მიხეილ სააკაშვილი - «ახალი ელიტის» პირველი მერცხალი

მიხეილ სააკაშვილი - «ახალი ელიტის» პირველი მერცხალი

   
   

    ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც «შევარდნაძის საქართველოში» მიმდინარეობს, არის «ახალი ქართული ისტებლიშმენტის» ანუ «ახალი ელიტის» თანდათანობითი ჩამოყალიბება.
    ძველმა ისტებლიშმენტმა («კომუნისტურმა ელიტამ») თავისი დრო მოჭამა და ამჟამად კვდომის პროცესშია. კომუნისტური იდეოლოგიისა და წყობის განადგურებას მისი თანამდევი სოციალური იერარქიის განადგურებაც მოჰყვა. «სოციალური ზედაფენა» სულ მალე დაიშალა. კომუნისტური ელიტის ნაწილმა «სოციალიზმის ეპოქაში» ნაშოვნი კაპიტალი მომგებიანად დააბანდა «ახალ ეკონომიკაში»; ნაწილმა პენსიონერთა ხვედრი გაიზიარა და, როგორც დასავლეთში იტყვიან, «კუპონთა ჭრას შეუდგა»; კიდევ ერთმა ნაწილმა კი შევარდნაძის ხელისუფლებაშიც მოიპოვა ადგილი.
    ეს გარდაუვალიც იყო, ვინაიდან სახელმწიფოებრივი მართვისა და (ზოგადად) სახელმწიფო მოღვაწეობის გამოცდილება მხოლოდ მათ ჰქონდათ. სხვა პოლიტიკური ისტებლიშმენტი საქართველოში 1991-92 წლებში არ არსებობდა.
    მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ დაბრუნებისთანავე დაიწყო «ძველ ელიტაში» ახალი კადრების «ჩანაცვლების» პროცესი. ეს მეტად რთული ამოცანა იყო, ვინაიდან «ძველ ისტებლიშმენტს» საკუთარი მისია ამოწურულად სულაც არ მიაჩნდა და შევარდნაძეს პირდაპირ რომ ეთქვა «თქვენი დრო დამთავრდაო», სახელმწიფოს მეთაურობას ერთ თვესაც ვერ შეინარჩუნებდა.
    ამიტომ მან ნელ-ნელა, შეპარვით, ძალზე ეშმაკურად განახორციელა რთული სოციალური ოპერაცია. უპირველეს ყოვლისა შევარდნაძემ ისროლა ლოზუნგი «გზა დავუთმოთ ახალგაზრდებს!». საკადრო პოლიტიკა ამ დევიზის შესაბამისად ხორციელდებოდა, - თანამდებობაზე ინიშნებოდნენ შედარებით ახალგაზრდები და (თვით შევარდნაძის თქმით) «სულ მთლად ჭყინტი ბოვშვებიც».
    ასე დაიწყო «ახალი ისტებლიშმენტის» ჩამოყალიბება. განსაკუთრებით ინტენსიურად ეს პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს «მოქალაქეთა კავშირის» წიაღში, რომელიც «ახალი ისტებლიშმენტის» წრთობის საამქროდ, ახალი სოციალური ტიპაჟის «გამოყვანის» ლაბორატორიად იქცა.
    შევარდნაძის მიერ ინიციირებულმა პროცესებმა შედეგი გამოიღო: «ახალგაზრდა მოქალაქეები» თანდათან იკავებდნენ ძველი ელიტის მიერ «მომთბარ» თანამდებობებსა და სოციალურ ნიშას. მათგან რამდენიმემ კი (ზურაბ ჟვანიამ, მიხეილ სააკაშვილმა, ლევან მამალაძემ, მიხეილ ჭკუასელმა, მიხეილ მაჭავარიანმა) საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილიც მოიპოვეს სახელისუფლებო იერარქიაში.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სულ ოცდაცხრა წლისაა, პარლამენტის «საკონსტიტუციო იურიდიულ და მართლწესრიგის კომიტეტის» თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პოსტია, რომლის მეშვეობით სააკაშვილს მიმდინარე პროცესთა და მოვლენათა არა თუ კონტროლირება, არამედ მართვაც შეუძლია.
    სააკაშვილი განასახიერებს ახალ სოციალურ ტალღას საქართველოში რომელმაც ძველი ისტებლიშმენტი უნდა წალეკოს და (ამავე დროს) «ძველი ელიტის» აღიარებული ლიდერი, ედუარდ შევარდნაძე დროებით შეინარჩუნოს.
    დღევანდელი პრეზიდენტის ამოცანა, ამ თვალსაზრისით, მეტად რთულია. შეიძლება უპრეცედენტოც. მაგრამ საქართველო, როგორც ცნობილია, «პრეცედენტების ქვეყანაა», რომელშიც შეუძლებელი არაფერია.
    უახლოესი წლების განმავლობაში ლიდერის საკითხი გარკვეულია. ისევე, როგორც გარკვეულია, თუ ვინ იქნება მისი მემკვიდრე. «ახალი ისტებლიშმენტი», როგორც ჩანს, ზურაბ ჟვანიას დაუჭერს მხარს, მაგრამ ყველა სხვა ადგილი, პოსტი და თანამდებობა ჯერ კიდევ გასანაწილებელია; მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა არა მხოლოდ «ელიტათა» შორის, არამედ ახალი სოციალური დაჯგუფებების შიგნითაც. გამარჯვებას მოიპოვებს ის, ვინც უკეთ შეძლებს თავისი სოციალური წრის ინტერესების დაცვას - ანტაგონისტებთან შეჯახებისას.
    მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სანდრო კავსაძის («ძველი ისტებლიშმენტის» ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის) წინააღმდეგ და მისი კანდიდატურის «ჩაძირვა» პარლამენტში იმის მაჩვენებელია, რომ სააკაშვილს სურს შეითავსოს ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, - შეასრულოს პრეზიდენტის «არაფორმალური სოციალური შეკვეთა» და «ღია ბრძოლა» გაუმართოს ამგვარ ინტრიგებში გამობრძმედილ ყოფილ პარტიულ ნომენკლატურას.
    «სკოლა», რა თქმა უნდა შევარდნაძის იქნება. რაც შეეხება მენტალიტეტს, მიხეილ სააკაშვილს (ისევე როგორც «ახალი ისტებლიშმენტის» წევრთა უმრავლესობას) ელემენტარულად ჯანსაღი მენტალიტეტი აქვთ და ამ მხრივ არაფრით ჰგავს არც გონებაჩლუნგ ახალგაზრდა «პროვინციელ ფაშისტებს» და არც არანაკლებ რეგვენ «პროვინციელ დემოკრატებს».

«მერიდიანი», 12 ივლისი, 1996 წელი.