მიუღებელი წინადადება საქართველოს გადასარჩენად

მიუღებელი წინადადება საქართველოს გადასარჩენად

 

    რამდენიმე დღის წინ, რუსეთისა და მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ცნობა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ არაოფიციალური არხებით სცადა მოესინჯა საქართველოს შესაძლო რეაქცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ გეგმაზე: აფხაზეთი უთმობს საქართველოს გალის რაიონს მთლიანად - მდინარე ღალიძგამდე იმ პირობით, თუ საქართველო სცნობს აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობას. ამის შემდეგ საქართველოსა და აფხაზეთს შორის შესაძლებელია დაიდოს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომელიც გაითვალისწინებს ლტოლვილთა ეტაპობრივ დაბრუნებას აფხაზეთის ტერიტორიაზე - ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გარანტიით.

    ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე, თვით ამ საკითხის დასმაც კი მკვეთრად ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. აღარაფერს ვამბობ მის სერიოზულ განხილვაზე პოლიტიკურ და სამთავრობო წრეებში.
    ამრიგად, პასუხი, აფხაზური მხარის «ზონდაჟზე», რასაკვირველია უარყოფითი იქნება. ეს იმთავითვე ნათელია, მაგრამ თავისუფალ გაზეთს ვერავინ აუკრძალავს თეორიულ მსჯელობას ამა თუ იმ წინადადების გარშემო და, იმედია, ამგვარი მსჯელობა «ანტისახელმწიფოებრივ დივერსიად» არ ჩაგვეთვლება.
    უპირველეს ყოვლისა, კვლავ და კვლავ უნდა შევნიშნო, რომ თანამედროვე ქართული ეთნოფსიქოლოგია ერის ბუნებრივი ისტორიული განვითარების შედეგი კი არ არის, არამედ იგი დიდწილად ხელოვნურად «გამოიძერწა» იმპერიული სტრუქტურების მიერ - იმ უმძლავრესი იდეოლოგიური ბერკეტების გამოყენებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდნენ საქართველოში და უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებას იმპერიული ინტერესების შესაბამისად.
    ამის თვალსაჩინო მაგალითია ამჟამად აფხაზეთში შექმნილი ვითარებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და მისი ინტელექტუალური ელიტის დამოკიდებულება, რომელიც ზუსტი დადასტურებაა დებულებისა, რომ ერს, რომელსაც არ ძალუძს ცნობიერი დოგმებისაგან გათავისუფლება, - არც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების მოპოვება შეუძლია. ამგვარი დოგმების დასამსხვრევად კი აუცილებელია საკითხისადმი წმინდა რაციონალური მიდგომა.
    განვიხილოთ დამშვიდებით ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით ჩვენთვის უმწვავესი პრობლემის - აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
    ამჟამად რეალობა ასეთია: საქართველოსა და აფხაზეთს შორის ფაქტობრივად არსებულ საზღვარზე განლაგებულია რუსეთის ჯარი. იგი ამ ტერიტორიაზე შემოყვანილია საქართველოს ხელისუფლების თხოვნით. ეს «სამშვიდობო ჯარები», რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და იმოქმედებენ.
    რუსული კონტინგენტი გაყოფილია ორ ნაწილად. «სამხრეთ ზონაში» არსებული მოტომსროლელთა დივიზია, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ენგურის მარჯვენა ნაპირზე დისლოცირებულ სადესანტო ნაწილებს. ორივე ეს დაჯგუფება დამოუკიდებლად ოპერირებს. ამგვარი უცნაური დისპოზიცია ადვილი ასახსნელია: რუსეთმა იმთავითვე დაიზღვია თავი იმ შემთხვევისაგან, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დარწმუნდება მის მიერ დაწყებული პროცესის სრულ უპერსპექტივობაში და ჯარების გაყვანას მოითხოვს.
