახლებში ცხოვრობს (და არა, ჩვენებურად თუ ვიტყვით „კორპუსებში“) ოღონდ ის სახლები შეძენილი აქვთ იპოთეკით.

მეინსტრიმული ამერიკული პრესა საინტერესო ნიუანსს აქცევს ყურადღებას: კამალა ჰარისისთვის კითხვების დასმა უფრო „კომფორტული“ და მოხერხებული იქნება, ვიდრე ტრამპის კითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ.....ის ძალიან მაღალი კლასის პროკურორი იყო („კალიფორნიის გენერალური პროკურორი) და პროფესიიდან გამომდინარე, კითხვების დასმა უფრო ეხერხებაო.

შეგახსენებთ, რომ ეს კამალა ჰარისისთვისაა პირველი ამგვარი საპრეზიდენტო დებატი, თორემ.....დონალდ ტრამპს სამჯერ ჰქონდა უცხარესი დებატი ჰილარი კლინტონთან 2016 წელს (ერთ მომენტში მიკროფონში ჩაილაპარაკა „ეს რა ბინძური ქალიაო“) ორჯერ ბაიდენთან იდებატა 2020 წელს და ერთხელ იმავე ბაიდენთან 2024 წელს.

CNN ცნობით, PR-ინჟინრები მაინც ურჩევენ ტრამპს, მეტად თავდაჭერილი იყოს, რადგან კამალა ქალია, თანაც შავკანიანი ქალი.

ეს მნიშვნელოვანია.

 

არათუ კონგრესვუმენმა ლიზ ჩეინიმ (ამის თაობაზე გატყობინებდით) არამედ მამამისმა, ექს-Vice-მ დიკ ჩეინიმ ღიად დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს და „რესპუბლიკური პარტია“ ღირებულებათა ღალატში დაადანაშაულა.

მანამდე „დემოკრატიულ ლეგენდათა ოჯახის“, კენედების სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რობერტ კენედიმ დაუჭირა მხარი ტრამპს, თუმცა......რობერტ კენედი ჯუნიორი მაინც არ არის ისეთი მაღალი სტატუსის პერსონა, როგორც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დადასტურდა უტყუარად, რომ ირანმა ნამდვილად გადასცა უკვე რუსეთს ბალისტიკური რაკეტები Fath-360.

80-100 კილომეტრის შორსმწვდომობისა.

ამ რაკეტებს რუსეთის არმია გამოიყენებს უშუალოდ ფრონტზე ანუ არა უკრაინის სიღრმეში პოზიციათა დასაბომბად, არამედ ლოკალური ბრძოლებისას.

თუმცა ამ ბრძოლებს საბოლოოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ.

როგორც მაგალითად, ამჟამად მიმდინარე ბრძოლებს დაბისათვის Покровск.

ამ მხრივ ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა შესაძლოა დაახლოებით ისეთივე როლი შეასრულონ, როგორც „მოფარფატე ბომბებმა“, რითაც რუსეთი სამწუხაროდ წარმატებით ბომბავს ფრონტის ხაზზე უკრაინულ პოზიციებს უკვე 1 წელია და წინ მიიწევს დონბასზე.

უკრაინამ განაცხადა, რომ თუ ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დადასტურდა, თეირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს და ელჩს გამოიწვევს.

ირანის წარმომადგენელი გაეროში უტიფრად უარყოფს ყველაფერს: როგორ გეკადრებათ, ირანი მშვიდობისმოყვარე (!) სახელმწიფოა და მეომარ მხარეებს იარაღს არასდროს ვაწვდითო.

ზუსტად ასევე უარყოფდნენ 2022 და 2023 წელს რუსული არმიისთვის „შაჰიდ“ დრონების გადაცემას და ახლა ასეულობით ამ დრონით რუსეთი ხშირად უტევს უკრაინულ ქალაქებს. გადაარქვეს სახელი, დაარქვეს „გერანი“ და ვითომ არაფერი.

დასავლური მედია იტყობინება ფარული გარიგების შესახებ მოსკოვსა და თეირანს შორის: ბალისტიკური რაკეტების სანაცვლოდ, პუტინი ირანელ აიათოლლებს შეჰპირდა.....უახლესი СУ-35 თვითმფრინავების გადაცემას.

ირანელებს ეს ავიაგამანადგურებლები სჭირდებათ ისრაელის F-35-თან საომრად, თუ ისრაელთან ომს გაბედავენ.

 აქვე უნდა ითქვას, რომ მთავარი ის კი არ არის, გაწყვეტს თუ არა უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან (რაც სულ არ ანაღვლებს სინამდვილეში თეირანს) არამედ ის, გაბრაზდება თუ არა ამის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმდენად, უკრაინულ არმიას ისრაელის გენიალური სამხედრო ინდუსტრიის ნაწარმოები იარაღი, მათ შორის დრონები და რაკეტები მიაწოდოს.

