ლარის გაუპატიურება

ლარის გაუპატიურება

 

ქართული ენა, მისი სემანტიკა, სინტაქსი, მორფოლოგია და ლექსიკა (იმავე რუსულის ან ინგლისურისაგან განსხვავებით)  სქესობრივ დიფერენცირებას არ იცნობს. მაგრამ ის, რაც ამჟამად ლართან დაკავშირებით ხდება, ნამდვილად იწვევს გარკვეულ ალუზიებსა და მეტაფორულ კავშირებს. ხოლო გენდერული განსხვავებანი თუ არ არსებობს ქართულში – მით უარესი ლარისთვის.

არადა, რა «ამაყად» გამოიყურებოდა, თითქოს, სხვა რეგონულ ვალუტებთან, თუნდაც იმავე რუბლთან შედარებით! აზერბაიჯანული «მანათი» და სომხური «დრამიც» დაეცნენ, თუმცა არ «დაწვნენ», რადგან იქ დევალვაცია მიზნობრივად, გეგმაზომიერად და მთავრობისავე გადაწყვეტილებით მოხდა. რუსეთში ვალუტა 120% გაუფასურდა. ამ ფაქტს ხშირად გვამადლიან ოფიციოზი და მთვარობის წარმომადგენლები: «ლარი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშიაო».

რეალურად კი, სიტუაცია ბევრად უარესია და აი რატომ: დევალვაცია ერთია, ხოლო მუდმივი რყევა და ფასთაშორისი მარჟის პერმანენტული ზრდა სავალუტო ბაზარზე – მეორე. როდესაც ეროვნული ვალუტა ერთბაშად 20–30 პუნქტით «ხტის» დღიდან–დღემდე, ეს ბევრად ნეგატიური და საშიში სიმპტომია, ვიდრე თუნდაც 120% გაუფასურება, ვინაიდან იმის მაჩვენებელია, რომ ზოგადად, ქვეყანაში არაჯანსაღი ფინანსური პროცესები მიმდინარეობს, ბაზარს აქვს უპერსპექტივობის, არასტაბილურობის განცდა, ხოლო ფინანსური ბაზრის აქტორები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები თუ გავლენიანი ინდუსტრიულ–ფინანსურ–საბანკო წრეები არაკეთილსინდისიერად იყენებენ შექმნილ ვითარებას, რათა ზემოგება მიიღონ და ფულის სწრაფი ბრუნვით გვარიანი «კუში მოგლიჯონ».

«ფულის ტრიალი» იმას ნიშნავს, რომ თუნდაც 1–2 დღის განმავლობაშიც კი, ფინანსური სპეკულაციები უდიდეს მოგებას ტოვებენ და თუ ამ ფინანსურ ჯგუფებს ხელისუფლებამ ლაგამი არ ამოსდო, ისინი სწორედ იმ «ძირითადი ინსტიქტით» იმოქმედებენ, რომლის თაობაზეც ამერიკელმა რეჟისორმა პოლ ვერხოვენმა, 1992 წელს, ცნობილი სკანდალური ფილმი გადაიღო – შერტონ სტოუნისა და მაიკლ დუგლასის მონაწილეობით.

ამიტომ, «კარგი» ან «ცუდი» მთავრობა ის კი არაა, რომელიც დევალვაციის პროცენტული მაჩვენებლებით  იწონებს თავს, არამედ ის, ვინც ზემოგებაზე დაგეშილ ბანკირებსა და ფინანსურ სპეკულანტებს არ აძლევს საშუალებას, მოსახლეობა ძარცვონ.

