როცა მიწაზე კრიმინალები ბატონობენ, ზეცას უცხოური ავიაკომპანიები ეპატრონებიან.

როცა მიწაზე კრიმინალები ბატონობენ, ზეცას უცხოური ავიაკომპანიები ეპატრონებიან.

    სიგარეტით მოვაჭრე ფირმების, «ომეგასა» და «ელიზის» განგსტერული ომი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში კაპიტალისტური მეწარმეობის განვითარება ყველაზე ველური გზით წავიდა.
    ფაქტობრივად, მართლდება კომუნისტური ეპოქის მიერ შექმნილი სტერეოტიპები, რომლითაც იზრდებოდა პიონერულ-კომკავშირული თაობა - დღეს რომ «დიდ ბიზნესს» მოჰკიდა ხელი. ეს მხოლოდ «სიგარეტის ბიზნესს» არ ეხება. არანაკლებ დაძაბული ვითარებაა, «საავიაციო საქმეშიც», რომელიც თავდაპირველად სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, მაგრამ ამჟამად უღრმესმა კრიზისმა მოიცვა.

    ბიზნესის სხვა სახეობათაგან განსხვავებით, საავიაციო საქმე ყოველთვის სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. «ქაჯეთის ციხეს» არასდროს გაუშვია ხელიდან «საკონტროლო პაკეტი» ამ სფეროში. ყოველ შემთხვევაში, არაფორმალურად მაინც, «დამოუკიდებელ» ქართულ ავიაკომპანიებს თავიანთი «პატრონები» ჰყავდათ და ჰყავთ მთავრობაში. «წილოსანთა» ზეგავლენა ერთგვარად «აწონასწორებდა» სხვა, უფრო დაბალი რანგის ფინანსური ორგანიზაციების (მათ შორის საგადასახადო ინსპექციის) ძალისხმევას, რათა ამ ბიზნესს სახელმწიფოსთვის რაიმე მოგება მოეტანა. მაგრამ მთლიანობაში, დარგი მაინც წამგებიანად დარჩა, თუმცა, «საავიაციო საქმე» სახელმწიფოს ყოველთვის სჭირდება და დასჭირდება - სახელმწიფო ამის გარეშე ვერ იმოქმედებს. თუნდაც «უმაღლესი თანამდებობის პირთა» ოფიციალური ვიზიტების ორგანიზების თვალსაზრისით.
    სიმპტომურია, რომ როგორც აღმოჩნდა თვით პრეზიდენტიც კი იძულებულია, «ორბისგან» იქირაოს თვითმფრინავი, ვინაიდან პრეზიდენტის სამსახურებრივი საჰაერო ხომალდი სამოქალაქო ომს შეეწირა - გროზნოში დარჩა და «ხანკალას» აეროპორტში ჩეჩნეთის ომის დასაწყისშივე აფეთქდა რუსული ავიაგამანადგურებლების შეტევის შედეგად.
    ქართულ ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია იმთავითვე «ქართული» კანონებით განვითარდა: «ძლიერი» ვლინდებოდა არა მომსახურების დონის ამაღლებით, სიიაფით, მარშრუტების რაოდენობით, არამედ «შავ სამყაროსთან», «მხედრიონთან» და «სამთავრობო ბანდასთან» სიახლოვით (დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი თავის თავზე ნუ მიიღებს, - როგორც ცნობილია, მასში მხოლოდ უმწიკვლო პატიოსნების განსახიერებანი არიან წარმოდგენილნი-ავტ.). ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ ბანდამ დაამყარა «თამაშის წესები» სხვადასხვა მაქინაციით, ნახევრად ლეგალური «კანონქვემდებარე აქტების» გამოცემით, ფინანსური «შეღავათებით», უდროო დროს მოწყობილი რევიზიებითა და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობათა აქტივიზაციით.
    საბოლოოდ შეიქმნა ვითარება, რაც ზოგადად დამახასიათებელია საქართველოში სატრანსპორტო საქმისთვის ავიაციიდან - სამარშრუტო ტაქსამდე. ამ ვითარების ძირითადი მახასიათებელია (ვიმეორებ) არა თავისუფალი კონკურენცია, არამედ «არაფორმალური» ზეგავლენა, რომლის შედეგადაც იმარჯვებს ფული და იარაღი, ხოლო მომხმარებლის ინტერესები «შემაწუხებელ» და «აბეზარ» დამატებით პრობლემად აღიქმება მხოლოდ.