    რეალურად, ჯარები გავლენ მხოლოდ ზუგდიდის რაიონიდან, ხოლო გალის რაიონში ისინი კვლავაც დარჩებიან იმ მოტივით, რომ მათ დარჩენას მოითხოვს აფხაზური მხარე. საერთაშორისო სამართლის სულისკვეთების თანახმად, ორმხრივი ხელშეკრულების დენონსირებისას აუცილებელია კონსენსუსი მხარეთა შორის. ეს «სულისკვეთება» კი უეჭველად გამომჟღავნდება გაეროს შესაძლო რეაქციაშიც ამ მოთხოვნის მიმართ. მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი ზესახელმწიფოს ინტერესებს, რომელსაც თვით ამ ორგანიზაციაზე ზემოქმედების უამრავი ფარული თუ ხილული საშუალება აქვს.
    ამავე დროს, რუსეთის ჯარების ყოფნა ენგურზე კატეგორიულად გამორიცხავს საქართველოს მიერ პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის შესაძლებლობას. თუმცა, ამგვარი შესაძლებლობა გამორიცხული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯარები გალის რაიონიდან გავლენ, რადგან რუსეთს სეპარატისტთა ფარული მხარდაჭერის დიდი გამოცდილებაც აქვს. სწორედ ამ უხილავი მხარდაჭერის წყალობით შეძლო არძინბას საკმაოდ მცირერიცხოვანმა დაჯგუფებამ საქართველოს დამარცხება 1992-1993 წლების ომში.
    ამავდროულად, აფხაზური მხარე ნებაყოფილობით არ დაუშვებს აფხაზეთში იმ დემოგრაფიული ვითარების აღდგენას, რომელიც რეგიონში ომამდე არსებობდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ქართული უმრავლესობა კვლავ შეძლებს აფხაზური სახელმწიფოებრიობის დაყვანას ორდინალური ავტონომიის დონეზე. რუსეთი კი (მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ილუზიებისა ამ თვალსაზრისით) არავითარ რეალურ ზეწოლას გუდაუთაზე არ მოახდენს მანამ, სანამ საქართველოსაგან არ მიიღებს სტრატეგიული ხასიათის დათმობებს.
    მაშასადამე, უნდა გავარკვიოთ რას მოითხოვს რუსეთი ჩვენგან.
    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენათა ანალიზი ცხადყოფს: კრემლის მმართველი ელიტა არასდროს შერიგებია და არც არასდროს შეურიგდება ერთიანი სახელმწიფოს დაშლას. ამჟამად მთელი მისი ძალისხმევა სწორედ იქეთ არის მიმართული, რათა СНГ-ს ტერიტორიაზე შეიქმნას ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას. დნესტრისპირეთი, ყარაბაღი, ყირიმი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ბადაღშანი რუსეთს სჭირდება მხოლოდ როგორც ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში ნახევრადიძულებითი ინკორპორირების საშუალება. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებას და ამ ტერიტორიაზე იურისდიქციის ნაწილობრივ აღდგენას საქართველო შესძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს მოსკოვის გეგმას და თანდათანობით, ეტაპობრივად დათმობს სუვერენიტეტს.
    აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რუსეთმა მოახერხა თავისი გავლენის სფეროში დასავლური ჩარევის შეზღუდვა «ბირთვული შანტაჟის» გამოყენებით. დამყარდა ერთგვარი ბალანსი, მაგრამ ამ ბალანსსაც გააჩნია «კრიტიკული ზღვარი», რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადადგამს ზემოთაღწერილი სქემის დარღვევისათვის აუცილებელ, არაორდინალურ და მტკიცე ნაბიჯს. ამგვარ ნაბიჯად შესაძლოა იქცეს აფხაზთა წინადადების მიღება.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თანხმობა ამ წინადადებაზე (სამურზაყანოს გაცვლაზე – აფხაზეთის დამოუკიდებლობაში) ნამდვილი გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება რუსეთისათვის და აი, რატომ:
