ლეილა ცომაიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ლეილა ცომაიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

  

    ნიშანდობლივი ფაქტია: იმ დროს, როცა ქართულ მასმედიაში და საზოგადოებაში ისტერიკა ატყდა «მხედრიონელთა» გალიებში ჩასმის გამო (მათ გია ჭანტურიას და მრავალი სხვა პიროვნების თუ საზოგადო მოღვაწის მკვლელობაში ედებათ ბრალი), რატომღაც არავინ აღშფოთებულა აშკარად უსამართლო განაჩენით, რომელიც სასამართლომ «ზვიად განმათავისუფლებელის პარტიის» ლიდერს ლეილა ცომაიას გამოუტანა.
    ასეთი სხვაობა აღქმასა და შეფასებაში კვლავ მიუთითებს, რომ ქართული საზოგადოება აშკარად ავად არის და დემოკრატიულობის პრეტენზია მას არ უნდა ჰქონდეს.
    ლეილა ცომაია კლასიკური «სინდისის პატიმარია», მაგრამ რატომღაც ის ხალხი, ვინც რამდენიმე წლის წინ გნიასი ატეხა გოგა ხაინდრავას თუ სხვათა დაპატიმრების საწინააღმდეგოდ (ისინი, უმრავლეს შემთხვევაში, შეიარაღებულ აქციებში მონაწილეობისას დააკავეს და თავადაც შეიარაღებულნი იყვნენ). კრინტს არ სძრავენ სინდისის პატიმარ ლეილა ცომაიას მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინააღმდეგ.
    ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მხედრიონელები უფრო მიაჩნიათ «სინდისის პატიმრებად», ვიდრე ლეილა ცომაია და თამილა ნიკოლაიშვილი, რომელთაც ბრალად ედებოდათ თხუთმეტი ჯეელი პოლიციელისათვის «ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ამ უკანასკნელთა მიერ «სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდის დროს».
    გაუგებარია, ის ადამიანები, რომლებიც ასე სათუთად უფრთხილდებიან «მხედრიონელთა» ღირსებას და მკაცრ პროტესტს გამოთქვამენ მათი «გალიაში» ჩასმისათვის (თანაც, სასამართლო «სპექტაკლად» მიაჩნიათ და უმძიმეს მორალურ ბრალდებებსაც უყენებენ ხელისუფლებას), რატომ არ საყვედურობენ იმავე ხელისუფლებას, რატომ არ სდებენ მას ბრალს იმ აშკარა უსამართლობისათვის, რაც ლეილა ცომაიას წინააღმდეგ განხორციელდა?
    მაშასადამე, საქმე სიმპათია-ანტიპათიაში ყოფილა - «მხედრიონის» წინააღმდეგ სიმპათიით არიან განწყობილნი, იმავე ლოთი ქობალიასა და ზვიად ძიძიგურის «გალიებში გამომწყვდევას» კი რატომღაც მშვიდად შეხვდნენ.
    ესე იგი, «სამართლიანობა» და «ადამიანის უფლებები» პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიით ისაზღვრება და რამდენსაც არ უნდა ეცადოს მავანი, «მხედრიონის» დაცვა ჰუმანური მოსაზრებებით ახსნას, სინამდვილეში ეს პოლიტიკური გათვლა უფროა, ვიდრე ჰუმანიტარული პრინციპებისადმი ერთგულება.
    მაინც, რა დანაშაული მიუძღოდა ლეილა ცომაიას? აშკარაა, რომ იგი დაისაჯა მშვიდობიანი საპროტესტო აქციისათვის. ფორმალურად ხელისუფლება თითქოს კანონის შესაბამისად მოქმედებს. თუმცა უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილის გალიაში ჩასმაც ხომ დასაშვებია კანონით? არც ამით ირღვევა კანონი. მაშასადამე, კანონი კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ ვის რისთვის სჭირდება სასამართლო პროცესის გამოყენება და ვინ რა «ტალღის აგორებას» ცდილობს მისი მეშვეობით.
    უბრალოდ, დაქსაქსული «ზვიადისტები» კარგა ხანია პოლიტიკურ ფაქტორს აღარ წარმოადგენენ, «მხედრიონი» და მის მიღმა მდგომი სოციალური ძალა კი კვლავაც მოქმედი და ანგარიშგასაწევია.
    აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული და ამით აიხსნება ასეთი უცნაური «ახლომხედველობა». თანაც ის ხალხი, ვინც აშკარა არაობიექტურობას ამჟღავნებს, ვერც კი ამჩნევს, რომ მათი მოტივაცია თეთრი ძაფით არის ნაკერი და სინამდვილეში იგი უბრალოდ იმ სოციალური ფენის მიმხრობას ცდილობს, რომელსაც «მხედრიონი» განასახიერებს.
    გარდა ამისა,  ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ თუ მდგომარეობა მართლა გართულდა და დაპირისპირებამდე მივიდა საქმე, მათ მიმართ ხელისუფლების ანალოგიური რეპრესიის წინააღმდეგ კრინტსაც ვერ დაძრავენ.
    მაგალითად, არასანქცირებული მიტინგის ორგანიზების გამო რომელიმე სხვა «ოპოზიციონერის» დაპატიმრებისათვის მისი მომხრეები ხელისუფლებას ვეღარ დაამუნათებენ და ვეღარ ააგორებენ «საპროტესტო ტალღებს», ვინაიდან უეჭველად დაიბადება კითხვა: თქვე დალოცვილებო, ისეთი რა მოხდა, რაც ადრე არ მომხდარა? თუ ასეთი სიმართლისმოყვარულნი იყავით, რატომ არ იცავდით კბილებით ლეილა ცომაიას, რომელსაც იმავე დანაშაულისათვის (თუ ეს დანაშაულია) სასამართლომ ციხე მიუსაჯა? ხომ არ შეიძლება «პოლიტპატიმრები» და «სინდისის პატიმრები» იყოფოდნენ «სიმპათიურებად» და «ანტიპათიურებად»? თუ მხოლოდ მაშინ ამოიღებ ხმას როცა შენ შეგეხებიან და ხელისუფლება ცხვირპირს დაგიმტვრევს?

მერიდიანი, 10 დეკემბერი, 1997 წელი