მედვედევმა ობამა ავღანეთით მოთაფლა

მედვედევმა ობამა ავღანეთით მოთაფლა

        ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის პირველი შეხვედრა, რომელსაც მთელ მსოფლიოში (მათ შორის საქართველოში) სულმოუთქმელად ელოდნენ, - ამერიკის საელჩოს შენობაში შედგა.
        ბუნებრივია, ეს ამერიკელთა მოთხოვნა იყო, რაკი ლონდონში შეხვედრებისათვის მოხერხებული დარბაზები უთვალავია. თუმცა ობამას აშკარად სურდა პირველად მედვედევი სწვეოდა ამერიკას და მიაღწია კიდეც ამას – საელჩო ამერიკის ტერიტორიად ითვლება.
        სამაგიეროდ ობამა ზაფხულში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მოსკოვს და მნიშვნელოვანი საკითხები სერიოზულად სწორედ მაშინ განიხილება. ამჯერად კი პრეზიდენტებმა მხოლოდ მომავალ დისკუსიათა «დღის წესრიგი» შეათანხმეს.
        ლონდონში შეხვედრის დაწყებამდე ამერიკულმა პროტოკოლმა რუსი ჟურნალისტები დაჩაგრა – კინწისკვრით გამოყარეს დარბაზიდან, სადაც 45 წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ განცხადებები უნდა გაკეთებულიყო და იქ მხოლოდ ამერიკული «პული» შეუშვეს ანუ თეთრი სახლის პრესსამსახურთან დაახლოებული ჟურნალისტები.
        ობამას პირველივე განცხადება ქართველებს კარგს არაფერს გვიქადის: «ბოლო წლებში ამერიკა – რუსეთის ურთიერთობები არასწორი მიმართულებით ვითარდებოდაო». ობამამ სიტყვა «დრეიფი» გამოიყენა. არადა «დრეიფი» თვითმავალ მოძრაობას ნიშნავს ანუ ამერიკაში საარჩევნო კამპანიის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბუშის გონებრივ შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ.
        გამოდის, ობამა პირობას დებს, რომ ამ მიმართულებას შეცვლის და მეტ «ჭკუასაც დაატანს».
        კიდევ იტყვიან დემაგოგები «ამერიკაში პარტიული საგარეო პოლიტიკა არ არსებობსო». კი მაგრამ, როგორ არ არსებობს, თუკი ობამა წინამორბედის პოლიტიკას (მათ შორის საქართველოს მიმართ, რასაკვირველია) «უგუნურს» უწოდებს?
        შემაჯამებელ კომუნიკეში ნათქვამია, რომ «საქართველოს საკითხზე უთანხმოება რჩება, თუმცა ორივე მხარე ეთანხმება კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას».
        ეს ზუსტად ის ფორმულირებაა, რასაც ქალბატონი ჰილარის მეუღლე, პრეზიდენტი კლინტონი მიმართავდა მთელი 90-იანი წლების განმავლობაში: აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთს» არ ვაღიარებთ, მაგრამ სტაბილურობა და მშვიდობა ყველაზე მთავარიაო.
        მაშასადამე, ერთადერთი, რასაც ობამას ამერიკა გვპირდება (ჯერ-ჯერობით) არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, როდესაც საქართველოს ფაქტობრივი საზღვარი ენგურზე და გორთან გადის.
        საქმე ისაა, რომ ობამას საკუთარი საპრეზიდენტო პრიორიტეტები აქვს. თუ რეიგანისთვის ეს «კოსმოსური თავდაცვის სისტემა» იყო, ხოლო ბუშისთვის «დემოკრატიული დიდი ახლო აღმოსავლეთი» (რომლის ნაწილადაც მიაჩნდა საქართველო და არა ევროპულ ქვეყნად, როგორც ჩვენ გვეგონა), ობამას იდეაფიქსია ბირთვული მუხტების შემცირება.
        დღეს რუსეთსა და ამერიკას იმდენი ატომური ბომბი აქვთ, რომ შეუძლიათ ათჯერ ზედიზედ მოსპონ ყოველივე ცოცხალი დედამიწაზე; ხოლო ობამას გუნდი დიდ მიღწევად ჩათვლის, თუ მხოლოდ სამჯერ ზედიზედ შეეძლებათ იგივე.
        გარდა ამისა, ობამას სერიოზული თავის ტკივილია ავღანეთში მყოფი ამერიკული ჯარების მომარაგება. სწორედ ლონდონის შეხვედრის წინ, რუსეთმა ამერიკას «ტკბილი ნუგბარი» შესთავაზა - სამხედრო ტვირთების ტრანზიტი რკინიგზით. ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისათვის იმდენად მოულოდნელი და სასიხარულო იყო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო თავის ატკივება ნამდვილად არ ეპიტნავებათ. თუმცა, მაინც მოუწევთ თავის ატკივება მაშინ, როდესაც მიხვდებიან, რომ პუტინ-მედვედევის მიზანი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი არ არის, არამედ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენაა.
        ვაითუ გვიან იყოს.