    რუსეთს აფხაზეთზე იურიდიული ზემოქმედების არანაირი საშუალება ამჟამად არ გააჩნია. თუ საქართველო სცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ფსოუდან - ღალიძგამდე), ეს მთლიანად დაანგრევს იმ «პოლიტიკურ წესრიგს», რომელსაც ამჟამად კრემლი აშენებს თავისი გავლენის სფეროში. აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამის შემდეგ, თითქმის უეჭველად სცნობს თურქეთი და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე სახელმწიფო: სირია, იორდანია, ეგვიპტე. ხოლო თუ რუსეთი თავად არ სცნობს მის დამოუკიდებლობას, ეს აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილების ზრდას ჩრდილოეთ კავკასიაში. მეორე მხრივ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მისი შესაძლო გაწევრიანება გაეროში უმძლავრესი დარტყმა იქნება თვით რუსეთის ერთიანობაზეც, ვინაიდან ამგვარი პრეცედენტი უდავოდ გამოიწვევს ნაციონალისტური ტენდენციების ზრდას რუსეთის ავტონომიებში.
    ერთი შეხედვით პარადოქსადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ამის შემდეგ არძინბა უეჭველად შეეცდება არა მხოლოდ ურთიერთობათა ნორმალიზებას საქართველოსთან (რათა გააწონასწოროს რუსეთის ზეწოლა), არამედ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს.
    ის, ვინც ფიქრობს, თითქოს არძინბა აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანისთვის იბრძოდა - ძალიან ცდება. სიძულვილმა არ უნდა დაგვაბრმავოს და არ უნდა დაგვაკარგვინოს რეალობის შეგრძნება. არძინბა აფხაზური ნაციონალიზმის მამამთავარია. მაგრამ ეს ფენომენი უმჭიდროესად უკავშირდება ე.წ. «ჩრდილოეთკავკასიურ ნაციონალიზმს». ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებს რუსეთის სახელმწიფოებრივი სივრციდან გასასვლელი, გარდა საქართველოს ტერიტორიისა - არ გააჩნიათ. რაკი შავ ზღვას (ყოველ შემთხვევაში, მის ჩრდილოეთ ნაწილს) მთლიანად რუსეთის ფლოტი აკონტროლებს - ისინი უეჭველად შეეცდებიან საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რათა სახმელეთო გასასვლელი მოიპოვონ. ეს კი შეუძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პირობის (ლტოლვილთა დაბრუნების) დაკმაყოფილების გარეშე.
    რასაკვირველია, აფხაზთა წინადადება აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს პოლიტიკური ელიტისათვის. უფრო მეტიც - თვით საკითხის ამგვარი დასმაც კი (ვთქვათ პარლამენტში) საშინელ ისტერიას გამოიწვევს. თუმცა, იმ ისტერიის ზოგიერთ ავტორს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მათ მოტივაციაში ადვილად აღმოვაჩენთ «ჩრდილოური დაკვეთის» სიმპტომებს.
    რა თქმა უნდა, რუსეთისათვის გაცილებით მომგებიანია იმ მდგომარეობის აღდგენა, როდესაც აფხაზეთი იყო საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო საქართველო - რუსეთის შემადგენლობაში და ამ ბერკეტს კრემლი ყოველთვის წარმატებით იყენებდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ.
    ზემოთ «ფსიქოლოგიური ტაბუ» ვახსენეთ. ამ საკითხებზე მსჯელობის აკრძალვა (თუნდაც მსჯელობისა მაინც) არა მგონია სასარგებლო იყოს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. მით უმეტეს, თუ იმ უდავო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს უდავოა) გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს დღეს ფაქტობრივად მხოლოდ ორი ალტერნატივა დარჩა: ან ნაწილობრივ დაიბრუნოს აფხაზეთი დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად, ან ნაწილობრივ დაკარგოს იგი - დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

«ივერია-ექსპრესი», 8-16 ოქტომბერი, 1994 წელი.