    ამ ვითარებაში მარშრუტი დგინდება ველური კონკურენციის კანონებით; მოწინააღმდეგეს (ქართულ ბიზნესში - მოსისხლე მტერს) დამატებითი მარშრუტის გახსნის საშუალება არ ეძლევა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს მარშრუტი მომხმარებელს არ სჭირდება, არამედ «კორპორაციული ინტერესებიდან» გამომდინარე. ქართველებმა «კონკურენციის» ცნება უცნაურად გავიგეთ: ჩვენში კონკურენცია ნიშნავს არა სერვისის გაუმჯობესებას და მგზავრის უსაფრთხოების ზრდას, არამედ უშუალოდ კონკურენტის დაჩაგვრას, «საქმის გარჩევებს» («კანონიერი ქურდების» მონაწილეობით), შამპანურის ბოთლის თავზე გადამტვრევას, დედის გინებას და ა.შ.
    სწორედ ამიტომ, ნორმალური კონკურენციის «ჩვეულებრივი» ხერხები ამ სფეროში არ ჭირს, - გერმანიიდან მიღებული «ბოინგი», რომელიც ძირითადად თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, სულ მალე უკანვე დაბრუნდა საფრახტო თანხის გადაუხდელობის გამო, ხოლო რამდენიმე ახალი ავიაკომპანიის შექმნის მცდელობას გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა - ამჯერად საქმე მთავრობის სხდომაზე «გაირჩა» და ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა პრეზიდენტის თანდასწრებით.
    საყურადღებოა, რომ ამ უკანასკნელმა სწორედ იმ პერიოდში გააძლიერა პროპაგანდისტული შეტევა «წილოსანის» წინააღმდეგ და ამგვარი «შემზადების» შემდეგ კონკრეტული ნაბიჯიც გადადგა: პრეზიდენტის უშუალო ჩარევით, საქართველოში შემოვიდა ახალი ავიაკომპანია - «თურქული ავიახაზები», რაც შეიძლება გამანადგურებელი დარტყმა აღმოჩნდეს «შავ კონკურენციას» მიჩვეული ქართული ავიაკომპანიებისთვის. უპირველესად იმის გამო, რომ თურქული ავიაკომპანიის მომსახურება გაცილებით იაფია, ხოლო ფრანკფურტის ტრანზიტი აზრს კარგავს - სტამბოლის გავლით დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადაადგილება შეიძლება ორჯერ, სამჯერ (!) უფრო იაფად და გაცილებით მაღალი დონის სერვისით.
    ამ შემთხვევაში პირველად იჩინა თავი წინააღმდეგობამ ცხოვრების ორ წესს შორის (როგორც ადრე ამბობდნენ) - თურქეთი აზიაა თუ ევროპა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: მთავარია, რომ ამ ქვეყანაში კონკურენცია (საბედნიეროდ) უკვე აღარ ესმით როგორც ძარცვა-გლეჯა და კონკურენტის მოშორება ნებისმიერი საშუალებით. ამიტომ მგზავრმა ნამდვილად მოიგო, მაგრამ «ქართველ კონკურენტებს» სერიოზულად გაურთულდათ ცხოვრება. პატრიოტულმა რიტორიკამ (ბაზალეთისა ტბის პირას... და ა.შ.), აგრეთვე სოციალისტურმა არგუმენტაციამ («დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეს - იგი ხომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია?!») - არ გაჭრა. მგზავრი ირჩევს იაფ და კარგ მომსახურებას, ნაცვლად ძვირი და ცუდი სერვისისა.
    ამიტომ, უახლოეს მომავალში «ქართულ ცაზეც» და ხმელეთზეც დიდი ამბებია მოსალოდნელი. ინციდენტი აეროპორტის გზაზე (და არა სხვაგან - ესეც საყურადღებოა), როდესაც ერთმა ფირმამ მეორეს (კონკურენტს) «არაორდინარული» ხერხით გაუსწორა ანგარიში, თამაშად» მოგვეჩვენება იმასთან შედარებით, რაც «თურქულ ავიახაზებს» მოელის, თუ დაუყოვნებლივ არ გააძვირებს ბილეთებს და არ უბრძანებს სტიუარდესებს სასმელი პირდაპირ ცხვირში შეასხან «ბიზნესკლასით» მგზავრობის მსურველთ.
    რამდენადაც ცნობილია, თბილისი-სტამბოლის რეისი შავ ზღვას გადაუფრენს. «თურქულ ავიახაზებს» ის უპირატესობაც აქვთ, რომ აღჭურვილნი არიან გასაბერი მაშველი ჟილეტებით. ასე რომ, მშვიდობიან ფრენას გისურვებთ!

7 დღე, 4 აპრილი, 1997 წ.