მალე ხუდონჰესის მშენებლობა განახლდება; დაბრუნება «მოძრაობის» საწყის წერტილში

მალე ხუდონჰესის მშენებლობა განახლდება; დაბრუნება «მოძრაობის» საწყის წერტილში

             რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ფინანსური კორპორაცია «ფის-ჯგუფის» წევრები, რომლებიც ხუდონჰესის მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ბიზნეს-გეგმაზე მუშაობენ.
        აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი «აღმოაჩინა» ოთარ ფაცაციამ, რომელიც სამეგრელოში კვლავინდებურად ყველაზე პოპულარული ფიგურაა («ძველი ნომენკლატურიდან», რასაკვირველია), თუ არ ჩავთვლით ზვიად გამსახურდიასა და ლოთი ქობალიას.
        სამეგრელოსა და სვანეთში «ტკბილად» ახსოვთ, რა შესანიშნავი შედეგი გამოიღო თავის დროზე ენგურჰესის მშენებლობამ - აშენდა სამეგრელო-ზემო სვანეთი!
        მოსკოვში განცვიფრებით «იჩეჩდნენ მხრებს» - ამდენი საშენი მასალა ნეტავ სად მიდისო - ენგურჰესს პროექტით გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტი (!) მასალა დასჭირდა.
        გასაგებია, რომ «სამჯერ მეტით» ზუგდიდში სრა-სასახლეები აშენდა და საერთოდ, ის მშენებლობა (თვით ელექტროენერგიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მართლაც ერთობ «კეთილისმყოფელი» აღმოჩნდა - არა მხოლოდ ნომენკლატურას, არამედ «უბრალო» მოსახლეობასაც ბევრი სიკეთე მოუტანა.
        ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას სტრატეგიული შეცდომა მაინც იქნა დაშვებული - თვით ელექტროდანადგარი იყო ენგურის მარჯვენა მხარეს ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე; დღეს სოფელ საბერიოში მდებარე ამ სადგურს სეპარატისტები აკონტროლებენ; მათ არ შეუძლიათ გამოურთონ საქართველოს ელექტროენერგია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე იძულებული გახდება დააბრუნოს ენგური ძველ კალაპოტში (ენგურისპირა რამდენიმე სოფელი უმალვე წაილეკება), შედეგად კი, ელექტროენერგია არც ჩვენ გვექნება და არც სეპარატისტებს.
        ამიტომ თბილისი და სოხუმი ერთობლივად აკონტროლებენ ენგურჰესს და ელექტროენერგიასაც «იყოფენ». ხუდონჰესის აგება თითქოს ცვლის ამ სფეროში ძალთა განლაგებას, ვინაიდან საქართველო ნაკლებად ხდება დამოკიდებული ენგურჰესზე. შეიძლება მოვლენები ისეც განვითარდეს, ენგურჰესი საერთოდ გავაჩეროთ.

