საერთაშორისო მიმოხილვა. 20 მარტი. 2023 წელი.
დღეს ჩინელი ლიდერი, სი ძინპინი მოსკოვში ჩადის სახელმწიფო ვიზიტით.
დილით რუსულმა სააგენტოებმა გაავრცეელს მისი საგანგებო სტატია ამ ვიზიტზე, საიდანაც, რასაკვირველია, ჯერ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ანუ რა წინადადებებით ჩადის ეს გეოპოლიტიკური `აქტორი` პუტინთან.
სტატიაში წერია, რომ სი ძინპინის წინადადებები უკრაინის კრიზისის გადალახვის თაობაზე გულისხმობს (ციტატა) `უსაფრთხოების საერთო, ერთობლივ, კომპლექსურ და მდგრად კოცნეპტს`
`მიდი და გაიგე` რას გულისხმობს.
სავარაუდოა, რომ რაკი ძალიან მცირეა შანსი, უკრაინამ მიიღოს ნებისმიერი კომპრომისი რაც არ იგულისხმებს რუსული ჯარის გაყვანას როგორც მინიმუმ მთელი აღმოსავლეთ უკრაინიდან, ხოლო პუტინისთვის თვითმკვლელობა იქნება ამაზე დათანხმება, მაღალი ალბათობით, `სი`-ს ვიზიტი ამ მხრივ `ფუჭი გასროლა` გამოდგება და მაშინ ნამდვილად ვერავინ გაიგებს, რა იგულისხმებოდა ჩინელი ლიდერის `კომპრომისულ პროექტში`.
თუმცა არსებობს სერიოზული მოსაზრება, რომ პუტინი ახლა უკვე საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე გამარჯვებაზე.
ეს მოსაზრება ნამდვილად ლეგიტიმურია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინი რომ ისტერიკაშია, კიდევ ერთი ფაქტით დასტურდება:
გუშინ მისი ადმინისტრაციის კურატორმა მთავრობაში, სერგეი კირიენკომ (სოხუმელია წარმოშობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1998წ) პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ყველა წევრს უბრძანა, მოიშორონ ამერიკული Iphone პირველ აპრილამდე: ან გადააგდეთ ან ბავშვებს აჩუქეთო` - ასეთი ბრძანებაა.
კირიენკო ამას ხსნის უსაფრთხოების მოსაზრებებით, - აქაოდა ამერიკული სპეცსამსახურები Iphone-ში იოლად შემოდიან და სახელმწიფო საიდუმლოებაც შეიძლება გაიგონო.
მაგრამ უცნაურია, რატომ ჰგონია კირიენკოს, რომ მაგალითად კორეული ტელეფონები უფრო უსაფრთხო იქნება?
ჯერ ერთი, მთავარი ხომ არა თვით ტელეფონი (ანუ `რკინა`) არამედ საოპერაციო სისტემაა. თუ `ანდროიდის` სისტემიანი ტელეფონები ექნებათ ამით თვით ეს სმარტფონები უფრო `უსაფრთხო` გახდება ჩინოვნიკებისთვის?
რეალურად დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა გაჯეტი უუნაროა ამერიკული (!) Google-ის დამუშავებული პროგრამების და აპლიკაციების გარეშე.
და, გარდა ამისა...... კორეა რომ ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა ეს არ იცის კირიენკომ?
კომიკურია, რომ პუტინის ბრძანებით, რამდენიმე წლის წინ რუსულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა და საუკეთესო (ვითომ) ინსტიტუტებმა სცადეს რუსული საოპერაციო სისტემის Аврора გამომუშავება.
კი გააკეთეს რაღაც, თუმცა ფუნქციონალურად გამოვიდა ნაგავი!
მილიარდები დაიხარჯა და ალბათ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წავიდა `ატკატებში`
ისევე, როგორც აბსოლუტურად წარუმატებელი იყო პუტინის ბრძანებით `რუსული მობილური ტელეფონის` გამოგონება და წარმოება სახელად Ё –мобиль. ალბათ სახელი მომდინარეობს რუსული სკაბრეზიდან Ё моё.
ამ `შედევრს` ორი ეკრანი უნდა ჰქონოდა - წინა და უკანა.
ალბათ ამერიკული Iphone-ისა და კორეული Samsung-ის არქიტექტორები სიცილით იხოცებოდნენ: აბა რა ჯანდაბად უნდა სმარტფონს ორი ეკრანი? - წინა და უკანა?!!!