როდესაც სამშაბათს დოლართან ლარის კურსი 2,45, ხოლო ხუთშაბათს – 2.24, ეს უკვე ვერ აიხსნება ყბადაღებული სეზონური ფაქტორით ან დოლარის რყევით სხვა მსოფლიო ვალუტებთან (ნეტავ მისი «ჯანმრთელობა» მოგვცა) ან ნავთობზე ფასის რყევით. ასეთი მოკლევადიანი ცვლილებები და «დომხალი» სავალუტო ბაზარზე (ვიმეორებ) მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ მთავრობა ან ვერ ახერხებს მოთოკოს გათავხედებული სპეკულანტები, ან (ბევრად უარესი) თავად მონაწილეობს ამ ოპერაციებში. არ არის აუცილებელი პირადი მერკანტილური ქვენაგრძნობით: თუნდაც  საბიუჯეტო პრობლემების გადასაწყვეტად ან ფინანსურ ბაზრებზე სხვადასხვა სარფიან ვალდებულებათა განლაგებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი (რაოდენ  «კონსპიროლოგიურიც» არ უნდა იყოს), რომ ქვეყანაში, სადაც ფაქტობრივი მმართველი, იმავდროულად, ყველაზე მდიდარი ადამიანი და უმძლავრესი ბანკის მეპატრონეა, ხოლო მინისტრთა კაბინეტი ამ ბანკის «სტაფითაა» დაკომპლექტებული, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს!

იქნებ ბევრმა ასეთი ეჭვი გადაჭარბებულად მიიჩნიოს, თუმცა როგორც მინიმუმ, მიმდინარე სავალუტო  ორომტრიალით მთავრობის ის მანკი გამოვლინდა, რომ მას არ გააჩნია უნარი, საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი სავალუტო ბაზრის პირობებში, გამოიყენოს  ფინანსური ინსტრუმენტები (დამანგრეველ რყევათა თავიდან ასაცილებლად), რასაც ყველაზე დემოკრატიულ და ღია ეკონომიკის სახელმწიფოებში იყენებენ.

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, მთავრობა დაბნეულიცაა და მართლა აღარ იცის, როგორ მოიქცეს, ან რა სტრატეგია აირჩიოს წინასაარჩევნოდ.

წარმოუდგენელია «ქართული ოცნების» პრემიერსა და სხვა მინისტრებს  სწორედ არჩევნები არ მიაჩნდეთ უმთავრეს პრობლემად. მაგრამ რა იღონონ, რათა ერთის მხრივ «მთავარი სპონსორები» არ დააზარალონ, ბიუჯეტიც შეავსონ, ხოლო მეორეს მხრივ, ლარის მეტისმეტი «გაქცევა» არ დაუშვან?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტის მდგომარეობა ყველა ხელისუფლების უმთავრესი თავსატეხი იყო ამ ქვეყანაში: 1995 წლიდან დაწყებული. შემთხვევითი როდია, რომ ედუარდ შევარდნაძემ სწორედ 1995 წელს შემოიღო ლარი, როდესაც მისი გაპრეზიდენტების საკითხი წყდებოდა.

შემდგომი არჩევნების დროსაც, – 1999, 2000 წელს სულ იმას მოითხოვდა მთავრობისგან, «ლარი არ გაგექცეთო».

მაინც გაექცათ, 2,27–ზეც ავარდა 1,36–დან, მაგრამ კრიტიკულად  მნიშვნელოვანია, რომ ეს  მომენტალური რყევა კი არ იყო, არამედ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დადგინდა ამგვარი «ეკვილიბრიუმი». ახლა ბევრად უარესია: ლარი «ხტუნაობს» დღიდან – დღემდე, კვირიდან–კვირამდე ათეულობთ პუნქტით, ზოგჯერ დილა–საღამოსაც კი. თანაც არა უმნიშვნელოდ, არამედ არსებითად.

აქედან კიდევ ერთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი: ქართულ ისტებლიშმენტში მიმდინარეობს ელიტათა ბრძოლა, რომელთაგან თითოეულს  საკუთარი ინტერესი აქვს. ერთმანეთს ებრძვიან ფინანსურ–საბანკო ელიტები, იმპორტზე ორიენტირებული ელიტები, ექსპორტზე ორიენტირებული ჯგუფები, ბობოლა ფინანსური ქორვაჭრები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მმართველი კოალიციის სხვადასხვა დაჯგუფებანი. ამიტომაცაა  ლარი ამ დღეში. და თუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო  პროცესების მოთოკვა, წინასაარჩევნოდ იმაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა: ლარი არა მხოლოდ ეკონომიკის თერმომეტრია, არამედ მთავრობისა და მმართველი გუნდის ქმედუნარიანობის ბარომეტრიც.

