პოლიტიკოსთა უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობის ნამცეცებით იკვებება

პოლიტიკოსთა უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობის ნამცეცებით იკვებება

 

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური მნიშვნელობა მისი სიკვდილის შემდეგაც დასტურდება. მან ბოლომდე «გაძლო» ანუ სიკვდილამდე შეინარჩუნა ქარიზმა, რითაც სიცოცხლის დასრულებისთანავე აიძულა მოწინააღმდეგეები, მისი როლისა და ქარიზმისათვის ანგარიში გაეწიათ.
    უცნაური ვითარებაა: საქართველოში თითქოს დავიწყებას მიეცა სამოქალაქო ომის პერიპეტიები, ურთიერთდაპირისპირება და ურთიერთსიძულვილი. დღეს უკვე საქართველოს პრეზიდენტიც აცხადებს, ზვიად გამსახურდიას ნეშტი, ისევე როგორც ნოე ჟორდანიასა და სხვა დამსახურებულ ადამიანთა ცხედარი, სამშობლოში უნდა გადმოვასვენოთო.
    განსაკუთრებული ხაზგასმა აქ სწორედ სიტყვას «დამსახურებული» სჭირდება. უმალვე გასაგები ხდება, რატომ მიიჩნევა ექსპრეზიდენტი «დამსახურებულად»: მან ჩაატარა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე, რომლის შედეგი ქართული სახელმწიფოებრიობის, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იურიდიულ საფუძვლად იქცა. არგუმენტი მართლაც სავსებით სამართლიანია. ზვიად გამსახურდიას როლი რეფერენდუმის ჩატარებაში ნამდვილად დიდია. არ არის გამორიცხული «ლიბერალები» (თუ გამსახურდიას ნაცვლად მოვიდოდნენ ხელისუფლებაში 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად), გადაჰყოლოდნენ უაზრო ლაყბობას პარლამენტში და ვერ მიეღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება რეფერენდუმის გამართვის თაობაზე. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: ამ რეფერენდუმით გამსახურდიამ დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ის გარემოება, რომ მან სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია კენჭისყრა – მხოლოდ მის არცთუ დადებით პიროვნულ თვისებებზე მიანიშნებს, თუმცა, ეს თვისებები პოლიტიკისა და ისტორიისათვის დომინანტი არ არის. ისტორიას საერთოდ არ აინტერესებს მოტივი - მას აინტერესებს ფაქტი ანუ შედეგი. მორალიზატორობაც მხოლოდ აქედან გამომდინარეა შესაძლებელი.
    ყველაზე ნათელი და ზუსტი დადასტურება იმისა, რომ «ზვიადიზმის» პრობლემა საქართველოში აღარ არსებობს - გახდა ამჟამინდელი პრეზიდენტის გახშირებული დითირამბები წინამორბედის მიმართ; ზვიად გამსახურდიას ფიგურა ან მისი მოღვაწეობა პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალობას რომ ინარჩუნებდეს – ედუარდ შევარდნაძე ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა. მაგრამ დღეს «ზვიადიზმი» ყოველგვარ გავლენასა და ძალას მოკლებულია სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით; გამსახურდია იქცა ისტორიულ პიროვნებად, რომელიც შეიძლება შეაქო ან აძაგო - კონკრეტული პოლიტიკისათვის ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
    შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, 1992 წელს ამგვარი განცხადება? - რა თქმა უნდა, არა! დავუშვათ 1993 წლის დეკემბერში, ან 1994 წელს მაინც თუ გააკეთებდა მოქმედი სახელმწიფოს მეთაური ასეთ განცხადებას? - არამც და არამც! იმ დროს ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით ანუ მისი შექება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა პოლიტიკურ შედეგებს - ხელისუფლება დაკნინდებოდა იმ გავლენიანი წრის თვალში, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო გამსახურდიას ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დამხობაში.
    ამგვარი რეციდივები დღესაც არაა გამორიცხული - ანუ სრულებითაც არ შეიძლება გამოირიცხოს «ელიტარული ინტელიგენციის» ერთი ნაწილის განაწყენება, მაგრამ ეს განაწყენება უკვე ისეთი ძლიერი და ყოვლისშემმუსვრელი აღარ იქნება, როგორც 4 წლის წინ იქნებოდა. რაკი გამსახურდიას ქება-დიდება უკვე აღარ ითვლება პოლიტიკური შედეგების მქონე დემარშად, შეიძლება ილაპარაკო რაც გსურს. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ შევარდნაძემ ამ საკითხშიც წინდახედულობა გამოიჩინა. თვით სამოქალაქო ომის დროსაც კი არ წამოსცდენია ზვიად გამსახურდიაზე აუგი. მხოლოდ ერთხელ - 1993 წლის ნოემბერში, როცა ყველაფერი «ბეწვზე ეკიდა», თქვა საკმაოდ «მოზომილად» - «ეს ჭირი უნდა მოვიშოროთო». თუმცა გამსახურდია მაინც არ უხსენებია. იგი თავიდანვე მიხვდა, რომ ზვიად გამსახურდიამ მოახერხა ისეთ იდეებთან და ისეთ მოძრაობასთან თავის ასოცირება, - მისი ისტორიული დისკრედიტაცია (ყველაფრის მიუხედავად) შეუძლებელი გახადა. ამიტომაც, ედუარდ შევარდნაძე თითქოს «თავს არ უყადრებდა» ექს-პრეზიდენტის, არ ლანძღავდა, მაგრამ სინამდვილეში იმ დროისთვის ემზადებოდა, როცა ლანძღვა კი არა, ქება გახდებოდა აუცილებელი.