აი თუ მიაწვდის, უკრაინა დასავლეთს აღარ ჰკითხავს: დაბომბოს თუ არა ისრაელის (!) ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ქალაქები.

ჯერ-ჯერობით არ აწვდის ისრაელი უკრაინას იარაღს.

გარდა ამისა, კვლავ ვიმეორებ, რომ თუ ლაპარაკია მცირე სიშორის რაკეტებზე, რუსებს ბევრად უფრო (დიდი ბოდიში ჟარგონისთვის) „ნავაროჩენი“ ამ კლასის რაკეტა აქვთ SS-26 Iskander სახით, თუმცა ეს ექსკლუზიური და ძვირი იარაღია. ასე „ყოველდღიურად“ ბრძოლის ველზე ვერ გამოიყენებ, როგორც Fath-360 და საბჭოთა წარმოების Точка-У-ს.

სამაგიეროდ ირანული „შაჰიდი“ და სხვა ირანული ბალისტიკური რაკეტები ბევრია და იაფია.

რუსული გენერალიტეტი ცდილობს რაოდენობით მოიგოს და არა ხარისხით.

კიდევ იმიტომაც არის რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი, რომ „ბევრი“ (მით უმეტეს „ბევრი“) ბალისტიკური რაკეტა მეტისმეტად ძაბავს უკრაინის „საზენიტოს“.

ბალისტიკური კლასის რაკეტები, მათ შორის Iskander სტრატოსფეროში ადიან ჯერ და შემდეგ იქიდან ეშვებიან სამიზნეზე უდიდესი სისწრაფით.

ფრთოსანი რაკეტებისგან განსხვავებით და დრონებისგან განსხვავებით, რომელთა ჩამოგდება ჩვეულებრივი „საზენიტოებითაც“ შეიძლება, ბალისტიკურ რაკეტებს აგდებს მხოლოდ და მხოლოდ Patriot ან მისი ანალოგი SAMP-T. (ფრანგული MAMBA)

უკრაინას ეს სისტემები ცოტა აქვს ძალიან. არ ჰყოფნის. ამიტომ მოსკოვმა მიაგნო ამ სუსტ წერტილს და ყიდულობს იაფ (სამაგიეროდ ბევრ) ჩრდილო კორეულ და ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს.

Iskander რუსეთს აქვს სულ 250 ერთეული და აქედან 60 ერთეული გამოიყენა უკვე.

ირანი ახლა ელის, გაბედავს თუ არა მოსკოვი მისთვის СУ-35 მიწოდებას მიუხედავად ისრაელის შესაძლო პასუხისა და იმის მიხედვით, გაბედავს თუ არა, მზადაა მიაწოდოს რუსულ არმიას ასევე სხვა ბალისტიკური რაკეტებიც დიდი რაოდენობით: Fateh-110 (300 კმ), Fateh-313 (500 კმ), Zolfaghar (700 კმ).

სხვათა შორის ყველა ეს რაკეტა ჩინური, ასევე რუსული ტექნოლოგიებითაა დამზადებული.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანული Financial times ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა CIA დირექტორმა უილიამ ბერნსმა და ბრიტანული MI 6 ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა.

თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ დასავლური სამყაროს ორი უმძლავრესი საგარეო დაზვერვის შეფი მონაწილეობს გაზეთის ორგანიზებულ კონფერენციაში.

ეს დემოკრატიაა.

ორივემ განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, განეხორციელებინა შეტევა კურსკის ოლქში იყო არა მხოლოდ მამაცური არამედ მიზანშეწონილი და სწორი!

ყველაზე საინტერესო არგუმენტი მაინც ბერნსმა მოიტანა მისი შეფასების გასამყარებლად საკუთარი უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით: რუსულ ელიტებში დაფიქრდებიან „სად ვართ და საით მივდივართო“.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ლატვიაში (NATO-ს წევრ სახელმწიფოში) ჩამოვარდა რუსული უპილოტო აპარატი, რომელიც შემოფრინდა.....ბელორუსეთიდან.

შემთხვევითი ეს აქცია არ უნდა იყოს: პუტინი აფრთხილებს ბალტიის ქვეყნებს და ცდილობს ისინი დააშინოს.

საბედნიეროდ, ბალტიის სახელმწიფოებში განლაგებულია NATO-ს ავია-ესკადრილია და იქვეა (ბალტიის ზღვაში) NATO-ს ზემძლავრი ფლოტი. მათ შორის შვედეთის და ფინეთის, რომლებიც უკვე ალიანსის წევრები არიან.