        მაგრამ ხუდონჰესის მშენებლობა არა იმდენად აფხაზეთთან დაკავშირებით, არამედ სხვა ასპექტებითაა ჩვენთვის საინტერესო. ჯერ ერთი, განვიხილოთ წმინდად პრაქტიკული მხარე: «ფის-ჯგუფის» წევრების განცხადებით, მშენებლობის დასრულება 500 მილიონი დოლარი დაჯდება. მათ უკვე მზად აქვთ ბიზნეს-გეგმა, თანხები სხვადასხვა ბანკშია განთავსებული.
        აქვე უნდა ითქვას: არ არის გამორიცხული, ის ფული საეჭვო წარმოშობისა იყოს, მაგრამ ეს საქართველოს არ ეხება: ოღონდ ხუდონჰესი აშენდეს, ასეთი დიდი ინვესტირება განხორციელდეს და «ფის-ჯგუფს» კისერიც უტეხია - ყველანი რომც დააპატიმრონ, ჰიდროელექტროსადგურს ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს; ვერც იმ ფულს დააბრუნებინებს მოსახლეობას, რომლებიც ხელფასების სახით დარიგდება.
        500-მილიონიანი ინვესტიცია სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს საფინანსო ბაზარზე, კიდევ უფრო განმტკიცდება ეროვნული ვალუტის კურსი (ვინაიდან იმატებს ვალუტის ოდენობა), გაიზრდება ტვირთბრუნვა პორტებში (რაკი კოლოსალური ოდენობით მასალის შემოტანა გახდება აუცილებელი), რკინიგზაზე და ა.შ. ანუ დასაქმდება ათასობით ადამიანი.
        ბოლოს და ბოლოს, განურჩევლად აფხაზეთის მომავალი ბედისა, საქართველო მიიღებს უიაფესი ელექტროენერგიის კიდევ ერთ წყაროს, რაც ზედმეტი არასოდეს არ არის - მით უმეტეს, ჩვენს პირობებში; ენერგეტიკული კრიზისიც საბოლოოდ აღმოიფხვრება, ქვეყანას ექნება საშუალება, მოახდინოს ელექტროენერგიის ექსპორტი და ამით გამოასწოროს კიდეც სავაჭრო ბალანსი...
        ერთი სიტყვით, მთლიანობაში, ეკონომიკური და სახელმწფიოებრივი თვალსაზრისით, ხუდონჰესის მშენებლობის დასრულება მართლაც ხელსაყრელია - ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
        თანაც სახელმწიფო არც ერთ თეთრს არ ხარჯავს - ყოველივე განხორციელდება უცხოური ინვესტიციებით. ისევე როგორც «უცხოური ინვესტიციებით (საკავშირო ბიუჯეტიდან) იყო განსაზღვრული თავის დროზე მშენებლობის დასრულება.
        მაგრამ ხუდონჰესს აქვს კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი (პოლიტიკური) ასპექტი - ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 1989 წელს შეჩერდა «ეროვნული მოძრაობის» მოთხოვნით, რომლის მთავარი დევიზი იყო: «არ დავუშვებთ ენგურის ჭაობად ქცევას».
        ზუგდიდშიც და მცხეთაშიც იმ დროს მძვინვარე მიტინგები იმართებოდა. საბოლოოდ, 9 აპრილით დათრგუნულმა და დაშინებულმა ხელისუფლებამ მოსკოვს სთხოვა, შეეჩერებინა მშენებლობა, რაზედაც, რა თქმა უნდა, უმალვე მიიღო დადებითი პასუხი, ვინაიდან სხვა «მოკავშირე რესპუბლიკები» აქტიურად ითხოვდნენ თანხების გამოყოფას ანალოგიური მშენებლობისათვის;
        საბედნიეროდ, საქართველოში აღმოჩნდა ჭკვიანი ხალხი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რაც მოხდებოდა 10 წლის შემდეგ, ამიტომ ხუდონჰესი დააკონსერვეს, ანუ შეუნარჩუნეს ქვეყანას შანსი, განეახლებინა მშენებლობა, როდესაც თვით საზოგადოება მივდოდა იმ დასკვნამდე, რომ ხუდონჰესი ენერგეტიკისათვის აუცილებელია.
        ყველაფრის იმავე «მოძრაობისათვის» ან «მწვანეებისათვის» დაბრალება არ შეიძლება - იმ დროს თვით საზოგადოების განწყობა იყო ასეთი. ამ საზოგადოებას თავად უნდა გამოემუშავებინა ახალი პრიორიტეტები;
        ყოველ შემთხვევაში, დღეს, რამდენიმე მტანჯველი, ყინულოვანი ზამთრის შემდეგ არავის მოუვა აზრად ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გაილაშქროს - ოღონდ აშენდეს, ოღონდ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიცია, ოღონდ შეიქმნას სამუშაო ადგილები . . . .
        ანუ კვლავ ვუბრუნდებით საწყის წერტილს, საიდანაც დღემდე მრავალი საბედისწერო, მაგრამ, ეტყობა, გარდაუვალი, აუცილებელი შეცდომა დავუშვით.

მერიდიანი, 9 ივლისი, 1999 წელი