    ამით განსხვავდება ამჟამინდელი პრეზიდენტი - იმავე ექსპრეზიდენტისაგან, აგრეთვე სიგუა-კიტოვან-იოსელიანისგან, რომლებიც საკუთარი ხუშტურების მიღმა ვერაფერს ამჩნევდნენ.
    ამ «ტრიომ» 1992 წლის 31 მარტს, ექსპრეზიდენტის დამხობის შემდეგ, როცა გამსახურდია უკვე გროზნოში იმყოფებოდა, მას დამცინავი ღია წერილით მიმართა: «გვჯერა, თქვენ დაბრუნდებით და კვლავ გაუძღვებით ერს ახალი გამარჯვებებისაკენ...». ედუარდ შევარდნაძეს ამ პასკვილზე ხელი არ მოუწერია. სიგუას, კიტოვანისა და იოსელიანის მასზე ხელმოწერით კი დასტურდებოდა, რომ დროებითი ფიგურები იყვნენ და პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ - დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ თავს ხელისუფლებაში.
    ედუარდ შევარდნაძის თქმით, «ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების საკითხი მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს». ეს სავსებით ბუნებრივია და ლოგიკური. პოლიტიკურ პარტიებს არავინ ეკითხება, სად დაასაფლავებენ ექსპრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიტიკური ფიგურა იყო, გადაწყვეტილებას ოჯახი იღებს. საეჭვოა, მანანა არჩვაძემ თანხმობა განაცხადოს ექსპრეზიდენტის სამშობლოში გადმოსვენებაზე ჩეჩნეთიდან, სადაც იგი 1994 წელს დაასაფლავეს. უარის მიზეზი ცხადია: საქართველოში ნეოკომუნისტური ხუნტაა გაბატონებული. იგი დევნის ყველას და ყველაფერს, რასაც კი ზვიადი ემსახურებოდა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თვით ზვიადისტების აზრსაც. მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ «მოღალატედ» გამოაცხადა ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ზვიადისტი: თენგიზ კიკაჩეიშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მუხრან მაჭავარიანი - ამდენად, მათი მოთხოვნაც ექსპრეზიდენტის «გადმოსვენების შესახებ» სრულიად ფუჭი იქნება და არჩვაძის შიშით, ვერც გაბედავენ კრინტის დაძვრას.
    უფრო რთულადაა საქმე სხვა კატეგორიის პოლიტიკოსებთან დაკავშირებით. მაგალითად, ასლან აბაშიძეც მოითხოვს «პირველი პრეზიდენტის» ნეშტის გადმოსვენებას, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბრალად სდებდა ექსპრეზიდენტს, ტერორისტი იმნაძის «პატივით დაკრძალვას დიდუბის პანთეონში, რითაც დადასტურდა, რომ იგი უმაღლესი ხელისუფლების მითითებას ასრულებდა, როცა ტყვიას მესროდა». არადა, სინამდვილეში, ასლან აბაშიძესა და ედუარდ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას მიმართ ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. როგორია ეს დამოკიდებულება - ძნელი მისახვედრი არ არის.
    შეიძლება უკეთ სრული დარწმუნებით ითქვას: ადრე თუ გვიან ექსპრეზიდენტის ცხედარს უეჭველად გადმოასვენებენ საქართველოში და დიდი პატივითაც დაასაფლავებენ.
    რაც ყველაზე მთავარია, ზვიად გამსახურდიას იდეამ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა. დღეს არ არსებობს საქართველოში პოლიტიკოსი, რომელიც ამ იდეის ექსტრაპოლირებას არ ცდილობდეს. არ იქნებოდა (სხვათა მიმართ) სამართლიანი გვეთქვა, თითქოს სწორედ ზვიად გამსახურდიამ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ იდეასთან სწორედ ის ასოცირდა საბოლოოდ და არა გია ჭანტურია, მერაბ კოსტავა ან (თუნდაც) ირაკლი წერეთელი.
    ნიშანდობლივია, რომ ედუარდ შევარდნაძის ზემოთმოყვანილი განცხადებების გამო ელიტარული ინტელიგენცია ყრუდ კი დრტვინავს, მაგრამ, აშკარად პროტესტის გამოთქმას ვერ ბედავს, რადგან თვალნათლივ ხედავს: ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, ანუ არ არსებობს პოლიტიკოსი, ვინც გაბედავს საპირისპირო განაცხადოს.
    ამომრჩეველი 90 პროცენტით «ზვიადისტია» იმ აზრით, რომ ექსპრეზიდენტის დამსახურებას აღიარებს - განურჩევლად იმისა, მისცა მას ხმა თუ არა.
    თქვენ წარმოიდგინეთ, იმის მიუხედავადაც კი, იბრძოდა თუ არა «ოპოზიციის» მხარეს დეკემბერ-იანვარში.
    ჭეშმარიტად, საქართველო მითების ქვეყანაა. მითის გარეშე ქართულ ცნობიერებას არსებობა არ ძალუძს. ამიტომაც შეიქმნა ახალი - «ზვიადის» მითი.

7 დღე, 17 აპრილი, 1998 წ.