ლარის  კურსის ლამის ყოველდღიური «კუნტრუშით» შეწუხებულ ასეულობით ათას ამომრჩეველს, ვისაც მცირე ბიზნესი მაინც აქვს და არა მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული, ნამდვილად ვერ აუხსნი და ვერ დაარწმუნებ, რომ წინა ხელისუფლებამ, რომელთან ერთადაც ქვეყანამ წყეული 9 წელი გამოიარა, მხოლოდ იმიტომ მოახერხა 2008 წლის გამანადგურებელი ომისა და არანაკლებ გამანადგურებელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, რომ დასავლეთმა გვარიანი დახმარება გამოგვიყო რუსული აგრესიის კომპენსაციისათვის.

ნამდვილად ასე იყო, მაგრამ საქმე შედეგით იზომება და, ბოლოს და ბოლოს,  ამასაც ხომ «მოხერხება» უნდოდა?!

 გარდა ამისა, ამომრჩეველი, რომელსაც ამერიაკში undecided უწოდებენ და ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, საკმაოდ  მარტივი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს: «მიშა ხომ ახერხებდა, კურსს არ «ეხტუნავა» და ფინანსურ სპეკულანტებს ადამიანები კაპიკ–კაპიკ არ ეძარცვათ?» დიახ, ახერხებდა! დღევანდელი ხელისუფლება ახერხებს? – გამოდის, ვერა!» და თუ «ვერა», მისი ბედიც გადაწყვეტილია როგორც მინიმუმ იმით, რომ «ოცნების» პოტენციური ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე. მივლენ «მიშისტები», რომლებიც ბევრად კონსოლიდირებულნი და პასიონარულნი არიან წინა არჩევნებში დამარცხების  მეოთხე წლისთავზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს თუ გავიხსენებთ, «ნაციონალთა» დამარცხება უპირველესად  იმან განაპირობა, რომ მათი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან აღარ მივიდა. სამაგიეროდ, მივიდნენ მოწინააღმდეგენი! მიმდინარე წლის შემოდგომისთვის ვითარება, შესაძლოა, სარკისებრი სიზუსტით განმეორდეს, ოღონდ  თუ მაშინ შოკის (არმისვლის) მიზეზი ციხეში გაუპატიურების კადრები იყო, ახლა ეროვნული ვალუტის თავხედური და საჯარო გაუპატიურება ხდება!

პოლიტიკაში «ორჯერ–ორი» ყოველთვის ოთხია. «ოცნებას» თუ გადარჩენა უნდა, მან, ჯერ ერთი, «მთავარ ქართველ ბანკირთან» უნდა მოილაპარაკოს «თამაშის  წესებზე»,  შემდეგ მისი მეშვეობით და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ქართულ ფინანსურ ბაზარზე მომრავლებული «ზვიგენები» მოთოკოს და ლარის სიმყარე უზრუნველყოს რაიმე ნიშნულზე მაინც.  ისე, რომ მისი ყოველდღიური მერყეობა ამჟამინდელი ხელისუფლების ტექტონიკური ნგრევის სინუსოიდად არ იქცეს.

თუმცა უბედურება ისაა, რომ 2016 წლის შემოდგომაზე არჩევნები კი არ მთავრდება, არამედ მორიგი საარჩევნო ციკლი იწყება: უკვე 2017 წელს მუნიციპალური არჩევნებია, მერე საპრეზიდენტო და ა.შ. ამდენად, პრობლემა სისტემურია და მთავარი კითხვაც აქ ჩნდება: საერთოდ გააჩნია  თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას სისტემური პრობლემების გაცნობიერების, მით უმეტეს მათი გადაჭრის შნო და უნარი, – პასუხისმგებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ?

2016