თუმცა ამ კომიკურ ისტორიებში მკაფიოდ მჟღავნდება რუსულ-ბიზანტინისტური ცივილიზაციის ერთი ისტორიული და, როგორც ჩანს, სისტემურად, არსობრივად გადაულახავი თვისება.
ცნობილი ანეგდოტის თანახმად `რუსეთში რაც არ უნდა აკეთო, საბოლოოდ `კალაშნიკოვი` გამოდისო`.
`კალაშნიკოვი` (რომელიც გერმანელებს მოპარეს) ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ავტომატური შაშხანაა (გამძლეობით ყოველ შემთხვევაში) იარაღის ისტორიაში; ასევე რუსული ტანკები Т-34 და Т-72 თავისი დროისათვის საუკეთესო საშუალო სიმძიმის ტანკები იყო და ნაწილობრივ ახლაც არის (ამერიკული და ბრიტანული ტანკები ბევრად მძიმე კლასს განეკუთვნებიან), მაგრამ.....ამ ცივილიზაციამ ადამიანისთვის ფეხსაცმელი ვერ შეკერა და ერთი ხეირიანი ავტომანქანაც ვერ ააშენა.
იარაღის გამოშვებაც იმიტომ შეეძლო, რომ მთელი სახელმწიფოს რესურსები იხარჯებოდა ამაზე.
თან იპარავდნენ: რაკეტებიც გერამნელებს (ვერნერ ბრაუნს) მოპარეს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს; ბირთვული ტექნოლოგია კი ამერიკული ლოს ალამოსიდან მოიპარა ბერიამ ამერიკელივე `სასარგებლო იდიოტების` დახმარებით. თუმცა `ჟიგულიზე` (იტალიურია რეალურად-`ფიატი`) და `ვოლგაზე ` (პირველი `ვოლგა` `ფორდის` ცუდი ასლია) უკეთესი მანქანა კი ვერ ააშენეს.
ახლა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ ისიც დაადასტურა, რომ არც არმია და არც იარაღი აღარ უვარგათ და.....რა გონებაჩლუნგი უნდა იყოს ადამიანი, ამ მომაკვდავი ცივილიზაციისკენ ისწრაფოდეს საქართველოში?
. . . . . . . . . . . . . . .
მარიუპოლსა და ყირიმში ჩასვლის შემდეგ, პუტინი როსტოვში დაბრუნდა და იქ დიდი თათბირი გამართა რუსულ გენერალიტეტთან.
შემდეგ ერთი საათი რუსული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ელაპარაკებოდა ცალკე.
დამკვირვებლები თვლიან, რომ პუტინის არმია რაღაცას ამზადებს უკრაინაში. უფრო ზუსტად კი, რაღაცისთვის ემზადება.
სამხედრო ექსპერტების აზრით, შესაძლოა ემზადებოდეს არა შეტევის, არამედ თავდაცვისათვის, რაკი უკრაინული არმიაც იკრებს ძალას.
ახლა მთავარი საკითხია, როდის და რამდენად მისცემს ამინდი მხარეებს შეტევის საშუალებას:
გაზაფხულზე უკრაინის გზებზე და ველებზე ისეთი ტალახია, სამხედრო ტექნიკა ვერ გაივლის. მაგრამ როგორც კი გრუნტი გამაგრდება (15 აპრილისთვის დაახლოებით) სამხედრო მოქმედებები ბახმუტიდან კვლავ ველებზე გადაინაცვლებს.
. . . . . . . . . . . . . . .
საქართველოსთვის პოლიტიკური განზომილება აქვს ამ ინფორმაციას: შვეიცარიის უდიდესმა ბანკმა UBS ორ მილიარდ დოლარად შეიძინა სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედავება დაახლოებით მილიარდ დოლარს.
ბუნებრივია, როდესაც ბანკი ყიდულობს მეორე ბანკს, ამით ყიდულობს არა მხოლოდ მის აქტივებს, არამედ `გადმოიბარებს` მის ვალდებულებებსაც.
შვეიცარიის მთავრობამ, ამ გარიგების შემდეგ (!) და როგორც ჩანს ამ გარიგების პირობით (!) ბანკს UBS გამოუყო თითქმის 100 მილიარდი დოლარი.
აქ მთავარი თანხის ოდენობა კი არ არის (თუმცაღა შვეიცარიისა და ევროპის კვალობაზეც კი ძალიან დიდი თანხაა) არამედ იმის დემონსტრირება, რომ შვეიცარიის სახელმწიფო (!) იღებს მეურვეობას ბანკსა და მის მეანაბრეებზე.
ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, რა გავლენას მოახდენს ეს გარიგება (ერთ -ერთი უდიდესი ევროპის ისტორიაში) ბიძინა ივანიშვილის დავაზე.
დავა გაგრძელდება, ოღონდ ამჯერად გაგრძელდება UBS-თან, როგორც სამართალმემკვიდრესთან. მას ხელთ ექნება იგივე არგუმენტები, რაც ჰქონდა Credit Suisse-სს: რომ მოსალოდნელი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და სანქცირებულ პირს ფული რატომ უნდა გადაუხადოს?
ივანიშვილი არ არის ერთადერთი მილიარდერი, ვინც Credit Suisse-სს ედავებოდა მილიარდებს მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ამ ბანკის ერთ-ერთმა მენეჯერმა დიდი თანხები `ჩაასხა` ამერიკულ სტარტაპში: ადამიანის ყველა კლინიკური მონაცემის დადგენა წვეთი სისხლის ანალიზით სპეციალურ აპარატში, რაც სრული ფეიკი აღმოჩნდა.
ამ მენეჯერის სახელი და გვარია პატრის ლესკადრონი.
მან 5 წელი მოიხადა ციხეში და რომ გათავისუფლდა, მერე თავი მოიკლა.
ან უფრო ფრთხილად ვთქვათ: ტყეში სეირნობისას ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
. . . . . . . . . . . . . . .
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ცენტრიდან `დოსიე` გამოიკვლიეს მილიონობით ფაილი, რომელიც ევგენი პრიგოჟინის `იმპერიიდან` მოიტაცეს `უცნობმა ხაკერებმა`.
არ არის გამორიცხული, ამ ხაკერების მიღმა ამერიკული სპეცსასახურები იდგნენ, რადგან პრიგოჟინი სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება ამერიკისა და დასავლეთისთვის.
შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინი, - კრიმინალი, ბანდიტი, მილიარდერი, რომელიც ციხეში იჯდა 10 წელი, - შემდეგ გახდა პუტინის `მარჯვენა ხელი` (საოცრად მეტყველი ფაქტია ილუსტრაციად რეჟიმისა, რომელიც პუტინმა შექმნა რუსეთში 23 წლის მანძილზე) და ახლა ფლობს არა მხოლოდ ე.წ. `კერძო სამხედრო კომპანიას `ვაგნერი (Частная военная компания - ЧВК `Вагнер`), არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფლობს ტროლ-ბოტთა უზარმაზარ ფაბრიკას, სადაც მუშაობს ათასობით ადამიანი და ისინი დილიდან საღამომდე, მაღალი ანაზღაურების საფასურად (დაახლოებით 1 000 დოლარი თვეში, რაც რუსეთისთვის ბევრია) იმით არიან დაკავებული, რომ წერენ....წერენ....წერენ..... `კომენტარებს` - `თუბზე`, `თუითერზე` `ფეისბუკზე` მსოფლიოს წამყვან ენებზე.... აქვეყნებენ პროვოკაციულ მასალებს წამყვანი მედიარესურსების საიტებზე და ა.შ და ა.შ.
ორ თვეში ერთხელ გადიან შემოწმებას პოლიგრაფზე, რათა პრიგოჟინმა იცოდეს, ხომ არ შემოეპარათ `მტერი`.
პრიგოჟინის `კრიმინალთა ბანდა`, რომელიც მან ციხეებიდან გამოუშვა და ახლა ბახმუტს უტევს, ასევე მისი `ტროლ-ბოტთა` კიბერ-არმია ერთიანი ძალაა, რომელსაც რეალურად პუტინის სპეცსამსახურები მართავენ. ამ კვლევამ ეს დაადასტურა ისევე, როგორც დადასტურდა პრიგოჟინის უმჭიდროესი კავშირი კრემლთან და ФСБ-თან.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა უმჭიდროესი კავშირი იმდროინდელ КГБ-ს (დღეს ФСБ) და კრიმინალურ სამყაროს შორის.
ამ კავშირის რეინკარნაციაა დღეს მილიარდერი, ოლიგარქი პრიგოჟინი.
თუმცა მისი `იმპერიის` ნგრევა უკვე დაიწყო.
ამის ნიშანია `პრიგოჟინის იმპერიაში` ინტერნეტ-შეღწევა მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ათასნაირი პროგრამა ჰქონდა დაყენებული რასაკვირველია. მაგრამ ინტერნეტი ვინც შექმნა (ამერიკელებმა) იმათ როგორ შეაკავებდა?